მთავარი,სიახლეები

რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები 2019 წელს საქართველოში – TDI

11.12.2019 • 1983
რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები 2019 წელს საქართველოში – TDI

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ [TDI] ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით 2019 წელს საქართველოში გამოვლენილ რასიზმის, ქსენოფობიისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ტენდენციებზე საუბრობს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცხოელების, განსაკუთრებით კი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ დაუსაბუთებელი უარების საგანგაშო მაჩვენებელი.

„აღნიშნულს დაემატა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაც უცხოელების მიმართ. მაგალითად, 2019 წლის 30 მაისს ამოქმედდა ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. 2019 წლის 2 ივლისს ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რიგი შეზღუდვებისა უცხოელისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების კუთხით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა-გასხვისების მარეგლამენტირებელი ნორმები და მათი შინაარსი, 2011 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენჯერმე ცნო არაკონსტიტუციურად საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ მიღებული რეგულაციები,“ – წერს TDI.

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პოლიტიკოსების ქსენოფობიური და პოპულისტური განცხადებებით.

„გამოვლინდა სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის რამდენიმე შემთხვევა.  ამასთან, ახალგაზრდა უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე 2019 წლის 27 ივნისს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. თუმცა სასამართლომ ბრალდებიდან გამორიცხა დანაშაულის ჩადენა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო,რაც უფლებადამცველებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს“.

TDI-ის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში რასობრივი დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიხედვით, სასამართლოში შევიდა ერთი საქმე, საქართველოს სააპელაციო სასამართლოებში შევიდა 2 სააპელაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ პერიოდში მითითებული დანაშაულების მიხედვით, არც ერთი საქმე არ შესულა.

„აღსანიშნავია სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით უცხოელების მიმართ არსებული პრობლემებიც. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებლად ეუბნება უარს.

მაგალითად, 2019 წლის დასაწყისის სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავავლოთ თვალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვათ:

  • ირანის (576)
  • ინდოეთის (366)
  • აზერბაიჯანის (124) მოქალაქეებს.

2019 წლის თებერვალში:

  •  ირანის (564),
  • ინდოეთის (428),
  • აზერბაიჯანის (141) მოქალაქეს.

2019 წლის მარტში:

  • ირანის (1815),
  • ინდოეთის (404),
  • აზერბაიჯანის (228) მოქალაქეს.

_________

ფოტო: EPA/ABIR SULTAN

ამავე თემაზე:

საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: