მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქართველი სტუდენტი რუსეთიდან – მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ ინფიცირებულებთან მემუშავა

19.05.2020 • 1914
ქართველი სტუდენტი რუსეთიდან – მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ ინფიცირებულებთან მემუშავა

19 მაისის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 290 678 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 722-ია.

თებერვალში 146-მილიონიან რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, მარტის პირველ ნახევრამდე კი, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულთა როდენობა მხოლოდ 100-მდე იყო. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი გარდაცვლილთა რაოდენობას ახლაც მალავს და რეალურ სურათს არ ასაჯაროებს.

რუსეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქის სამეცნიერო ცენტრში გადის სწავლებასა და პრაქტიკას, „ბათუმელებს“ ამ ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.

„რუსეთის ხელისუფლება თავიდან მალავდა ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების შესახებ, მაგრამ შემთხვევათა ისეთი ზრდა იყო ყოველდღიურად, რომ მიხვდნენ, ამის დამალვა აღარ გამოვიდოდა და არც უბრალო ვირუსთან ჰქონდათ საქმე.

110-საწოლიანი ჰოსპიტალი, სადაც პრაქტიკას გავდიოდი კარდიოქირურგიაში, ინფექციურ საავადმყოფოდ გადაკეთდა.

როცა მსგავსი მდგომარეობაა, ქვეყანაში ცდილობენ სრულად გამოიყენონ რესურსი – ეს ჩვეულებრივი რამაა და გასაგებია, მაგრამ წარმოუდგენელი რამეები ხდებოდა. თავიდან სრული ქაოსი იყო. ინფექციონისტები არ ჰყოფნიდათ და ყველას ავალდებულებდნენ ემუშავათ ინფიცირებულებთან, ყველას, ვისაც მედიცინასთან რამე შეხება ჰქონდა, სტომატოლოგებსაც კი.

მომიტანეს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ჩემმა დირექტორმა კოვიდინფიცირებულებთან მომუშავეთა სიაში ჩამსვა სხვა ექიმებთან ერთად, ჩემი ხელმოწერაღა აკლდა. მე ხელი არ მოვაწერე.

სტუდენტი ვარ, ორდინატურის საფასურს აქ საკუთარი ჯიბიდან ვიხდი, არც რუსეთის სახელმწიფოს სტიპენდიას ვიღებ, პრაქტიკას რაც შეეხება, თავად მოვინდომე უხელფასოდ მემუშავა. წელს ორდინატურას ვამთავრებ, ახლა გადამწყვეტი გამოცდები მაქვს – სემესტრული და მერე სახელმწიფო. ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობა ჩემს გეგმებს სრულად არევდა, არ ჩავთვალე, რომ ამის ვალდებულება მქონდა, თან უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

მკაცრ უარზე რომ დავდექი, უკან დაიხიეს, თუმცა მანამდე იყო მუქარა, რომ დიპლომს ვერ ავიღებდი, თუ კორონავირუსით ინფიცირებულებთან არ ვიმუშავებდი და ა.შ. იურიდიულად გავარკვიე, რომ არც ერთი კანონი არ იძლეოდა საშუალებას, ჩემთვის დიპლომზე ეთქვათ უარი.

ჩემი მეგობრები, რომლებიც ორდინატურაში სწავლობენ, უფრო თამამად დაავალდებულეს ემუშავათ ინფექციურად გადაკეთებულ ჰოსპიტალში, რადგან მათ სწავლას სახელმწიფო აფინანსებს და სტიპენდიასაც იღებენ.

თავიდან მეც აღარ ვიცოდი რა მექნა, მთელ ამ დროს რაც აქ ვისწავლე, წყალში ვერ ჩავყრიდი და ვაპირებდი ინფექციურში მუშაობას, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ მქონდა ამის ვალდებულება.

ორდინატურის სტუდენტები ინფექციონისტებთან ერთად კოვიდპაციენტებთან მუშაობენ. ერთ სასტუმროში ჰყავთ დაბინავებული იზოლაციის მიზნით, სადაც არც ისე სახარბიელო პირობებია, როგორც ვიცი. ერთ ოთახში რამდენიმე ცხოვრობს.

ახლა, წესით, მეორე კლინიკაში უნდა მქონდეს პრაქტიკა, სადაც გულ-სისხლძარღვთა ოპერაციები კეთდება, მაგრამ მხოლოდ ონლაინლექციებს ვესწრები, კლინიკა ძალიან დაუცველია, რამდენიმე პაციენტს, რომლებსაც ოპერაცია გაუკეთეს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. აღჭურვილობა ამ კლინიკაში არ აქვთ, რადგან კარდიოქირურგიულ კლინიკას ის აღჭურვილობა არ აქვს, რაც კოვიდპაციენტებთან მუშაობის დროსაა აუცილებელი. ამავე კლინიკაში რამდენიმე ქირურგი დაინფიცირდა.

ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. მკაცრადაა განსაზღვრული, რომ გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პროდუქტების ყიდვა და აუცილებელი სამუშაოს შესრულება. გასასვლელად მერიის ვებგვერდზე შედიხარ, სპეციალურ აპლიკაციაში ავსებ სახელს, გვარს, პასპორტის ნომერს მოქალაქეც და უცხოელიც და იღებ საშვს, რომლის კოდსაც ინახავ ტელეფონში. ქუჩაში კონტროლიორი რომ გამოწმებს, აჩვენებ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყენებენ ნიღბებს, ხელთათმანებს, ცდილობენ ანტისეპტიკური ხსნარები იყოს მაღაზიებში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ეს დრო მუშაობდა უწყვეტად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ გაჩერებულა. ვისაც საშვი არ აქვს, დიდი ჯარიმებია დაწესებული. მუშაობს მხოლოდ აფთიაქები და პროდუქტის მაღაზიები.

ვიცი შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულებთან გადაყვანის შემდეგ ექიმებს გაუნახევრეს ხელფასი. ნახავდით მედიაში ასევე ინფორმაციას, როგორ გადახტა სამი ექიმი ფანჯრიდან ორი კვირის წინ იმ მიზეზით, რომ მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებისა, აიძულებდნენ მაინც ემუშავათ“.

__________________

ფოტოზე: გრაფიტი მოსკოვში, საავადმყოფოს წინ მდებარე მრავალსართულიანი სახლის კედელზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY

გადაბეჭდვის წესი


ასევე: