მთავარი,სიახლეები

უკვე გადაიხადე 122 ლარი, მაგრამ პრაქტიკულს ვერ აბარებ – ავტოსკოლები დაკეტილია

19.05.2020 • 1706
უკვე გადაიხადე 122 ლარი, მაგრამ პრაქტიკულს ვერ აბარებ – ავტოსკოლები დაკეტილია

„ადამიანები, რომლებმაც თეორიული გამოცდა ჩააბარეს, პრაქტიკული გამოცდისთვის ვერ ემზადებიან, რადგან ყველა ავტოსკოლა დაკეტილია. არ გვეუბნებიან, როდიდან შეიძლება დავიწყოთ მუშაობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. ავტოსკოლები 17 მარტიდან აღარ მუშაობენ, როცა მომსახურების მართვის სააგენტომ ავტომანქანის მართვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება პანდემიის გამო შეაჩერა. 18 მაისიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ.

„მოსწავლეებმა, ვინც ჩემთან დადიან, ვერ გაარკვიეს, აითვლება თუ არა ვადა, რომელიც მათ მიეცათ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ… თუკი ვერ მოემზადებიან პრაქტიკაში, პრაქტიკულ გამოცდას როგორ ჩააბარებენ? მე ახლა ვიყავი მომსახურების სააგენტოში და ვნახე: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს გამომცდელი გვერდით უზის მოსწავლეს, ორივეს უკეთია პირბადე და ხელთათმანი. თუკი შესაძლებელია ამ წესების დაცვით მუშაობა, ჩვენ რატომ არ შეიძლება ამ წესით ვასწავლოთ?“ – კითხულობს ვიქტორ კვირკველია.

როდიდან შეიძლება გაიხსნას ავტოსკოლები? – ვიკითხეთ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე. 144-ზე გვიპასუხეს, რომ მთავრობის შესაბამის განცხადებას უნდა დაველოდოთ და „ჯერ ამ კუთხით ცნობილი არაფერი არის“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე კი გვითხრეს, რომ თეორიული გამოცდიდან პრაქტიკულის ჩაბარებამდე ისევ 30-დღიანი ვადაა და ვისაც თეორიული გამოცდა 17 მარტამდე აქვს ჩაბარებული, მათ საგამოცდო პერიოდად არ ჩაეთვლებათ მხოლოდ ის პერიოდი, როცა მომსახურების სააგენტო არ მუშაობდა – 17 მარტიდან 17 მაისის ჩათვლით.

გადაუვადდებათ თუ არა ადამიანებს პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებელი ვადა იმიტომ, რომ მათ პრაქტიკული გამოცდის მოსამზადებლად ავტოსკოლის გამოყენება არ შეუძლიათ? – მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ამას ვერ გაითვალისწინებენ.

„ეს უნდა თქვას, ალბათ, მთავრობამ, ჩვენთან მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის… თუკი, მაგალითად, ადამიანმა ჩააბარა თეორიული გამოცდა 15 მარტს, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად მას ჰქონდა ორი დღე. 18 მაისიდან კი, როცა გამოცდის ჩაბარება უკვე შესაძლებელი გახდა, 30 კალენდარული დღის ათვლა განახლდა,“ – გვითხრა მომსახურების სააგენტოს ოპერატორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსკოლები დახურულია და პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადება შეუძლებელია, ადამიანებს მაინც მოუწევთ გამოცდაზე გასვლა მომზადების გარეშე. სხვა შემთხვევაში ისინი დაკარგავენ უკვე გადახდილ თანხას – თეორიული გამოცდის ჩაბარების 50 ლარს და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად წინასწარ გადახდილ 72 ლარს [როცა თვის განმავლობაში ყოველდღე შეგიძლიათ სცადოთ გამოცდის ჩაბარება] ან 41 ლარს [როცა კვირაში ერთხელ გაქვთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: