მთავარი,სიახლეები

„თვეში 700 ლარი მაქვს ბანკში გადასახდელი“, – გიდები სახელმწიფო მხარდაჭერის მოლოდინში

18.05.2020 • 2154
„თვეში 700 ლარი მაქვს ბანკში გადასახდელი“, – გიდები სახელმწიფო მხარდაჭერის მოლოდინში

ლელა გოგავა 13 წელია გიდია. ტურისტულ სეზონზე 6-7 თვე მუშაობდა უწყვეტად და გამომუშავებულ ხელფასს მთელ წელზე ანაწილებდა. ახლა კი ლელასთვის, მისი პენსიონერი მშობლებისა და 2 სტუდენტი შვილისთვის შემოსავლის წყარო ხანდაზმულთა პენსიაა.

„გიდების ასოციაციებს, ტურიზმის დიდ ფეისბუქჯგუფებს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავარაუდო შეღავათებზე გიდებისთვის პანდემიის პირობებში. 25 ათას ლარამდე მაქვს საბანკო ვალდებულება. თვეში 700 ლარის გადახდა მიწევს. თუ ტურიზმი არ აღდგა ან სესხები კიდევ არ გადავადდა, ივნისის ბოლოსაც არანაირი შანსი არ მაქვს ამ თანხის გადახდის. სხვა სამსახურის პოვნაც ასე სწრაფად ძალიან გამიჭირდება. სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ვარ. ჩვენს ასოციაციაში წელს ბევრს აქვს ასეთი პრობლემა. ერთმა გიდმა ბანკის სესხი აიღო, რომ მარანი და ვენახი გაეკეთებინა. ზაფხულის შემოსავლის იმედად იყო. ბევრ გიდს აქვს სხვადასხვა საბანკო ვალდებულება, რასაც ივნისის ბოლოს შეღავათის გარეშე ვერ გადაიხდის“, – ამბობს ლელა გოგავა. მისი ყოველთვიური შემოსავალი თვეში დაახლოებით 2700 ლარი იყო, ახლა კი შესაძლოა მიიღოს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ან მთავრობის მიერ დაანონსებული 200 ლარი 6 თვის განმავლობაში.

ლელა გოგავა – ფრანგულენოვანი გიდი

თიკოა დუღაშვილი თბილისიდან კახეთში, ახალსოფელში რამდენიმე წლის წინ გადასახლდა და ძველი სახლი ტურისტულ ადგილად აქცია. თიკას „ღვინის ეზო №1“ ახლა ტურისტებს ვერ იღებს და წელს ამ ბიზნესიდან შემოსავალი საერთოდ აღარ აქვს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დიდი ფინანსური რისკები არ გაუწევია ტურისტული ბიზნესის დაწყებისას და საბანკო ვალდებულებებიც არ აქვს.

თიკა დუღაშვილი ტურისტებთან ერთად, ღვინის ეზო№ 1

თიკასგან განსხვავებით ფრანგულენოვანი გიდი, მარიამ გ. (ვინაობა შეცვლილია) ამბობს, რომ მთლიანადაა დამოკიდებული გიდის ხელფასზე და სამთვიანი შეღავათი ბანკებისგან დიდს ვერაფერს წყვეტს მისთვის.

„არის დაპირება მთავრობისგან, რომ გვიშუამდგომლებს ბანკებთან შეღავათებისთვის. ახლა მთავარია რა სახე ექნება ამ შეღავათებს. ძალიან ბევრი გიდია ჩემ ირგვლივ, ვისთვისაც შემოსავლის წყარო მხოლოდ გიდობაა. შემოთავაზებაა, რომ გრანტები გამოიყოს მცირე ბიზნესისთვის, ვისაც უკვე რაიმე საქმე აქვს ხელში და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზოგს ეს პარალელური საქმე არ აქვს.

ჩემი ყოველთვიური საბანკო ვალდებულება 500 ლარია. ჩემი მრავალსულიანი ოჯახი ძირითადად ჩემზეა დამოკიდებული, დანაზოგი აქამდე მეყო, მერე რა იქნება, არ ვიცი. ტურიზმი თუ არ აღდგა, საბანკო ვალდებულებებს ვერ გადავიხდი. მართალია, ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება, მაგრამ ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ საკმარისად ჩამოვლენ ჯგუფები. მაქვს კავშირი ჩემს ტურისტებთან, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან თითქმის და მათი 80% ამბობს, როცა ვეკონტაქტებით, რომ მოგზაურობას წელს არ აპირებენ“, – ამბობს მარიამი.

ინგლისურენოვანი გიდი, სულხან წულუკიძე ამბობს, რომ ტურისტულ სააგენტოებს პირველი ივლისიდან ფრენების აღდგენა დიდ იმედებს აძლევს, რადგან საქართველო ახალ კორონავირუსთან კარგად მებრძოლ, ,,მწვანე ზონაშია და შესაძლოა ამან წელს ტურიზმზე კარგად იმოქმედოს.

„სლოგანიც ჰქონდათ ასეთი სააგენტოებს: ,,გადადე – არ გააუქმო“, მაგრამ ცხადია არ არსებობს გარანტიები, თუ რამდენი ტურისტი ჩამოვა და რა ინტენსივობით. არამარტო გიდები: ავიაკომპანიები, რესტორნები, სასტუმროები არიან დამოკიდებული ტურიზმზე“, – ამბობს სულხან წულუკიძე. მისი საბანკო ვალდებულება ბინის იპოთეკური სესხია, რასაც, როგორც თავად ამბობს, ივლისის ბოლომდე სავარაუდოდ გადაიხდის, მაგრამ მერე სახელმწიფო შეღავათების იმედი აქვს. სულხანი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური შეღავათი იქნება გიდებისთვის, თუ ხელფასის ჩარიცხვამდე გადაავადებს სახელმწიფო საბანკო ვალდებულებებს, თუმცა სხვადასხვა გიდს შესაძლოა ტურისტების ჯგუფები პირველად ჰყავდეს ივლისშივე, ზოგს სექტემბერში ან სულაც სეზონის ბოლოს.

სულხან წულუკიძე, ინგლისურენოვანი გიდი

საბანკო ვალდებულებების გადავადება მხოლოდ ერთ-ერთი საკითხია, რაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა მთავრობასთან შეხვედრისას დააყენეს.

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი დარციმელია ამბობს, რომ შეხვედრა მთავრობასთან საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მოლაპარაკებები გრძელდება.

შეხვედრაზე ტურიზმში დასაქმებულებმა 5 საკითხი გაიტანეს განსახილველად:

  1. გიდების რეგისტრაცია, რომ აღრიცხვის შედეგად მიეწოდოს ცალკეული გიდის პორტფოლიო შემოსავლების სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ერთი მხრივ დასაქმებულთა აღმრიცხავი და დახმარების გამცემი ორგანოა პანდემიის პირობებში.
  2. სახელმწიფო კომპენსაციის საკითხი: ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებაზე დაყრდნობა შეუძლებელია, რადგან გიდების უმრავლესობა თავად არჩენს ოჯახს. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში, ასევე სამუშაო პერიოდად არა 2020 წლის პირველი კვარტლის იანვარი-მარტის პერიოდი, არამედ 2019 წელი.
  3. შუამდგომლობა საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან, გიდების საბანკო ვალდებულებების შესაჩერებლად, გადასავადებლად, ისე, რომ ამის გამო ჯარიმა არ დაირიცხოს.
  4. უსაფრთხოების საკითხი: გაიხსნას ტურიზმი, ნიშნავს გიდის ვალდებულებას, მომზადებას. როგორც ტრანსპორტს, რესტორნებს აქვთ ვალდებულება პანდემიისას უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური და დისტანცირების წესების დაცვის, ასევე აქვს ეს ვალდებულება გიდსაც: აუცილებელი იქნება პირბადე, ხელების დამუშავება და ა.შ. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ბიზნესის ვალდებულებაა შესაბამისი ტრენინგი ჩაუტაროს თანამშრომლებს. საჭიროა შემუშავდეს გიდების და ტურისტების უსაფრთხოების გაიდლაინები, რითაც განისაზღვრება როგორ იმოქმედებს ტურისტული სექტორი.
  5. ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო განიხილავს გიდების სერტიფიცირების აღიარების საკითხს, რაშიც საერთაშორისო დონორები და ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

როგორც შეხვედრის უშუალო მონაწილე, გიორგი დარციმელია ამბობს, უნდა აღირიცხოს რა სახის საბანკო ვალდებულებები აქვთ გიდებს და რომელ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან.

„პრობლემის რეალური გადაწყვეტა არის გიდის დასაქმება, მისი შემოსავალი და არა 200, ან 300-ლარიანი დახმარება. ვიცით, რომ დახმარება ვერ იქნება ხელფასის ტოლი, გვესმის სახელმწიფოსი და შევთავაზეთ ალტერნატიული დასაქმების გზების ძიებაც. შესაძლებელია ორგანიზაციული პროექტების მომზადება, ინიცირება და დაფინანსების მხარდაჭერა, ინდივიდუალური საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა. მთავრობისგან მივიღეთ პასუხად, რომ დაგვაკავშირებენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში“ და ა.შ.“ – ამბობს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: