ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

27.03.2020 • 3025
რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 367 332 ლარის ფარგლებში შეძენილი იქნება პროდუქტები, რომლებსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგებენ.

„სასურსათო კალათას“ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და საწოლსმიჯაჭვული მოქალაქეები.

სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

  • ხორბლის ფქვილი – 5 კგ
  • შაქარი – 2 კგ
  • მარილი – 0,9 კგ
  • ბრინჯი – 2,4 კგ
  • წიწიბურა – 4 კგ
  • მაკარონი – 3 კგ
  • ზეთი – 2 ლ
  • შვრიის ფანტელი – 0,5 კგ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და რამდენიმე კერძო კომპანიას შორის ხელშეკრულებები პროდუქტების შესყიდვაზე უკვე გაფორმებულია.

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სამინისტროში წარდგენილი კორესპონდენციების მიხედვით ბათუმი მიიღებს 1 605 „სასურსათო კალათას“, ქობულეთი – 1 334, ხელვაჩაური – 652, ქედა – 751, შუახევი – 775 და ხულო – 1 604 „სასურსათო კალათას“, რაც ჯამში 6 721 ერთეულს შეადგენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი მონაცემები ექვემდებარება ყოველდღიურ განახლებას, ვინაიდან ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა არის გადამოწმების პროცესში ან დროებით შეჩერებული აქვთ სოციალური სტატუსი, რაც გაზრდის არსებულ ბენეფიციართა რაოდენობას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია გარდა აღნიშნული რაოდენობისა, დამატებით იქნას შეძენილი 279 ერთეული „სასურსათო კალათა“, რომლის შენახვას უზრუნველყოფს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და საჭიროებისამებრ, გადასცემს შესაბამის მუნიციპალიტეტის მერიას, ან გადაეცემა წინასწარ განსაზღვრულ მოწყვლად ჯგუფს,“ – აღნიშნულია სამინისტროს დოკუმენტში.

სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიები სხვადასხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით უზრუნველყოფენ „სასურსათო კალათის“ ბენეფიციარებისათვის გადაცემას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროდუქტების დარიგება ერთ-ორ დღეში დაიწყება და მას ყველა ბენეფიციარი ბინაზე მიიღებს: „პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეებიც… ამ ეტაპზე პროდუქტების დაფასოება მიმდინარეობს“.

_________________

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „იმ ნეგატიური ზეგავლენების მართვისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ეკონომიკაში“, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 მილიონი ლარის შეგროვებაც იგეგმება – მთავრობის აპარატისა და სამინისტროებში მივლინებებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხებით.

ამ ეტაპისთვის აჭარის მთავრობაში  ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად რა საპრევენციო ღონისძიებებზეა საუბარი და როდის დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: