მთავარი,სიახლეები

ნავთობტერმინალის განმარტება ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობაზე“

19.05.2020
ნავთობტერმინალის განმარტება ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობაზე“

ამერიკელმა სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად, წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. ამერიკელი კონგრესმენები დოკუმენტებში მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე.

„ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“, – წერია განცხადებაში.

ეს წერილი კონგრესმენებმა 15 მაისს გაავრცელეს. დღეს, 19 მაისს, ამ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერმა. გიორგი გახარიამ უარყო ირანთან უკანონო ვაჭრობა. ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ წერილის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბათუმის პორტს, რაზეც უარი მივიღეთ. ვინაიდან ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს ერთი და იგივე ყაზახური სახელმწიფო კომპანია მართავას, ამიტომ  „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა ბათუმის ნავთობტერმინალის კომერციული დირექტორთან, დაირ კულეკეევთან.

  • ბატონო დაირ, ამერიკელმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, სადაც წერენ, რომ „ბათუმის პორტი ირანული ნავთობით უკანონოდ ვაჭრობის სამიზნე გახდა“. ბათუმის ნავთობტერმინალის ადმინისტრაციას რა პასუხი აქვს სენატორებისა და კონგრესმენების ამ განცხადებაზე?

პასუხი ძალიან მარტივია, ბათუმის ნავთობტერმინალი არ ახორციელებს ირანული წარმოშობის ტვირთების გადატვირთვას. ბათუმის ნავთობტერმინალი წარსულში ახდენდა შახდენიზის საბადოს ნედლი ნავთობის გადატვირთვას. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საბადოს დამუშავებაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე პარტნიორი: BP (28.8%), TPAO (19%), SOCAR (16.7%), Petronas (15.5%) LUKoil ( 10%), NIOC (10%). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ნავთობის მოწოდება შეწყდა 2018 წლის ნახევრიდან. თუკი არსებობს განცხადებები, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი ხელს უწყობს ან მონაწილეობს ირანული წარმოშობის ნავთობით ვაჭრობაში, ვაცხადებთ, რომ ასეთი განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ბათუმის ნავთობტერმინალს არ მიუღია, არ იღებს და არ ახორციელებს ირანული წარმოშობის ნავთობის ტრანსპორტირებას.

ბათუმის ნავთობტერმინალი წარსულში აწარმოებდა შახდენიზის საბადოს ნედლი ნავთობის გადატვირთვას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა კომპანია NICO. ამ ნავთობის მოწოდება შეწყდა 2018 წლის მეორე ნახევრიდან. 2018 წლის პირველი ნახევრის შემდეგ ნედლი ნავთობი აღნიშნული საბადოდან არ შემოსულა.

  • მაშინ, რა წყაროებსა და კვლევებზე დაყრდნობით გააკეთეს კონგრესმენებმა და სენატორებმა ეს განცხადება?

მე არ შემიძლია ვილაპარაკო და ვაკომენტირო ამერიკელი სენატორების მაგივრად. მე არ ვიცი, რა მონაცემების საფუძველზე აკეთებენ ისინი ასეთ განცხადებებს. სიმართლე გითხრათ, გავეცნობოდი მონაცემებს, რომლებიც ნახსენებია განცხადებებში. აზერბაიჯანში, საქართველოში არიან ხალხი, რომლებიც აწარმოებენ ამ სტატისტიკას. შესაძლებელია, მათ რამე არასწორად გამოხატეს…

  • თქვენ გამორიცხავთ, რომ უახლეს დღეებში ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდება დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ამ განცხადების შინაარსს?

მე არ გამაჩნია აზრი ამ საკითხზე. მაგრამ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ამ საბუთების ნახვა. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ბათუმის პორტში და ბათუმის ტერმინალში არ შემოდის არანაირი ნავთობი ირანიდან. მეტიც, არანაირი საქმიანობა არ ხორციელდება ამ რესპუბლიკის სახელით. არავითარი მსგავსი რამ არ ხდება. ნედლეულის მიღების პროცესში ჩვენ ვართ ბოლო პუნქტი. იმისათვის, რომ ნავთობი ირანიდან მოეწოდოს ბათუმში, მან უნდა გაიაროს დიდი გზა. თუ თქვენ გაგაჩნიათ ეჭვები ჩვენი მონაცემების თაობაზე, ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ საქართველოს რკინიგზასა და საბაჟოსთან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: