მთავარი,სიახლეები

20 მაისიდან ციხეში ამანათების შეგზავნა განახლდება

18.05.2020
20 მაისიდან ციხეში ამანათების შეგზავნა განახლდება

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ.

სამსახურის ცნობით, ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს სპეციალური ხსნარით.

„დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს,“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა: ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათებისა და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: