მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა ირანსა და რუსეთთან ივანიშვილის გარიგებაზე ამერიკელი სენატორები წერენ

19.05.2020 • 1994
რას ნიშნავს, როცა ირანსა და რუსეთთან ივანიშვილის გარიგებაზე ამერიკელი სენატორები წერენ

15 მაისს ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს.

ამერიკელი სენატორების წერილში რამდენიმე საკითხი იყო წამოჭრილი – ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ თემა, რომელსაც სენატორების წერილის თანახმად საქართველოს ხელისუფლება ქვეყნიდან გაძევებას უპირებს. კონტი ჯგუფის თემა, რომელიც, სენატორების თქმით, უკვე გააძევეს ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმიდან და ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონოდ ვაჭრობის“ თემა.

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია ხსნის, რას ნიშნავს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ამერიკელი სენატორები მიუთითებენ ირანსა და რუსეთთან უკანონო კავშირებზე. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, ცალკე ივანიშვილისთვის და ცალკე საქართველოსთვის.

  • ბატონო ბათუ, სენატორების ცნობილ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლება ირანთან ნავთობით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ვინ არიან ეს სენატორები და კონგრესმენები, რა ინფორმაცია გაქვთ მათ შესახებ? 

მე ვიცი, როგორ კეთდება ასეთი წერილები. რა ინსტიტუციური პროცესი უძღვის წინ, სანამ ეს ინფორმაცია, აი ასეთ ფორმას მიიღებს. ისინი, ვინც ეს წერილი მოიწერა, არიან ძალიან გავლენიანი სენატორები. შესაბამისად, როდესაც ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე თავის რეკომენდაციებს აძლევენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამას წინ უძღვის სკურპულოზური შესწავლისა და დამუშავების საკითხი.

ეს არის უწყებათაშორის პროცესი. ბუნებრივია, სენატის გუნდი აგზავნის და კონსულტაციებს გადის შესაბამის უწყებებთან. ეს იქნება სადაზვერვო უწყება, სამართალდამცავი, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და შეჯერებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე აკეთებენ პოლიტიკურ განაცხადს.

ძალიან ხშირად გვესმის, მთავრობა იძახის სენატი არის საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება იმავეს არ ამბობსო.

ეს  ტყუილია. საკანონმდებლო ორგანო და პოლიტიკოსები, სენატორები, საუბრობენ პოლიტიკური ენით – ეს არის დიპლომატია და საუბრობენ დიპლომატიური ენით. როდესაც ხელისუფლებას არ ესმის დიპლომატიური გზავნილები, მერე უკვე მოდის პოლიტიკური გზავნილები.

საკმაოდ ღია და პირდაპირი გზავნილები ჰქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებას იგივე საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო მდივან პომპეოს. მან წინა პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ურჩევს უფრო თავისუფალ ბაზრებზე გადააორიენტიროს თავისი ეკონომიკა, ვიდრე რუსეთის და ჩინეთის მტაცებლურ ეკონომიკაზე, რომელთაც ახლა სულ სხვა ამოცანები აქვთ.

რაც შეეხება ირანთან არალეგალურ ვაჭრობას. სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ორკესტრატორი არის რუსეთი. რუსეთი ასევე უწყობდა ხელს ირანისა და ვენესუელას ურთიერთობას. ზოგადად, ამერიკის და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ყველა ქვეყანა ეძებს სანქციებზე გვერდის ავლის საშუალებას.

სანქციებზე გვერდის ავლის საშუალება არის კორუმპირებული ქვეყნები. მათ აქვთ ცდუნება, მსუყე თანხობრივი ანაზღაურების ფასად დაეხმარონ სანქცირებულ ქვეყანას საერთაშორისო სანქციებს გვერდი აუარონ. ამიტომაც აი ეს ტანდემი – რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები, ამერიკის მიერ სანქცირებული ქვეყნები და კორუმპირებული, კორუფციის ხვრელების მქონე ქვეყნები ერთობლიობაში ქმნიან სისტემას, რაც ეხმარება ამ შემთხვევაში ირანს და სხვა სანქცირებულ ქვეყნებს გვერდი აუარონ სანქციებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ასევე შეიძლება საქართველოსაც… და ეს საგანგაშოა.

  • მსგავსი შინაარსის გზავნილები, არ ხდება შემთხვევით. თქვენი აზრით რამ განაპირობა ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება? რა წყაროებზე დაყრდნობით აქვთ სენატორებს ეს ინფორმაცია?

სენატორები ჭორით და ყურით მოტანილ ამბებს არ ეყრდნობიან. ეყრდნობიან კონკრეტულ ინფორმაციებს, რომელსაც შემდგომ ამოწმებენ სხვადასხვა უწყებაში, იმათთან, ვინც ამ თემებზე მუშაობს. გარდა თავისი წყაროებისა და შესაბამისი სადაზვერვო თუ სამართალდამცავი უწყებებისა, წინასწარ ცდილობენ ამ ინფორმაციების გადამოწმებას ჩართულ სახელმწიფოებთანაც. სახელმწიფო, ვინც ამაშია ჩართული, ბუნებრივია, არ აღიარებს და უარყოფს ოფიციალურად, რადგან ფორმალურად ამის აღიარებას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება. შემდეგ უკვე ამ შეჯერებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აქვეყნებენ წერილს. ასე მუშაობს ეს სისტემა.

  • ფრონტერაზე უნდა გკითხოთ, რატომ საუბრობენ Frontera Resources-ზე ასე დაჟინებით, მაშინ როცა, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხზე. რატომ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორად ექცევა ამერიკულ ბიზნესს? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ვერ იცავს თავისი პოზიციებს?

ხელისუფლება რომ საერთოდ არ მუშაობს საერთაშორისო არენაზე, ყოველ შეთხვევაში იმ მიმართულებით, სადაც ჩვენი ინტერესებია, ფაქტია. როგორც ჩანს, უფრო კარგად მუშაობენ  რუსეთთან, რადგან რეალურად ყველა გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესებში უფროა, ვიდრე ჩვენი პარტნიორების ინტერესებში.

დაწყებული ანაკლიის პორტით, გაგრძელებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობებით, ასევე  უცხოური ინვესტიციების შეზღუდვით. ანაკლიის პორტშიც ასევე ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ. მანამდეც იყო ამერიკული „ფილიპ მორისის“ შემთხვევა საქართველოში – სასამართლოს საშუალებით არასწორი სანქციების დადებით და ა.შ.

ეს ყველაფერი დაგროვდა. ამ შემთხვევაში „ფრონტერა“ ერთ-ერთი სიმპტომია სისტემური პრობლემის. ამ სისტემური პრობლემის ზოგადი დასახელება არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს დასავლური ინვესტიციებს გაძევებას ქართული ბაზრიდან, ხელს უწყობს რუსულ ფინანსურ გავლენებს. ამაზე ბოლო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა იყო – საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე კატასტროფულად არის გაზრდილი.

ერთი მხრივ ამერიკულ კომპანიებს ექმნება პრობლემა, მეორეს მხრივ რუსული ფული თავისუფლად შემოდის. სწორედ ამაზე საუბრობენ სენატორები თავიანთ წერილში.

  • საქართველოში Frontera Resources-ის საკითხზე, პროდასავლურ წრეებშიც ვერ თანხმდებიან. ამასთან, შედეგით ორივე მხარე – საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაც და ფრონტერაც თითქოს კმაყოფილია. ორივე მხარემ გაავრცელა განცხადებები. ეს ყველაფერი ეჭვებს ხომ არ აჩენს სენატორების მოტივაციის შესახებ და მათ შესაძლო კავშირებზე ლობისტურ კომპანიებთან?

ფრონტერას ნაწილში მე დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა პრაქტიკაც აქვს საქართველოს მთავრობას, ძირითადად ტყუილ, ნახევრადმართალ ინფორმაციას ავრცელებენ. ბუნებრივია, მეორე მხარესთანაც უნდა გადაამოწმო. ახლა არბიტრაჟის გადაწყვეტილების თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებს ნავთობისა და გაზის კომპანია და ფრონტერამაც გაავრცელა პრესრელიზი, სადაც საწინააღმდეგოს საუბრობს. იგივე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მხოლოდ რამდენიმე საკითხი დაუკმაყოფილეს საქართველოს მთავრობას, მაგრამ პრინციპული საკითხები პირიქით ფრონტერას სასარგებლოდ გადაწყვიტეს. როგორც თვითონ კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ის საკითხები, რაც დაუკმაყოფილეს საქართველოს მთავრობას, რეალურად იმაზე არც დავობდა ფრონტერა. ამიტომ, აქ სპეკულაციების და ეჭვის სივრცე საკმაოდ დიდია. სანამ საბოლოოდ არ გასაჯაროვდება არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ნდობის ხარისხი იმდენად დაბალი აქვს ქართულ მთავრობას, რომ მარტო მათ განცხადებებს, რომ არბიტრაჟი მათ სასარგებლოდ გადაწყდა, ნამდვილად ვერ დავიჯერებ.

  • სენატორების წერილები მხოლოდ ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებული წუხილები თუ ეს არის ივანიშვილის რუსეთთან დაახლოებაზე კონკრეტული მესიჯები, რომ ქვეყანამ შეიძლება თავისი პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალოს?

ეს სენატორები, არამარტო ამ წერილის ავტორები, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორები, ჩვენი მეგობარი კონგრესმენები, პირველ რიგში წარმოადგენენ თავის ქვეყანას და ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის სტრატეგიაზე. მაგრამ რუსეთისგან დამოუკიდებელი, ეკონომიკურად წარმატებული და ინსტიტუციურად შემდგარი დემოკრატია საქართველოში, ეს ამერიკის ინტერესებშია.

ბათუ ქუთელია

ამ შემთხვევაში ჩვენი და ამერიკის ინტერესები ემთხვევა. ის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს და ამერიკის ინტერესებსაც უქმნის საფრთხეს.

არაფორმალური  მმართველობის, ინსტიტუციურად სახელმწიფოს მიტაცების პირობებში არის იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ზეწოლა მოახდინოს პირველ რიგში საქართველოზე, მოახდინოს საზოგადოების პოლარიზაცია და დემოკრატიის პროცესი მოშალოს. რასაც  არამარტო საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც აკეთებს, ამერიკის შიდაპოლიტიკურ პროცესებშიც კი ცდილობს ჩარევას. მყარი და შემდგარი დემოკრატიები უფრო დაცულნი არიან ამ ზეწოლისგან, ხოლო საქართველო ნაკლებადაა, გამომდინარე იმ სისტემური პრობლემებიდან, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობას მოჰყვა.

აქედან გამომდინარე, ცდილობენ საჯარო განცხადებებით მიახვედრონ… სანამ საჯარო განცხადებამდე მივიდოდა საქმე, არაერთხელ, არაფორმალურად ეს გაფრთხილება მისცეს „ქართულ ოცნების“ მთავრობას, დიპლომატიური ენით, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს ვერ გაიგეს.

საჯარო განცხადებას აქვს ორი ამოცანა – ერთი, რომ ზეწოლის ბერკეტი უფრო ეფექტური იყოს, იმაზე, ვინც მთავარი პასუხისმგებელია ძალაუფლების უზურპირებაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. ეს არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი – ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და საქართველოს მხარდაჭერის გამო აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების გზას და ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა ამასთან დაკავშირებით თქვას.

  • როგორც თქვენ თქვით, რუსეთი ეძებს ქვეყნებს, რომლებიც დასჯილები არიან დემოკრატიული ქვეყნებისგან კონკრეტული სანქციებით და ქმნის ერთგვარ კოალიციას. თუკი ამ კოალიციაში შევა ივანიშვილი, რაზე მინიშნებებიც გაჩნდა, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოსა და თავად ივანიშვილისთვის?

ივანიშვილისთვის რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს და როგორც დიქტატორებს და ავტორიტარ მმართველებს  აქვთ – ან ამთავრებენ მოსკოვში, ან საერთაშორისო იზოლაციაში. ბევრი შეგვიძლია ასეთი მაგალითი ჩამოვთვალოთ. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

ჩვენი პრობლემა არის ის თუ რა ეფექტი ექნება ამას საქართველოზე და როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იგივე ინვესტიციებზე, უსაფრთხოებაზე, დარჩება თუ არა საქართველო ისევ პროევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

სწორედ ეს არის ის, რაც აღელვებთ  ჩვენს პარტნიორებს და ასევე ეს არის ის, რაც გამომდინარეობს  ამ ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილებებიდან.

შესაბამისად, იმისთვის, რომ საქართველო არ ასცდეს დემოკრატიული განვითარების გზას, შესაცვლელია ეს მდგომარეობა არაფორმალური მმართველობისა.

ამის ყველაზე ეფექტური გზა არის არჩევნები, მაგრამ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიან გარემოში, როგორც ჩანს, ისევ გარე ზეწოლა არის საჭირო ივანიშვილზე, რათა მან ბოლომდე არ მოახდინოს საქართველოში მმართველობის პუტინიზაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: