მთავარი,სიახლეები

 პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის საქმე – „ისინი არც კი გამოკითხეს“

18.05.2020 • 2258
 პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის საქმე – „ისინი არც კი გამოკითხეს“

„…არ გამოუკითხავთ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, ანუ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ლაშა მ. სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ნაცემი მოქალაქის ინტერესებს იცავს.

ამ შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა საქმეზე, სადაც პოლიციელების სავარაუდო პასუხისმგებლობა შესაძლოა დამდგარიყო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს პოლიციელები არც კი გამოუკითხავს, ინსპექტორი არც პოლიციელების ამოცნობით დაინტერესებულა. ნაცემ კაცს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თავის საქმეში ჩახედვის საშუალება არ მიეცეს და არ გაიგოს, მართლა იძიებს ინსპექტორი რამეს, თუ საქმე პირდაპირ თაროზე შემოდეს.

ბათუმში მცხოვრები მოქალაქე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 2 აპრილს, კომენდანტის საათის დროს, ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციელებმა მას სცემეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. ამ შემთხვევაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო. დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ, საიდანაც გვაცნობეს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. წერილობით მოვითხოვეთ, რომ ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა – ლ.მ. გამოთქვამდა მზადყოფნას ამოეცნო პოლიციელები, რომლებმაც მის მიმართ განახორციელეს ძალადობა. აღნიშნულზე გვიპასუხეს, რომ „საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ გადაწყდება ამოცნობის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი… ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის უფროსმა.

რა ეტაპზეა გამოძიება? – კითხვა დღესაც დავუსვით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. უწყების პრესცენტრიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ გამოძიება გრძელდება და დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

ლაშა მ.-ს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით საია-მ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა პროკურატურამ ამ სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა.

„იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო ორგანოების მიერ არ ხდება ლ. მ.-სთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ის დღემდე ვერ სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით. შესაბამისად, არ არის ეფექტურად ჩართული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა თუ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, რითაც ირღვევა მისი, როგორც დაზარალებულის უფლებები,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს სხვა საქმეებზეც, სადაც უკვე წლებია მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და გამოძიება არ სრულდება.

„ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციის თანამშრომლები არიან, სახელმწიფო არ რეაგირებს სათანადოდ… პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნავს იურისტი პაატა დიასამიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: