საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული, სამი ინფიცირების წყარო უცნობია

30 მარტის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული.

მათგან სამი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 266. 

კორონავირუსით ინფიცირებულია 732 000-ზე მეტი ადამიანი – რა ხდება მსოფლიოში

აშშ-ის საავადმყოფოებში ქლოროქინით მკურნალობა ოფიციალურად დასაშვები გახდა

ამერიკის მედიკამენტების რეგულირების სააგენტომ (FDA) დასაშვებად ცნო ქლოროქინის დისტრიბუცია და ამ წამლის საშუალებით მკურნალობა კორონავირუსის განსაზღვრულ შემთხვევებში. გუშინ, 29 მარტს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ „აშშ-ში სიკვდილიანობის პიკი დაახლოებით ორ კვირაში უნდა დადგეს“.

პანდემიისგან აქამდე ყველაზე დაზარალებულ იტალიასა და ესპანეთში დღემდე   უამრავი ინფიცირებული და გარდაცვლილია, თუმცა დიდი ალბათობით, როგორ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, შესაძლოა ეს უკვე იყოს პიკი ამ ქვეყნებისთვის. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის  მაჩვენებელმა, წესით, ევროპაში დაღმავალი დინამიკა უნდა აჩვენოს. აშშ-ში კი, სადაც 143 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, პიკს ორ კვირაში ელიან.

მედიკამენტების რეგულირების ამერიკულმა სააგენტომ (FDA) ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინი დასაშვებ სამკურნალო საშუალებებად ცნო მხოლოდ საავადმყოფოებში და მხოლოდ Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ეს პრეპარატები მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებია, რაზეც ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდ იმედებს ამყარებს.

„არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ეს პრეპარატი დიდ შედეგს მოგვიტანს და იმუშავევს, თუ ასე მოხდა, ციდან მოვლენილი სასწაული იქნება,“ – განაცხადა ტრამპმა 24 მარტს.

პანდემიის საკითხებში ტრამპის მრჩევლის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის პირველმა ტალღამ მსოფლიოში მოსალოდნელია, რომ 100 000-დან 200 000-მდე სიცოცხლე შეიწიროს.

ამჯერად აშშ-ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, Covid 19-ის 143 055 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს. ინფორმაციას და კარანტინში მოქცეული ქალაქების ჩამონათვალს თურქეთში  საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კარანტინის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ საშუალება საქართველოში დაბრუნდნენ.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მოქალაქეებს გადაადგილებისათვის დასჭირდებათ სპეციალური ნებართვა.  რომელსაც ადგილობრივი გუბერნატორის სამსახური (valilik) გასცემს.

30 მარტის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით 131 ადამიანია გარდაცვლილი.  აქედან 23 ადამიანი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით თურქეთში 9217 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული.

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“ 

_______________________

ბევრ ამერიკელს კორონავირუსის კრიზისის მასშტაბი ახსენებს 11 სექტემბრის ან 2008 წლის ფინანსურ კრიზისს – მოვლენებს, რომლებმაც საზოგადოება გრძელვადიანად შეცვალა, მათ შორის, შეცვალა მოგზაურობის წესები, სახლების ყიდვის პრაქტიკა, უსაფრთხოებისა და თვალთვალის სისტემების დონე, რომელთაც უკვე შევეჩვიეთ და ენაც კი, რომელზედაც ვსაუბრობთ.

ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა და მათი პასუხების მიხედვით სიახლე ისაა, რომ მიმდინარე მოვლენები გაცილებით დიდი შედეგის იქნება.

ახალმა გლობალურმა ვირუსმა, რომელმაც სახლებში გამოგვკეტა, შესაძლოა თვეებითაც, უკვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობის შეცვლა ხელისუფლებასთან, გარე სამყაროსთან და ერთმანეთთანაც კი. ამ ექსპერტების მოსაზრებით, ზოგიერთი ცვლილება მომდევნო თვეებსა და წლებში საკმაოდ უცხო და შემაწუხებელი იქნება:

ქვეყნები დაკეტილი დარჩება?

შეხება ტაბუდადებული გახდება?

რა დაემართება რესტორნებს?

თუმცა კრიზისული მომენტები შესაძლებლობებიცაა: ტექნოლოგიის უფრო ჭკვიანური და მოქნილი გამოყენება, ნაკლები პოლარიზაცია, გარეთ გასვლის და ცხოვრების მარტივი ბედნიერების დაფასება. არავინ იცის, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ წარმოგიდგენთ ჩვენს მცდელობას, თუ როგორ შეიცვლება საზოგადოება, ხელისუფლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება.

პირადი იქცევა სახიფათოდ

დებორა ტანენი ჯორჯტაუნში ლინგვისტიკის პროფესორია და ავტორი წიგნისა – „შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შემიძლია ვუთხრა: ქალთა მეგობრობის ენის შუაგულში“.

11 სექტემბერს ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენც შეიძლება დაგვემართოს ის უბედურება, რაც მხოლოდ შორეულ ქვეყნებში ხდებოდა. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ჩვენც შეიძლება ვიწვნიოთ ის სიმძიმეები, რაც წინა ეპოქებს ახასიათებდა, როგორიცაა დიდი დეპრესიის ეკონომიკური კოლაფსი. ახლა 1918 წლის გრიპის პანდემია იქცა ჩვენი ცხოვრების ნაწილად.

უდანაშაულობის ან თვითკმაყოფილების განცდის დაკარგვა იქნება ის, რამაც შესაძლოა შეგვცვალოს. ახლა ვიცით, რომ ნივთებზე შეხება, სხვა ადამიანებთან ყოფნა და დახურულ სივრცეში ჰაერის სუნთქვა შეიძლება რისკის შემცველი იყოს. ამის ცოდნა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარად დაილექება, მაგრამ იგი სამუდამოდ ვერ გაქრება მათთვის, ვინც წელს ამ ცხოვრებით იცხოვრა. ჩვენი ბუნების ნაწილი შეიძლება გახდეს ხელის ჩამორთმევის ან სახეზე შეხების უსიამოვნო ჩვევად აღქმა – ჩვენ ყველამ ასევე შეიძლება ჩვევად ვაქციოთ მუდმივად ხელების დაბანა.

სხვებთან ერთად ყოფნის კომფორტი შეიძლება ჩანაცვლდეს მათ გარეშე ყოფნის კომფორტით, მით უფრო იმ ადამიანების, ვისაც ახლოს არ ვიცნობთ. ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხოთ – „ამის ონლაინგაკეთება შესაძლებელია?“, ვიკითხავთ – „ამის პირადად გაკეთებას რამე მიზეზი აქვს?“ და, შესაძლოა, შეგვახსენონ ან დაგვარწმუნონ, რომ აქვს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამის განზრახვა არ არსებობს, ინტერნეტთან წვდომის არმქონე პირები კიდევ უფრო დაიჩაგრებიან. ონლაინკომუნიკაციის პარადოქსი სერიოზულად გაიზრდება: დიახ, იგი მეტ დისტანციას ქმნის, თუმცა მეტ კავშირსაც უზრუნველყოფს, რადგან შორს მყოფ ადამიანებს უფრო ხშირად ვეკონტაქტებით, მათ შორის მათაც, ვინც ახლოა, მაგრამ გარკვეულ მანძილზე უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

პატრიოტიზმის ახალი სახე

მარკ ლორენს სქრადი პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია და ავტორია წიგნისა – Smashing the Liquor Machine: A Global History of Prohibition.

ამერიკას ტერორიზმი დიდი ხანია გაიგივებული აქვს შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა ვირუსის გასროლა შეუძლებელია. კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები არ არიან წვევამდელები, დაქირავებული ჯარისკაცები ან ჯარში გაწვეული ადამიანები; ესენი არიან ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, მასწავლებლები, მომვლელები, მაღაზიის მოლარეები, მუშები, მცირე ბიზნესის მეპატრონეები, დაქირავებული ადამიანები. ბევრ მათგანს უეცრად დაატყდა წარმოუდგენელი ფუნქციები, დაავადებისა და სიკვდილის გაცილებით დიდი რისკით, რაც მათ არ აურჩევიათ.

ეს ყველაფერი რომ დასრულდება, შესაძლოა, ჩვენ ვაღიაროთ მათი მსხვერპლი, როგორც ნამდვილი პატრიოტიზმი, ვაღიაროთ ექიმები და ექთნები და მათ ვუთხრათ – „მადლობა თქვენი სამსახურისთვის“, როგორც ამას სამხედრო ვეტერანებს ვეუბნებით. მათ მივცემთ გარანტირებულ ჯანდაცვას და კორპორაციულ ფასდაკლებებს, ავუგებთ ძეგლებს და გვექნება დღესასწაულები, იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენს გადასარჩენად გაწირა.

შესაძლოა, ბოლო-ბოლო პატრიოტიზმი გავიგოთ, როგორც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ვიდრე სხვა საზოგადოების აფეთქება. იქნებ, ამერიკის პატრიოტიზმის დემილიტარიზაცია და საზოგადოების სიყვარული იქცეს ამ საშინელი არეულობის ერთ-ერთ დადებით მხარედ.

პოლარიზაციის შემცირება

პიტერ ტ. კოლმან (Peter T. Coleman) კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორია, რომელიც რთულად სამართავ კონფლიქტებს სწავლობს. მისი ახალი წიგნია The Way Out: How to Overcome Toxic Polarization, რომელიც 2021 წელს გამოიცემა.

ჩვენი სისტემის საოცარ შოკს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, აქვს პოტენციალი, გატეხოს ამერიკის 50-წლიანი პოლიტიკური ესკალაციის და კულტურული პოლარიზაციის ციკლი, რომელშიც ჩაკეტილები ვართ და შეუძლია დაგვეხმაროს მეტი ეროვნული სოლიდარობისკენ გადავდგათ ნაბიჯები. შესაძლოა ეს იდეალისტურად ჟღერს, თუმცა ორი მიზეზი არსებობს, რაც ამ ცვლილებებს გამოიწვევს.

პირველი არის „საერთო მტრის“ სცენარი, რომელშიც ადამიანები ივიწყებენ ერთმანეთს შორის განსხვავებას და ისე უმკლავდებიან გარე მტერს. COVID-19 წარმოადგენს სერიოზულ მტერს, რომელიც არ გაარჩევს წითლებს და ლურჯებს და შეძლებს მოგვცეს უზარმაზარი ენერგია და საერთო მიზანი, რომ დავჯგუფდეთ. ფაშისტური გერმანიის პერიოდში, ნაცისტები 56 დღე ბომბავდნენ ბრიტანეთს და ჩერჩილის კაბინეტი განცვიფრებული და გულაჩუყებული იყო ადამიანური თვისებების სიძლიერით – ალტრუიზმით, თანაგრძნობით, განწყობებისა და ქმედებების სიუხვით.

მეორე მიზეზი „პოლიტიკური შოკის ტალღის“ სცენარია. კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერი, გამძლე ურთიერთობების ციკლი ხშირად ცვლილებებისადმი მყიფეა, როდესაც რაღაც ტიპის შოკი უტევს მას. ეს დაუყოვნებლივ არ ხდება, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ შტატებს შორის ხანგრძლივად მიმდინარე კონფლიქტების [რომლებიც 1816 წლიდან 1992 წლამდე] 75 პროცენტი დასრულდა 10-წლიანი სერიოზული დესტაბილიზაციის მქონე შოკით.

საზოგადოებრივი შოკები სხვადასხვა სახით იმსხვრევა, უკეთესი ან უარესი შედეგებით. ჩვენი დაძაბულობის ახლანდელი დონის გათვალისწინებით, ეს სცენარი გვკარნახობს, რომ ახლა არის დრო, როდესაც შეგვიძლია ჩვენი კულტურული და პოლიტიკური დისკურსის უფრო კონსტრუქციული გზები წავახალისოთ. ცვლილების დრო აშკარად მწიფდება.

სერიოზული ექსპერტებისადმი რწმენის დაბრუნება

ტომ ნიკოლსი აშშ საზღვაო საომარი კოლეჯის პროფესორია და ავტორია წიგნისა The Death of Expertise.

ამერიკა რამდენიმე წელია იქცა ფუნდამენტურად არასერიოზულ ქვეყნად. ამ ფუფუნების წყარო იყო მშვიდობა, გავლენა და სამომხმარებლო ტექნოლოგიის მაღალი დონე. ჩვენ არ გვჭირდებოდა ფიქრი იმ საკითხებზე, რომლებიც ოდესღაც გვაწუხებდა – ატომური ომი, ნავთობის დეფიციტი, უმუშევრობის მაღალი დონე, საპროცენტო განაკვეთების სწრაფი ზრდა. ტერორიზმი გარდაიქმნა ისეთი სახის ეროვნულ საფრთხედ, რომლისთვისაც ჯარში მოხალისეებს ვაგზავნიდით შორეულ უდაბნოებში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ სატელევიზიო გადაცემების ვარსკვლავი პრეზიდენტად ვაქციეთ, როგორც პოპულისტური შეტევა ბიუროკრატიასა და ცოდნაზე, რაც მთავრობის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

COVID-19-ის კრიზისს შეუძლია ეს ორი სახით შეცვალოს. პირველი – მან უკვე აიძულა ადამიანებს გაიაზრონ, რომ ექსპერტულ ცოდნას მნიშვნელობა აქვს. ადვილი იყო ექსპერტების დაცინვა პანდემიამდე, შემდეგ უკვე ადამიანებს სწორედ ისეთი პროფსიონალებისგან მოუნდათ ინფორმაციის მიღება, როგორიცაა ანტონი ფაუჩი.

მეორე – ამას შეუძლია დააბრუნოს ამერიკელები ახალი სერიოზულობის დონეზე ან მინიმუმ შეცვალოს მათი იდეა და გააზრებინოს, რომ ხელისუფლება სერიოზული ადამიანების საქმეა. ტრამპის ადმინისტრაციის კოლოსალურმა ჩავარდნამ ამერიკელების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გავლენებისადმი, შესაძლოა იმდენად შოკური გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, რომ ეს საკმარისი გახდეს, მოითხოვონ ხელისუფლებისგან ემოციურ კმაყოფილებაზე ბევრად მეტი.

____________

ნაწყვეტი სტატიიდან. გაგრძელება გამოქვეყნდება batumelebi.ge-ზე

ილუსტრაცია:  DAQ

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ. „ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის

აჭარაში კარანტინი 300-მდე ადამიანმა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კარანტინი უკვე დატოვა 300-მდე პირმა. საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 2000 ადამიანი,  თვითიზოლაციაშია 200-მდე პირი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ დატოვა.

ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ.

ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან  ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.

ამავე თემაზე: 

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

 

პოლიციამ 104 მოქალაქე საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო დააჯარიმა

შს სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ბოლო 24 საათში 104 მოქალაქე საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო დააჯარიმა.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე სულ დაჯარიმდა 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრები გადაჰყავდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

_____________________

ფოტო: შსს

ხულოს მაღალმთიან სოფლებში გათოვდა [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გათოვდა. ხულოს მერიის ინფორმაციით, თოვლი მხოლოდ რამდენიმე სოფელში მოვიდა და მას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

ხულო, სოფელი ქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
ხულო, სოფელი ქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, საჭიროა მისი დამუშავება“

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილე და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი: 

_______________

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი, იმიტომ, რომ რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელს მივიდებთ, ვთქვათ, სახეზე, თვალზე ან ნიღაბს გავისწორებთ და ავიწევთ-ჩავიწევთ.

სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე. იგივე, მაღაზიებშია ბევრი ადამიანი, ხელთათმანებით მუშაობენ. გასაგებია, თავს იცავენ, მაგრამ ეს თავის დაცვაც კარგად უნდა გაითავისონ.  კანიდან არაფერი არ იჭრება. ხელები რატომაა სახიფათო და საფრთხილო, იმიტომ, რომ მერე ამ ხელით ვეხებით სახეს, ვეხებით პირს ან ცხვირს ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია.

ასე, რომ ხელთათმანიანი ხელითაც ისევე შეიძლება ამის [ინფექციის] გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“.

„ხელთათმანიანი ხელითაც ისევე შეიძლება ინფექციის გადატანა, როგორც ხელით. ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“. 
ფოტო: „ბათუმელები“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 30 მარტს, ძირითადად წვიმიანი ამინდი იქნება, საღამოს 21 საათიდან 31  მარტის 21 საათამდე კი აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან იწვიმებს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით:5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 აპრილს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს „მედალფაში“ უმკურნალებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდივე პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ გააგრძელებს მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების დროს პაციენტები გადაყვანილი იქნებიან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას „მედალფაში“ გააგრძელებენ. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არ არის რეანიმაცია.

კორონავირუსით ინფიცირებული, 70 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ, კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება. მას კორონავირუსის ფონზე პნევმონია და  დისტრესსინდრომი განუვითარდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

პნევმონია აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ, შუახნის პაციენტს ბათუმში, დანარჩენი  ხუთი პაციენტის მდგომარეობა კი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დამაკმაყოფილებელია.

საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს აჭარაში კლინიკა „ევექსიც“ ქობულეთში.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 7 პაციენტს მკურნალობენ.

30 მარტის 11 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 98 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

30 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 97 გახდა. ინფორმაცია დღეს, 30 მარტს, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  COVID-19-ით ინფიცირებული 97 პაციენტიდან 18  უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია. მათ Covid-19 ბოლო ორი პაციენტისგან გადაედოთ.

„ამ ექვსიდან 4 ინფიცირებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, ორი კი – თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში,” – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

30 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 756 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 756 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის აფეთქებიდან დღემდე იტალიაში სულ 10 779 ადამიანია გარდაცლილი.

29 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 97 689 ადამიანია ინფიცირებული. მათგან ბოლო 24 საათში ვირუსი 3 851 ადამიანს დაუდასტურდა.

646 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთლებულთა ოდენობა  13 030-მდე გაიზარდა.

სადილი იტალიაში – მაგიდა ორ აივანზე [ფოტოამბავი]

“სადილი იტალიაში კორონავირუსის დროს” – ასე დაასათაურა იტალიურმა გამოცემა “ილ რესტო დელ კარლინომ” ფოტო, რომელიც დღეს, 29 მარტსაა გადაღებული, იტალიის სამხრეთში, ფერმოს პროვინციაში მდებარე პატარა ისტორიულ ქალაქ პორტო სან ჯორჯოში.

„პატარა ისტორიულ ქალაქებში ჯერ კიდევაა შემორჩენილი კეთილმეზობლური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია იზოლაციის პერიოდი. ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ისადილონ.

პორტო სან ჯორჯოში ეს პრობლემა ასე მოაგვარეს. ორ აივანზე, რომელიც ერთმანეთთან ახლოს იყო, ხის მაგიდა დადგეს. ასე სავალდებული დისტანციაც დაცული იყო, ხოლო მეგობრებმა კვირა დღეს ერთად სადილობა შეძლეს,“ – წერს გამოცემა.

იზოლაციაში სადილის ამსახველი ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში ერთით გაიზარდა და 91-ს შეადგენს

29 მარტის ბოლო მონაცემებით [19:20 საათი]  საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ერთით გაიზარდა.

ახლა ქვეყანაში covid-19-is სულ 91 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

კარანტინის რეჟიმში – 4 717 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 ადამიანი იმყოფება.  

„ძალიან ცუდია, როდესაც სასულიერო პირი პანიკას თესავს“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: 

__________________

„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!

ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი.

პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება.

ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება.“

___________

წყარო: ფეისბუქი 

„ადამიანი, რომელსაც არ აქვს კორონავირუსის ნიშნები, ძალიან ადვილად ავრცელებს ამ დაავადებას“

ელზა ვაშაკიძე, ინფექციონისტი: 

„კორონავირუსს აქვს გრძელი, ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი, როცა საერთოდ არავითარი ნიშნები არა აქვს ავადობის ადამიანს და მეორე, ასევე ძალიან მზაკვრული თავისებურება – საკმაოდ მაღალ პროცენტში დაავადება მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური გამოვლინების გარეშე.

ადამიანი, რომელიც ჯერ ინკუბაციურ პერიოდში იყო, მერე ყოველგვარი კლინიკური გამომჟღავნების გარეშე მიდიოდა მასში დაავადება, ძალიან ადვილად ავრცელებს დაავადებას. ეს არის ამ დაავადების ყველაზე დიდი მზაკვრობა“.

______________

წყარო: ტელეკომპანია პირველი/ვახო სანაიას დღის ამბები 

საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა საქართველოში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„მოხარულები ვართ, რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან  თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა  ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეების  ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდნენ, ყველა გადაყვანილია სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში მდებარე  სასტუმროებში.

მინდა კიდევ ერთხელ  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს,  რომლემაც გამოიჩინა  გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო… ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტურად ითანამშრომლა კერძო სექტორთან  და ამ ეტაპზე 71  სასტუმროში განთავსებულია 4700-მდე ადამიანი,“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს სამჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ.

პარალელურად, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან  ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.

ამ თემაზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

29 მარტის 18:20 საათის მდგომარეობით, საქართველოში არის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 90; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 18; კარანტინის რეჟიმში – 4717 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების შიდა ეტაპზე, ამიტომ ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში:

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

 

ათონის მთაზე ბერს კორონავირუსი აღმოაჩნდა

საბერძნეთში, ათონის მთაზე მდებარე მონასტერში მცხოვრებ ბერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. იგი ათონის მთიდან თესალონიკის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ბერი, რომელიც ათონის მთის დიდ მონასტერში ცხოვრობდა, მედიის ცნობით, ინგლისში იმყოფებოდა დელეგაციასთან ერთად. სიმპტომები აღენიშნებათ სხვა ბერებსაც, ამიტომ ისინი კარანტინში რჩებიან.

ეს კორონავირუსის პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა ათონის მთაზე, რომელიც ერთი კვირის წინ დაიკეტა ვიზიტორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო.

წელს აღდგომას არ იქნება არანაირი გასვლა – საბერძნეთის განვითარების მინისტრი

საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ წელს გამორიცხულია აღდგომის დღესასწაულის ტრადიციული გასვლით აღნიშვნა კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული კარანტინის გამო.

„წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლა, კარანტინი გაგრძელდება იმ დრომდე და ახლავე უნდა ვთქვათ ეს,“ – განაცხადა მინისტრმა.  მან ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ერთი თვის განმავლობაში მოთმინება გამოიჩინონ.

წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. საბერძნეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ამ დროისთვის კორონავირუსის პრევენციის გამო შეჩერებულია საეკლესიო მსახურება, ეკლესიები ღიაა მხოლოდ ინდივიდუალური მლოცველებისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საბერძნეთში დადასტურებულია კორონავირუსის 966 შემთხვევა, გარდაიცვალა 28 ადამიანი.

10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.

96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.

3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე კი – 13 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

„მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“- რა აინტერესებთ მოსწავლეებს მუზეუმების შესახებ [ვიდეო]

პროექტი – “მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე” ძალას იკრებს და გთავაზობთ ნიკა კუპრეიშვილის, თემურ დევაძის, თეკლა კახიძის და ლიზი დიასამიძის კითხვებს, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ირგვლივ.

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით, ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების გამო, სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს, სწავლების და შრომის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.

დისტანციური რეჟიმი ჩვენთვის მეტ ონლაინ აქტივობას ნიშნავს. თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ განათლება არაფორმალური განათლების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და მისი აქტიურად გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო რამ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.

სწორედ ამიტომ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ მეტად საინტერესო ინტერაქტივში სახელწოდებით: „მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“.

აქტივობის პირობაა:

[checklist]

  • გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო ვიდეო-შეკითხვა, ბათუმში მოქმედი მუზეუმების, მათი ისტორიის, დაცული ექსპონატების თუ ნივთების შესახებ.
  • კითხვაზე ჩვენი მუზეუმების პროფესიონალი თანამშრომლები ვიდეო – პასუხით გიპასუხებენ. ინტერაქტივი განთავსდება ჩვენი სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.
  • გავაცნოთ, თქვენი ჩართულობით ჩვენი მუზეუმების საინტერესო ისტორიები, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველას. ისინი ჯერ ონლაინ, მაგრამ შემდეგ უკვე რეალურად, ბათუმში ჩვენს მუზეუმებს აუცილებლად ესტუმრებიან.
  • გავხადოთ ჩვენი მოსწავლეების სახლში ყოფნა უფრო საინტერესო, ინფორმატიული და საქმიანი.

[/checklist]

ველით თქვენგან ატიურობას და ვიდეო -შეკითხვებს შემდეგ მისამართზე: administracia@moecs.ge

გერმანიაში სამკურნალოდ იტალიიდან და საფრანგეთიდან პაციენტები გადაიყვანეს

იტალიიდან და საფრანგეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ – წერს „ევრონიუსი“.

ექვსი პაციენტი იტალიიდან, ლომბარდიის რეგიონიდან გადაიყვანეს კიოლნის, ბონისა და ბოხუმის კლინიკებში.

ორი პაციენტი საფრანგეთიდან კი გერმანიის ქალაქ ესენში გააგრძელებს მკურნალობას.

უახლოეს დღეებში კორონავიურსით ინფიცირებულ კიდევ ოთხ პაციენტს ჩაიყვანენ საფრანგეთიდან და იტალიიდან გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში სამკურნალოდ.

„ჩვენს მეგობრებს იტალიიდან განსაკუთრებით სჭირდებათ სოლიდარობა ამ დღეებში. პაციენტების მიღებით ჩვენ გვინდა მივცეთ მათ სიგნალი – თქვენ მარტო არ ხართ“ – განაცხადა რეგიონის მმართველმა არმინ ლაშეტმა.

ევროკომისიის ცნობით, ამ კვირაში ავსტრიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიაში მილიონობით ნიღაბი და დამცავი კოსტიუმი გაგზავნეს.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა. 28 მარტის მდგომარეობით, იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 023 მიაღწია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 48 582 შემთხვევაა დადასტურებული გარდაიცვალა 322 ადამიანი.

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების შიდა ეტაპზე, ამიტომ ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ქვეყანას ექნება:

„უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეები ყველა კარანტინში მიდის და მათ შორის, შემთხვევის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, იქნება და მოიმატებს ისიც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი და რაღაც ეტაპზე ჩვენ დაგვეწყება შიდა გადაცემა. ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის.

ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ერთადერთი და მთავარი რჩევაა – დარჩი სახლში. თუ არ უნდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს თუ არ ვიქნებით ყველანი სახლში, დღეს თუ მარტო ის ადამიანები არ გამოვლენ გარეთ, ვინც უნდა იმუშაოს, რაღაც სამსახურებმა, ქვეყანა ვერ გაჩერდება… დანარჩენი ყველა დარჩით სახლში.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ – დღეს ჩვენ იმ ეტაპზე შევდივართ, თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ისე ინფექცია არ გაჩერდება.

მატება იქნება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მატება არ მოხდეს ზვავსიებურად, არ მოხდეს ისე, რომ ჩვენი კლინიკები გადაიტვირთოს და ისე, რომ სამედიცინო კლინიკებმა ადამიანების დახმარება შესძლონ. ეს ყველაფერი გაკეთდება ერთ შემთხვევაში – თუ ჩვენ დავრჩებით სახლში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის უნდა ელოდოთ ქვეყანა კორონავირუსის პიკს, პაატა იმნაძე თქვა:

„ნუ დავიწყებთ მარჩიელობას, პროგნოზები ყველანაირი გაკეთებულია, რა იქნება, როგორ იქნება. დანარჩენს დავითვლით ყველაფერს. მოსახლეობამ ერთი უნდა იცოდეს, თუ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ უმტკივნეულოდ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, დავრჩეთ სახლში“.

28 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით 10 023 ადამიანი დაიღუპა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 90
  • მათ შორის გამოჯანმრთელება – 18
  • კარანტინის რეჟიმში – 4717
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268

ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა იზრდება. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს, 29 მარტს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად ბოლო 24 საათში ქვეყანაში 838 ადამიანი გარდაიცვალა. მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც. ახალი კორონავირუსი ესპანეთში 78 797 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ესპანური გამოცემა “ელ პაისი” წერს, რომ შაბათს, 27 მარტს, ერთ დღეში 832 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, პარასკევს კი – 769. ესპანეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 6 528 ადამიანია გარდაცვლილი.

ქვეყნის მასშტაბით მდებარე საავადმყოფოების  ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 4 907 ადამიანია მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 14 709 ადამიანი ვისურისგან უკვე  გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ამავე თემაზე:

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

იუდეველი და მუსლიმი ექიმების ლოცვა [ფოტოამბავი]

„ერთი ფეხზე დგას და თვალები იერუსალიმისკენ მიუპყრია, მეორეს მუხლი მოუყრია სალოცავ ხალიჩაზე და მექას მიმართულებით ლოცულობს. საუკუნეების განმავლობაში ორი დაპირისპირებული სამყარო ერთ ფოტოში გაერთიანდა და ახლა ეს ფოტო მთელს მსოფლიოში „მოგზაურობს“ სოციალური ქსელის დახმარებით,” – ამ შესავლით აქვეყნებს იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” ფოტოს, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ ლოცულობენ მუსლიმი და იუდეველი ექიმები.

ავრაჰამ მინტცი და ზოჰერ აბუ ჯამა ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ექიმები არიან. როგორც გამოცემა წერს, ფოტო მათმა მესამე კოლეგამ გადაიღო.

„ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსთვის გახდა იმედის სიმბოლო, კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ მომენტში,”  – წერს “ლა რეპუბლიკა”.

 

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირი წესით გაფორმებულ კიდევ 42 ხელშეკრულებას შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს. აღნიშნული ხელშეკრულებები სასტუმროების მესაკუთრეებთანაა გაფორმებული სასტუმროებში 2 თვით საკარანტინო ზონების მოწყობაზე.

აღნიშნულ სასტუმროებთან გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 12 182 365 ლარია. თუმცა, მხარეები თანხმდებიან, რომ „სასტუმრო მომსახურების, კვების და დეზინფექციის მომსახურების თანხის ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად“.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კიდევ 13 სასტუმროსთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული – ჯამში 10 517 823 ლარზე.

ანუ, 55 სასტუმროში 2-თვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის, ხელშეკრულებები ადმინისტრაციას ჯამში 22 700 188 ლარზე აქვს გაფორმებული.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ორი დღის წინ განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცე ჯამში მოწყობილია 64 სასტუმროში, ამასთან, რამდენიმე მფლობელმა სასტუმროები კარანტინისთვის სამინისტროს უფასოდ დაუთმო.

რა ვალდებულებები აქვთ აღებული სასტუმროებს ხელშეკრულებით, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

სასტუმროებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გარდა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს დეზინფექციის, ტვირთის გადატანასა და მოქალაქეების გადაყვანაზე.

ორი თვის ვადით დეზინფექციასა და დეზინსექციასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული – ჯამში 8090 ლარზე. მიმწოდებლის ვალდებულებაა შესაბამისი სამუშაოების ჩატარება წყალტუბოსა და ქვეყნის სხვა ადგილებში განთავსებულ საკარანტინო ზონებში ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა, ასევე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებების შესყიდვაც. ამ კუთხით ხელშეკრულება 10 ათას ლარზეა გაფორმებული.

შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების შესყიდვაზე [31 მაისის ჩათვლით] კი ადმინისტრაციას ხელშეკრულება 400 ათას ლარზე აქვს გაფორმებული კერძო კომპანიასთან.

კომპანიამ სხვა ვალდებულებებთან ერთად უნდა უზრუნველყოს თითოეული ტრანსპორტის სრული დეზინფექცია ლიცენზირებული სადეზინფექციო საშუალებებით თითოეული მარშრუტის დასრულების შემდგომ.

საქართველოში, 2020 წლის 29 მარტის დილის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში – 4 717 პირი იმყოფება. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 90-ია, მათგან გამოჯანმრთელდა 18. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 268 ადამიანი.

ტელესკოლა დაიწყო – გაეცანით ცხრილს და რეკომენდაციებს

ხვალ, ორშაბათს, 30 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი – განათლება” [ყოფილი მეორე არხი] მოსწავლეებისათვის „ტელესკოლა“ იწყება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა „ტელესკოლის“ ცხრილიც. ტელეგაკვეთილები პირვეკლასელებისთვის დაიწყება დილის 9 საათზე.

ორშაბათი

I-II კლასი

  • 09:00 -09:15  მათემატიკა  I კლასი
  • 09:20 -09:35  ქართული
  • 09:40 -09:55  სახვითი ხელოვნება

V კლასი

  • 10:00 -10:15    ჩვენი საქართველო
  • 10:20 -10:35   მათემატიკა
  • 10:40 -10:55   სახვითი ხელოვნება

VII კლასი

  • 11:00 -11:15  ქართული
  • 11:20 -11:35  მათემატიკა
  • 11:40 -11:55    ფიზიკის დრო
  • 12:00 -12:15   ფიზიკის დრო

IX კლასი

  • 12:20 -12:35   ქართული
  • 12:40 -12:55   ქიმია

XI კლასი

  • 13:00 -13:15   გეოგრაფია
  • 13:20 -13:35   ქართული
  • 13:40 -13:55   ქიმია
  • 14:00 -14:15    ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის
  • 14:20 -15:00   შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

[toggle title=”მთელი კვირის ცხრილი იხილეთ აქ“]

სამშაბათი

IV კლასი

  • 09:00 -09:15    ქართული
  • 09:20 -09:35   მათემატიკა
  • 09:40 -09:55   ბუნება

VI კლასი

  • 10:00 -10:15    ჩვენი საქართველო
  • 10:20 -10:35   ბუნება
  • 10:40 -10:55   მათემატიკა

VIII კლასი

  • 11:00 -11:15  ქართული
  • 11:20 -11:35  ისტორია
  • 11:40 -11:55  ქიმია

X კლასი

  • 12:00 -12:15   ქართული
  • 12:20 -12:35   ბიოლოგია
  • 12:40 -12:55  გეოგრაფია

აბიტურიენტის დრო

  • 13:00 -13:15    ქართული
  • 13:20 -13:35   მათემატიკა
  • 13:40 -13:55   ისტორია
  • 14:00 -14:15   ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის
  • 14:20 -15:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

ოთხშაბათი

I-II კლასი

  • 09:00 -09:15  მათემატიკა  II კლასი
  • 09:20 -09:35 ბუნება
  • 09:40 -09:55 მუსიკა

V კლასი

  • 10:00 -10:15  ქართული
  • 10:20 -10:35 ბუნება
  • 10:40 -10:55 მუსიკა

VII კლასი

  • 11:00 -11:15  ისტორია
  • 11:20 -11:35  გეოგრაფია
  • 11:40 -11:55  ბიოლოგია

IX კლასი

  • 12:00 -12:15   ისტორია
  • 12:20 -12:35   გეოგრაფია
  • 12:40 -12:55   მათემატიკა

XI კლასი

  • 13:00 -13:15  ისტორია
  • 13:20 -13:35  მათემატიკა
  • 13:40 -13:55  ბიოლოგია
  • 14:00 -14:15  ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის
  • 14:20 -15:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

ხუთშაბათი

III კლასი

  • 09:00 -09:15  ქართული
  • 09:20 -09:35  მათემატიკა
  • 09:40 -09:55  ბუნება

VI კლასი

  • 10:00 -10:15  ქართული
  • 10:20 -10:35  სახვითი ხელოვნება
  • 10:40 -10:55  მუსიკა

VIII კლასი

  • 11:00 -11:15   მათემატიკა
  • 11:20 -11:35   გეოგრაფია
  • 11:40 -11:55   ბიოლოგია

X კლასი

  • 12:00 -12:15  ისტორია
  • 12:20 -12:35  მათემატიკა
  • 12:40 -12:55  ქიმია

აბიტურიენტის დრო

  • 13:00 -13:15  ქართული
  • 13:20 -13:35  მათემატიკა
  • 13:40 -13:55  ისტორია
  • 14:00 -14:15  ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის
  • 14:20 -15:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

პარასკევი

III- IV კლასი

  • 09:00 -09:15  მე და საზოგადოება
  • 09:20 -09:35  სახვითი ხელოვნება
  • 09:40 -09:55  მუსიკა

ფიზიკის დრო

  • 10:00 -10:15  ფიზიკა
  • 10:20 -10:35  ფიზიკა
  • 10:40 -10:55  ფიზიკა

VII-VIII კლასი

  • 11:00 -11:15    სამოქალაქო განათლება
  • 11:20 -11:35    სახვითი ხელოვნება
  • 11:40 -11:55    მუსიკა

IX კლასი

  • 12:00 -12:15  ბიოლოგია
  • 12:20 -12:35  სახვითი ხელოვნება
  • 12:40 -12:55  მუსიკა

ინგლისურის დრო

  • 13:00 -13:15  ინგლისური  I  დონე
  • 13:20 -13:35  ინგლისური   II დონე
  • 13:40 -13:55  ინგლისური  III დონე

ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის

  • 14:00 -14:15 ქართული  I დონე
  • 14:20 -14 :35 ქართული   II დონე
  • 14:40 -14:55 ქართული  III დონე

შაბათი

  • 11:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „სამი ქალაქის ამბავი”
  • 12:00  ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები
  • 12:15  ცეკვის გაკვეთილი
  • 12:30  ჭადრაკის გაკვეთილი
  • 12:45  მუსიკის გაკვეთილი დათო ევგენიძესთან ერთად
  • 13:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „ლურჯი პლანეტა“
  • 14:00  დოკუმენტური ფილმი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“
  • 14:30  ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი  „ბერძნული მითები და სარწმუნო წყაროები“
  • 15:30  ბიოგრაფიული ფილმი  „ანტუან სენტ ეგზიუპერი“

კვირა

  • 11:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „სამი ქალაქის ამბავი”
  • 12:00 ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები
  • 12:15  ცეკვის გაკვეთილი
  • 12:30  ჭადრაკის გაკვეთილი
  • 12:45  მუსიკის გაკვეთილი დათო ევგენიძესთან ერთად
  • 13:00  შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „ლურჯი პლანეტა“
  • 14:00  დოკუმენტური ფილმი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“
  • 14:30  ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი  „ბერძნული მითები და სარწმუნო წყაროები”
  • 15:30  ბიოგრაფიული ფილმი „პავაროტი – პოპულარული მომღერალი“
  • [/toggle]

განათლების სამინსიტროს ინფორმაციით, არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება.

განათლების სამინისტრო მოსწავლეებსა და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ ტელეგაკვეთილისთვის:

[checklist]

  • წინასწარ გაამზადეთ ის რესურსები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ტელეგაკვეთილისთვის, მაგალითად: ფურცელი, რვეული, კალამი, ფანქრები, საშლელი, სახაზავი, მაკრატელი და ა.შ.
  • ახალი ინფორმაციის მიღებისას ზოგიერთი თემა შესაძლებელია ნაკლებად გასაგები იყოს, ან კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაგიჩნდეთ დამატებითი შეკითხვები. ასეთ შემთხვევაში, ჩამოწერეთ შეკითხვები და მოიძიეთ პასუხები სახელმძღვანელოსა თუ სხვადასხვა წყაროში. დაუსვით შეკითხვები უფროსებს. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია თქვენი საგნის მასწავლებლებთან.
  • შეეცადეთ შეასრულოთ საშინაო დავალებები (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, რათა განიმტკიცოთ და პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოსცადოთ ტელეგაკვეთილის მანძილზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება უფროსებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს ან დაეკონტაქტეთ მასწავლებელს.
  • რეკომენდებულია, არ გამოტოვოთ გაკვეთილები. „ტელესკოლის“ ფორმატის მიხედვით, ზოგიერთ საგანში მომდევნო გაკვეთილი შესაძლოა წინა გაკვეთილების გაგრძელება იყოს, ან მიმდინარე ტელეგაკვეთილის გაგება დამოკიდებული იყოს წინა გაკვეთილის განმავლობაში ათვისებულ მასალაზე.
  • გაუზიარეთ ტელეგაკვეთილის ან მასში განხილული საკითხების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებს: ოჯახის წევრებს ან თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.
  • მშობლებო, შეუქმენით კომფორტული და მშვიდი გარემო თქვენს შვილებს, რათა უკეთ შეძლონ გაკვეთილზე კონცენტრირება. გაიზიარეთ ბავშვების ემოციები და შთაბეჭდილებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი ემოციური კეთილდღეობისათვის, ასევე, მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ გააზრება/გაღრმავებისთვის.

[/checklist]

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა. სწავლა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში 21 აპრილამდე გადაიდო. 

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული, 70 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ, კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება. მას კორონავიურუსის ფონზე პნევმონია და  დისტრეს სინდრომი განუვითარდა.

„მედალფაში“ გვითხრეს, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

პნევმონია აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ, შუახნის პაციენტს ბათუმში, რომელიც, ასევე „მედალფაში“ მკურნალობს.

ამ კლინიკაში სულ ოთხი პაციენტია კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 7 პაციენტს მკურნალობენ. სამი მათგანი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

18 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში მათმა რაოდენობამ 18 შედგინა.

„განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხებით ორ პაციენტთან პასუხი უარყოფითია. ეს პაციენტები დღეს დატოვებენ ჩვენს კლინიკას. როგორც თქვენ იცით გუშინ ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 ჩვენი პაციენტი იყო ამ თხუთმეტს ახლა დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში და ჯამში 18. ამ 17-დან ორი ბავშვია,“- განაცხადა ეზუგბაიამ.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 7 პაციენტი ბათუმში მკურნალობს, მათგან ერთი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

26 წლის ქალი: ჩემი შვილი ონლაინი გაკვეთილს ვერ ისმენს, ინტერნეტი არ გვაქვს

26 წლის ქალი, რომელიც მეორეკლასელ შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, კორონავირუსის გამო უმუშევარი დარჩა. ქალი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ კაზინოში მიმტანად მუშაობდა. კაზინო დაიკეტა, ქალი კი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა.

ქალი ამბობს, რომ, როცა მუშაობდა დღეში 32 ლარს უხდიდნენ. მერე, როცა დაიწყო გაფრთხილებები სოციალურ დისტანცირებაზე, 20 ლარს უხდიდა კაზინოს მფლობელი, მერე კი გამოუცხადა, რომ კაზინოს კეტავს და ასე დარჩა ქალი უმუშევარი.

„დანაზოგი რაც მქონდა, იმით პროდუქტი მოვიმარაგე, ჩემმა დებმაც გამომიგზავნეს სოფლიდან ცოტა საჭმელი, მაგრამ ქირის ფულს ვეღარ ვიხდი. 2 ოთახი მაქვს ნაქირავები და აქამდე 200 ლარს ვიხდიდი“, – გვიყვება ქალი.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ დედის პენსიაა, შესაბამისად, ეს ფული ინტერნეტისთვის ვერაფრით გაანაწილა.

„იზო მასწავლებელმა დამირეკა, რომ ონლაინ გაკვეთილები დაიწყო და ბავშვი ჩავრთო ამ სწავლებაში, მაგრამ ინტერნეტი აქამდეც არ მქონდა სახლში და ამის გარეშე, როგორ უნდა ჩავრთო“.

ქალის თქმით, ის აპირებდა სოციალურ სამსახურში მისვლას, მაგრამ რადგან სათანადო ეკიპირება არ აქვს, აღარ წავიდა სააგენტოში.

იმედი აქვს, რომ მისი შვილის დახმარების სურვილი ვინმეს გაუჩნდება.

„მე ბინა პროფესიით პედაგოგისგან მაქვს ნაქირავები. ძალიან კარგი ქალია, მაგრამ თანხა ხომ უნდა გადავიხადო“, – გვითხრა ქალმა.

ეს ქალი არ არის ერთადერთი, ვინც კორონავირუსისი გამო შემოსავალი დაკარგა. ზუსტი სტატისტიკა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს.

 

კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის კაცი გამოჯანმრთელდა, ის „ისპანკის” დროს დაიბადა

101 წლის კაცი იტალიიდან, კერძოდ რიმინიდან, ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც კორონავირუსით ინფიცირდა და გადარჩა. მამაკაცი ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

იტალიური მედიის ცნობით, კაცი რიმინის საავადმყოფოში გასულ კვირას მოათავსეს მას შემდეგ, რაც ტესტირებით დადასტურდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა.

როგორც რიმინის მერი, გლორია ლიზი აცხადებს, 101 წლის კაცი ოთხშაბათს, 25 მარტს გაწერეს საავადმყოფოდან და ახლა უკვე ოჯახში იმყოფება.

გლორია ლიზმა ასევე დასძინა, რომ ეს მეორე პანდემიაა, რომელსაც ეს კაცი გადაურჩა. ის 1919 წელს დაიბადა ესპანური გრიპის, „ისპანკას“ მძვინვარების პერიოდში, რითაც მსოფლიოში 500 მილიონამდე ადამიანი დაავადდა – მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მესამედი.

101 წლის იტალიელი კაცი ერთადერთი არ არის ხანდაზმულთა შორის, ვინც გამოჯანმრთელდა. კორონავირუსი დაძლია ჩინეთში, უჰანში მცხოვრებმა 103 წლის ქალმა ჩჟან გუანფენმაც. ის მარტის დასაწყისში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 1 კვირა დაჰყო, მერე კი გამოჯანმრთელდა და ოჯახში დაბრუნდა.


მთავარ ფოტოზე: რიმინი, ქალაქი, სადაც 101 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საგანგებო ბათუმის ხანძარზე: მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ცეცხლი მოედო 2-სართულიან სახლს. მალევე ცეცხლი გავრცელდა მეორე სახლზეც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენლის ცნობით, „ცეცხლი უკიდია საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები“.

„ბათუმელების“ ჟურნალისტის მიერ განხორციელებულ ლაივ ჩართვაში ჩანდა, რომ მეხანძრეებმა მოქალაქეები ფანჯრებიდან გამოიყვანეს.

მეხანძრეები ჯერჯერობით ისევ მუშაობენ ადგილზე.

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე სახლში ხანძარია [live]

ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა. მიმდინარეობს მაცხოვრებლების ევაკუაცია.

სახლში, რომელიც იწვის, უცნობია არიან თუ არა ადამიანებ, თუმცა გვერდით სახლებიდან, სადაც ასევე არის დაკვამლიანება და ხანძარი გადმოდის სახურავებზე, ადამიანები გამოჰყავთ აივნებიდან.

ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო მანქანა. ხანძარი საკმაოდ ძლიერია.

დაზუსტება: ხანძრის ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი პირის თქმით, სახლებიდან ადამიანები მაშველებმა უკვე გამოიყვანეს.

3 765 ახალი სამუშაო ადგილი სოფელში ბიუჯეტის ხარჯზე, არჩევნების წინ

მუნიციპალიტეტები საშტატო განრიგის ცვლილებაზე მუშაობენ. ცვლილება ძირითადად ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს შეეხებათ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ისინი შტატიანი თანამშრომლები აღარ იქნებიან და მერი მათ ადმინისტრაციული წესით, ხელშეკრულებებით დაიქირავებს. ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს დაამტკიცა.

კანონში ცვლილების მიხედვით დადგინდა, რომ მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, [მაგალითად სპეციალისტი] რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისთვის არიან მოხელეები ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, კანონის ამოქმედებისთანავე ითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. კანონის ცვლილება მთელი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს ეხება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა.

გარდა იმისა, რომ ამ ცვლილების მიხედვით კონკურსგავლილ შტატიან თანამშრომლებს სახელშეკრულებო პირობებზე მოუწევთ დათანხმება, იგეგმება მათი რაოდენობის გაზრდა.

ამ დრომდე თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის კონკრეტულ თემში მერს ერთი წარმომადგენელი და 2 სპეციალისტი ჰყავდა, უახლოეს მომავალში თემში შემავალ თითო სოფელში მერს თითო წარმომადგენელი ეყოლება, შენარჩუნდება უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაც. შესაბამისად, ერთ თემში დასაქმებულების რაოდენობა მინიმუმ – სამი, მაქსიმუმ კი ხუთი პირით გაიზრდება.

კანონში ცვლილება ახალი დასაქმების ადგილების შექმნას არ ითხოვს, თუმცა მუნიციპალიტეტებში გვითხრეს, რომ „ეს დავალებაა ცენტრიდან, რომლის განხორციელებაც პირველი აპრილიდან იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო გადაიდო“.

კანონში ცვლილების შესაბამისი განკარგულების პროექტები, რაც თემის წარმომადგენლების საშტატოდან სახელშეკრულებო პირობებზე გადასვლას გულისხმობს, უკვე მოამზადეს და 31 მარტს საკრებულოს სხდომაზე აპირებენ ჯერ განხილვას, შემდეგ კი მის დამტკიცებას ქედის და ხულოს საკრებულოები. შუახევის საკრებულომ ეს საკითხი უკვე განიხილა და დაამტკიცა კიდეც. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების დაქირავებას – მერს თითო წარმომადგენელი ეყოლება თითო სოფელში. თუ ამ იდეის განხორციელებას მთავრობა მაისში დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში მინიმუმ 3 765 ადამიანი დასაქმდება ბიუჯეტის ხარჯზე.

დღეისთვის საქართველოში სწორედ ამდენი სოფელია.

კუალა-ლუმპურიდან იყალთოს 14-დღიან კარანტინში

 

ავტორი: ზაზა მიქელაძე, “სამოქალაქო დარბაზის” თანადამფუძნებელი

____________________________

კახეთის ბუნება გაზაფხულის გარდამავალ ფერებში შემოსილი სასტუმრო „სავანეთის“ ფანჯრიდან განწყობის შექმნაში მეხმარება. აბა რა, ესღა დამრჩენია შევეგუო ახალ რეალობას, ვიფიქრო უკეთეს მომავალზე და ვიბრძოლო ცხოვრების გასაგრძელებლად.

რთულია წარმოიდგინო, რომ სამყარო კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ოპტიმისტური განწყობით წარმოვიდგენ შესაძლო განვითარების სცენარებს და იმედით შევყურებ მომავალს, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით საზოგადოებები სამომავლოდ უფრო სოლიდარულები იქნებიან, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილან. ჩვენ ვნახეთ, რაოდენ პატარაა დედამიწა, პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ.

2019 წლის ზაფხულში ჩავაბარე სამაგისტრო პროგრამაზე მალაიზიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. როდესაც დეკემბერში საერთაშორისო მედიაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია COVID – 19 – თან დაკავშირებით, წინათგრძნობა მქონდა, რომ ეს სერიოზული პრობლემა იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის და ჩემს დაგეგმილ მალაიზიურ ვოიაჟსაც შეუქმნიდა საფრთხეს, მაგრამ ველოდი, რომ გლობალური სამყარო მოახდენდა პრევენციას. შესაბამისად, 27 იანვარს გავემგზავრე მალაიზიაში. ვგეგმავდი, სამი წლის განმავლობაში იქ დავრჩენილიყავი, თუმცა მოულოდნელად გართულებული მდგომარეობის ფონზე დროზე ადრე დარჩა საჭირო დავბრუნებულიყავი საქართველოში.

მალაიზიაში მთელი ორი თვის მანძილზე, მიუხედავად ინფექციის გავრცელებისა, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და განსაკუთრებულ ზომებს თითქმის არ იღებდა. ვირუსი თანდათან უფრო ფართოდ ვრცელდებოდა, რამაც  მთავრობის მხრიდან საჭირო გახადა პრევენციული პოლიტიკის გატარება.

პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს რელიგიური შეკრებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა და სახლში დარჩენის კამპანია წამოიწყო. როდესაც აშკარა გახდა, რომ ეს არასაკმარისი იყო შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ და საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურეს.

17 მარტს პრემიერ-მინისტრმა მუჰაიდდინ იასინმა განცხადება გააკეთა, რომ ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი დაიხურებოდა, მათ შორის: მსხვილი სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრები და რესტორნები, მხოლოდ სასურსათო მარკეტები განაგრძობდა მუშაობას. პარალელურად მიმართა მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ვისაც ექნებოდა შესაძლებლობა, დაეტოვებინათ მალაიზია და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

გადავწვიტე რომ არსებული რთული რეალობა შემეფასებინა, მიმეღო არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტი მიმენიჭებინა და დავბრუნებულიყავი საქართველოში. მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, ეს გზა უფრო უსაფრთხო იყო თუ კუალა ლუმპურში დარჩენა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე წამოვსულიყავი.

18 მარტს დავუკავშირდი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს მალაიზიაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მოქალაქე ვიყავი ამ საინტერესო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქალაქში. მივაწოდე ჩემი მონაცემები და ვთხოვე, დამხმარებოდენენ. მათ საინფორმაციო თანადგომაზე გამოთქვეს მზადყოფნა და ექსტრემალურ სიტუაციაში მოსალოდნელი ფრენების გაუქმების, საჰაერო სივრცეების ჩაკეტვის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მგზავრობის გრაფიკი ისე  შევადგინეთ, რომ შემძლებოდა სამშობლოში დაბრუნება.

რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ შევარჩიეთ შესაბამისი მარშრუტი ყატარის გავლით საქართველოსკენ, 20 მარტის რეისი, თუმცა არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს ფრენაც არ გადაიდებოდა. პარალელურ რეჟიმში ყატარში საქართველოს წარმომადგენლობა ინფორმაციას მაწვდიდა და ჯერჯერობით საქმე ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ სანერვიულო ბევრი იყო. ცნობილი გახდა, რომ ეს რეისი საქართველოს მიმართულებით ყატარის ავიახაზების მხრიდან ბოლო იქნებოდა. ნერვიულობამ იმატა, ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი ბილეთის შეძენა და დავიწყე მზადება, მაგრამ საათები საუკუნეებად გადაიქცა, დრო ნელა გადიოდა.

აეროპორტში ხუთი საათით ადრე მივედი, ხალხი დაძაბული იყო და ყოველ წუთას ევროპის მიმართულებით ფრენები უქმდებოდა, რის გამოც მგზავრები გაურკვევლობაში იყვნენ, ხოლო ჩემი ემოციური ფონი კიდევ უფრო გართულდა. შინაგანად ვშფოთავდი და მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ჩემი რეისის გაუქმების შესახებ განცხადება გაკეთებულიყო. შევეცადე საკუთარ თავზე კონტროლი შემენარჩუნებინა და ეს უკანასკნელი შედარებით წარმატებით გამომდიოდა. არ ჩავვარდი პანიკაში.

ბოლოს და ბოლოს დაიწყო მგზავრთა რეგისტრაცია. კომპანიასთან კიდევ ერთხელ გადავამოწმე დოჰა-თბილისის რეისი და მითხრეს, რომ ფრენა შესრულდებოდა, რამაც დამამშვიდა, თუმცა იმდენად სწრაფად იცვლებოდა მოვლენები, რომ საბოლოოდ მაინც არ ვიყავი დარწმუნებული.

დადგა სანატრელი დრო და დავიწყეთ ბორტზე ასვლა. ყველა მგზავრი აღელვებული იყო. თითოეული მათგანი შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას ცდილობდა. რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ ჩავფრინდი დოჰაში. საათნახევრიანი ლოდინი დასრულდა და ჩავჯექი თვითმფრინავში. მაშინ გავიაზრე, რომ უკვე საქართველოსკენ მივფრინავდი. ეს ფსიქოლოგიურად დადებითი ეფექტი იყო, რადგან თითქოს თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ბორტზე მხოლოდ ქართველები ვისხედით. ზოგი ამერიკიდან, ზოგი – ევროპიდან, პაკისტანიდან, იაპონიიდან, ზოგიც კი კანადიდან მოფრინავდა. სახეზე ყველას სხვადასხვა ფორმით და ხარისხით შფოთი ეტყობოდა და მეტნაკლებად ცდილობდნენ დაეცვათ რეკომენდაციები.

მოვაღწიეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. წინასწარ განსაზღვრული მქონდა, რომ კარანტინში უნდა გადავსულიყავი და ამას ადამიანურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობად მივიჩნევდი. ასე დავაზღვევდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და მთელს საზოგადოებას.

სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი, რომ აეროპორტში სიტუაცია ორგანიზებული და დახვედრაც მდგომარეობის შესაბამისი იქნებოდა. ბუნებრივია ექსპერტი არ ვარ და გამიჭირდება პროფესიონალური შეფასება გავაკეთო ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა მედიკოსების, მესაზღვრეების და პოლიციელების პასუხისმგებლობამ, ღირსეულმა დამოკიდებულებამ, სოლიდარულობის განცდამ და ადამიანზე ორიენტირებულმა კომუნიკაციამ ამ რთულ დროს სასიამოვნოდ გამაკვირვა.

ხალხმრავლობა არ იყო. დაახლოებით 15-მდე მგზავრი ვიყავით და შესაბამისად, ორგანიზებაც მეტნაკლებად მარტივად ხდებოდა. პირველ ეტაპზე ორი პოლიციელი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ამოწმებდა ჩვენი მგზავრობის ისტორიას პასპორტში. თითო-თითო მგზავრს მესაზღვრესთან გვიშვებდნენ. კიდევ ერთხელ მოწმდებოდა საზღვრის კვეთა. შემდგომ გვაფიქსირებდნენ აპარატზე და გვიზომავდნენ ტემპერატურას, ყველა მონაცემს იწერდნენ. საბოლოოდ მივდიოდით ექიმთან და მასთან კონსულტაციას გავდიოდით, რის შემდეგაც სიმპტომების შესახებ გვეკითხებოდა. ვთხოვე, რომ კარანტინში გავეშვი და სწრაფადვე მიიღეს გადაწყვეტილება. ექიმმა ჯანმრთელობა მისურვა და აეროპორტის პირველ სართულზე ჩავედი, რათა დავლოდებოდი ავტობუსს, რომ გადავეყვანეთ კარანტინში.

ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო ზოგიერთი მგზავრის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მათი ნაწილი აპროტესტებდა და უკმაყოფილო იყო. ზოგი მათგანი პროცედურების გავლამდე მზაკვრულ გეგმას თხზავდა, თუ როგორ გაეღწია აქედან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით და წასულიყო ოჯახში. გაოგნებული ვუყურებდი და მიკვირდა, ნუთუ საკუთარ ოჯახის წევრებზე მაინც არ ფიქრობდნენ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთა უმეტესობა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყოველივეს.

მოკლედ, სიის შედგენის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ჯგუფი უნდა გადაეყვანათ კახეთში, იყალთოსთან ახლოს მდებარე სასტუმრო „სავანეთში“. კომფორტულ ავტობუსში დომინოს პრინციპით დავსხედით და პოლიციის ესკორტის თანხლებით გავუდექით გზას. წახემსებისათვის მცირე ულუფა სავარძელზე დაგვახვედრეს. მართალია, საკმაოდ გაგრძელდა მგზავრობა, მაგრამ საბოლოოდ მივაღწიეთ.

ვიცოდი, რომ ცხოვრების განსხვავებული თოთხმეტი დღე იწყებოდა. სრულ იზოლაციაში, გაასმაგებული პასუხისმგებლობით, სიმპტომების შესაძლო გამომჟღავნების მოლოდინში და დაძაბულ საინფორმაციო გარემოში. აქამდე სხვანაირად წარმომედგინა აეროპორტში ჩამოფრენა, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახვედრა, ეს არაფრით გავდა დაგეგმილს, რომლის მოლოდინი წასვლის დღიდან მქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რომ ნაადრევი დაბრუნებით, უკვე სამშობლოში ვიყავი, ოჯახთან ახლოს.

სასტუმრო „სავანეთში“ მისვლის შემდეგ რიგრიგობით გავიარეთ შესაბამისი რეგისტრაცია და გადაგვანაწილეს. პროცედურის დაწყება ცოტა შეაგვიანდათ, მიზეზი ჩემთვის უცნობია, თუმცა კულტურული დამოკიდებულებით თითოეული თანამშრომელი პატივისცემას არ იშურებდა.

მიკვირდა ორგანიზების ეს ფორმა. მიხაროდა, რომ ქვეყანას ამდენის უნარი არ შესწევს და მაინც შევძელით ეს გაგვეკეთებინა. იმედს მაძლევდა, რომ თავს გავართმევდით ამ კრიზისს.

სასტუმროში არაჩვეულებრივი პირობებია. კომფორტული ნომრებით, ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით და სამჯერადი კვებით. ოთახიდან გასვლის უფლება არ გვაქვს. დილით, შუადღის და საღამოს კარებთან გვხდება საკვები. აბსოლუტურად საკმარისი და ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით მომზადებული კერძები. თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია გაქვს, ან რელიგიური მრწამსის გამო არ მიირთმევ, შეგიძლია დაუკავშირდე და გაითვალისწინებენ.

ხედი სასტუმროს ფანჯრიდან. ზაზა მიქელაძის ფოტო

ყოველი დღე ვაკონტროლებ ტემპერატურას, ვცდილობ მხნედ ვიყო და ამ სტრესის ფონზე ნევროზულ ქმედებებში არ გადამეზარდოს. გასათვალისწინებელია მედიკოსებთან კომუნიკაცია, შინაგანად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რთულ და დაძაბულ დროს ეს ადამიანები კიდევ ინარჩუნებენ უნარს, რომ ტკბილი სიტყვა გითხრან და მადლობა გადაგიხადონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესრულებისთვის.

უჩვეულოა დაბადების დღეს კარანტინში შეხვდე. თუმცა, სწორედ ამიტომ ვარ იზოლირებული, რომ ვიცოცხლო და სხვასაც შევუწყო ხელი ჯანმრთელად იყოს. გვიყვარდეს ცხოვრება და მისი ყოველი წამი, ეს არ არის უსასრულო. ამის შეგრძნება კრიზისულ ვითარებაში უფრო მარტივია.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, მოწყვლად ჯგუფებს, მთელს საზოგადოებას და პასუხისმგებლიანი იყავით იმ რეკომენდაციების შესრულებისას, რასაც სახელმწიფო და მედიკოსები ინფექციისაგან დასაცავად გვთავაზობენ. დავაფასოთ ჯანმრთელობა.

სასტუმროს ჰოლი. კარანტინში მყოფ პირთათვის სასტუმროს ნომრების წინ პარკებით ტოვებენ საკვებს. ზაზა მიქელაძის ფოტო
Exit mobile version