მთავარი,სიახლეები

„პიკაპებზე ამხედრება უნდა იყოს ერთგვარი მიბაძვა ისლამური ხალიფატის“ ანუ ქუჩების კურთხევა 17 მაისს 

18.05.2020 •
„პიკაპებზე ამხედრება უნდა იყოს ერთგვარი მიბაძვა ისლამური ხალიფატის“ ანუ ქუჩების კურთხევა 17 მაისს 

თუკი რამდენიმე წლის წინ საპატრიარქომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, ამჯერად 17 მაისს საჯაროდ ქუჩების კურთხევა ვნახეთ – სასულიერო პირები ქუჩებში პიკაპებით გადაადგილდებოდნენ.

რატომ გადაწყვიტა საპატრიარქომ ქუჩების კურთხევა 17 მაისსაც და რა გზავნილი აქვს ეკლესიას, როცა სასულიერო პირები ქუჩებში პიკაპებით ჩნდებიან ან ვერტმფრენიდან გვასხამენ ნაკურთხ წყალს? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ქუჩაში გამოსვლას არავინ გეგმავდა, ეკლესიამ ამჯერად 17 მაისს ქუჩების კურთხევა გადაწყვიტა. თქვენი აზრით, ამ სახით კურთხევის რიტუალს რისთვის იყენებს საპატრიარქო? 

აქ სახეზეა ორი მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ეს არის რელიგიური ტიპის, მაგიური  დამოკიდებულება, როცა რიტუალისტურად ხდება განწმედა გარემოსი. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული თვალსაზრისით არის ის, რომ ეკლესია ცდილობს საჯარო სივრცე დაიკავოს. 2013 წელსაც ეს იყო შეჯახების მთავარი მომენტი, რომ აი, რუსთაველზე არ გაგამართინებთ აქციას, რომ ეს არის წმინდა ადგილი, დაღვრილია მოწამეთა სისხლი, სადაც, სხვათა შორის, პატრიარქი საერთოდ არ დარჩა… მოკლედ, ეს არის ერთგვარად საჯარო სივრცის ფიზიკური ათვისების სტრატეგია. სიახლე არის ვერტმფრენით შემოფრენები, რომელსაც გუშინ ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ესეც ვიხილეთ რამდენჯერმე. სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის ეს კონცეპტი – შემოფრენა და მეორეა ეს პიკაპებზე ამხედრება, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთგვარი მიბაძვა ისლამური ხალიფატისა. მოგეხსენებათ, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია პიკაპებს ანიჭებს უპირატესობას, ანუ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მანქანაში სხდომას, არამედ როცა რელიგიური ექსტრემიზმის წარმომადგენლები ერთგვარად ხილვადები ხდებიან. ეს სჭირდებათ, ჩვენს შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაციის ძლევამოსილების დემონსტრირებისთვის.

  • ამჯერად რატომ დასჭირდა საპატრიარქოს ძალის ჩვენება, როცა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია არც იგეგმებოდა? 

ეს შემდეგშიც ასე გაგრძელდება, რადგან პატრიარქს ასე უნდა და ამაში ის არ არის უნიჭო ადამიანი: მას სურს, შექმნას ალტერნატიული სოციალური მეხსიერება. მთელს მსოფლიოში 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და საქართველოში არის ოჯახის სიწმინდის დღე. რაბინზე ანეგდოტი მახსენდება, ყველასთან რომ შაბათია და მარტო მასთანაა პარასკევი: სასწაულების შესახებ ჰყვებიან პასტორი, კათოლიკე მღვდელი და რაბინი. რაბინი ამბობს, რომ რაღაც საუფლო საქმეზე მიდიოდა, გზაში აღამდებოდა, შაბათი მოდიოდა და უნდა გაჩერებულიყო, რადგან უქმე დგებოდა. რაბინი ამბობს: სასწაული მოხდა, ყველგან შაბათი იდგა და მარტო ჩემთან იყო პარასკევიო.

პატრიარქის მიზანიც ეს არის – ლოკალურ დონეზე 17 მაისს მიანიჭოს სხვა მნიშვნელობა. ამისთვის შრომობს საპატრიარქო. ერთია, ეს პერფორმანსები, საჯარო სივრცის ათვისება და კარნავალური სახის პრეზენტაცია და მეორეა ის, რაც ამჯერად გააკეთეს – ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად კონკრეტული პირების ჩაწერა, მაგალითად, საპატრიარქოს საინფორმაციო საშუალებებმა ჩაწერეს მძლეოსანი ტალახაძე და ის ულოცავს ადამიანებს ოჯახის სიწმინდის დღეს… აქ უკვე შიში არაა, რომ დემონსტრანტები გამოჩნდებიან ისევ და ჰომოფობიას გააპროტესტებენ. პირიქით, საპატრიარქომ მათგან ისესხა ეს პრაიდი. ის, რაც გუშინ საპატრიარქომ გააკეთა, ეს არის ალტერნატიული პრაიდი.

  • მიზანი იგივე აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც 2013 წელს ჰქონდა, როცა სასულიერო პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ადამიანებს? 

მაშინ ეკლესიის შიგნით რადიკალების პატარა ჯგუფი უპირისპირდებოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაზე გამოსულ ადამიანებს. მანამდე, 2008, 2009 წლებში, ეს სასულიერო პირები წინასწარ იგებდნენ, სად იმართებოდა ლგბტქ თემის მხარდამჭერი აქციები და წინ აღუდგებოდნენ. 2012 წელს იყო პატარა შეტაკებაც. მაშინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყენებდნენ ჰომოფობიურ ნარატივს: აქვეყნებდნენ სტატიებს, რომ, მაგალითად, გეები მიშას აძლევენ ხმას, რომ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი მასწავლებელი პედოფილი და გეი აღმოჩნდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ საპატრიარქო გახდა გათამამებული და გახელებული, რომ, აი, სათავეში მოვიდა დასავლეთის მავნე გავლენების დამამუხრუჭებელი პოლიტიკური ძალა და თავს უფლება მისცეს, გაეკეთებინათ ის, რაც ვნახეთ 2013 წლის მაისში…. ამის შემდეგ მთავრობა გამოძვრა ამ სიტუაციიდან, მიიღეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო საპატრიარქო, მაგრამ ეკლესიის მეხსიერებას ეს შემორჩა და გამყარდა. პატრიარქის სურვილია, მოხდეს ჰომოფობიის კანონიზაცია ანუ საეკლესიო-კანონიკური ჰომოფობია.

  • ქუჩების კურთხევა, რასაც თქვენ კარნავალს და პრაიდს ადარებთ, რატომ არ  შეიძლება გავიგოთ, როგორც რელიგიური რიტუალი? 

ამის შესახებ მამა ლეონიდე ებრალიძემაც ისაუბრა, რომ ასე სპონტანურად რაღაცის კურთხევა და ვედროებიდან ნაკურთხი წყლის უმისამართოდ სხურება აქეთ-იქით არ არის განწმენდის ლიტურგიული ფორმა. თუკი ვინმეს სურს პრაქტიკაში ამის გადატანა, უნდა მოხდეს პრაქტიკული დამუშავება კონცეპტუალური და ლიტურგიული თვალსაზრისით, რასაც საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მღვდლები პიკაპებიდან ნაკურთხ წყალს ასხამენ და აქეთ-იქით დარბიან, მაგრამ რა არის ამის უკან? არანაირი კონცეფცია ამის უკან არ დგას. ერთადერთი შემოკლებული ვერსია არის ის, რომ კურთხევამ თითქოს დაგვიცვას პანდემიისგან ან ჰომოსექსუალობისგან, მაგრამ თეოლოგიური კონცეპტი ამას ვერ ექნება.

ლიტურგიული თვალსაზრისით კურთხევა სხვა რამეა. ესენი კურთხევას ეძახიან უფრო განწმენდას… თეოლოგური თვალსაზრისით შეუძლებელია, რომ ვინმეს მიუვარდე და მის საწინააღმდეგოდ გამოიყენო კურთხევა, როგორც გარემოში შენი გავლენის ინსტალაციის ფორმა. ეს გამორიცხული ამბავია. საპატრიარქო ამ ტერმინის ქვეშ უფრო გულისხმობს განწმენდას, ნაკურთხ წყალს ასხურებენ პიკაპებიდან და ეს ჩვეულებრივი არტი უფროა. ამ ფორმით ეკლესია ჰომოფობიას ანიჭებს რელიგიურ საზრისს, რიტუალისტური და კანონიკური თვალსაზრისით, ასევე უნდა, რომ შეიქმნას ამ თარიღზე ალტერნატიული მეხსიერება, როგორც, მაგალითად, ეს გაკეთდა შობასთან მიმართებით. ამაზე მსჯელობასაც არ უშვებს პატრიარქი, რომ შესაძლოა შობა 25 დეკემბერს აღინიშნოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. მას აქვს მსგავსი ამოჩემებები. ახლაც 12 მაისიდან ერთი კვირა არის ღვთისმშობლის კვირეული, ესეც აბსურდია – სტალინი ატარებდა ხოლმე მოსკოვში საქართველოს კვირეულებს, რადგან მანამდე დასცინოდნენ, ველური კავკასიელი ხარო.

  • რის მიღწევას ცდილობს პატრიარქი ამ ალტერნატიული სოციალური მეხსიერების შექმნით? 

პატრიარქი ცდილობს, რომ ეს მუხტი, რომელსაც ქმნის 12 მაისი, შენარჩუნდეს 17 მაისამდე. საპატრიარქომ პარლამენტს 12 მაისი გამოაცხადებინა ორმაგ უქმე დღედ, შემდეგ ერთი კვირა გრძელდება 17 მაისამდე, რომ ხალხი მოვიდეს ოჯახის სიწმინდის დღეს უფრო მეტად აღტკინებული. საპატრიარქო ამით მიიღებს იმას, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს საბოლოოდ განდევნის საჯარო სივრციდან და მათ მოუსპობს ხილვადობის შანსს. ჩემთვის 2013 წლის 17 მაისი იყო ოფიციალური განცხადება საპატრიარქოსგან, რომ ის არის ანტიქრისტიანული ორგანიზაცია და მას ფორმების გარდა, ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. ეს წინა წლებში და ახლაც არ არის მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრაცია, არამედ ეს არის სიბნელის გამოვლინებაც, რომელიც ეკლესიის კედლებში დიდი ხანია ყალიბდება.

  • რა გზავნილია საჯარო კურთხევა სხვებისთვის, ვინც მრევლი არ არის? 

გზავნილია, რომ, აი, გეებო, პიდარასტებო, მათი ენით რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში თქვენი ადგილი არ არის. ეს მიემართება ასევე ყველას: მთელს საზოგადოებას, სახელმწიფოს, ევროკავშირს. ეს არის გზავნილი იმაზე, რომ ეს ჩემი საჯარო სივრცეა, ეს საქართველო ჩემია და აქ სხვების ადგილი არ არის.

თქვენ ნახეთ ბაიკერებიც ამ კურთხევის დროს, რომლებსაც დიდი ალბათობით არაფერი საერთო აქვთ ქრისტიანობასთან. ეს უფრო არის რიტუალში მონაწილეობა… ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით თქვენთან ინტერვიუს დროს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი არის რიტუალისტური გარკვეულწილად. მე ახლაც ყავას ვსვამ, როცა თქვენ გესაუბრებით… შესაბამისად, ადამიანი მორწმუნე არის თუ არა, ის არის რიტუალისტური არსება. ბაიკერებსაც აქვთ განცდა, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, საპატრიარქოს ეს სჭირდება და აკეთებენ რაღაც მნიშვნელოვანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: