მთავარი,სიახლეები

როგორ (არ)იზრდება პენსია

12.12.2019 • 5625
როგორ (არ)იზრდება პენსია

ასაკით პენსიონერების პენსია ახალი წლიდან 20 ლარით იზრდება. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ 2020 წლის პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ პენსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პენსიონერების პენსია მომავალი წლიდან 50 ლარით გაიზრდება.

არსებული პრაქტიკით, გაზრდილი პენსია ლარში სულაც არ ნიშნავს პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან უკვე წლებია ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, გაიზარდა ფასები, როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე.

ბოლო ცხრა წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც განხილულია დოლართან მიმართებაში [2012 წლიდან დღემდე], ლარებში თითქოს გაზრდილი პენსია, რეალურად შემცირებულია – დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ასაკით პენსიონერების პენსია წლების მიხედვით და დოლარის კურსის შესაბამისად. ინფოგრაფიკა/ია ფრანგიშვილი

ეროვნული ბანკის მონაცემები: ლარის კურსი 2012 წლიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით. ინფოგრაფიკა/მანანა ქველიაშვილი

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 26 ნოემბერს, ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, 30 ნოემბრიდან ლარმა მცირედით, მაგრამ გამყარება დაიწყო. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 დეკემბერს 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფინანსთა სამინისტრომ 10 დეკემბერს, ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები ისევ გაიყიდა.

სწორედ ამ ჩარევის შედეგად დაიწყო ლარმა დოლართან მიმართებაში გამყარება. თუმცა, ხელისუფლებას არაფერი უთქვამს, რამდენ ხანს მოხერხდება ამ კურსის შენარჩუნება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ანუ 2012 წლიდან დღემდე პენსია სულ რამდენჯერმე გაიზარდა. პირველად ეს მოხდა 2013 წლის პირველი სექტემბრიდან, როდესაც ასაკით პენსიონერების პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიას მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოამატეს. იმ ეტაპზე ლარს გაუფასურება უკვე დაწყებული ჰქონდა და 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 8 თეთრით იყო გაუფასურებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასაკით პენსიონერთა პენსია მეორედ 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა და 160 ლარს მიაღწია. 2012 წელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 66 თეთრით იყო გაუფასურებული.

პენსია 20 ლარით გაიზარდა 2016 წელსაც და 180 ლარი გახდა – ეს ციფრი შენარჩუნდა 2019 წლამდე.

ასაკით პენსიონერებისთვის პენსია კიდევ ერთხელ და ასევე 20 ლარით წელს გაიზარდა და 200 ლარი გახდა. თუმცა, ლარის გაუფასურებამ წელს თავისი არსებობის განმვლობაში ყველა ანტირეკორდი მოხსნა – ერთი დოლარის ფასმა სამ ლარსაც კი მიაღწია.

2020 წლიდან პენსიების მატება ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: