მთავარი,სიახლეები

ავტომანქანების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა გასდის, რა ღირს ნომრის გამოცვლა

18.05.2020 • 7789
ავტომანქანების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა გასდის, რა ღირს ნომრის გამოცვლა

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლას განაახლებს დღეიდან, 18 მაისიდან.

სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]. თუმცა ეს საფასური არ ეხება ფასიან ნომრებს.

ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვს.

„ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე“, – აღნიშნულია კანონში.

რა ხდება ფასიანი ნომრის შეცვლის შემთხვევაში?

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ხდება ფასიანი ნომრების გადაცვლა, ტარიფის მიხედვით და ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას არჩევს მოქალაქე თავად.

თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება [ამაში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა]. ანუ ნომრის საფასურს ხელახლა აღარ იხდის. თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში სხვაობა რაც იქნება ფასებს შორის, იმ სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.

„კომბინაციების მიხედვით ფასები განსაზღვრულია, ამიტომ რა ნომერს შეარჩევს – იგივე იქნება, თუ სრულიად განსხვავებული კომბინაცია – ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოქალაქეზეა დამოკიდებული. ჩვენ მხოლოდ განსაზღვრული ფასების მიხედვით ვადგენთ, რამდენის გადახდა მოუწევს.

მაგალითად, თუ მოქალაქეს ახლა აქვს, პირობითად, 200-ლარიანი ნომერი და, ვთქვათ, ისეთი ნომერი შეარჩია, რომლის ფასიც არის 250 ლარი, ამ შემთხვევაში იხდის იმ 50 ლარს, რაც არის სხვაობა და ამატებს 36 ლარს ტექპასპორტის [ანუ ჯამში მხოლოდ 86 ლარს და ექნება 250-ლარიანი ახალი ნომერი. ასეთ შემთხვევაში, როცა მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ნომრის ბეჭდვის 36 ლარს აღარ იხდის]. თუ ისევ 200-ლარიან ნომერს შეარჩევს, მაშინ გადაიხდის მხოლოდ 72 ლარს“, – გვითხრეს მომსახურების სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეს კონკრეტული ნომრის მოძიება და მისი ფასის შემოწმება პირადი პროფილიდანაც შეუძლია. ამისთვის უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე.

დღეიდან, 18 მაისიდან, შესაძლებელია ასევე მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაც იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/277466/

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი