მთავარი,სიახლეები

„სქრინი არა, ცოცხალი ადამიანი მოიყვანეთ“ – რიჟვაძე თბილისში საჯარო მოხელეების იძულებით წაყვანაზე

11.12.2019 • 1888
„სქრინი არა, ცოცხალი ადამიანი მოიყვანეთ“ – რიჟვაძე თბილისში საჯარო მოხელეების იძულებით წაყვანაზე

„ერთი მოწმე გყავთ, რომელიც ამას ამბობს?… ხომ არ შეიძლება, ყოველთვის ვსაუბრობდეთ ჩვენ მოარულ ხმებზე,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო მოხელეების იძულებაზე, დაესწრონ თბილისში 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, სადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას აღნიშნავს.

თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შენობასთან დროშების აღმართვის ცერემონიალს დაესწრო, ვუთხარით, რომ „ბათუმელებს“ წერენ საჯარო მოხელეები. მათი თქმით, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან, თუკი „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ წავლენ. თორნიკე რიჟვაძეს შევთავაზეთ, ენახა საჯარო მოხელეებთან მიმოწერის ამსახველი „სქრინებიც“.

„სქრინები არ ვიცი, ერთი ცოცხალი ადამიანი შეგიძლიათ მოიყვანოთ, ვინც ამას ამბობს, რომ აიძულებენ წავიდნენ სადმე?… მომიყვანეთ და პირადად შევხვდები,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არც ის მიაჩნია სარწმუნოდ, რომ საჯარო მოხელეები სამსახურის დაკარგვის შიშით ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ.

სქრინი, რომელშიც 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაზე იძულებით წაყვანაზეა საუბარი

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ყველა ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, ხელისუფლებას განსაკუთრებით იმ მოვლენას, როდესაც ყველანი ვაპირებთ შეკრებას, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში, აქვს ამას აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება თბილისში შაბათს,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

რა დაუჯდება საჯარო სამსახურებს საჯარო მოხელეების თბილისში დაგეგმილ აქციაზე ჩაყვანა? – ესეც ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„სახელმწიფო რესურსის ხარჯზე არ ხდება ამ შეხვედრის ორგანიზება… ეს არის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა და შესაბამისი რესურსიც იქნება გამოყოფილი,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: