მთავარი,სიახლეები

„მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა“ – სამსახურიდან წასულმა სასამართლო დავა მოიგო

19.05.2020 • 1589
„მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა“ – სამსახურიდან წასულმა სასამართლო დავა მოიგო

პანდემიის დროს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ყოფილ დასაქმებულს დირექტორთან უთანხმოება თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსების საკითხზე ჰქონდა. კამათის შემდეგ ყოფილმა მენეჯერმა დირექტორს მისწერა:

,,ამ საუბრის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარ მინდა, აპრილის ბოლოსთვის სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონ ი–ნს ინფორმაციას მივაწვდი. მე აღნიშნულ პირობებში მუშაობას ვერ გავაგრძელებ. მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა. მე ამ ფირმაში ბევრი რამე გავაკეთე, მაგრამ უკვე ჩემს თავს ვეღარ ვხედავ…“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ეს შეტყობინება კომპანიის დირექტორმა მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნია. მან მოსამართლეს უთხრა, რომ მენეჯერი საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუშვა სამსახურიდან.

კომპანიის დირექტორმა მოსამართლეს წარმოუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაყიდვების მენეჯერის შტატი კომპანიაში გაუქმდა და ეს ფუნქცია დირექტორმა შეითავსა.

„სასამართლოს ამოცანაა, გაარკვიოს მოსარჩელემ გამოავლინა თუ არა ასეთი ნება და მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა თუ არა პირადი განცხადების საფუძველზე. შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება და, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს გათავისუფლების საფუძველის არსებობისას მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება. შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება, დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შრომის კოდექსი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის ნების საფუძველზე, თუმცა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ ყოფილი მენეჯერის მინაწერი დირექტორთან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე არ ადასტურებს ამ ნებას.

„სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შესაბამისი საფუძვლის გარეშე, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება,“ – წერს მოსამართლე.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ასევე მიიჩნია, რომ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა ფორმალურად გააუქმეს, რადგან კომპანიას რეორგანიზაცია გამოცხადებული არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე უნდა აღდგეს ისევ ამ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

„თუ ვერ განხორციელდა გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, მაშინ ის აღდგენილი იქნას შპს ,,ჯ–მს“-ის გაყიდვების მენეჯერის ტოლფას ნებისმიერ თანამდებობაზე,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილების აღსრულებამდე კომპანიამ ყოფილ მენეჯერს განაცდურიც უნდა აუნაზღაუროს, რაც თვეში 3 ათასი ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: