#თიბისიშენთვის – ინიციატივები ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად

#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge – უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ“; ჰოსტელი – „შავი პომიდორი“; ღვინის კომპანია – „ჟუჟუნა“; ბარი – „მეობა“; კაფე – „თონე“; „ჩიკატაი“; სამაგიდო თამაშების კლუბი – „წიბახა“ და სხვა.

#თიბისიშენთვის პროგრამა ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს:

[checklist]

  • მხარდაჭერას ბიზნესების გაციფრულებისთვის;
  • ონლაინ ბიზნესგანათლებას;
  • შეღავათებს საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე;
  • შეღავათებს ციფრულ პროდუქტებზე.

[/checklist]

ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერა მოიცავს:

[checklist]

  • კომპანიის ვებ-გვერდის შექმნა 3 დღეში. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. VISA-ს მხარდაჭერით, პირველი 100 კომპანია, რომელიც პროექტში ჩაერთვება, ვებ-გვერდის მომსახურებას წლის ბოლომდე უფასოდ მიიღებს;
  • ქართული ნაწარმის vendoo.ge-ზე განთავსება, მინიმალური საკომისიო გადასახადით;
  •  პროდუქციის განთავსება ყველაზე დიდ ონლაინ სტარტაპ-მარკეტზე – mystartup.ge, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ვებ-გვერდზე ბიზნესების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
  • ონლაინ ბიზნესგანათლების ფარგლებში თიბისის ტრენინგებში მონაწილეობა მომხმარებლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

[/checklist]

#თიბისიშენთვის პროგრამის კიდევ ერთი ინიციატივა ბიზნესებისთვის ციფრულ პროდუქტებზე შეღავათების შეთავაზებაა, კერძოდ:

[checklist]

  • ბიზნეს ინტერეტბანკში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია და კვარტალური მომსახურების მიღება უფასოდ;
  • ბიზნეს ინტერენტბანკში მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ;
  • დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურება უფასოდ;
  • ბიზნესებისთვის შეღავათები დაწესდა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზეც.
  • სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხების შენატანზე;
  • ბიზნესბარათის უფასოდ აღება სატელეფონო ცენტრით შეკვეთისას;
  • საკომისიო გადასახადი გაუქმდა ინტერნეტ და მობაილბანკში კომუნალურ გადახდებზე ;
  • პოს-ტერმინალზე გაუქმდა შევსებადი საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე;
  • შეიქმნა სპეციალური სადისტრიბუციო ბარათი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.

[/checklist]

#თიბისიშენთვის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტი – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორი

_____________________________

„მოგეხსენებათ,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი იწვა ჩვენს კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი სომატურად დამძიმებული ანამნეზით. დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს COVID- 19-ით ინფიცირებას ლეტალურ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი.

შემოსვლისთანავე მას დაუდასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან მედიკოსებისათვის ​უცნობია ვირუსის სტრატეგია, ამიტომ მას ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული.

პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო სულმულენტური ანუ ძილიანი.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ კიდევ ერთ, ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. 

ეს, რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ჩვენს გუნდში არის.

ეს ქალბატონი ორი კვირა გადავა თვითიზოლაციაში და გააგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც ცხოვრობდა“.

____________________

წყარო: TV პირველი 

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მოსაწყობად ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც 9 თვის თავზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ამოქმედდება. აღნიშნული სასწავლებლის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის.

საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით. სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.

ფოთის სასწავლებელი ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი იქნება. აკადემიის რექტორის ირაკლი შარაბიძის განცხადებით, სარეალიბიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2021 წელს ფოთში თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის საზღვაო სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც მოამზადებს კადრებს საერთაშორისოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობების მიხედვითა და საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარს საზღვაო დარგში სათანადო კვალიფიციური კადრებით მოამარაგებს. თამარ იოსელიანის თქმით, ფოთის ფილიალის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მეთევზე მეზღვაურთა და მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობების შექმნა იქნება, რითიც მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი თევზჭერის განვითარებას საქართველოში.

აღდგომის დღესასწაულზე შეკრების შეზღუდვა ეხებათ ქრისტიანებსაც – ნეთანიაჰუ

ისრაელის სახელმწიფო საზოგადოებას სთხოვს, ხალხმრავლობის გარეშე აღნიშნონ პასექის, აღდგომისა და რამადანის მოახლოებული დღესასწაულები, რომ არ შეუწყონ ხელი კორონავირუსის გავრცელებას.

გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში იკრძალება ღვთისმსახურება თუნდაც ღია ცის ქვეშ ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლება ხალხს სთხოვს დროებით გადავიდნენ შინ მარტო ლოცვის რეჟიმში.

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებული საგანგებო მდგომარეობის ახალი შეზღუდვები აამოქმედა. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ფულადი ჯარიმა. ქუჩაში ორ ადამიანს ერთად გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს მოახლოებულ პასექის დღესასწაულზე ერთმანეთთან სტუმრობისგან, მათ შორის, ოჯახური სტუმრობისგან, როცა შვილები სტუმრად მიდიან მშობლებთან ან შვილიშვილები – ბებია-ბაბუებთან.

„ეს შეზღუდვები ეხება არაებრაულ დღესასწაულებსაც, როგორიც რამადანი და აღდგომაა. მოვითხოვთ მათგანაც საერთო წესების დაცვას, რაც ახლა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია. კორონავირუსთან საბრძოლველად ძალებს არ დავიშურებთ. უმჯობესია ვიყოთ ძალიან მკაცრები ამ მდგომარეობაში,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ რეზიდენციაში კარანტინში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ საპარლამენტო მრჩეველ რივკო ლაპუხთან.

საგანგებო რეჟიმის პირობებში ისრაელში ოფისები ვალდებულები არიან შიდა დასაქმებულთა მხოლოდ 15 % დატოვონ სამსახურში და უზრუნველყონ მათ შორის 2- მეტრიანი დისტანცია სამუშაო გარემოში. დაკრძალვაზე შეკრება შეუძლია მხოლოდ 20 ადამიანს, დაუშვებელია ქორწილების გამართვა.


მთავარი ფოტო: Reuters ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ის გმირია“ – პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმელი ექთნის შესახებ

დღეს, 1 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის შესახებ ისაუბრა. იმნაძეს ჰკითხეს, იყო თუ არა მოძიებული მედდის ყველა კონტაქტი და იყვნენ თუ არა იზოლაციაში ან კარანტინში ეს პირები.

“გასაგებია, რომ აქ არის პერსონალურ ინფორმაციაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა [მედდამ] გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პაციენტისათვის მოევლო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მოკვლეულია და ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს რომ COVID-19 დაუფიქსირდა, ამის შესახებ ცნობილი 30 მარტს გახდა. იგი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამავე თემაზე: 

„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

„მედალფაში“ ერთ პაციენტს იკვლევენ COVID-19-ზე, 80 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პირველი აპრილის მდგომარეობით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც 80 წელსაა გადაცილებული, შედარებით მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს და კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. გარდა ამისა, კიდევ ერთ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია.

დანარჩენი 6 პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

„მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ ერთ საეჭვო პაციენტს იკვლევენ. ლევან ანთაძე ამბობს, რომ კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

დღეის მონაცემებით [13:00 სთ] საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 115, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 23, კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 294 პირი.

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

46 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, 31 მარტის  მონაცემებით თურქეთის რესპუბლიკაში 214 ადამიანია COVID-19-ით გარდაცვლილი.  ამასთან, დაფიქსირდა 2 704 ახალი შემთხვევა.

31 მარტის მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში 13 531 ადამიანია ინფიცირებული COVID-19-ით.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დაიწყო კამპანია „ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით“. პრეზიდენტის განცხადებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის თანხის შეგროვება იწყება. ერდოღანის თქმით, ის ფონდში თავისი 7 თვის ხელფასს რიცხავს.

პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს მოუწოდა, კამპანიაში ჩაერთონ და მოქალაქეების დასახმარებლად თანხები გადარიცხონ.

თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ პირუტყვის აცრა გრძელდება – სააგენტო

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას განაგრძობს.

სააგენტოს ცნობით, ვეტერინარები დაავადებების – თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ.

მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სეს-ის ცნობით, სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

2 მილიარდი ლარი გამოიყო სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად – გახარია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი არ გამორიცხავს კრიზის ფონზე ეკონომიკა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ „ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.“

გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა არ მოიცავს კორონავირუსთან ბრძოლის თანხას, უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის პრემიერის ინფორმაციით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ ახლა ვატარებთ ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, იქონიებს ზეგავლენას ეკონომიკურ შედეგებზეც და ჩვენ დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის იმ ზრდაზე, რომელზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით.

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ დღეს ვფუნქციონირებთ და სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და დაკარგეს სამუშაო ადგილები,“ – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობა განიხილავს ასევე იმ ადამიანების „პირდაპირ დახმარებასაც“, მას შემდეგ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენენ.

„ეს კრიზისი განსხვავდება, შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი როგორც დროის თვალსაზრისით, რამდენ ხანს გაგრძელდება, ასევე ეკონომიკაზე მიყენებული ზიანით. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები ჩვენი ეკონომიკის, რომელიც გვაქვს. ამიტომაც დღეის მდგომარეობით გამოიყო ორი მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით. ეს დახმარება მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად. ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად,“ – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ დღევანდელ გამოსვლაში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ საჭიროა რაციონალური და ეფექტური ხარჯვა როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში, ასევე ბიუჯეტთან მიმართებაში.

15 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირისა და გარყვნილი ქმედებისთვის პირს 8 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მსჯავრდებულს 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

პროკურატურის ცნობით, ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა ო.ა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 21 ივლისს თბილისში დააკავეს. მას 5 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო 2 ეპიზოდზე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომპანიები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობაში საქმიანობის უფლება მიეცათ

საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი დამატებით იმ 67 მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადით ქვეყანაში შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისის გარდა.

ეს გამონაკლისი კი ეხება სამედიცინო, საფინანსო , სურსათისა და სხვა სფეროებს, რომლებიც ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას.

[toggle title=”სფეროები, სადაც ეკონომიკური საქმიანობა არ შეჩერებულა, ნახეთ აქ:“]

 საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

[/toggle]

 

2020 წლის 31 მარტიდან კი საქმიანობის უფლება მიეცათ შემდეგ კომპანიებს:

სუბიექტის დასახელება ეკონომიკური საქმიანობის დასახელება
შპს „საქნახშირი“ ქვანახშირის მოპოვება
სს „RMG Copper“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
შპს „RMG Gold“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
შპს „ჯმ 29“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
სს „რუსთავის აზოტი“ მინერალური სასუქების წარმოება
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ პლასტმასის საფუთავების წარმოება
სს „მინა“ ღრუ მინის წარმოება
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ცემენტის წარმოება
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ცემენტის წარმოება
შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „რუსელოის“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „ჯეოსთილი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „ამბიკონ სტილსი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „რუსთავის ფოლადი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „გლობუსი“ სხვა ფერადი ლითონების წარმოება
შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ ფოლადის ჩამოსხმა
შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ჯგუფი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ალიანსი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
სს „ელმავალმშენებელი“ სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება
შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება
შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი
შპს „მნკორპი“ საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით
სს „საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი ტრანსპორტირება მილსადენებით
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ტრანსპორტირება მილსადენებით
შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი
შპს „მეტრო სერვის +“ სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „ტავ ურბან საქართველო“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „საქაერონავიგაცია“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბი ენდ პი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ტრანსფორდი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ეისა“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯიარ ტრანზიტი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯნს ჯორჯია“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები
შპს „თიბისი ფეი“ ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
შპს „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების კერვა
შპს „მოვი“ პირბადეების კერვა
შპს „ემჯიემტექს“ პირბადეების კერვა
შპს „ISTANBUL BAZAAR“ პირბადეების კერვა
შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ პირბადეების კერვა
შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ პირბადეების კერვა
შპს „BTM-TEXTILE“ პირბადეების კერვა
შპს „პრომო ვეარ“ პირბადეების კერვა
სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ პირბადეების კერვა
სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) თვითმფრინავის ნაწილების წარმოება
შპს „საქსპეცტრანსი“ პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა
შპს „ჯი ენ ელ“ ლატარიების მოწყობა
შპს „გებრიუდერ ვაის“ სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
შპს „კაპაროლ ჯორჯია“ საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება
სს „საქკაბელი“ ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

ეს დახმარება მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა მზად იყოს სწრაფად განვითარებისთვის და აღადგინოს ის პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა,” – განაცხადა გახარიამ.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ნავსადგური /ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა – ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მმართველი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) დირექტორი:
________________________________________

„პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და, შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში.

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და, როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე, როგორც პაციენტმა.

მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი, როგორც მოქალაქეებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ ირგვლივ მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას“…

____

წყარო: ნიკოლოზ გამყრელიძის ფეისბუქგვერდი

მოსახლეობის ნაწილს 3 თვის კომუნალურ გადასახადებს დავუფარავთ – გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

„აქ შედის, რა თქმა უნდა, დასუფთავებისა და წყლის გადასახადიც. დღევანდელი მდგომარეობით, დღეს ჩვენ ბიუჯეტში მოვახდინეთ 2 მილიარდი ლარის მობილიზება და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს გასაზრდელი.

გარდა ამისა, საქართველოს შემთხვევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ის ლარი, რომლის მობილიზებაც ბიუჯეტში მოხერხდა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ 2 მილიარდ ლარში არ შედის კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები. ამისთვის ბიუჯეტში ცალკე – 351 მილიონი ლარია მობილიზებული.

ბათუმში 20 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, 31 მარტს, აღებული ყველა პასუხის ანალიზი უარყოფითია, 20 პირიდან არც ერთ პირს არ დაუდასტურდა COVID-19.

გუშინ, 31 მარტს, ბათუმის ინფეციურ საავადმყოფოს, რომელიც ახლა „ცხელების ცენტრია“, 23-მა ადამიანმა მიმართა რესპირატორული დაავადებების სიმპტომებით, გაკეთდა 20 ანალიზი.

დღეს, ბოლო მონაცემებით [11 სთ], ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი დღის განმავლობაში ისევ გაიზარდოს.

ჯამში, ბათუმში, 8 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით.

პირველი აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 115, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 22, კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 294 პირი. 

საქართველოში 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

პირველი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა COVID-19-სგან.

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 22-ია, მათ შორის, ორი ბავშვია.

1-ელი აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 115, მათგან 8 პირს ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 294 პირი.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 5-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

1 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 115, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 22, კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 294 პირი.

რაც შეეხება მსოფლიოს, ამ დროისთვის, სულ კორონავირუსის 860 181 შემთხვევა დასტურდება, აქედან 178,359 გამოჯანმრთელდა, ხოლო 42,345 დაიღუპა.

ღამემ მშვიდად ჩაიარა – შსს

„მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა“ – აცხადებს შსს.

კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, 31 მარტიდან თავდაცვის ძალებიც  ჩაერთო.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ნახეთ ბმულზე:

რისი უფლება გაქვთ და რა გეზღუდებათ კარანტინის დროს – პასუხი 18 შეკითხვაზე

 

თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების განხორციელებას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტრო ამ პერიოდში  სულ 10 მილიონის საკვების, საწვავის და სხვა პროდუქტების შეძენას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდეა გამოცხადებული.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, მნიშვნელოვნად გართულდა პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობა და მათი უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, ვალუტის კურსის, სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე და ასევე საქართველოს ცალკეული რეგიონებში საკარინტინო რეჟიმის შემოღების გამო ვერ ხერხდება სატენდერო პროცედურებით საჭირო შესყიდვების განხორციელება.

„პოტენციური მომწოდებლების უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, მათი მხრიდან ასევე ვერ ხდება სავარაუდო ფასებისა და მოწოდების სავარაუდო ვადების განსაზღვრაც, რის გამოც ვერ ხორციელდება ელექტრონული ტენდერების გამოცხადება, ასევე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გათვალისწინებით, საგრძნობლად იმატა არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერების რაოდენობამ. ამავე მიზეზით, რისკის ქვეშ დგას იმ ელექტრონული ტენდერების დადებითი შედეგით დასრულების საკითხიც, რომლებსაც ამჟამად მინიჭებული აქვს სტატუსები „შერჩევა-შეფასება“, „გამარჯვებული გამოვლენილია“ და „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, კერძოდ, გაურკვეველი მიზეზების გამო პრეტედენტთა მხრიდან არ ხორციელდება საკვალიფიკაციო მონაცების წარმოდგენა და/ან დოკუმენტაციის დაზუსტება. ასევე, გამარჯვებული პრეტედენტები, რომლებიც მოწვეული იყვნენ ხელშეკრულებების გასაფორმებლად, უარს აცხადებენ ხელშეკრულების გაფორმებაზე“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობისთვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, ხოლო კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალები 31 მარტიდან ჩაერთო.

საკარანტინო ზონებში სამხედრო მოსამსახურეთა მშრალი ულუფის, ასევე, სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად კი, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 7 მილიონამდე ლარის შესყიდვას გეგმავს გამარტივებული წესით:

სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება

მთავარი ფოტო: ქართველი ჯარისკაცები პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთო / ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

როგორ გაქრნენ ნახატებიდან პერსონაჟები – ესპანელი მხატვრის ექსპერიმენტი

პანდემიის ფონზე მრავალი ადამიანის დღის წესრიგი ერთი და იმავე ამბებით შეივსო. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, დიზაინერები. ესპანელმა გრაფიკულმა დიზაინერმა და მხატვარმა დევიდ ბოკემ ფერწერის ცნობილი ნიმუშები საკარანტინოდ გადაათამაშა. მის ძველ ნამუშევრებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რამდენად შეცვალა ხედვა არტისტმა. #PandemiArte ასეთი სახელის ქვეშაა გაერთიანებული პერსონაჟებისგან დაცარიელებული ტოლოები.

ეს ბოტიჩელის „ხარების“ ვარიაციაა.

ასევე ნახავთ „ათენის სკოლას“ ფილოსოფოსების გარეშე:

თუმცა ვეღარ ნახავთ „მონა ლიზას“ და არც მისი ამოუხსნელი ღიმილის საიდუმლოზე მოგიწევთ დაუსრულებელი ფიქრი:

ჰმ, და მარატის მკვლელი ხომ არ გინახავთ? თუმცა მკვდარი მარატიც გაუჩინარებულა სააბაზანოდან:

რა გასაკვირია იქნებოდა, რომ სალვადორ დალის პერსონაჟს დაცარიელებული ქუჩების ყურება მოჰბეზრებოდა?

სხვა საინტერესო ნამუშევრებს შეგიძლიათ არტისტის პირად გვერდზე გაეცნოთ.

__________________

მთავარი ფოტო: ედუარდ ჰოპერის – Nighthawks-ის მიხედვით.

„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

იყო თუ არა დაცული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი, ინფექციური საავადმყოფოს მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ? რა ზომები მიიღო  ჯანდაცვის სამინისტრომ დაინფიცირებული  პირის ყველა სავარაუდო კონტაქტის დასადგენად და როგორ და რამდენ საათში მოხდა ამ კონტაქტების დადგენა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს.

  • ქალბატონო ნინო, გარკვეული კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის ირგვლივ. საუბარია იმაზე, თითქოს დროულად არ იქნა სათანადო ზომები მიღებული კონტაქტების დასადგენად და ა.შ. შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ რიცხვში დაუდასტურდა ამ ადამიანს covid -19?

სამწუხაროდ, რიცხვები ზეპირად არ მახსოვს, ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი დადასტურების პასუხი მიიღო მედდამ, ჩვენი კომუნიკაცია შედგა, როგორც პაციენტის ოჯახურ კონტაქტზე, ასევე სამედიცინო დაწესებულების პირველად კონტაქტებთან.

ამოვიღეთ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვიდეოთვალების ჩანაწერები და შევამოწმეთ  ყველა ის კონტაქტი, ვისაც ჰქონდა ურთიერთობა ამ პაციენტთან, კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 48 საათის განმავლობაში.

  • უფრო ადრინდელი კონტაქტები არ გადამოწმებულა?

არა, რადგან ვირუსი გადამდებია გამოვლენამდე 48 საათის განმავლობაში, ეს არის მაქსიმალური პერიოდი და ეს მაქსიმუმი ავიღეთ. დაუცველი ანუ ნიღბის გარეშე კონტაქტი გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. მოვახდინეთ ყველა შესაძლო კონტაქტის იდენტიფიცირება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე ოჯახში.

  • ოჯახში რამდენი კონტაქტი დადგინდა?

ოჯახში ჰყავს დედა. ასევე იკვეთება სამეზობლოს ორი კონტაქტი.  ერთ ოჯახშია დედა და შვილი. ჩვენ მათთანაც გვქონდა კომუნიკაცია, დაზუსტდა კონტაქტის დრო. თუკი პირი იძლევა იმის პირობას, რომ თვითიზოლაციის ყველა წესს დაიცავს, ის რჩება თვითიზოლაციაში. ინფიცირებულის დედამ ითხოვა თვითიზოლაციაში დარჩენა, რადგან მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. თქვა, რომ ყველა წესს დაიცავდა სახლში. ამიტომ, საერთო გადაწყვეტილებით, დედა კარანტინში არ გადავიყვანეთ. რადგან დედა მარტოა სახლში, თვითიზოლაციის დროს მეზობელი მიხედავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებს ამოუტანს და კარის სახელურზე დაუკიდებს. მისი არც სადარბაზოში, არც ეზოში და ქუჩაში გამოსვლა არ მომხდარა.

  • მეზობლებიც თვითიზოლაციაში არიან, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა?

თვითიზოლაციის წესი ყველაზე ვრცელდება თანაბრად.

  • ვინ აკონტროლებს მათ თვითიზოლაციის დროს, რა ფორმით ხდება მონიტორინგი?

ეპიდემიოლოგს დღეში ორჯერ აქვს მათთან დისტანციური სატელეფონო კომუნიკაცია. გარდა ამისა, ამ კონტროლის სქემაში მონაწილეობენ პოლიციის სამსახურები. ნებისმიერი შეტყობინება სამეზობლოდან ან ვინმესგან თუ მაინც შემოვიდა და დადასტურდა ფაქტი, რომ ამ პირებმა დატოვეს საცხოვრებელი, ამ პირს გადავიყვანთ კარანტინში.

  • სამეზობლოს აქვს ინფორმაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე?

როგორ არა, იციან. მეზობლები თვითონაც გვაწვდიან ინფორმაციას. გვეკითხებოდნენ, რომ ვთქვათ, ამა და ამ რიცხვში გვქონდა კომუნიკაცია და რამდენად არის საშიში და ა.შ.  ვისაც არ შევხმიანებივართ, ისინიც კი დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ავუხსენით მათ, რა არის ეს კონტაქტი, რა მოეთხოვებათ და ზოგადად, თვითიზოლაცია არა, მაგრამ ამ რეჟიმის გამო ისედაც უნდა ვიჯდეთ სახლში და ეს მოთხოვნა ყველასთან მიმართებაში არის ერთი.

გარდა ამისა, ძალოვანი სამსახურებიც მეთვალყურეობენ ამ სიტუაციას და თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი ჩვენამდე არ მოსულა.

მთლიანობაში, ინფირებული ქალის კონტაქტების მიხედვით, 15 ადამიანია თვითიზოლაციაში ამ შემთხვასთან კავშირში.

  • საჭირო იყო თუ არა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ინფიცირებული პირის საცხოვრებელ ბინაში?

სადარბაზოს დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ საცხოვრებელ ბინაში სანამ ვინმე იმყოფება, დეზინფექცია არ ტარდება. მას შემდეგ რაც პირი ტოვებს საცხოვრებელს და სახლი თავისუფლდება, ტარდება დეზინფექცია.

თუკი 14 დღის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სიმპტომები არ გამოუვლინდებათ, ისინი  ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას. 14 დღის შემდეგ, მათ ასევე შეუძლიათ ერთი დღით დატოვონ სახლი და მოხდება ამ ბინების დასუფთავებაც.

  • სანამ ეს ქალი ბინაში ცხოვრობს, მაინც თუ არის საჭირო სველი წესით ოთახების და ინვენტარის დამუშავება?

სველი წესით დალაგება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, თუკი პირი სხვასთან ერთად იცხოვრებს. რახან ეს ქალი სახლში მარტოა, დეზინფექციას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვისი დაინფიცირების რისკის გამო, რადგან შემხებლობაში არავისთან არ არის.

  • სანამ მედდას დაუდასტურდებოდა კორონავირუსი, მანამდე ხომ შეიძლება დედა ყოფილიყო მაღაზიაში ან სხვა ვინმესთან შემხებლობაში? ეს კონტაქტები თუ არის მოკვლეული?

დიახ, ესეც შემოწმებულია. ფიგურირებდა ერთი  ვიზიტი მაღაზიაში, მაგრამ ეს იყო ოთხი დღით ადრე, სანამ შვილს დაუდასტურდებოდა ვირუსი. ამჟამად დედა ჯანმრთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიაში ვიზიტის დროს დედას გადამდებლობის რისკი არ ჰქონდა.

  • რა სიმპტომები გამოუვლინდა მედდას თავდაპირველად?

ცხელება ჰქონდა. დაიწყო ტემპერატურა 37,5-დან და ავიდა 39 გრადუსზე. იმავე დღეს ჩაუტარდა ტესტი, რადგან როგორც ვიცით, სამედიცინო პერსონალი არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ და უშუალოდ covid-თან მუშაობენ.

  • როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კარგად არის, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

სპორტული ინვენტარი და საკვები – რის გაყიდვა გაიზარდა პანდემიის ფონზე

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება გლობალურ პანდემიად შეაფასა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიო მასშტაბით მიღებულმა ზომებმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც სოციალური დისტანცირებაა, ბევრი რამ შეცვალა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიცვალა მსოფლიო მოსახლეობის ქცევა სურსათისა თუ სხვა სახის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით. აშშ-სა და ევროპაში იზოლაციაში მყოფი მოსახლეობა ახლა უფრო ხშირად სარგებლობს ონლაინ მაღაზიების სერვისებით.

კომპანია Sellics, რომელიც Amazon-ის საძიებო სისტემისა და რეკლამის წამყვანი კომპანიაა, აქვეყნებს რაოდენობრივ და ხარისხობრივ კლვევებზე, ასევე რთულ ანალიტიკურ მოდელებზე დაყრდნობით მომზადებულ ანალიზს, თუ როგორი ზეგავლენა იქონია პანდემიამ Amazon-ის ონლაინ ვაჭრობაზე, კერძოდ – როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა და რას ყიდულობენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან Amazon-ის  ბაზრობებზე, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

Sellics-მა პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული, რამდენიმე ქვეყნის [აშშ, იტალია, გერმანია] ონლაინ ბაზარი მოიკვლია და თითოეული ბაზრისთვის შემდეგ ყველაზე გაყიდვად კატეგორიებს დააკვირდა:

სურსათი და სახლის პირველადი მოხმარების ნივთები;

  • საკვებისა და სახლის მოვლა (+ 47% იტალიაში)
  • სასურსათი და გურმანული საკვები (+ 26% აშშ-ში, + 34% გერმანიაში)

გადარჩენის კატეგორია

ეს კატეგორია დღევანდელ ვითარებაში გულისხმობს ნივთებს, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს ვირუსისგან თავის დაცვაში, იქნება ეს სამედიცინო ინვენტარი თუ ოთახში ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები.

  • ჯანმრთელობა და ოჯახი (+ 13% აშშ-ში)
  • ჯანმრთელობა და თავის მოვლა (+ 19% გერმანიაში)
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა (+ 14% აშშ-ში) – მათ შორის ძირითადი წვლილი მოდის ჰაერის გამწმენდებზე (+ 74%)
  • ბიზნესი; მრეწველობა და მეცნიერება (+ 39% იტალიაში – ქვეკატეგორიით „ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროდუქტები“ + 98%)

ეზოს ინვენტარი

იზოლაციისა და კარანტინის პირობებში აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა იმ ადგილების უკეთ მოწყობა გადაწყვიტეს, სადაც საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწევთ – ეს სახლი და ეზოა:

  • ეზო, გაზონი და ბაღი (+44% იტალიაში, +35% გერმანიაში, +9% აშშ-ში).

გართობა და აქტივობები

ცხადია, ადამიანები ასეთ ვითარებაში თავის შესაქცევს ეძებენ:

  • ვიდეო თამაშები (+31% გერმანიაში)
  • სათამაშოები და თამაშები (+10% აშშ-ში, +36% გერმანიაში, +30% იტალიაში)

ფიტნესი და სპორტული აქტივობები

სოციალური დისტანცირება სრულად სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს. გაიზარდა სპორტული ინვენტარის გაყიდვები, როგორც დახურულ სივრცეში სავარჯიშოდ, ისე გარეთ (სოლო) ფიზიკური აქტოვობისთვის:

  • სპორტი და აქტიური დასვენება (+236% იტალიაში, +35% გერმანიაში)

Sellics წერს, რომ მათი გათვლით, ეს მაჩვენებელი აშშ-ში და გერმანიაშიც მალე მოიმატებს.

ასე გამოიყურება ამ სამი ქვეყნის ონლაინ შოპინგის ქვეკატეგორიები:

 

6 წლის ბიჭს დაბადების დღე სახლის წინ ჩავლილი მანქანებიდან მიულოცეს

აშშ-ში მცხოვრები სკოტ მაიკლის დაბადების დღის წვეულება, რომელიც 22 მარტს იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო ჩაიშალა.

სკოტი ექვსი წლის გახდა. დაბადების დღის წვეულებას იგი მთელი წელი ელოდა, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზეიმი ჩაიშალა.

თუმცა სკოტის მეგობრებმა და მათმა მშობლებმა მოიფიქრეს დაბადების დღის მილოცვის ისეთი ხერხი, რომელიც COVID 19-ის პანდემიის დროს უსაფრთხო იქნებოდა.

მათ სკოტის დაბადების დღეს მის სახლთან ფერადი ბუშტებითა და წარწერებით მორთული ავტომობილებით ჩამოიარეს, სკოტის დაბადების დღე მიულოცეს და საჩუქრებიც დაუტოვეს. დაბადების დღის ამ უჩვეულო მილოცვის ამსახველ ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს ფეისბუქზე.

სკოტი ელოდება მეგობრებს
აი, მეგობრებიც

აშშ-ი პირველ ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სიხშირით. დღეის მონაცემებით ქვეყანაში COVID 19-ის 175 067 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.

ათონის მთაზე კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსი აღმოაჩნდა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს, რომლებიც მოგზაურობდნენ ინგლისში იმ ბერთან ერთად, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა COVID-19 – იუწყება ბერძნული მედია.

ბერების ასაკი 40-55 წელია.

COVID-19-ით ინფიცირებული ბერები ერთად იმყოფებოდნენ ინგლისსა და შოტლანდიაში 5-17 მარტს, სადაც ისინი მიწვეულნი იყვნენ. ისინი ჩამოსვლის შემდეგ მონასტერში, კარანტინში იმყოფებოდნენ.

ინფიცირებული ბერები თესალონიკის კლინიკაში გადაიყვანეს.

ათონის მთა ერთი კვირის წინ დაიკეტა ვიზიტორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო.

„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში

კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი დაუთვლელია. გაურკვეველია რა დროით გაგრძელდება ვითარება, რამაც ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად გააჩერა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას თქმით, ზარალდება ძალიან ფართო სპექტრი, ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის, არამედ „ყველას დახმარებაზე“ უნდა იფიქროს. 

გიორგი პაპავა: შეცდომა იქნება, ჩავთვალოთ, რომ ვიწრო წრე არის იმ ადამიანების, ვინც ამ მოვლენების გამო ზარალდება. ზარალდება საკმაოდ ფართო სპექტრი. ჩვეულებრივ, არასაგანგებო მდგომარეობის დროსაც, არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ყველაზე უფრო მოწყვლადი და დაუცველია, ვისზეც სახელმწიფო გასცემს სხვადასხვა მიზნობრივ დახმარებას. ამ შემთხვევაში კი ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ დღევანდელი კრიზისი ეხებათ არა მხოლოდ ტრადიციულად დაუცველ, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც თითქოს უფრო ლაღი ცხოვრების უფლება ჰქონდათ, ასევე იყვნენ თვითდასაქმებულები, რაღაც პროდუქტს ქმნიდნენ სხვადასხვა სფეროში, თუნდაც სოფლის მეურნეობაში.

ეს იმიტომაა გამოწვევა, რომ როცა სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ვის რა ფორმით დაეხმაროს, მნიშვნელოვანი იქნება ჯერ მკაფიოდ გავიაზროთ, ვინ დაზარალდა და როგორ.  მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა და მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად იყო, ის ზარალდება იმ კუთხით, რომ, შესაძლოა ფასები გაიზარდოს, ხოლო ადამიანები, ვინც ვთქვათ, მუშაობდნენ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ქსელში, ან სტუდენტები, რომლებიც თავიანთ სწავლას აფინანსებდნენ, საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რადგან მათ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა.

არიან ადამიანები, რომლებმაც სესხით შეიძინეს ბინა, რომ გაექირავებინათ და ქირით სესხი დაეფარათ. ტურისტები არ არიან, სესხი კი გაეზარდათ… ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ერთდროულად გავლენას მოახდენს და ყველა ეს  ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება, როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუ რა ფორმით უნდა დავეხმაროთ ადამიანებს.

  • რამდენად მოხერხდება ყველა ამ ჯგუფის გამოყოფა?

თუ ვერ მოვახერხეთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება, შესაძლოა განხილულ იქნას, მაგალითად, გარკვეული დახმარება ყველასთვის – მუშაობდა, არ მუშაობდა, თვითდასაქმებული იყო თუ არა. ერთადერთი ზღვარი შეიძლება ავიღოთ სიმდიდრე, თუმცა, იმდენად ცოტა ადამიანია განსაკუთრებულად მდიდარი, რომ გამოყოფ თუ არა, დიდ სხვაობას შესაძლოა არ იძლეოდეს. ანუ, უმჯობესია სოციალური პაკეტის დამტკიცება ყველასთვის დროებით, რაც ადამიანებს რაღაც პერიოდს გადაატანინებს.

მე მგონი დღეს გადაწყვეტილების მიღება – დავეხმაროთ გარკვეულ ჯგუფს, არ შეიძლება. ჩვენ რომ მარტო სასტუმროში დასაქმებულს დავეხმაროთ, არ იქნება სწორი. უმჯობესია ვიფიქროთ უფრო ფართო ფენების დახმარებაზე, ვიდრე კონკრეტულ სექტორზე.

  • არის ბიუჯეტში რესურსი ამ სოციალური პაკეტისთვის?

რესურსები ბიუჯეტში არის, თუმცა მწირი. აქ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო დაფინანსების მოზიდვა, რაც, როგორც ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება სახელმწიფოს, ამავდროულად მნიშვნელობა ექნება ეკონომიკური  სტაბილურობის მიღწევის კუთხითაც. ეს ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან მიმართებაში სწორედ ლარია, რომელიც ვითარებას სწრაფად აფასებს და ასახავს მოლოდინებს თავისი გაცვლითი კურსით. ის გაუფასურება, რაც ჩვენ დავინახეთ, არ იყო იმით გამოწვეული, რომ კვირაში ან თვეში ნაკლები ფული შემოვიდა, ან მეტი გავიდა. ეს იყო შოკის ასახვა და ისიც, რასაც უნდა ველოდოთ მომავალში. გაუფასურება იმ მომენტისთვის აღმოჩნდა გადამეტებული და კარგია, რომ რაღაც ნიშნულზე მაინც შეჩერდა… თუმცა, საით წავა, რთულია ამის თქმა, რადგან ეს იქნება დამოკიდებული ჯანდაცვის ნაწილზე, ასევე, რა ტიპის დახმარებას აღმოგვიჩენენ საერთაშორისო დონორები და ა.შ. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

  • მთავრობამ გარკვეული ბიზნესის, მაგალითად, ტურიზმის სფეროს დახმარების შესახებაც განაცხადა…

ბიზნესის კუთხით ეს კიდევ შესაძლებელია, მაგრამ იგივე ის ადამიანი, ვინც ბაზრობაზე რაღაცას ყიდდა, ისიც რაღაც კუთხით ბიზნესმენია – პროდუქტი შეისყიდა, ვალდებულებები აქვს და თუ ჩვენ ვერ დავეხმარებით, შესაძლოა ვეღარ გააგრძელოს მუშაობა. ასეთი კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, ამიტომ ახლა რაღაც ბიზნესების აყვავების და შემობრუნების ნაცვლად, ჩვენ უმუშევრებზე, თვითდასაქმებულებზე უფრო უნდა მოვახდინოთ სოციალური რეაგირება, რაც შესაძლოა დარჩეს უკეთეს გამოსავლად მომავალში.

