მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე მინისტრებს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს – TV25-ის საინფორმაციოს უფროსი

19.05.2020 • 1254
რიჟვაძე მინისტრებს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს – TV25-ის საინფორმაციოს უფროსი

ტელეკომპანია TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სულხან მესხიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა მათ მედიას ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, უკვე ერთი თვეა აჭარის მთავრობა, მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მინისტრები უარს ამბობენ TV 25-ის ეთერში მისვლაზე.

„ოფიციალურად შემიძლია იმის თქმა, რომ TV25 ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს, ასევე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს.

ერთ თვეზე მეტია პრესცენტრებიდან არ გვქონდა პასუხი, თუ რის გამო ამბობდნენ უარს გადაცემაში მონაწილეობაზე“, – წერს სულხან მესხიძე ფეისბუქზე.

სულხან მესხიძე აჭარის მთავრობის მხრიდან TV 25-ის ბოიკოტს აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. იგი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის პოლიტიკა TV 25-ის მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, რაც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს გუნდს ჩამოაშორეს ტელევიზიის ახალი დირექტორისთვის, გიორგი კოხრეიძესთვის არასასურველი ჟურნალისტები და „სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა“.

TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ფეისბუქზე საკუთარი მონიტორინგის შედეგებიც გამოაქვეყნა. ამ მონიტორინგის თანახმად, იმ დროს, როცა TV 25-ს მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები უარს ეუბნებოდნენ ეთერში მისვლაზე, ისინი, პარალელურად ჩანდნენ სხვა ტელეკომპანიების ეთერში: „იმედზე“, „აჭარის ტელევიზიაში“, „პირველ არხზე“, „პოსტ TV -ში“ და „მაესტროზე“.

სულხან მესხიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ TV 25-ს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წლების წინ დამკვიდრებული მეთოდებით ებრძვის.

„ვნახოთ, მედიასთან ომი რა შედეგით და ვის სასარგებლოდ დასრულდება. ცნობისთვის, მთავრობის სამი თავმჯდომარე გამოვიცვალე და ისევ ამ სფეროში ვრჩები. ვიდრე აქ ვარ, გპირდებით, ეს კურსი შენარჩუნდება“, – ამბობს სულხან მესხიძე.

აჭარის მთავრობას დღეს „ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ თემაზე კომენტარისთვის.

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბაია კობახიძე ამბობს, რომ სულხან მესხიძის განცხადებით გაკვირვებულია.

„არასდროს ყოფილა კითხვების დასმის და ინფორმაციის მიღების პრობლემა, თუ საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ მოხერხდა მისვლა [ეთერში], ეს არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაიმე სახის ბოიკოტია. ყველას თანაბრად აქვს საშუალება დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი, რა თქმა უნდა, TV 25-საც. საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს მათთან, მოწვეული არიან ყველა ღონისძიებაზე და აქვთ საშუალება ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელისგან მიიღონ ინფორმაცია დეტალურად“, – გვითხრა მან.

კითხვაზე, რით აიხსნება მაშინ ის გარემოება, რომ ერთი თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები იყვნენ სხვა ტელეარხების ეთერებში და გამონაკლისი იყო TV 25-ი, ბაია კობახიძე ასე პასუხობს:

„ალბათ ეს იყო განპირობებული საგანგებო მდგომარეობით, უმეტესად ხდებოდა ჩართვა დისტანციურად, სტუდიაში – ძალიან იშვიათად, ერთი შემთხვევა თუ მახსენდება“.

„თუ კი TV 25-დან იქნება შემოთავაზება და თუ იქნება შესაბამისი დრო და საშუალება, დარწმუნებული ვარ, ყველა მიიღებს მონაწილეობას, როგორც აქამდე იღებდნენ“, – აღნიშნა მან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 13 მაისს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  TV 25-ს არ აიგნორებს და ამ ბრალდებას ვერ მიიღებს. „როცა მექნება ამის დრო და სურვილი, როცა გადავწყვეტ, მაშინ მოვალ“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს, 19 მაისს, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციამ მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე.

„მივმართავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და მისცეს შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას, შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

ჩვენ ვთხოვთ ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე. რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო პერიოდის მოახლოებამდე შევამციროთ დისკრიმინაციის წახალისების ნიშნები, ხოლო პოლიტიკოსებმა მკაფიოდ გაიაზრონ თავიანთი თანაბარი მოპყრობის ვალდებულება მედიის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: