ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზიარების წესს არ ცვლის. ამ თემაზე ვირუსის შიშით სახლში გამოკეტილი ადამიანები ხშირად კამათობენ სოციალურ ქსელებში, თუმცა საპატრიარქო, სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ ცვლის კონკრეტულ რელიგიურ რიტუალს, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. სინოდი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 20 მარტის სხდომაზე გეგმავს.
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიებში, პირადი ლოცვების გარდა, მარტის ბოლომდე ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყვიტა.
რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიარების წესის დაცვა პანდემიის პირობებში და რა პასუხუსიმგებლობა აქვს ამ დროს ეკლესიას? – კითხვები თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს დავუსვით.
ბატონო მირიან, თქვენთვის რას აჩვენებს დისკუსია ზიარების შეცვლის საკითხზე?
ამდენი დისკუსია ამ საკითხზე ცხადია, უსაგნოა. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, არ გააჩნია არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა. რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის, ქრისტიანული ეკლესიები მოვალენი არიან, ასეთ პანდემიურ სიტუაციაში, გაუფრთხილდნენ საკუთარ მრევლს და მოსახლეობას, სადაც ისინი მიწიერი სახით საქმიანობენ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც უნდა მოახდინოს სათანდო რეაგირება შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე რელიგიური ორგანიზიცია საქართველოში.
აქცენტი კეთდება საეკლესიო ტრადიციაზე, რომელიც არ უნდა დაირღვეს…
რაც შეეხება თავად ზიარების წესს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ის არ არის პირვანდელი სახის და იგი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. წარსულში ეკლესიაში არაერთ რიტუალს ადგენდნენ, რომელსაც თავდაპირველად ჰქონდა სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულება, მაგალითად, საეპისკოპოსო წირვებზე ნანახი გექნებათ, როცა იყენებენ „რიპიდებს“, ანუ მეტალისგან დამზადებულ, გრძელტარიან წრიულ, ან რომბისებურ ფიგურებს, ამ საგნებს თავის დროზე მწერების მოსაგერიებლად იყენებდნენ. შემდეგ, როცა ფანჯრები და მინები გამოიგონეს, ამ საგნებმა მიიღეს მხოლოდ რიტუალური ფუნქცია. ასე რომ, ეკლესიას აქვს საკუთარი გამოცდილებაც, როცა ის რამეს ცვლის, ან ახალ ტრადიციას ადგენს, როდესაც საქმე სანიტარულ უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.
მე ზიარების წესის შეცვლის მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სრულად მწამს – ვეზიარებით სისხლს და ხორცს ქრისტესი. ურიგო არ იქნებოდა, ეკლესიას მოცემულ სიტუაციაში და შემდგომაც, როცა ეს ვირუსი გადაივლის, მეტად ეზრუნა სანიტარულ მდგომარეობაზე. მაგალითად, უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ აღადგინა სწორედ ის წესი, რაც იყო ზიარების რიტუალში კოვზის შემოტანამდე, ანუ მე-14 საუკუნემდე. ეს არის შემდეგი: პურს ხელით იღებს მღვდელი და შთაასობს მას სისხლში, ანუ ღვინოში და შემდეგ უდებს ხელის გულზე მორწმუნეს, ეს ძველიც არის, ტრადიციული და შედარებით უსაფრთხოა. საქართველოშიც ზიარების არსებული წესი და სეფისკვერის კულტურა, საბოლოოდ დამკვიდრდა რუსული ეკლესიის დომინაციის შედეგად, 1812 წლიდან, როცა რუსეთმა მიგვიერთა და მოხდა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია, მანამდე ჩვეულებრივად ხორბლის, შოთის პურს აწებდნენ ღვინოში. თბილისში ლავაშსაც იყენებდნენ, მაგალითად.
ზოგადად, ასეთ დროს ეკლესიამ რაღაცნაირიად თავი უნდა შეიკავოს შეკრებებისგანაც, დროებით უნდა შეაჩეროს წირვა, ლოცვაც და სხვა შეკრებები, მაგრამ სახეზე სხვა რეალობა გვაქვს – ჩვენი ეკლესია რაღაცნაირად ჯიბრში ჩაუდგა პანდემიას და პირიქით, უფრო და უფრო ხალხმრავალ ღონისძიებას აანონსებს. ამით ვგავართ ბერძნებს: სახელმწიფო ეხვეწება ეკლესიას, რომ თავი შეიკავოს და ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ.
რატომ ხდება ასე და რასთან გვაქვს საქმე?
ეს ხდება იქ, სადაც სახელმწიფო არის სუსტი და ვერ ქმნის დღის წესრიგს. რუსეთში ეკლესიას მიმართა სახელმწიფომ თუ არა, მაშინვე მორჩა საკითხი. არ ვარ მომხრე, ეკლესია სახელმწიფოზე დაქვემდებარებული იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და პანდემიურ სიტუაციაში კრიზისული გეგმის შემუშავებას, ამ დროს მოქალაქეების უპირველესი პარტნიორია სახელმწიფო და არა რელიგია. ეკლესია ვერ აიღებს საკუთარ თავზე ჩვენი სამხედრო უსაფრთხოების და ჯანმრთელობის კუთხით უსაფრთხოებაზე გარანტიას.
მეორე საკითხიცაა: ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა და შეზღუდულია რესურსები ამ კუთხით. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისევ ადამიანების გამხნევების არარაციონალური გზა გამოიყენონ. რელიგიამ იგრძნო, რომ მას გაუჩნდა შანსი, თავისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამოწმოს, დაახლოებით ასე: „გიტევს კორონა? თუ გაქვს რწმენა, მე შენ გადაგარჩენ“. ეკლესიას ახლა სურს, ამ კრიზისული ფონის გადავლის შემდეგ, ისევ ემანსიპირდეს სახელმწიფოსთან მიმართებაში და დაკარგული ნდობა, რაც ბოლოდროინდელ სკანდალებს უკავშირდება, დაიბრუნოს. ნახავთ, „კორონავირუსის“ ჩავლის შემდეგ, ეკლესიას კვლავ ექნება იგივე რეიტინგი, რაც „ციანიდის საქმემდე“ ჰქონდა. ნებისმიერი პანდემია და ჭირი არის რელიგიის მოკავშირე, მათ შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქოსი.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა გაახსნილოს მარხვაც, რომ მოსახლეობამ მიიღოს საჭირო ვიტამინები, ცილები, ცხიმები და მომზადებული დახვდეს ვირუსს. ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ სამყარო იმყოფება ჩვეულებრივ პანდემიურ მდგომარეობაში. საქართველოში ამ დროს აქვთ გამყრელიძის და სამი კაცის იმედი, რომლებიც პატივსაცემი პოროვნებები არიან თავის მხრივ, მაგრამ ეს საფრთხე ძალიან სერიოზულია. გაიხსენეთ, სამხრეთ კორეაში როგორ ავიდა ათეულობით შემთხვევა ათასებამდე, როცა ერთი მორწმუნე ქალი ტაძარში წავიდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ერთი დაინფიცირებული დაესწრება წირვას სამების ტაძარში? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ვირუსი წრფივად კი არა, გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება და თუ დავუშვებთ მის გავრცელებას, ვეღარ შევაჩერებთ.
რა შეგიძლიათ უთხრათ მორწმუნეს, რომელიც ამბობს, რომ რწმენით ასრულებს ზიარების წესს და რწმენა გადაარჩენს?
მორწმუნეთა არგუმენტები გაცილებით ირაციონალურია, ვიდრე თავად სასულიერო პირების და სხვა ადამიანების. ეს არის სრული რელიგიური აღტკინება, როცა მორწმუნეები თავად ეწინააღმდეგებიან ეკლესიის მხრიდან ზიარების წესის შეცვლას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ურწმუნოების გამოხატულება.
მე სამეცნიერო მოღვაწეობა ტერმინი „მადლის“ გამოკვლევით დავიწყე, როგორ გვესმის ეს სიტყვა საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ებრაული ტერმინი „ხესედ(חֶסֶד)“, რაც „ძველ აღთქმაშია“ და ბერძნული „ხარის (χάρις)“, ქართველებს ესმით, როგორც მუხტი, ანუ ეს სიტყვა საქართველოში ენერგეტიკულად უფრო არის გაგებული, ვიდრე სულიერი თვალსაზრისით. ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეული რიტუალის შემდეგ მათ მიეცემათ ფიზიკური ენერგია, წარმოუდგენიათ, რომ მადლის გადახურდავება შეიძლება კილო-ჯოულებში თუ ვოლტებში. ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა, რადგან ნებისმიერი რიტუალი მიმართულია ადამიანის სულიერი სამყაროსკენ და მიზნად ისახავს ადამიანის შინაგან გარდასახვას და არა ფიზიკურ გარდაქმნას, „რედ ბულივით“ რაღაც ენერგიით შევსებას. გამიგია თავად მორწმუნეებისგანაც, რომ, მაგალითად, ზამთარში უფრო ხშირად ეზიარებიან, გრიპი არ შემხვდებაო, ან როცა ბავშვებს აზიარებენ, აღარ დაავადდებიანო.
როცა სიცოცხლეს არ უფრთხილდები, არ ფიქრობ, რომ სენი შესაძლოა, სხვასაც გადაედოს, მაშინ რიტუალში მონაწილეობა არის ანტიქრისტიანული ქმედება, რადგან ღმერთი ყველგან არის. საქართველოს ეკლესიას შეეძლო ამაზე გაეკეთებია აქცენტი: არსებობს უამრავი რიტუალი, რომლის გაკეთებაც შეიძლება სახლში, მაგალითად, მრევლისთვის მოეწოდებინათ, სახლში ეკითხათ წმინდა წერილი და სასულიერო ლიტერატურა, თუმცა ასეთი ლიტერატურა ინტერნეტსივრცეში არც თუ უხვად მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა არსებულთაგან ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც მუშაობს.
წლების წინ ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში „ქრისტიანობის კრიზისია“. რა შეგიძლიათ უწოდოთ ამ მოცემულობას, რაც ზიარებასთან დაკავშირებით ხდება?
ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში ადამიანებს აინტერესებთ არა ქრისტიანობა და მისი არსობრივი მხარე, არამედ რიტუალისტური და ფიზიკური განზომილება. ეს ქცევა, როცა არ უფრთხილდები სხვის სიცოცხლეს, უკვე კრიზისი კი არა, არამედ ანტიქრისტიანული ქცევაა. მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ მაშინ შეიწუხებს თავს ამ საკითხით, თუკი რომელიმე ეპისკოპოსი დაავადდება ამ ვირუსით, ან შედეგად რომელიმე მათგანს უფალი თავისთან მოუხმობს. სხვაგვარად მათ არ აინტერესებთ, მრევლში რა ხდება.
რამდენიმე სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს. თქვენ რა გადაწყვეტილებას ელოდებით 20 მარტს, როცა სინოდი შეიკრიბება?
სინოდი იკრიბება, რადგან რუსულმა ეკლესიამ შეცვალა ზიარების წესი. სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, უერთდება თუ არა ამ მოდელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის წინააღმდეგ არ წავა, ქრისტე მეორედაც რომ მოვიდეს. ეს სასულიერო პირები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს ზიარების წესის შეცვლაზე, საპატრიარქოს რუპორები არიან და თუ გავითვალისწინებთ მათ როლს საპატრიარქოს კარზე, ისინი ერთგვარ მოთელვით სამუშაოს ასრულებენ. საქართველოს საპატრიარქოც სავარაუდოდ, რუსულ მოდელს მიიღებს.