ჩვენს ეკონომიკას ახლა პრობლემა აქვს როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხრივაც. ამიტომ მთავარია მოთხოვნა აღდგეს. ჩვენი შემოსავლები თუ მნიშვნელოვნად დაეცა, სავაჭრო ცენტრი და რესტორანი რომც გაიხსნას, მოთხოვნა ნაკლებად იქნება და ვერ იმუშავებს. ამიტომ, ყველა ადამიანზე გაცემული დახმარება ამ მოთხოვნას გაზრდის, ვინაიდან ის ამას ხარჯავს საბოლოო ჯამში.

როცა გამოვალთ ამ, იმედია მოკლევადიანი, ძალიან რთული სიტუაციიდან და დავუბრუნდებით ნორმალურ ეკონომიკურ აქტივობას, ამ შერეული ინსტრუმენტების გამოყენება იქნება ალბათ საჭირო – ბიზნესის კუთხით და ადამიანების, ასე ვთქვათ, დაფინანსების კუთხით, რათა დასაქმების მოტივაცია არ შემცირდეს.

  • ვიდრე ეკონომიკური აქტივობა არ აღდგება, სახელმწიფომ არ უნდა იფიქროს დახმარებაზე?

კი უნდა იფიქროს. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაეხმაროს, უბრალოდ, ამ ეტაპზე და შემდგომშიც, ძალიან რთული იქნება გამოყოფა ჯგუფების – ვის სჭირდება დახმარება. ამიტომ, ამას შეიძლება ჯობდეს ყველას დახმარება. ჩვეულებრივ შემთხვევაში ამას არ გეტყოდით, მაგრამ ახლა კრიზისი გვაქვს.

ჩვენ ჩავატარეთ პატარა კვლევა და როგორც შედეგები გვიჩვენებს, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ანუ ტურიზმის შემოსავლებზე 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჰიპოთეტური შოკი, მოკლევადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას დამატებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს.

ამასთან, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები ამ პროცესში ყველაზე მეტად დაზარალდება, ხოლო შედარებით ნაკლებად – მაგალითად, შიდა ქართლი ან ქვემო ქართლი. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ნეგატიური დარტყმა არაპროპორციულად ნაწილდება და ამ შემთხვევაში ტრადიციულად სოციალურად დაუცველები, სხვებთან შედარებით – ხაზგასმით მინდა ამის თქმა, უფრო დაცულები არიან… ამიტომ არსებობს არგუმენტი, რომ დახმარება უფრო ფართო უნდა იყოს, ვიდრე იდენტიფიცირება რაღაც ვიწრო ჯგუფების.

ბიზნესის კუთხით კი, როგორც გაკეთდა 4-დან 50-მდე ადგილიანი სასტუმროების მიმართ, რაღაც ასეთი წერტილოვანი ჩარევები იმისთვის, რომ ბიზნესი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ეფექტურია და რისკები აქვს საკუთარ თავზე აღებული, შექმნილ სიტუაციაში  არ გაგვიკოტრდეს. კრიზისის შემდეგ უკვე გადასახადების მანიპულირებაც შესაძლებელია იმ კუთხით, რომ დავეხმაროთ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, მარტივად დასაქმდნენ.

  • მთავრობა კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიან პროგრამაზეც საუბრობდა, თუმცა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

გრძელვადიანი პროგრამა – რა ნაბიჯები უნდა გადადგას – მთავრობას არ დაუსახელებია და ვფიქრობ, არც იქნებოდა სწორი, რომ დაესახელებინა. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტი გავიდა, რაც ვირუსი ვრცელდება, ბოლომდე მაინც ვერ გვექნება წარმოდგენილი ამ შოკის ვერც მასშტაბი და ვერც გავლენა.

მაგალითად, დღეს ვართ მშვიდად, საბანკო სექტორი მდგრადია, არ ვნერვიულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ორთავე წამყვანი ბანკის აქციები მნიშვნელოვნად დაცემულია. ყველაზე უფრო სტაბილური სექტორია და შესაძლოა რაღაც დახმარების გაცემა საბანკო სექტორის გავლით მოხდეს, ამიტომ, თუ ვიტყვით, რომ რომელ სექტორებს რითი უნდა დავეხმაროთ და ამის გარანტიებს გავცემთ დღეს, ჩვენ შეიძლება სამ თვეში არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, რომ დღეს განსაზღვრული სექტორები იყოს პრიორიტეტული.

  • ამ ეტაპზე რისი გაკეთებაა აუცილებელი?

საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია 2-3 მიმართულებით ფიქრი:

პირველი – ფინანსური ნაწილი ჯანდაცვის სფეროში ისე უნდა დაიხარჯოს, რომ იქ რაიმე არ გაგვეპაროს. ამ ეტაპზე თუკი რამე რეზერვის მობილიზება შეიძლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ, აქ ფინანსური პრობლემა არ უნდა იყოს. შესაძლოა ბევრი პრობლემაა – თუნდაც პოლიტიკური და ა.შ. მაგრამ ფინანსურად ჯანდაცვის სფერო უნდა იყოს უზრუნველყოფილი და უნდა გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია.

მეორე – უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად ქვეყნის სტაბილურობა მაკროეკონომიკურ დონეზე. ვგულისხმობ იმას, რომ ყურადღება მივაქციოთ საბანკო სექტორს, ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ რისკებს. ანუ, რაღაც ისეთი ფინანსური ვალდებულებები არ ავიღოთ, რაც შემდეგ შეიძლება ვერ გადავიხადოთ, ვინაიდან ეკონომიკური აქტივობის შეჩერება ბიუჯეტზეც აისახება. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტს მოუწევს დამატებითი ხარჯები, შემოსავლებიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ახალი ვალდებულებების დაფარვას ვერ გასწვდეს.

მესამე – ეს არის ზოგადად სიტუაციის მართვა ქვეყანაში, იმისთვის, რომ მაგალითად, ტვირთბრუნვა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, არ იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემები, საბაჟო მუშაობდეს გამართულად და პოლიცია უზრუნველყოფდეს თავის ნაწილში უსაფრთხოებას, გამართული იყოს სხვადასხვა მენეჯმენტი.

ამიტომ, ვიდრე იმის ფიქრზე გადავალთ, ვის როგორ დავეხმაროთ, ჯერ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ პროცესში კი, პარალელურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტის ნელ-ნელა შემოტანა.

  • ტვირთბრუნვა ახსენეთ. დაკეტილი სავაჭრო ობიექტების გამო, ალბათ, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდება.

იმპორტს რაც შეეხება რიცხვებში – რამდენი პროცენტით დაიკლებს – ვერ გეტყვით, მაგრამ ვარდნა იქნება კონკრეტული მიმართულებებში – ტანსაცმელი, ვიდეოტექნიკა და ა.შ. თუმცა სურსათის ნაწილში არა, მოთხოვნიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი დაკვირვების საგანი უნდა იყოს მშენებლობის სექტორიც, ვინაიდან სწრაფად მზარდი სექტორი იყო, მარტის მონაცემების გაანალიზება მოგვცემს რაღაც სურათს დინამიკაზე ამ კუთხით.

ამასთან, ბევრი წარმოება იყენებს ნედლეულს უცხოეთიდან – მათ პრობლემა არ უნდა შეექმნათ, თუმცა აქ პროგნოზის გაკეთება ძნელია, რამდენი პროცენტით უნდა ვივარაუდოთ კლება.

ზოგადად, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება ეკონომიკის ზრდის ჩვენება წელს. ძალიან ბევრი რამე ჩვენს სასიკეთოდ უნდა მოტრიალდეს მსოფლიოში, რომ ჩვენმა ეკონომიკამ დადებითი ძვრა აჩვენოს.

დღეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ნორმალურთან მიახლოებული ეკონომიკური აქტივობის აღდგენა. თუმცა პროგნოზირება შეუძლებელია იმის გამო, რომ  არ ვიცით ღიად როდის მივაღწევთ ვირუსის გავრცელების კუთხით იმ პიკს, რომ შემდეგ მშვიდად ვიყოთ და ეკონომიკის რაღაც დარგები აღვადგინოთ.

ეს ეკონომიკას შეიძლება არ ეხება, მაგრამ სხვადასხვა კვლევაში აღნიშნულია, რომ როცა ქვეყნები გადაივლიან ამ პიკს და საგანგებო მდგომარეობაში შეიძლება აღარ იყვნენ, ის, რომ თავი შეიკავონ სოციალური აქტივობისგან, ეს რეკომენდაციები დარჩება უფრო ხანგრძლივად. ვიდრე ვაქცინა არ იქნება გამოგონებული, იქნება რისკი, რომ რაღაც აფეთქებები მოხდეს და ამ აფეთქებებისგან თავის დასაცავად გარკვეული შეზღუდვები, ჩემი აზრით, დარჩება.

არსებულმა მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა ბევრ რამეზეც და სახლში მუშაობისას ფსიქოლოგიური და სხვა ბევრი ფაქტორიც შემოდის, რის უარყოფით ეფექტსაც დროთა განმავლობაში დავინახავთ. იმედია, მასშტაბი არ იქნება დიდი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იქნება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/438366/?fbclid=IwAR1xwKlQUjJgb70IiIW4hkREEJSfAbCCZmEFlHoS_SKGsOTr2PVJwb0Pz20

რისი უფლება გაქვთ და რა გეზღუდებათ კარანტინის დროს – პასუხი 18 შეკითხვაზე

აქ ნახავთ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

  • რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?

ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით.

  • როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?

მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის – ბავშვებს.

  • რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?

3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

  • როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ.

ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

  •  თუ 70 წელს გადაცილებული მარტოხელაა?

იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 144.

  •  რას ნიშნავს სრული კარანტინი – ე.წ „კომენდანტის საათი“?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

  • როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება?

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა.

  •  იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

  •  კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?

კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

  • საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები?

9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).

  •  მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?

თანაშმრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა.

  • ტაქსისტი ვარ, შემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა?

დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი – თქვენს გარდა, ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება.

  •  ითვლება თუ არა ბავშვი 3 კაციან შეზღუდვაში?

დიახ.

  • მაქვს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის უფლება?

იზღუდება ყველა საქმიანობა, გარდა:

      • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
      • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
      • წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
      • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
      • კომერციული ბანკების საქმიანობისა;
      • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა
      • იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
      • საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
      • .ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
      • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
      • საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
      • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
      • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
      • მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
      • საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
      • კერძო დაცვითი საქმიანობისა;
      • საადვოკატო საქმიანობისა;
      • ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
      • პრესის ჯიხურებისა.
  • ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთ, ვარღვევთ თუ არა ამ დადგენილების მოთხოვნას?

რა თქმა უნდა, არა

  • ვრცელდება თუ არა 3 კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან.

  • საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს?

დიახ, უჩერდებათ.

5 ფილმი მსოფლიო პანდემიებზე

კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ფილმების მიმართ, რომლებიც პანდემიას ან ეპიდემიას ეხება. იქნებ სხვა დროს ეს ფილმები ასეთი ინტერესით არც გენახათ, მაგრამ ახლა, საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში ყველაფერი გვაინტერესებს, რაც ვირუსულ ინფექციებს ეხება, ფილმებიც კი. ჩვენ 5 ასეთ ფილმს გირჩევთ.

ინფიცირება

ეს საათნახევრიანი ამერიკული დრამა თითქმის ზუსტად იმეორებს მოვლენათა განვითარების იმ დინამიკას, რასაც დღეს ვხედავთ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში. ფილმი 2011 წელსაა გადაღებული.

სასიკვდილო ვირუსი სწრაფად ვრცელდება ყველა ქვეყანაში, სამედიცინო საზოგადოება ცდილობს, ვაქცინა აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა, რომელიც მთელ მსოფლიოს ვირუსზე სწრაფად მოიცავს.

„დაიბანეთ ხელები, დაიცავით სოციალური დისტანცია“ – ისმის ფილმში ზუსტად ისე, როგორც ეს დღეს გვესმის ინფექციონისტებისგან. ვირუსულ ინფექციას  ხველა, სიცხე და პნევმონია ახასიათებს და მისი აფეთქება იწყება ჰონკონგში.

როგორ წარმოიშვა ვირუსი, ამას ფილმის დასასრულს ვიგებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვირუსის წარმოშობაში ერთ-ერთი „დამნაშავე“ ღამურაა.

1918

ფილმში 1918 წლის ამერიკის ამბებია გადმოცემული. პირველი მსოფლიო ომის პირობებში გერმანელი ემიგრანტები ღალატსა და დივერსანტობაში არიან ეჭვმიტანილები. ახალგაზრდები არმიაში ეწერებიან. ფილმის გმირი, ტეხასის პატარა ქალაქში მცხოვრები ჰორაციო რობედო თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მას ახალგაზრდა მეუღლის, ელიზაბეტისა და მათი შვილის, პატარა ჯენის დატოვება არ სურს.

მალე მთელ ქვეყანას უცნობი გრიპის ეპიდემია მოიცავს და ყველას გეგმა იცვლება. ამერიკაში ესპანური გრიპის პანდემია დაიწყება.

შავი ჭირი

2018 წლის ეს მძაფრსიუჟეტიანი სერიალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პანდემიის, შავი ჭირის შესახებაა. XVI საუკუნის სევილია დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქალაქია და ასეც უწოდებენ – „დიდებული ბაბილონი“. ხალხი აქ უამრავ სხვადასხვა ენაზე საუბრობს, მსოფლიოს ქვეყნებიდან სწორედ აქ იყრის თავს ოქროს მარაგი. დიდებულთა ქალაქ სევილიაში მოულოდნელად ადამიანთა გვამებს პოულობენ. სევილიელებისთვის ეს სამყაროს დასასრულის დასაწყისის ნიშანია.

მოხატული პირბადე 

მოქმედება 1920 წელს ვითარდება. ახალგაზრდა ბრიტანელ ცოლ-ქმარს, ვოლტერს და კიწის ცხოვრება ურთულდებათ. ცოლი ქმარს ღალატობს, ვოლტერი კი გადაწყვეტს ჩინეთის მიუვალ სოფელში გადასახლდეს და ცოლს სთავაზობს დარჩეს საყვარელთან, თუ ის მის გამო ცოლს დატოვებს, რაზეც ქალს საყვარელი არ თანხმდება. ვოლტერი იძულებულია მოღალატე ცოლი ჩინეთში თან წაიყვანოს.

ვოლტერი მედიცინის დოქტორია და ჩინეთის მიყრუებულ სოფელში ქოლერის ეპიდემიით დაავადებულებს მკურნალობს, სადაც ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან ადამიანები.

ესპანური გრიპი

1918 წლის მანჩესტერში ახალგაზრდა გოგო უსულოდ ეცემა და უჩვეულოდ ულურჯდება ყურები და ტუჩები. ექიმ ნივენის აზრით, ეს დიდი ეპიდაფეთქების დასაწყისია.

ექიმი ამბობს, რომ აუცილებელია აიკრძალოს ადამიანების  თავშეყრა, უნდა დაიხუროს სკოლები, შეწყდეს ტრამვაის მიმოსვლა და გაჩერდეს წისქვილები. ირგვლივ კი ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი სისულელე და პანიკაა, მაგრამ მალე ცხადი ხდება, რომ საფრთხე რეალურია.

21:00 – კომენდანტის საათი ამოქმედდა

დღეს, 31 მარტს, 21:00 საათიდან, ამოქმედდა  საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ წუთებიდან გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.

„შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, იმ სუბიექტების სატრანსპორტი საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.

გთხოვთ, დაიცვათ ეს რეჟიმი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, ფიზიკურ პირებზე – 3 ათასი ლარი, იურიდიულ პირებზე – 15 ათასი ლარი“, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის პერესსპიკერმა.

ამავე თემაზე:

ვის დასჭირდება სპეციალური საშვი 31 მარტიდან – კომენდანტის საათი

რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

31 მარტი ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ მოწყვლადი თემის სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც სექს-სამუშაოთი ირჩენენ თავს.

კვლევა: გენდერულად არაკონფორმულ ბავშვებს სკოლაში ბულინგისა და ძალადობის გამო ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამას ემატება ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც საბოლოოდ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ტრანსგენდერი ქალების სექსსამუშაოში მასიური ჩართვის მთავარი მიზეზია.

COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პიროებებში, ტრანსგენდერი ქალები ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ბევრი მათგანი ცხოვრობს ქირით და არის საფრთხე, რომ საკვების გარდა თავშესაფრის გარეშეც დარჩებიან.

„ქვიარ ასოციაცია – თემიდა“ განცხადებით ეხმაურება ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის დღეს და წერს, რომ „ტრანსგენდერი ადამიანები წელიწადში 365 დღე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით ცხოვრობენ“.

„თავისუფლად გადაადგილებას ბევრი ტრანსგენდერი ქალი და კაცი მხოლოდ გვიან საღამოს ახერხებს. მაგრამ დაცულობის განცდა არ გვაქვს არც დღისით და არც ღამით. გავრცელებული სიძულვილის გამო ახლაც, როცა ამ წერილს ვწერთ, ჩვენი მეგობარი, ტრანსგენდერი ქალი სიკვდილს ებრძვის.

„მსოფლიო პანედმიამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო სახელმწიფოს სოციალური სერვისების სიმწირე. უკვე ნათელია, ვის დააზიანებს ეს ვირუსი ყველაზე მეტად. ღარიბ მოსახლეობას და გარიყულ ჯგუფებს, ვისთვისაც უსახლკარობა, უმუშევრობა და სიღარიბე ყოველდღიურობაა“ – წერს „თემიდა“.

ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ მოახდინოს უსახლკარობის პრევენცია და შექმნას უფრო მეტი თავშესაფარი.

„უნდა შეიმუშავდეს საყოველთაო კრიტერიუმები და პროგრამა მოქალაქეთა ქირით უზრუნველყოფისთვის. … არსებული ტრანსფობიური გარემოს გამო ოჯახები ხშირად ძალადობენ ან უარყოფენ ტრანსგენდერ პირებს. ოჯახში ძალადობას ეს განზომილებაც აქვს და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს როგორც ამ ძალადობის პრევენცია, ასევე შესაბამისი სერვისებით მხარდაჭერა” – წერია მიმართვაში.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი, რომლის მიზანია შეგროვდეს თანხა, რომელიც თანაბრად გადაუნაწილდებათ მათ, ბინის ქირის, პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების შესაძენად, მსურველებმა შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჯგუფში მითითებულ ანგარიშებზე.

ზუგდიდში მარტოხელა პენსიონერებისთვის აქტივისტები თანხას აგროვებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერებისათვის სამოქალაქო აქტივისტები თანხას აგროვებენ.

საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო  კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში აკრძალულია შიდაგადაადგილება ნებისმიერი სახის მუნიციპალური ტრანსპორტით. ასეთ დროს  განსაკუთრებით რთულ დღეში ის მოხუცები აღმოჩნდნენ, ვისაც არც საკუთარი ავტომანქანა და არც ტაქსის ფული აქვს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთი კვირაა დაიწყო სურსათის დარიგება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუმცა ფაქტია, რომ არც ისე დიდი რესურსების გათვალისწინებით, შესაძლოა, მუნიციპალიტეტი ვერ მისწვდეს ყველა ოჯახს.

ამიტომ არჩილ თოდუამ და მე გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ კამპანია მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების დასახმარებლად ზუგდიდში. 9 აპრილამდე მივიღებთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულებას მოქალაქეებისგან, რათა აღდგომის წინა დღეებში პენსიონერებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს პირველადი საჭიროების სურსათი შევუძინოთ და დავურიგოთ,“ –  ამბობს მალხაზ ჭკადუა.

თანხის შეგროვება 30 მარტს დაიწყეს. მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში 2500 ლარის მობილიზება შეძლეს. მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიიდან წამოიღებენ, ხოლო შემოწირულობის და გაწეული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ.

სურვილის შემთხვევაში თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ მარტოხელა პენსიონერებს ზუგდიდში.

______________

ფოტოზე: არჩილ თოდუა და მალხაზ ჭკადუა, საქველმოქმედო კამპანიის ინიციატორები

შემიძლია თუ არა ჩავიტარო ფასიანი ტესტი კორონავირუსზე? – ინტერვიუ

კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით, ადამიანების ნაწილს სურვილი აქვს ჩაიტაროს ტესტი იმ შემთხვერვაშიც კი, თუ ტესტი ფასიანი იქნება. შეუძლიათ თუ არა ამ მომსახურების მიღება დღეს ადამიანებს ბათუმში და თუ არა, რა ზომებს უნდა მიმართონ ვირუსის დროულად დასადგენად? ამ თემაზე „ბათუმელები“  აჭარის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორს, ოჯახის ექიმს, დალი დავითაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო დალი, ადამიანებს აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა დღეს აჭარის მასშტაბით რომელიმე კლინიკაში მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე, თუნდაც თანხის გადახდა დასჭირდეთ?

სურვილის მიხედვით პაციენტს ტესტირების ჩატარება არ შეუძლია, რადგან ტესტების რაოდენობა შეზღუდულია და უტარდებათ მხოლოდ რისკჯგუფის პაციენტებს.  ტესტებს  ველოდებით ყოველდღე, თუმცა სურვილისამებრ არც მაშინ არ იქნება ტესტირება შესაძლებელი. ტესტი მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით ჩაუტარდება პაციენტს.

  • ამ შემთხვევაში, რომელი ექიმი წყვეტს, ტესტი უნდა ჩაუტარდეს პაციენტს თუ არა? ოჯახის ექიმი, თუ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს ადამიანმა?

სასურველია, ადამიანმა დისტანციურად მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციისთვის, თუმცა, შეუძლია ასევე დარეკოს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და ექიმები დისტანციურად გაუწევენ კონსულტაციას.

  • მაგალითად, თუ ადამიანს 3 დღის განმავლობაში აღენიშნება 37 გრადუსი ტემპერატურა და არ აქვს სხვა სიმპტომი – ხველა ან სუნთქვის გაძნელება, ამ შემთხვევაში ის თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს, თუ უნდა ჩაიტაროს ტესტი?

ახლა არის სეზონური დაავადებები, რომლებიც არანაირად არ არის კავშირში კორონავირუსთან. კორონავირუსის გამო მოსახლეობაშიც ძალიან დიდი ფსიქოემოციური დატვირთვაა, მაგრამ მხოლოდ 37 გრადუსი ტემპერატურა არ ითვალისწინებს სტაციონარში მიმართვას. ამ მაჩვენებლით ახლაც მიმართავენ ინფექციურ საავადმყოფოს ადამიანები, რაც არ არის სასურველი, რადგან ინფექციურში უფრო მაღალია დაავადების გადადების რისკი.

  • რა უნდა იყოს მაღალი ტემპერატურის თანმხლები სიმპტომი, რომ პაციენტს ტესტი ჩაუტარდეს?

სტაციონარს მიმართავენ მხოლოდ ის პაციენტები, ვისაც 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ეს გრძელდება ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში.  ასევე, უნდა შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, უმადობა, საერთო სისუსტე ხომ არ ახასიათებს და ა.შ. მაღალი ტემპერატურის დროს პაციენტი უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში და დაიცვას პროტოკოლით დადგენილი წესები.

  •  მაღალი ტემპერატურის დროს თუ არის გამართლებული სიცხის დამწევის მიღება?

მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის საჭირო, თუ მხოლოდ 37 გრადუსი  ტემპერატურა აღენიშნება ადამიანს, არც ანტიბიოტიკის საჭიროება არსებობს.  თუკი სხეულის ტემპერატურა არის 38 გრადუსი და მეტი, სიცხის დამწევს მხოლოდ მაშინ იყენებს პაციენტი.

სხვა შემთხვევაში,  როგორც ჩვეულებრივი ვირუსის დროს, პაციენტმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე,  დაიცვას ჰიგიენა, ხშირად უნდა გაანიავოს ოთახი და ა.შ.

  • ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ კორონავირუსი შესაძლოა განვითარდეს უსიმპტომოდაც. კარანტინის მდგომარეობაში ადამიანები ძირითადად არიან სახლში, ოჯახის წევრებთან. თუკი მოხდება ვირუსის გვიან გამოვლენა, ეს ხომ არ გაზრდის დაინფიცირებულთა რიცხვს?

დიახ, მაგრამ როცა მაღალი ტემპერატურა აღენიშნება ადამიანს, ასეთ დროს ვარკვევთ, ხომ არ იყო საეჭვო კონტაქტები რისკჯგუფებთან; პაციენტი ხომ არ იმყოფებოდა აქტიურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, იყო თუ არა აფთიაქში ან მაღაზიაში, სადაც არ იყო დაცული დისტანცია.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მზაობა, რომ თუკი საჭიროება იქნება, აუცილებლად ჩატარდება ტესტი, მაგრამ ჯერ კლინიკებში  არ არის შემოტანილი ტესტები.  უბრალოდ, წინსწრებით ხდება კადრების გადამზადება, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს ტესტების დროული გაკეთება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადამზადება ახლა მიმდინარეობს აქტიურად და 2-3 დღის განმავლობაში გვეყოლება გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, ვამზადებთ ოპერატორებს, ლაბორანტებს, თუკი ამბულატორიებზე წამოვა დატვირთვა. ამბოლატორიული მომსახურებაც მოხდება დისტანციურად  და ადამიანები ექიმის კონსულტაციებს ტელეფონით მიიღებენ.

  • რა ნომერზე შეუძლიათ პირველი აპრილიდან დარეკვა პაციენტებს აჭარაში?

პირველი აპრილიდან რეგიონის პაციენტებს გადმოამისამართებენ პირველ პოლიკლინიკაში და საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, ამ ორ დაწესებულებაში იქნება ცხელი ხაზი 24- საათიანი რეჟიმით, სადაც მიიღებენ ადამიანები დისტანციურად ექიმის კონსულტაციას. მანამდე კი ჩვეულებრივად შეუძლიათ დარეკონ 112-სა და 144-ზე.

ბათუმის ინფექციურს 23-მა პირმა მიმართა, მათგან შვიდს ანალიზს ჩაუტარებენ

ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტს აკვირდებიან – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავად მიმართეს საავადმყოფოს, რადგან აღენიშნებათ რესპირატორული ინფექცია და ეჭვი აქვთ CIVID-19-ზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-დან შვიდ პირს საეჭვო სიმპტომები აქვს, ამიტომ მათ ლაბორატორიულ ანალიზებს ჩაუტარებენ, ხოლო 16 პირს დააკვირდებიან, საჭიროების შემთვევაში კი მათაც გამოიკვლევენ.

დღეს, 31 მარტს, ბათუმში დაწყებული თერმოსკრინინგის შემდეგ მაღალი ტემპერატურა რამდენიმე პირს აღმოაჩნდა – ამის შესახებ აჭარის პოლიციის უფროსმა განაცხადა. კოტე ანანიაშვილის ინფორმაციით, ამ მოქალაქეებს მისცეს რეკომენდაცია შესაბამისი მედპუნქტებისთვის მიემართათ.  არიან თუ არა ამ 23 პაციენტს შორის პირები, რომლებსაც დღეს თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ჯერჯერობით უცნობია.

ბათუმში, ამ დროის მონაცემებით [18 სთ], 8 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. ყველა მათგანი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება. ორ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, იგი რამდენიმე დღეა ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

ამავე თემაზე: 

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

კარანტინიდან მოქალაქეების სხვადასხვა რეგიონში გადასაყვანად ბათუმი 50 000 ლარს დახარჯავს

ბათუმში განთავსებული საკარანტინო ზონებიდან 2000-მდე მოქალაქის ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადახსხვა რეგიონში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით“ – აცხადებს მერია.

მიკროავტობუსებით მოქალაქეთა ეტაპობრივად გადაყვანაზე ხელშეკრულება ქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან 50 ათას ლარზე გააფორმა.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული რეისების მიხედვით. შესაბამისი თანხა ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ბათუმის მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ გააფორმა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილებამ უმოკლეს ვადებში მოახდინა ბაზრის კვლევა, თუ რა ეღირებოდა საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირება M2 კატეგორიის ავტობუსებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით, შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატრანსპორტო კომპანიასთან,“ – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

„აჭარტრანსრეგულირება“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც მერიის მიერ გაცემულ ლიცენზიას [ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე] ფლობს.

ბათუმში და მთლიანად ქვეყანაში კი, მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა 22 აპრილამდეა აკრძალული, საგანგებო მდგომარეობის გამო.

30 მარტის მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფებოდა 2000 ადამიანი, ამ დროისთვის საკარანტინო ვადა გაუთავდა და ზონა დატოვა 300-მდე მოქალაქემ. ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

ამავე თემაზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

 

კორონავირუსი აქვს პირს, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა კახეთში

კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდას, რომელიც კახეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

გურჯაანის მერიის განცხადებით, ახალგაზრდა 19 მარტს ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩავიდა თბილისიდან კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე,“ – აცხადებს გურჯაანის მერია.

ამ დროის მონაცემებით [31 მარტი, 17 სთ] საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 21.

მოვუწოდებთ მთავრობას, პანდემიის პირობებში შეიმუშაოს სოციალური დაცვის მექანიზმები – EMC

როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გლობალური პანდემია, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, უმუშევრობის ახალ და მასშტაბურ ტალღას ქმნის. უმუშევარად დარჩენილ უამრავ მოქალაქეს პრობლემა შეექმნა როგორც ყოველდღიურ სარჩოზე, ისე კომუნალურ გადასახადებსა და ქირით უზრუნველყოფილ საცხოვრებელზე. ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუჟღერებია თავისი სტრატეგია ამ ადამიანებთან მიმართებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დანერგოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც დაფარავს ყველას, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში დაკარგა ან დაკარგავს შემოსავალს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავოს და დანერგოს ეფექტური სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც პანდემიის პირობებში მასშტაბური სოციალური კრიზისის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს; არსებული საჭიროებების შეფასება მოხდეს არა არსებულ საარსებო მინიმუმზე დაყრდნობით, არამედ საგანგებოდ შემუშავებული მეთოდოლოგიით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ საჭიროებებს ითვალისწინებს; ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულებისთანავე დაიწყოს მუშაობა უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნის მიმართულებით“ – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში. 

მიმართვაში EMC-ი წერს, რომ სოციალური დაცვის სისტემები მომავალი თვეების განმავლობაში ინტენსიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან, მათი მოუმზადებლობა კი შესაძლოა მასშტაბური სოციალური კრიზისის წინაპირობა გახდეს.

„იმ პირობებში, როცა ქვეყნის მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არ აქვს, უმუშევრობის დაზღვევისა ან შემწეობის გარეშე დასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში პირველადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის რისკის ქვეშ ექცევიან. ასეთ ვითარებაში უმუშევრობის დაზღვევას და/ან უმუშევრობის შემწეობას სოციალური დაცვის ველის შექმნა შეუძლია, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მინიმალური საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა – აღნიშნულია განცხადებაში.

EMC-ი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ზოგიერთი ქვეყანა უმუშევრობის სადაზღვევო ფონდებსა და შემწეობის პროგრამებს აფართოებს, რათა მათ მოულოდნელად გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ. ამის მაგალითია აშშ, სადაც უმუშევართა შემწეობა დროებით $600-ით იზრდება, სახელმწიფო კი თითოეულ მოქალაქეს, რომელიც წელიწადში $75,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ერთჯერადი დახმარების სახით $1,200-ს გადასცემს. სხვა სახელმწიფოები უმუშევრობის ზრდის თავიდან ასაცილებლად დამსაქმებლებს სახელფასო ხარჯების დასაფარად სტიმულირების პაკეტებს სთავაზობენ. მაგალითად, დანია დამსაქმებლებს ივნისამდე დასაქმებულების ხელფასების 90%-მდე დაფარვას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემცირებებზე უარს იტყვიან. მსგავსი პროგრამები შეიმუშავეს დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდების სამეფოშიც.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი სისტემა საქართველოში არ არსებობს, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეიმუშავოს და დანერგოს სოციალური შემწეობის მოქნილი, დროებითი პროგრამა, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს იმ შემოსავლით უზრუნველყოფს, რაც მათი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სჭირდება,“ – წერია განცხადებაში.

ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს სპეციალური ავიარეისით ჩამოიყვანენ ბულგარეთიდან

სპეციალური ჩარტერული რეისით ბულგარეთიდან, კერძოდ, ქალაქ ბურგასიდან საქართველოში ჩამოიყვანენ ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის [COVID-19] გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს საქართველოში გაივლიან.

ავიამომსახურებაზე შესაბამისი ხელშეკრულება [რეისი: თბილისი-ბურგასი-თბილისი] სააგენტოსა და შპს „მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ს შორის უკვე გაფორმებულია. მომსახურების საორიენტაციო ღირებულება არის 21 800 ევრო.

დოკუმენტების მიხედვით, რეისის ღირებულება ავიაკომპანიის მიერაა განსაზღვრული. თუმცა, „ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულებას გამოაკლდება იმ გაყიდული ბილეთების ჯამური ღირებულება, რომელთა ანაზღაურებასაც მოახდენენ კერძო კომპანიები ან/და ფიზიკური პირები (არსებობის შემთხვევაში). გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციას მიმწოდებელი მიაწვდის შემსყიდველს რეისის დასრულების შემდეგ.“

„ბათუმელებმა“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ჰკითხა, რამდენ მძღოლს გადმოიყვანენ და ასევე, ხომ არ იგეგმება სხვა მოქალაქეების გადმოყვან ამავე რეისით. სააგენტოდან პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

რეისი დაგეგმილია ხვალ, 1-ელ აპრილს.

ბათუმში 25-სართულიან სახლზე დაშენებას აქ მცხოვრებლები აპროტესტებენ

ბათუმში, ფიროსმანის #18-ში, ექსპლუატაციაში მიღებულ 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს 26-ე სართულს დააშენებენ. მესაკუთრეს შესაბამისი ნებართვა აქვს. პარალელურად, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური სწავლობს ამ სახლის ამხანაგობის სახელით შესულ საჩივარს, თუმცა საჩივარი მშენებლობის პროცესს ვერ შეაჩერებს.

აქ მცხოვრებლები სახლის ექსპლუატაციის შემდეგ ამხანაგობასთან შეუთანხმებლად მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. კანონის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებული სახლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ახალი ნებართვის გაცემამდე, სავალდებულოა ამხანაგობის თანხმობაც.

ეს ის კორპუსია, სადაც 26-ე სართულის დაშენებას, სტუდიის მოწყობის მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობდა. სწორედ ამ მიზნით მაუწყებლის მენეჯმენტმა 492,2 კვადრატული მეტრი ფართობი [სხვენი], 88 596 აშშ დოლარად 2017 წელს მშენებელი კომპანიისგან – შპს  REAL PALACE -სგან შეისყიდა.

2017 წლის აგვისტოში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის მერიისგან რეკონსტრუქციის ნებართვა მიიღო და 26-ე სართულის დაშენებისა და აქ სტუდიის მოწყობის მიზნით მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. სახლის რეკონსტრუქციის ნებართვაზე ხელს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი აწერს.

2017 წლის ბოლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფიროსმანის #18-ში ოცდახუთსართულიან სახლზე 26-ე სართულის დაშენების მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, საბოლოოდ კი ეს პროექტი არ შედგა.

რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ეს ფართობი შმაგი გაბიანს ეკუთვნის, რომელიც ქობულეთში, დაბა ოჩხამურშია რეგისტრირებული. ის ამბობს, რომ მშენებლობის კანონიერი უფლება აქვს, რადგან ნებართვა გაანახლა. მისივე თქმით, მშენებლობას მეზობლები ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მას ეს ფართობი კომერციული ობიექტის მოსაწყობად სჭირდება. მეზობლებმა ასევე გვაჩვენეს ბრძანება, რომლითაც დაშენების უფლება მიიღო მოქალაქემ. მსგავს ბრძანებებს ხელს ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე აწერს ხელს.

„არ ვაპირებ არც რესტორნის და არც სხვა რაიმე სახის კომერციულ ობიექტს, ეს იქნება საცხოვრებელი, ვიყიდე კანონიერად, ნებართვაც მაქვს მერიისგან და მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა შმაგი გაბიანმა.

„ეს უნდა ყოფილიყო სტუდია, პროექტი არ შეცვლილა და სტუდიაში აპირებს ცხოვრებას? – მე წინააღმდეგი ვარ, რადგან მინდოდა მეცხოვრა ბოლო სართულზე და ვიყიდე ოცდამეხუთე სართულზე, რატომ უნდა დამაშენოს? – ნებართვა რომ გასცა თავის დროზე წინა მერმა, რამდენად კანონიერად გასცა, როცა ჩვენთვის არაფერი უკითხავს?! ეს ყველაფერი გაირკვევა,  რამდენად კანონიერია ნებართვა“, – ამბობს ამ სახლის მცხოვრები დიას ჯალაღონია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შმაგი გაბიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული სხვენი 2019 წლის იანვარში დაირეგისტრირა. ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვას, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა, ვადა გასული ჰქონდა. მისი განახლება გაბიანმა 2019 წლის მარტში შეძლო, თუმცა მეზობლებმა მშენებლობის დაწყების საშუალება არ მისცეს. აქ მცხოვრებლების განმარტებით, დაშენების გადაწყვეტილება მერიას არც მაშინ და არც ახლა ამხანაგობასთან არ შეუთანხმებია.

Exit mobile version