მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან

11.12.2019 • 1686
ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან

ბათუმის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადაუგზავნა  განხილვისა და დამტკიცებისთვის. ბიუჯეტის ერთხელ დაკორექტირებულ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, სრულად გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს შენიშვნები, უკვე არაფერი შეიცვლება [პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა].

ბიუჯეტის ახალი  პროექტის თანახმად, იანვრიდან თავისი დაფინანსება ექნება მერიის ახალ ა(ა) იპს – „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც“. თანხა 3 მილიონ 444 000 ლარია და აქედან 2 მილიონ 040 980 ლარი ხელფასებზე დაიხარჯება: 1 მილიონ 460 000 შტატში დასაქმებულთა ხელფასებზე, 580 980 ლარი კი – ხელშეკრულებით აყვანილი პირების ხელფასებზე. დარჩენილი  1 მილიონ 403 020 ლარი კი საქონლით მომსახურებასა და სხვა ხარჯებს უნდა მოხმარდეს.

ამონარიდი ბიუჯეტიდან

ამავე პროექტის მიხედვით, მერიის „მუნიციპალურ ინსპექციაში“ 110 პირი შტატით, ხოლო 71 თანამშრომელი ხელშეკრულებით დასაქმდება. შესაბამისად, ახალ ა(ა)იპს სულ 181 ადამიანი უნდა დაასაქმონ, მაგრამ მერიაში არ გვპასუხობენ მთავარ კითხვაზე, რაც ახალი შტატების შექმნას უკავშირდება: 181 პირიდან რამდენია მერიაში უკვე დასაქმებული და რამდენი ახალი შტატი ექნება ახალ მუნიციპალურ ა(ა)იპს? – მერიაში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ.

საქმე იმაშია, რომ ა(ა)იპის შექმნა როცა დააანონსა მერმა ლაშა კომახიძემ, თქვა, რომ ამ ახალი ა(ა)იპში გაერთიანდება მერიაში მოქმედი ყველა საზედამხედველო სამსახური თუ განყოფილება  უკლებლივ თავისი ყველა თანამშრომლით. რამდენია ასეთი სამსახური და განყოფილება, სულ რამდენ პირს აერთიანებენ ისინი? – ამ კითხვას მერიაში დღეს რატომღაც ვერ პასუხობენ.

მერიაში ასევე ვერ პასუხობენ კითხვას, განსაზღვრულ 110 საშტატო ერთეულში მოიაზრებენ მერიაში მოქმედ თანამშრომლებს, თუ შტატები  ისევ გაიზრდება. ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, როგორ გამოთვალა მერიამ ხელშეკრულებით დასასაქმებელთა ოდენობა.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ციფრების დასაზუსტებლად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია, წესით, მერს მაგიდაზე უნდა ედოს, რადგან საკითხი დაამუშავა, პროექტის სახე მისცა და საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად.

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ, რომელიც ბიუჯეტის შედგენაზეა პასუხისმგებელი, პროექტში დაფიქსირებულ საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ შტატების ეს რაოდენობა შესაბამისმა სამსახურებმა განსაზღვრეს. შესაბამისად, მისთვის უცნობია, ეს 110 შტატი მერიის საზედამხედველო სამსახურების მოქმედი თანამშრომლებით შეივსება, თუ ახალი თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი.

„ზუსტდება, რომელი სამსახურები შევლენ და რომლები არა. შეიძლება დაემატოს ფუნქციები. ამის განსაზღვრა ჩემი კომპეტენცია არ არის“, – გვითხრა ედნარ ნატარიძემ.

საკრებულოში წარდგენილი მასალებით თავიდანვე ჩანდა, რომ მერია საშტატო ნუსხის გაზრდას გეგმავდა. ამბობდნენ, რომ ახალი ა(ა)იპს შექმნა და სპეციალისტების დამატება ეფექტური მუშაობისთვის სჭირდებოდათ, თუმცა საკრებულოს სხდომაზე არც მაშინ დაუზუსტებიათ, რამდენი ახალი თანამშრომელი სჭირდებოდა მერიას კარგი მუშაობისთვის.

ბათუმის მერიაში საზედამხედველო მოვალეობას ასრულებენ შემდეგი სტრუქტურები: არქიტექტურა [ერთ-ერთი განყოფილება], ქონების მართვა, ჯანდაცვა, მუნიციპალური სერვისების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, ბათუმის სანდასუფთავება, გამწვანების სამსახური.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: