განათლება,მთავარი,სიახლეები

ბოლო ზარი სკოლებში

20.05.2020 • 5294
ბოლო ზარი სკოლებში

დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ.

მაგალითად, ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ სკოლის ფეისბუქის მთავარ ფოტოდ ბოლო ზარის სიმბოლო – თეთრი, წარწერებიანი პერანგი დააყენა. პერანგზე მათემატიკური ფორმულები და კეთილი სურვილებია წარწერილი.

მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც მიულოცა. „თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი თავის წერილობით მიმართვაში, რომელიც სამინისტრომ დღეს, 20 მაისს გაავრცელა.

20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა დასრულდა. თუმცა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებისთვის „ტელესკოლის“ ფარგლებში განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, კერძო და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. სწავლება გაგრძელდა ონლაინგაკვეთილების ფორმატში. სამინისტროს განცხადებით, სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუკიდან

ამავე თემაზე:

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: