მთავარი,სიახლეები

როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?

19.05.2020
როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?

ნარგიზ პაპიძის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, „თვეში 260 ლარია“, რასაც  პროდუქტის 30-ლარიანი ვაუჩერი ემატება“.  ეს თანხა  მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნით. „პროდუქტი რომ ვიყიდე, ქირა ვეღარ გადავიხადე, ქირა რომ გავიხადე, საჭმლისთვის ფული არ დამრჩა, ორივე ერთად არ გამოდის“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის განსაცდელზე.

ნარგიზ პაპიძე ოჯახთან ერთად ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე  ხის სახლში, გოთუას ქუჩაზე  ცხოვრობს. ეს სახლი მის ოჯახს არ ეკუთვნის, იქირავეს და თვეში 300 ლარს იხდიან. ნარგიზის ოჯახს, პანდემიის გამო, უკვე სამი თვის ქირის ფული აქვს გადასახდელი – მესაკუთრე ითხოვს, რომ სახლი დაცალონ.

შესაძლებელია 4-სულიანი ოჯახი თავშესაფრის გარეშე, ქუჩაში აღმოჩნდეს.

როგორც თავად გვიყვება, ნარგიზის მეუღლე სამუშაოდ თურქეთში გადადიოდა, იქ მიღებული ანაზღაურება ქირის დასაფარად და კომუნალური გადასახადებისთვის ჰყოფნიდათ. თვითონ კი სახლებს ალაგებდა გარკვეული ანაზღაურების ფასად, რითაც საჭმელს ყიდულობდნენ.

ნარგიზი გვიყვება, რომ ქირის საფასურის გადაუხდელობის გამო რამდენჯერმე საკუთარი ნივთების დათმობაც მოუწია: „ ფული რომ ვერ გადავუხადე, მაცივარი დავუტოვე მეპატრონეს, სხვაგან ტელევიზორი, სარეცხის მანქანა და ასე შემდეგ.“

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო ნარგიზის მეუღლე თურქეთში სამუშაოდ ვეღარ წავიდა: „ვერც მე ვმუშაობ, დასალაგებლად უცხო ადამიანის სახლში შეშვება აღარავის უნდა“.

ნარგიზსა და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ, ორივე სკოლის მოსწავლეა, უმცროსი 13 წლისაა.

ოჯახმა აპრილში მთავრობისგან სურსათის პაკეტი მიიღო. ამბობს, რომ „ეს მხოლოდ ერთი კვირის სამყოფი იყო“.

ნარგიზის მეუღლეს დროებითი სამსახური შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა – ოჯახმა იცის, რომ ამ დროებითი შემოსავლის გამო სოციალურ დახმარებას მოუხსნიან: „ბარათი უნდა დაგიმზადოთ და თანხა დაგირიცხოთო, ასეთი ჩვენ არ გვაწყობს, სოციალური დახმარებაც რომ დავკარგოთ, საჭმელსაც ვეღარ ვიყიდით“.

ნარგიზის თქმით, დაახლოებით 15 წელია მისი ოჯახი ქირით ცხოვრობს. „რაც მამამთილის სახლიდან წამოვედით, მას შემდეგ ქირით ვცხოვრობთო“, მაგრამ ახლა ძალიან გაუჭირდათ და ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მათ მხარდასაჭერად სათანადო რესურსი გამონახოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: