მთავარი,სიახლეები

ფირუზ ბოლქვაძე: არ ვაპირებ კოლეგებზე ძალადობას

02.03.2020 • 3420
ფირუზ ბოლქვაძე: არ ვაპირებ კოლეგებზე ძალადობას

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე პარასკევს, 28 თებერვალს, დანიშნეს. მის ამ პოზიციაზე დანიშვნას მაუწყებელში ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ მასთან თანამშრომლობას.

საინფორმაციო სამსახურის პროტესტის მიზეზი მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებებია, რომლის შედეგადაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გაუქმდა და ამ პოზიციაზე მყოფი მაია მერკვილაძე, რომელიც მაუწყებლის მთავარი გამოშვების რედაქტორიც იყო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მის გათავისუფლებას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა, მათ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართეს – დაეხმარონ მაუწყებელს სარედაქციო დამოუკიდებლობის გადარჩენაში, რადგან ახალი დირექტორი თავიდან იშორებს არასასურველ კადრებს.

როგორ აპირებს ფირუზ ბოლქვაძე რედაქტორად მუშაობას საინფორმაციო სამსახურში პროტესტის ფონზე? – მან გვითხრა, რომ დღეს სამსახურში იყო, თუმცა დილით, დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან პირადი მიზეზის გამო სამსახურში მისვლა დილით ვერ შეძლო და ჯერ მინიმალურადაა ჩართული სამუშაო პროცესში.

  • ფირუზ, ჟურნალისტები ერთგვარი წინააღმდეგობით შეხვდნენ თქვენს დანიშვნას, როგორ გეგმავთ მათთან მუშაობას?

ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ ვერ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ერთად. მე ვერ მოვისმინე მათგან არგუმენტირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ჩემი პიროვნება მიუღებელი რედაქტორის თანამდებობაზე, მითუმეტეს, რომ დანიშნული ვარ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, არ ვარ საინფორმაციოს მთავარი რედაქტორი. მე დავინიშნე იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე დანიშნული იყო ნინო ხაჟომია.

მე ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, ჩვენ წლებია ერთად ვმუშაობთ, ერთად ვქმნით იმ სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც სარგებლობს ნდობით და რომლის დაცვის საკითხი გვიდგას დღეს. მე ვთხოვ მათ, თუ მაინცდამაინც ასე კატეგორიულად მიუღებელია ჩემთან მუშაობა [თუმცა გაუგებარია რატომ], ვისაც აქვს პრეტენზიები, ჩამოაყალიბონ ეს წერილობით, არგუმენტირებულად, თუ რატომ არ უნდათ იმუშაონ ჩემთან, რატომ არის ჩემი კანდიდატურა მიუღებელი, რას ეფუძნება მათი ანტაგონისტური განწყობები, მიმართონ მენეჯმენტს და დაელოდონ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას. თუ მენეჯმენტი შეცვლის გადაწყვეტილებას და ჩამომაშორებს სარედაქციო საქმიანობას, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. თუ მენეჯმენტი არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, არსებობს უფლებამოსილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს დებულების თანახმად და ვთხოვ ჩემს კოლეგებს, არ შევუშალოთ ერთმანეთს ხელი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ იმას, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მაუწყებელმა იმუშაოს ნორმალურად.

  • როცა ჟურნალისტები აპროტესტებდნენ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენებს, მათთან ერთად არ ყოფილხართ. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გახდა თქვენ მიმართ უნდობლობის საფუძველი? 

არ გამოვრიცხავ, ესეც იყო, მაგრამ მე ყოველთვის ნათლად ვაფიქსირებდი პოზიციას და ვითხოვდი, მე თქვენს ყველა მოსაზრებას ვიზიარებ, თქვენს ყველა შიშსა და რისკებს ვიზიარებ, ვარ თქვენ გვერდით, ოღონდ ერთი პირობით, ამოვიღოთ ნათია კაპანაძის ფაქტორი. მე არ ვეთანხმებოდი ამას.

  • აღნიშნეთ, რომ ხაჟომიას ადგილზე დაინიშნეთ. რამდენიმე დღის წინ მაია მერკვილაძე მუშაობდა ამ თანამდებობაზე, რომლის წასვლასაც ნიუსრუმში მოჰყვა პროტესტი. ეს ფაქტორი თქვენთვის რამდენად გახდა დამაფიქრებელი, როცა მიიღეთ შემოთავაზება რედაქტორის თანამდებობაზე?

ბუნებრივია, იყო გარკვეულწილად დამაბრკოლებელი, მაგრამ მაუწყებელი არის კრიზისში, თუ დავუშვებდით იმას, რომ კიდევ ერთი უცხო ადამიანი მოვიდოდა მაუწყებელში ამ თანამდებობაზე, ისევ შეიქმნებოდა კომუნიკაციის პრობლემები, რაც მანამდე ვნახეთ. გადაწყვეტილება, რომ მე ჩავრთულიყავი პროცესში, ეფუძნებოდა იმას, რომ ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის აქამდე არსებობდა ნდობა და ურთიერთპატივისცემა.

რაც შეეხება იმას, რომ მე კითხვები დამისვეს – „რატომ არ მრცხვენია, რომ მაია მერკვილაძის ადგილი დავიკავე“, მოდით შევთანხმდეთ, ჯერ ერთი, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით ის შტატი, რომელზეც ქალბატონი მაია მუშაობდა გაუქმდა, ეს იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი. თუ საუბარია იმაზე, რომ ქალბატონი მაია მთავარ საინფორმაციოს გეგმავდა, ეს ჩემს უფლებამოსილებებში, რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე, არ წერია. მე ვარ რედაქტორი, რომლის რესურსი უნდა იქნას მიმართული შესაბამის საინფორმაციო გამოშვებებზე. ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული და მეც ველოდები დაზუსტებას. სხვა მხრივ, არც ერთ ორგანიზაციაში სახელობითი პოზიციები არ არსებობს, არ შეიძლება ჩვენ რომელიმე პოზიციას სახელი და გვარი დავარქვათ. კადრები იცვლება, ბოლქვაძე მიდის, მერკვილაძე მოდის, ან პირიქით – მერკვილაძე მიდის, ბოლქვაძე მოდის… უბრალოდ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმას, რომ ქალბატონი მაიას პოზიცია დავიკავე, თუმცა ჩემი კოლეგები თვლიან, რომ ასეა და უნდობლობის ერთ-ერთი მომენტი ალბათ ამას უკავშირდება.

  • თვეებია მაუწყებელში კრიზისი გრძელდება, ეჭვი თუ გაგიჩნდათ, რომ შესაძლოა ასე მომხდარიყო, როცა შემოგთავაზეს ეს თანამდებობა? იფიქრეთ თუ არა, რომ შესაძლოა, კოლეგებს, რომელთან ერთადაც წლებია მუშაობთ, მსგავსი უნდობლობა გასჩენოდათ თქვენ მიმართ?

ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ამ შემოთავაზებას მე არ ველოდებოდი.

  • ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

როცა იქნა არჩეული ახალი დირექტორი, მასთან მქონდა გაცნობით ხასიათის შეხვედრა. სხვათა შორის, მან კონკურსზე ისიც აღნიშნა, რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ვიყავი. ბუნებრივია, ამან განაპირობა ჩემი ინტერესი, ხომ არ ხედავდა ჩემს თავს სხვა პოზიციაზე და ხომ არ ფიქრობდა ჩემი რესურსის სხვა მიმართულებით გამოყენებას. მან მითხრა, რომ იფიქრებდა ამაზე. კონკრეტულად რაიმე პოზიციაზე საუბარი მაშინ არ ყოფილა, მან თქვა, რომ იფიქრებდა, სად შეიძლებოდა ჩემი რესურსის უფრო მასშტაბურად გამოყენება ტელევიზიაში.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემოთავაზებას, მე დამიკავშირდა თანაშემწე [დირექტორის] და მითხრა, რომ შემეძლო მიმემართა. ეს იურიდიული ფორმაა ყველა ორგანიზაციაში, როდესაც ხდება პოზიციის ცვლილება, დანიშვნა, იწერება განცხადება და შემდეგ დირექტორი აკმაყოფილებს ამ განცხადებას, რომ სამსახურში აყვანის ან რეპოზიციონირებისთვის იურიდიული საფუძველი შეიქმნას. შესაბამისად, თანაშემწე დამიკავშირდა და მითხრა, რომ რადგან მქონდა სურვილი სხვა მიმართულებით ყოფილიყო ჩემი რესურსი გამოყენებული, შემეძლო დამეწერა განცხადება, მიმართა დირექტორისთვის და მეთხოვა მისთვის რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანა. მას არ დაუკონკრეტებია, სად ვიქნებოდი რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანილი.

  • ანუ არ იცოდით, რომ ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე იქნებოდით?

არა, არ ვიცოდი. დღის ბოლოს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი თანხმობა რეპოზიციონირებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და ეს უკავშირდებოდა ქალბატონ ნინო ხაჟომიას გაშვებას და ჩემს დანიშვნას ამ პოზიციაზე.

  • თქვენ არ გაგჩენიათ ეჭვი, რომ სწორედ ამ პოზიციაზე იყო საუბარი?

ვერანაირად ვერ გამიჩნდებოდა ეჭვი, იმიტომ, რომ ადამიანი უკვე იყო დანიშნული ამ პოზიციაზე. ვერ მეცოდინებოდა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ტოვებდა საინფორმაციოში რედაქტორის თანამდებობას.

  • დღეს უკვე მუშაობთ?

დიახ, დღეს ვიყავი ნიუსრუმში, ახლა ვარ შეხვედრაზე, რომელიც ტარდება მაუწყებლის შესახებ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, აქ მოვსულიყავი და მესაუბრა. ახლა ვბრუნდები სამსახურში და გავაგრძელებ მუშაობას.

  • დღეს, იცით ალბათ, რომ ალტერნატიულ პროფკავშირს შეაქვს ოთხპუნქტიანი მოთხოვნა მაუწყებელში. ამის თაობაზე რას ფიქრობთ, თქვენ ხართ ამ პროფკავშირის წერი?

არა, მე არ ვარ ალტერნატიული პროფკავშირის წევრი. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რომ ნებისმიერი ჩემი კოლეგის შრომითი უფლებები იყოს დაცული და რეალიზებული და აქედან გამომდინარე მხარს დავუჭერ ყველა პროცესს, რომელიც მიმართული იქნება უფლებების დაცვისკენ.

  • თუ ეთანხმებით ამ მოთხოვნებს? სულ ოთხი მოთხოვნაა, იცით ალბათ.

დიახ, ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნები იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული, კანონმდებლობის ჩარჩოებში ჩამოყალიბებული და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გამყარებული. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მეტი მოლოდინი იარსებებს იმისა, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება. თუ სხვანაირად მოხდება, ბუნებრივია, ნაკლები იქნება შანსი, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და სხვა მიმართულებით წავიდეს პროცესი. მე ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მეც ველოდები, რა იქნება. შეიძლება ყველა მოთხოვნას არ ვიზიარებდე ამ ეტაპზე, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, მოთხოვნების ადრესატები ზუსტად და სწორად უნდა იქნას შერჩეული… ვნახოთ, ყველაფერს აჩვენებს პროცესი, იქნება მედიაცია და დიდი იმედი მაქვს, არ მივალთ გაფიცვამდე, მაგრამ თუ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაცვით მივა პროცესი გაფიცვამდე, მე ჩემი კოლეგების გვერდში დავდგები და მეც მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას.

  • აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ მოთხოვნას არ ეთანხმებით, რომელს კონკრეტულად? სტატუსკვოს აღდგენას [საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას]?

ამას ახლა ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან არ გავცნობივარ დეტალურად დოკუმენტს. როცა მეცოდინება ყველა მოთხოვნა და არგუმენტები, რას ეფუძნება ეს მოთხოვნები და რა ფორმით წარმოუდგენიათ მათი რეალიზება, ამის შემდეგ მექნება ამაზე პასუხი.

  • რომ გაგრძელდეს ნიუსრუმში თქვენ მიმართ წინააღმდეგობა, როგორ ხედავთ სამუშაო პროცესს? თქვენ აღნიშნეთ, რომ ვისაც პრეტენზია აქვს, სჯობს მიმართონ წერილობით მენეჯმენტს, ვთქვათ, მიმართეს და ისევ გაგრძელდა ეს პროცესი, როგორ მოიქცევით?

მე არ ვაპირებ ჩემს კოლეგებზე ძალადობას, აქ არ არის საუბარი იმაზე, მე მომისმენენ თუ არ მომისმენენ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საინფორმაციო სამსახურმა უნდა გააგრძელოს ნორმალურ რეჟიმში და სწორად მუშაობა. მე, რა ფორმითაც იქნება შესაძლებელი, საწყის ეტაპზე ჩავერთვები და მივიღებ მონაწილეობას, თუ იქნება ხელის შეშლა ამ პროცესში, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელის შეშლა, მარტივად რომ ვთქვათ, არის გადაცდომა და დარღვევა. მე, ბუნებრივია, არც ერთ ჩემს კოლეგას არ შევუშლი მუშაობაში ხელს, მათაც უნდა იფიქრონ იმაზე, რომ არც ჩემი უფლებები შელახონ და არ შემიშალონ ხელი ნორმალურად მუშაობაში, ესეც ჩემი უფლებაა, რომელიც მე კონსტიტუციით მაქვს გარანტირებული.

  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევის პროცესი იყო ძალიან ხანგრძლივი და რთული. მახსოვს თქვენი განცხადება, უკმაყოფილო იყავით ამ პროცესით, უმაღლეს საბჭოსაც მიმართეთ. როგორც განვითარდა ეს პროცესი და რა შედეგამდეც მივიდა, ვგულისხმობ ახალი დირექტორის არჩევას, თქვენთვის კითხვის ნიშნებს ტოვებს, თუ აღარ გაქვთ ეს კითხვის ნიშნები?

როგორ წარმოგიდგენიათ, ადრე მქონდა კითხვის ნიშნები, როცა ჟურნალისტი ვიყავი და ახლა, როცა რედაქტორად დამნიშნეს, აღარ მექნება?! მართლა ასე ფიქრობთ?!

  • არ ვიცი, ამიტომაც გეკითხებით.

თუ მე რაღაც პოზიციაზე დამნიშნეს, ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები გაქრება ჩემი დღის წესრიგიდან. სხვათა შორის, კოლეგებმა ამასთან დაკავშირებითაც დამისვეს კითხვა, პირველი მოადგილის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით ხომ არ მოიხსნა კითხვები დღის წესრიგიდანო [ფირუზ ბოლქვაძე მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსში, რომელშიც ვახო ხუზმიაშვილმა გაიმარჯვა]. მე მათ ვუთხარი და თქვენც გეტყვით – აუცილებლად გამოვითხოვ დოკუმენტაციას, გავივლი იურისტებთან კონსულტაციას და თუ იქნება დავის საფუძველი, აუცილებლად გავასაჩივრებ შედეგებს. სხვა მხრივ, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ რედაქტორის პოზიციაზე გადამიყვანეს, კითხვის ნიშნები არ გამქრობია და არც პოზიცია არ შემიცვლია. ისევე როგორც არ შემიცვლია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი იყო საფუძვლიანი და ეს არანაირ კავშირში არ იყო სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევასთან. უბრალოდ მას შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა შექმნა ისეთი ვითარება, რომ გააჩინა რეალური საფრთხეები სარედაქციო დამოუკიდებლობის შერყევის.

  • ანუ ახლა მიიჩნევთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს?

კი, ამის რისკებს ნამდვილად ვხედავ. ამ ნაწილში ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებებს და შიშებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შიშები უნდა დავძლიოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა და ჩვენმა მუშაობამ უნდა აჩვენოს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

  • ვისგან ემუქრება დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე მაუწყებელს?

ზოგადად ვითარებაა ისეთი შექმნილი, არასახარბიელო, არაჯანსაღი, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. როცა ხდება ცვლილება საინფორმაციო სამსახურში, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი და მოადგილე აღარ ჰყავს საინფორმაციო სამსახურს გარკვეული გარემოებებიდან და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობდა მაუწყებელში… როცა ასეთი ვაკუუმია შექმნილი, ეს გარკვეულწილად რისკებს აჩენს, ამას ვგულისხმობ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: