ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

29.04.2020 • 3895
ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

ის პირები, ვისაც აჭარის სარეზერვო ფონდიდან შეძენილი პროდუქტები გადაეცათ, განმეორებით სასურსათო კალათას კვლავ მიიღებენ, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში უთხრეს.

„სასურსათო კალათას მიიღებენ სხვებიც, თუმცა როდის და კონკრეტულად ვინ მიიღებს, კრიტერიუმების შერჩევაზე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტენთან ერთად და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში.

10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა.

სასურსათო პროდუქტს კვლავ სარეზერვო ფონდიდან შეიძენენ, რომელიც საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 3,8 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტში ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უახლოეს დღეებში უნდა დაამტკიცოს.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მარტის ბოლოს 367 332 ლარის ფარგლებში შეიძინეს პროდუქტები, რომლებიც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგდა.

„სასურსათო კალათა“ დაურიგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს და საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეებს.

სასურსათო კალათა შედგებოდა შემდეგი პროდუქტებისგან: ხორბლის ფქვილი – 5 კგ, შაქარი – 2 კგ, მარილი – 0,9 კგ, ბრინჯი – 2,4 კგ, წიწიბურა – 4 კგ, მაკარონი – 3 კგ,ზეთი – 2 ლ, შვრიის ფანტელი – 0,5 კგ.

ამ თემაზე:

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

მთავარი ფოტო: დასარიგებელი პროდუქტების დაფასოება / მარტი, 2020 წ./აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: