განათლება,მთავარი,სიახლეები

ვინ შეიძლება დარჩეს ნიშნის გარეშე სკოლაში და უწერენ თუ არა მოსწავლეებს „არას“

19.05.2020 • 3641
ვინ შეიძლება დარჩეს ნიშნის გარეშე სკოლაში და უწერენ თუ არა მოსწავლეებს „არას“

როგორ აპირებენ სკოლები მოსწავლეების საბოლოო შეფასებას, ვინ შეიძლება დარჩეს შეფასების გარეშე და უწერენ თუ არა „არას“ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინსწავლების პროცესში არ ან ვერ ერთვებიან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნატალია მგელაძეს და თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორს თეონა ყაჭეიშვილს ესაუბრა.

განათლების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ სკოლებს მოსწავლის საბოლოო შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი შესთავაზა, მათ შორის, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. ნატალია მგელაძის თქმით, კარგია, რომ სკოლებს არჩევანის შესაძლებლობა დაუტოვეს, რადგან ბევრი სკოლა, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში, ინტერნეტის არქონის თუ სხვა ბევრი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებს აქტიური სასწავლო პროცესის წარმართვას ონლაინ.

„ჩვენ ავირჩიეთ „ბ“ პუნქტი, სადაც წერია, რომ მოსწავლე უნდა შეფასდეს პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების და მეორე სემესტრის 6 კვირის შედეგების საფუძველზე, როცა სკოლაში ვიყავით. ამას ემატება ის გამოცდილება, რაც დისტანციური საშუალებებით განვახორციელეთ“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

დირექტორის თქმით, ეს რეალურია, რადგან სკოლა აპრილის დასაწყისიდან მთლიანად გადავიდა Microsoft teams-ის პროგრამაში. „ბუნებრივია, გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, რადგან სოფელში არიან წასული ან ნაკლებად აქტიურობენ ონლაინგაკვეთილებზე, ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

დირექტორის თქმით, თუ მოსწავლე ონლაინგაკვეთილებს არ ესწრება „არა“ არ ეწერება, თუმცა ონლაინგაკვეთილებში ჩართულობაზე სკოლა აგროვებდა ინფორმაციას და მონაცემებს აწვდიდა მშობლებს ინდივიდუალური ანგარიშების სახით.

„ამის საშუალებით, მშობლებმა გაიგეს რამდენი დავალება ჰქონდათ მათ შვილებს მიცემული, რამდენი შეასრულეს ან არ შეასრულეს. ამიტომ, მშობლების ნაწილი მაისში უფრო მეტად გააქტიურდა“, – გვითხრა ნატალია მგელაძემ.

თითქმის ყოველ წელს ყველა სკოლაში საუბარია ნიშნების ამაღლებაზეც ცალკეული მოსწავლეების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, როგორც მგელაძე გვეუბნება, მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და სკოლა შემაჯამებელი ტესტის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტს, აუმაღლოს თუ არა მოსწავლეს ნიშანი.

„კლასების მიხედვით დავითვალეთ აპრილის მონაცემები. ყველაზე კარგი შედეგი, რა თქმა უნდა, გვაქვს დაწყებით საფეხურზე, შემდეგ საბაზო და ყველაზე მცირე რაოდენობა, ვინც ონლაინში აქტიურობდა, გვყავს საშუალო საფეხურზე, ანუ მე-12-კლასელები. მთლიანის 35 პროცენტია, ვინც ნაკლებად აქტიურობდა ონალინსწავლების დროს“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, ეს იმ მოსწავლეები არიან, რომლებიც არც პირისპირ სწავლების დროს აქტიურობდნენ და მასწავლებელი იძულებული იყო, რაიმე ფორმით მაინც ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის წლიური შეფასება 5-ზე ნაკლებია, ის მომდევნო კლასში ვერ გადავა.

„ტრადიციულად, ყოველთვის გვყავდა ასეთი მოსწავლეები და ალბათ ახლაც იქნებიან. შარშან საშემოდგომო დაახლოებით 20 მოსწავლეს გამოჰყვა. არ არის გამორიცხული, ახლაც აღმოჩნდნენ ასეთი მოსწავლეები, ამიტომ, მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მათთან, რომ 5 ქულა მაინც გამოუვიდეთ შეფასება“, – ამბობს დირექტორი.

კითხვაზე – საბოლოოდ რა შეფასებას მისცემს ონლაინსწავლებას და მიაღწია თუ არა სკოლამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ონლაისწავლება არ ყოფილა გათვლილი ამ მიზნებზე.

„ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ რთული საკითხები ამოგვეღო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და მათი შესწავლა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყოს. მაგალითად, პირველკლასელებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს სასწავლო პროცესი, ვერ მისცემ რთულ საკითხებს მათემატიკაში. სახლის პირობებში ძირითადი როლი მშობლებზე მოდიოდა, ყველა მშობელს კი არ შეუძლია ასწავლოს ბავშვს მათემატიკა ან უცხო ენა.  ის, რისი სწავლებაც დისტანციურ ფორმატში რთული აღმოჩნდა, ამოვიღეთ პროგრამიდან“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

დირექტორის თქმით, ონლაინსწავლებისას სკოლებმა აქცენტი გააკეთეს არა დავალებების ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. „უბრალოდ, ვაძლევდით განმავითარებელ შეფასებას.

ონლაისწავლებისას გამოჩნდა მოსწავლეთა დიფერენციაციის აუცილებლობაც. ეს ძალიან რთული იყო კლასშიც და ახლა მით უმეტეს, როცა ონლაისწავლებისას უფრო მეტად გამოჩნდა ამის საჭიროება. თუმცა ეს გამოცდილება შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი სასწავლო გეგმების დაწერისას“, – ამბობს მგელაძე.

თეონა ყაჭეიშვილი, რომელსაც 2019 წელს „საუკეთესო დირექტორის“ სტატუსი მიანიჭეს, თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. სკოლაში მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე 197 მოსწავლე სწავლობს.

მისი თქმით, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსწავლეები საბოლოოდ პირველი სემესტრის ნიშნების საფუძველზე შეაფასონ.  ეს არ ეხება მხოლოდ მე-5 კლასს, რადგან, როგორც დირექტორი ამბობს, მეხუთეკლასელები მეორე სემესტრის საფუძველზე უნდა შეფასებულიყვნენ.

„აქ უკვე მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში მიღებული ნიშნებითაც უნდა გამოვიყვანოთ საბოლოო ნიშანი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის განმსაზღვრელი შეფასებაც. სხვადასხვა სკოლამ შექმნა განმსაზღვრელი შეფასების ფორმა და ვფიქრობთ, რომ ეს შეფასება ინდივიდუალურად გამოვიყენოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები“.

თეონა ყაჭეიშვილის თქმით,  დისტანციურ სწავლებაში 190 მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, 5 ბავშვი ტელეფონით ერთვებოდა მშობლის დახმარებით, ორი მოსწავლე კი როგორც დირექტორი ამბობს, „ფსიქოემოციური პრობლემების გამო“ ვერ ახერხებდა ჩართვას.

„ზოგიერთი ბავშვი ადვილად იღლებოდა ან მშობელს არ ჰქონდა უნარი, რომ დახმარებოდა, მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის მთავარი კომუნიკაცია და სოციალური უნარებია. მშობელთან მარტოდ როცაა, ასეთ გარემოში ეს უნარები არ ვითარდება და ალბათ, ამის დანაკლისი ექნებათ“, – ამბობს  თეონა ყაჭეიშვილი.

დირექტორის თქმით, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თითოეულ ბავშვზე ცალკე რუტინა შეიქმნა, რაც მათ აკადემიური უნარების განვითარებაში დაეხმარა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: