ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მესამედი მოხუცთა თავშესაფრიდანაა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანეთში, მადრიდის რეგიონში, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 4750 ხანდაზმული გარდაიცვალა, ესპანეთში დაღუპულთა საერთო მაჩვენებლის თითქმის მესამედი.  კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9 მარტის მონაცემებით ქვეყანაში 15 238-ია.

მადრიდის რეგიონი ესპანეთში გამონაკლისი არ არის. მოხუცთა თავშესაფრებში გარდაიცვალა 956 ხანდაზმული კასტილია ლა მანჩას რეგიონშიც, კატალონიის ხელისუფლებამ კი 15 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით მოხუცთა თავშესაფრებში გარდაცვალების 1100 შემთხვევა დაარეგისტრირა.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 152 446  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან თითქმის მესამედი: 52 ათასი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 15 238 ადამიანი.

გუშინ ესპანეთში 747 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათის განმავლობაში, ერთ დღეში გამოვლინდა კორონავირუსის 6278 ახალი შემთხვევა.

ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ყოველდღიურმა მზარდმა სტატისტიკამ ესპანეთში გასულ კვირას იკლო, თუმცა ბოლო დღეებში ისევ მოიმატა.

„რედიოჰედი“ შეზღუდვების დასრულებამდე კვირაში ერთხელ ძველ კონცერტებს აჩვენებს

„რედიოჰეიდი“, მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებული სოციალური იზოლაციისა და კარანტინის დასრულებამდე, თავის იუთუბის არხზე, ყოველკვირეულად გაუშვებს აქამდე ჩატარებული კონცერტების ვიდეოებს. ჯგუფმა ამის შესახებ გუშინ საღამოს, სოციალურ მედიაში განაცხადა.

მათი თქმით, პირველად აჩვენებენ 2000 წელს დუბლინში ჩატარებული კონცერტს. ჩვენება ამაღამ, საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.

 

„ახლა, როცა თქვენ არ გაქვთ არჩევანი, გაატაროთ თუ არა მშვიდი საღამო, ჩვენ გთავაზობთ ჩვენი ერთ-ერთი პირველი ლაივშოუს რედიოჰედის საჯარო ბიბლიოთეკიდან, რომელიც რედიოჰედის იუთუბის არხზე გავა…

ჩვენ გავუშვებთ კვირაში ერთ ვიდეოს, სანამ არ მოიხსნება არსებული ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვები, ან მანამ, სანამ არ გაგვითავდება ვიდეოების მარაგი. რომელი იქნება პირველი? – არავინ იცის,“ – წერია ჯგუფის ფეისბუქგვერდზე.

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეკლესია ჰოსპიტლად იქცა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდი გოთიკური ეკლესია კორონავირუსის პანდემიის დროს, საჭიროების შემთხვევაში, 200-მდე პაციენტს მოემსახურება – წერს ამერიკული მედია.

ეკლესიის შენობა ორშაბათს დაცალეს, გაიტანეს ათასობით სკამი, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ საწოლებისთვის.

ეკლესიაში ათი სამედიცინო პალატა განთავსდება კლიმატკონტროლით, სადაც 200-მდე პაციენტის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

„ისტორიის, ეკლესიის ტრადიციებისა და იესოს მაგალითზე ეკლესიებს ყოველთვის ჰქონდათ თავშესაფრის დანიშნულება ჭირისა და სხვა კრიზისების დროს,“ – განაცხადა მედიასთან ტაძრის მღვდელმსახურმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ი კორონავირუსის 432 438 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 24 125 ადამიანი, გარდაიცვალა – 14 808.

_______________

მთავარი ფოტო: nypost.com

„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

„ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობა ყველაზე ნაკლები კომპეტენციაა თვითმმართველობის“, – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მას კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე რთული ქცევის მქონე ბავშვების შესახებ ვკითხეთ – ხედავს თუ არა ადგილობრივი მთავრობა საკუთარ როლს, შეისწავლოს და შესთავაზოს მოზარდებს სპეციალურ პროგრამებში ჩართვა?

ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი მოზარდის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – 13 წლის გოგოზე, რომელიც სკოლაში აღარ დადის და არც სახლში გაჩერება სურს. სპეციალისტების აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობას ამ მიმართულებით ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია, რადგან ადგილზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ მოზარდებს. სპეციალისტები ამას ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ. ეს ვუთხარით ბათუმის მერსაც.

„ჩვენ შეგვიძლია რეაგირება გავაკეთოთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, ან რეკომენდაცია თუ იქნება მოცემული შესაბამისი ორგანოებიდან. ბავშვების პრობლემებით, არასამთავრობო სექტორიდან დაწყებული, სახელმწიფო უწყებებიც, ბევრი არის ფოკუსირებული, ეს ყველაზე ნაკლებად არის მუნიციპალიტეტის პირდაპირი კომპეტენცია.

ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროგრამა, ან მსგავსი ტიპის გამოცდილება. ეს მოითხოვს სოცმუშაკების ყოლას, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ექნებათ,“ – გვიპასუხა ლაშა კომახიძემ.

რატომ არ არის ეს თვითმმართველობის საქმე და რატომ არის შეუძლებელი სერვისის შექმნა, თუკი თვითმმართველობა ხედავს პრობლემას და ამჩნევს ბავშვებს, რომლებსაც, მაგალითად, ქუჩაში უწევთ ცხოვრება? – ბათუმის თვითმმართველმა მერმა გვითხრა, რომ ის მითითებებს ელის.

„მე არ ვამბობ, რომ ეს თვითმმართველობის საქმე არ არის. ვამბობ, რომ ეს არ არის თვითმმართველობის პირდაპირი სფერო. ამავე დროს, თუკი იქნება მსგავსი ტიპის რეკომენდაციები და მითითებები, რომ ეს არის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, თვითმმართველობა ჩაერთვება ამაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერს ასევე ვკითხეთ, ვისგან უნდა მიიღოს რეკომენდაციები და მითითებები, რომ თვითმმართველობამ ბავშვებზე ზრუნვა საჭიროდ მიიჩნიოს.

„მე კიდევ ერთხელ ვამბობ: იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამით არიან დაკავებული და მათი პირდაპირი კომპეტენციაა, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან დიალოგისთვის. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რა შეიძლება გაკეთდეს,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძემ ამ თემაზე ჩვენთან გასაუბრება წინა დღეებში საჭიროდ არ მიიჩნია. დღეს, 9 აპრილს, მასთან გასაუბრება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ნაწილის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ. ამ კითხვა-პასუხის შემდეგ ლაშა კომახიძე დაგვემშვიდობა, თუმცა ჩვენ მას ასევე ვკითხეთ:

„თქვენ ელოდებით, როდის მოგმართავენ სპეციალისტები? ისინი ღიად საუბრობენ ამ პრობლემაზე…“

„საკუთარ თავს თუ ელაპარაკებიან, არ ვიცი, ჩვენთან არ ლაპარაკობენ… რამდენიც არ უნდა ისაუბრო საკუთარ თავთან ახლა…“ – გვიპასუხა ლაშა კომახიძემ და სამსახურებრივ ავტომანქანაში ჩაჯდა.

„თქვენ რომ მიმართოთ, რატომაა ეს პრობლემა, თუკი ხედავთ, რომ პრობლემა არსებობს?“ – ვკითხეთ ბათუმის მერს.

„კარგად ბრძანდებოდეთ,“ – დაგვემშვიდობა ლაშა კომახიძე და ავტომანქანის კარი მიიხურა.

კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ორგანოს შექმნის კუთხით დღეს შეკითხვა თორნიკე რიჟვაძესაც დავუსვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„ბავშვთა უფლებები მნიშვნელოვანია…. გავეცნობი ამ საკითხს და დეტალებზე შემდეგ შემიძლია შეგხვდეთ და  ვისაუბროთ,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ. ჩვენ აჭარის მთავრობის პრესცენტრს კონკრეტული კითხვები მივაწოდეთ და პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

რამდენ მოზარდს სჭირდება აჭარის რეგიონში დახმარება და სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა, მაგალითად, სასპორტო კლუბის დაფინანსება, ან საცურაო აუზი, ან საგანმანათლებლო პროგრამა და ასე შემდეგ – ეს არავინ იცის, რადგან ამ თემაზე არავინ მუშაობს. სპეციალისტების თქმით, ეს აქტივობა მოზარდებში დანაშაულის პრევენციისთვისაა საჭირო.

ვიდრე თვითმმართველობა მოზარდებს ვერაფერს სთავაზობს, შეგვიძლია მხოლოდ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას გადავხედოთ.

გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს აჭარაში სულ 37 არასრულწლოვნის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდის 3 არასრულწლოვანი აჭარიდან, ერთი – ბრალდებულია.

პრობაციის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ამ დროისთვის ჩართულია აჭარაში მცხოვრები 51 მოზარდი. არასრულწლოვნების უმრავლესობას სწორედ ამ პროგრამაში რთავენ, რადგან ევროპული მიდგომით, ციხეში ჩასმა არასრულწლოვნისთვის გამოსავალი არ არის.

ფონდი „იალქნის“ დღის ცენტრის მომსახურებით ბათუმში რთული ქცევის მქონე 31 მოზარდი სარგებლობს.

____

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

____

ამ თემაზე:

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ

ქვიშხეთთან ავტოავარიის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან ერთად დაიღუპა. ბავშვების დედა მარიანა ქორიძე კი უმძიმესი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა, თუმცა ის, როგორც მკურნალი ექიმი ამბობს, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მარიანას ექიმის თქმით, შესაძლოა  ის სიცოცხლის ბოლომდე ამ მდგომარეობაში დარჩეს. ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

მარიანას მდგომარეობაზე მისმა ახლო მეგობარმა, ამირა კოპალიანმა მოგვწერა. მისი თქმით, სახელმწიფო დაზღვევა ერთ თვეზე მეტია ამოიწურა, მარიანა კი ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზეა.

„კლინიკაში დღიური გადასახადი 600 ლარია. ამას ემატება 56-60 ლარი კვების. რადგან მარიანა კომატოზურ მდგომარეობაშია, საკვებს ზონდით იღებს. ოჯახს კლინიკის ვალი დაუგროვდა. ამ ეტაპზე ამ ვალის დაფარვაში ანიტას ფონდი დაგვეხმარა 12 000 ლარით. თანხა ანიტას დედამ გუშინ ჩარიცხა, თუმცა ახალი ათვლა დაიწყო და ფინანსური დახმარება ისევ გვჭირდება“, – გვითხრა ამირა კოპალიანმა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში მარიანას დასახმარებლად კამპანია წამოიწყო, მაგრამ გაჩნდა უნდობლობაც. „თავდაპირველად ცალკეულმა სააგენტოებმა არასწორად გაავრცელეს ინფორმაცია, თქვეს, რომ  მარიანაც დაიღუპა. ეს ინფორმაცია ახსოვს ბევრს და გვეუბნებოდნენ, ხომ გარდაიცვალა დედაცო. ამიტომაც გვინდა სწორი ინფორმაციის გავრცელება, იქნებ გამოუჩნდეს მარიანას დახმარების მსურველები“, – გვეუბნება ამირა კოპალიანი.

მარიანა ქორიძე ამჟამად თბილისში კლინიკა „ჯერარსის“ რეანიმაციაშია. მკურნალი ექიმი დავით ყაზაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ვეგეტატიური მდგომარეობა აქვს (როდესაც პაციენტს არ შეუძლია გარე გაღიზიანებაზე რაიმე ხილული ფორმით პასუხის გაცემა).

„სასიცოცხლო ფუნქციები მეტ-ნაკლებად შევინარჩუნეთ, მაგრამ ნევროლოგიური მდგომარეობა არის მძიმე. პარალიზებული დარჩება და მუდმივად მოსავლელი იქნება“, – გვეუბნება ექიმი.

მისი თქმით, კიდევ რამდენს ხანს დარჩება  პაციენტი კლინიკაში, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია. „ერთ კვირაში შესაძლოა მზად იყოს გასაწერად, თუ რაიმე გართულება არ გაჩნდა, ოღონდ გაწერის შემთხვევაშიც, მას დასჭირდება მუდმივი საექთნო მეთვალყურეობა. შესაძლოა რაიმე შეიცვალოს მის მდგომარეობაში, თუმცა მაღალი შანსია, რომ ასე დარჩეს. პაციენტს 4-ჯერ გაუჩერდა გული, აქვს თავის სერიოზული ტრავმა“.

ამირა კოპალიანის თქმით, მარიანას ხანდაზმული, პენსიონერი მშობლები ჰყავს და ამ მდგომარეობაში შვილის მოვლას ვერ შეძლებენ. „ერთი ბინა აქვთ, თუმცა ვერც მას გაყიდიან, რადგან მარიანას სახელზეა. გარდა ამისა, კლინიკიდან გამოყვანის შემდეგ, მარიანას სპეციალური საწოლი დასჭირდება, თუ დამოუკიდებლად სუნთქვა ვერ შეძლო, მაშინ სასუნთქი აპარატი შესაძენი იქნება. ექთნის დაქირავებაც გახდება საჭირო, რადგან მარიანა ცხვირ-ხახის ზონდით იკვებება და მშობლები ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერა დაგვჭირდება ფინანსურად, რომ ექთანი ავიყვანოთ“.

„ბათუმელები“ მარიანას მშობლებსაც ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ბინის გაყიდვას ვერ შეძლებენ, რადგან ბანკის იპოთეკით არის დატვირთული. „სოფელში გვაქვს მამაპაპისეული სახლი და თუ ის გავყიდეთ, იქნებ რამეში წაგვეხმაროს“, – ამბობენ მშობლები.

 

მთავარი ფოტო: მარიანა ქორიძე შვილებთან ერთად/ფეისბუქი

გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“

პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის წესების კიდევ უფრო შესაძლო გამკაცრებაზე დღეს, 9 აპრილს, ისაუბრა და ის რეგიონები დაასახელა, სადაც, მისი ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების რთული კლასტერებია. პრემიერის ინფორმაციით, რთული ვითარებაა ქობულეთშიც.

ეპიდემიოლოგები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში გუშინ, 8 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს ასევე მუნიციპალიტეტის საავადმყოფოებში არსებული ვითარება. ამასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს დილით განაცხადა, რომ ქობულეთში ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს შიდაგადაცემის შემთხვევა, რომლის შედეგადაც ინფიცირებულია 6 პაციენტი:

„ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით აღრიცხულია 108 კონტაქტი, რომელთაც კავშირი ჰქონდათ 6 ინფიცირებულ პირთან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება კვლევა, პროტოკოლის დაცვით.“

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთში თვითიზოლაციაშია 15 ოჯახი, ეპიდემიოლოგები კი მუნიციპალიტეტში დღეს, 9 აპრილსაც, აგრძელებენ მუშაობას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, ერთ-ერთ ოჯახში, სტუმრად იმყოფებოდა 54 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამ პაციენტს უკავშირდება ლაბორატორიულად დადასტურებული ხუთი შემთხვევა ქობულეთში.

ამ პაციენტთან კონტაქტის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა – სულ 6 პირი, ასევე, სამედიცინო ცენტრ „მედინას“ 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი.  მოგვიანებით  გაირკვა, რომ სასწრაფოს პერსონალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

________

4 აპრილს 54 წლის ქალმა მუცლის მწვავე ტკივილის გამო 112-ზე დარეკა და სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფომ ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ვინაიდან ეროვნული პროტოკოლით მოწოდებული დეფინიციით არ შეესაბამებოდა პაციენტის ჩივილები სავარაუდო კოვიდ 19-ის კრიტერიუმებს, მას მხოლოდ მუცლის ტკივილის შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში 5 აპრილს, დილით, – განმარტეს სამედიცინო ცენტრში.

5 აპრილს, საღამოს, 54 წლის ქალმა სასწრაფო დახმარება მეორედ გამოიძახა. სასწრაფომ ქალი ამჯერად სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ეპიდემიოლოგები ქობულეთის საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციასაც შეისწავლიან.

ამ სოფელში 1089 ადამიანი ცხოვრობს.

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი განყოფილება გახსნეს [ფოტო]

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს გახსნეს.  ამ დროისთვის აღჭურვილია ორი განყოფილება – ემერჯენსი და რეანიმაცია. მთავრობის ინფორმაციით, საავადმყოფოს ახალ შენობაში covid 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ.  ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი თანხა დაიხარჯა ორი განყოფილების აღჭურვისთვის, როგორც მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესსექტორმაც, თუმცა ვინ რამდენი გაიღო, ჯერ არც ეს ვიცით.

გახსნის ღონისძიებაზე მისულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ კლინიკის სრული აღჭურვისთვის შესაბამისი თანხა წლის ბოლომდე გაჩნდება ბიუჯეტში.

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, კლინიკას ათი ერთეული სასუნთქი აპარატი გადასცეს.

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილება

ემერჯენსი

ქართველი მეზღვაური: ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გამოვიყვანეთ [ვიდეო]

„გუშინ გემ BELLATRIX-ზე ხანძარი გაჩნდა. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია მსხვერპლის გარეშე და გემზე ამოვიყვანეთ ეკიპაჟის 12-ვე წევრი“, – ეს კომენტარი და ვიდეომასალა 2 საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი თუშმალიშვილმა გამოაქვეყნა.

„სამაშველო ოპერაცია ქართველი მეზღვაურების მონაწილეობით განხორციელდა. ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდ „არიფეზე“ (ARIFE). აღნიშნულ გემზე საქართველოს ექვსი მოქალაქეა დასაქმებული“, – უთხრა პირველ არხს გიორგი თუშმალიშვილმა, რომელიც ამავე გემზე იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები ხანძრის დროს არ დაშავებულან. გადარჩენილი მეზღვაურები კი იტალიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანეს. მეზღვაურებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.

26 მილიონამდე ლარს გადაუხდიან 88 სასტუმროს საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში კიდევ 33 ხელშეკრულება გააფორმა სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობაზე. ადმინისტრაცია ამ ხელშეკრულების ფარგლებში სასტუმროებს ჯამში  3 275 486 ლარს გადაუხდის.

ეს სასტუმროები საქართველოს სხვადასვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაშიც მდებარეობს.

ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 674 ლარზეა გაფორმებული. სასტუმროებს თანხას ფაქტობრივი მომსახურების მიხედვით გადაუხდიან. ამასთან, რამდენიმე მფლობელმა სასტუმროები კარანტინისთვის სახელმწიფოს უფასოდ დაუთმო.

საკარანტინო ზონების მოწყობის უზრუნველყოფა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება მთავრობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა.

საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით კი, საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

2020 წლის 9 აპრილის დილის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 4 559 მოქალაქე იმყოფება. ეს მონაცემი მუდმივად იცვლება – 14 დღის გასვლის შემდეგ მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, ტოვებს კარანტინს, ხოლო სიმპტომების მქონე მოქალაქეები გადაჰყავთ სტაციონარში. 

ბათუმში განთავსებული საკარანტინო ზონებიდან იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, რომლებსაც საკარანტინო ვადა გაუვიდათ და სიმპტომები არ აღენიშნებათ, ბათუმის მერია უზრუნველყოფს. მიკროავტობუსებით მოქალაქეთა ეტაპობრივად გადაყვანაზე ხელშეკრულება ქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან 50 ათას ლარზე გააფორმა.

რა ვალდებულებები აქვთ აღებული სასტუმროებს ხელშეკრულებით, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“.

ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის განცხადებით, როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება, შემდეგ დადგინდება წესი, თუ როგორ მოხდება გომისმთაში მიწის გასხვისება, მშენებლობა ან არსებული სახლების დაკანონება.

„ყველაფერი მოხდება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს პროცედურები კი ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან დასახლებას სტატუსი არ ჰქონდა. ყველაფერი მოექცევა კანონის ჩარჩოებში,“ – გვითხრა ირაკლი სირაძემ.

გომისმთის მიმდებარედ სახლები წლებია მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზეც აქვთ, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კონკრეტულად კი, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

იმისთვის, რომ მოქალაქეებს კუთვნილი სახლების დაკანონების საშუალება მიეცეთ, შესაძლოა ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებსაც იმ პროცედურების გავლა მოუწიოთ, რასაც ოზურგეთი ამ ეტაპზე გადის.

ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ კუთხით გარკვეული სამუშაოები დაწყებულია და შესაბამისი კავშირები აქვთ, როგორც ოზურგეთის, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტთან.

„მიმდინარე პროცესებმა ცოტა ხელი შეგვიშალა, ამ კუთხით ვმუშაობთ, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ამ დროისთვის ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,“ – გვითხრა დავით ვერულიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

„გომისმთა არის, ასე ვთქვათ, ზიარი მთა ოზურგეთის, ქობულეთისა და შუახევის, თუმცა ძირთადი ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია. შუახევის საზღვრებში მცირედი ნაწილი შემოდის. რაიმე პროცედურები ჩვენთან ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით პრობლემა, მაგალითად, იგივე სახლების დაკანონებაზე, მოქალაქეებს არც შუახევის ტერიტორიაზე ექნებათ,“ – გვითხრა ომარ ტაკიძემ, შუახევის მერის მოადგილემ.

წითელი ხაზით შემოსაზღვრულია გომისმთა – ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც სტატუსი მიენიჭა. ყვითელი ხაზით გავლებულია ადმინისტრაციული საზღვარი გურიასა და აჭარას შორის.

კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთი ან საცხოვრებელი სახლი სამართლებრივად რეგისტრირებული ამ ეტაპზე არავის აქვს.

„ჯერ უნდა მიენიჭოს „გომისმთას“ დასახლებული პუნქტის სტატუსი, რომ იქ ადამიანებმა საკუთრების რეგისტრაცია შეძლონ,“ – უთხრეს რვა თვის წინ „ბათუმელებს“ ოზურგეთის მერიაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ შესაბამისი კვლევებია საჭირო, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ჩატარდება.

გურიაში რომელ ადგილს შეიძლება მიანიჭონ დაცული ტერიტორიის სტატუსი? – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ განიხილება აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის, კურორტების – ბახმაროსა და გომისმთის მიმდებარე ტერიტორიებიც.

____________________

მთავარი ფოტო: გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

პუტინმა Covid-19 ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეადარა

პუტინმა კორონავირუსის გავრცელების პირობებში რამდენჯერმე მიმართა რუსეთის მოსახლეობას, ამჯერად გუშინ, 8 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მმართველებს შეხვდა და ვირუსულ ინფექციაზე ისაუბრა.


„ყველაფერი მთავრდება, ესეც გაივლის. ჩვენმა ქვეყანამ მრავალ განსაცდელს გაუძლო: ხან პაჭანიგები [კავკასიური ტომები] გვძიძგნიდნენ, ხან ყივჩაღები – მაგრამ რუსეთმა ყველაფერს გაუძლო. ამ გადამდებ კორონავირუსსაც გავუძლებთ. ყველაფერს გადავლახავთ ერთად“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, რეგიონებს შორის ტვირთბრუნვა რუსეთში არ შეჩერდება და ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში ვერ შეიზღუდება მასობრივად, რადგან კატეგორიულ შეზღუდვებს შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 672 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან დაიღუპა 63, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი პანდემიის გავრცელების რეალურ მასშტაბებს არ ასაჯაროვებს.

თურქეთში პანდემიის დროს ქუჩის ძაღლებისა და კატების გამოკვებაზე მთავრობა იზრუნებს

თურქეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავად იზრუნოს ქუჩაში მცხოვრები ასიათასობით ცხოველის გამოკვებაზე, რადგან კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის პირობებში თურქეთის მოქალაქეები სახლში რჩებიან და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე ვერ იზრუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ცხოველების გამოკვებაზე ადგილობრივმა მუნიციპალურმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ ქვეყანაში და მათ მისცა მითითება, მიუტანონ საკვები და წყალი ცხოველთა თავშესაფრებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა ადგილებში მცხოვრებ მიუსაფარ ცხოველებს.

„მიღებულ უნდა იქნას ყველა ზომა, რომ უპატრონო ცხოველებმა არ იშიმშილონ,“ – აცხადებს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ აუცილებელია ცხოველთა თავშესაფრებისა და პარკების დეზინფიცირებაც.

ჩვეულებრივ, თურქეთში ქუჩის ძაღლებსა და კატებს მოქალაქეები და აქტივისტები კვებავენ, მაგრამ თვითიზოლაციამ და გადაადგილების შეზღუდვამ ისინი შეაფერხა.

2018 წლის მონაცემებით, სტამბოლში დაახლოებით 162 970 უპატრონო კატა და 128 800 ძაღლი ცხოვრობს.

თურქულ სოციალურ ქსელებში მთავრობის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და ბევრმა შეაქო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ნაბიჯისთვის.

________________________

წყარო: BBC 

ფოტო: dailysabah

ამავე თემაზე: 

ქუჩის ძაღლები საკვების გარეშე დარჩნენ – როგორ დავეხმაროთ მათ

მეუფე საბა ონლაინღვთისმსახურებაზე: არ მივიჩნევთ, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან

მეუფე საბა ინწკირველი – მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

__________

„ასეთ დროს არ შეგვიძლია წავიდეთ წინააღმდეგ სახელმწიფოს და ამავე დროს ექიმების რჩევასთან და ეს არის სახლში დარჩენა, შეკრებების აკრძალვა და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რელიგიური თავისუფლების კანონით ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დიდი შეკრებები გავმართოთ, მაგრამ ვითვალისწინებთ სახელმწიფო რეგულაციებს, რათა ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას.

მრევლმა უნდა გაითავისოს ერთი რამ, რომ ეს არის მსხვერპლის გაღება მოყვასის სიყვარულისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. პირველ რიგში, ქრისტიანული სიყვარული ამას ითვალისწინებს, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ გავხდეთ მიზეზი იმის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩვენი მიზეზით შეიწიროს ამ ვირუსმა.

მთავარი არის ის, რომ მსახურება არ შეჩერდეს და 2-3 ადამიანი სადაც არის შეკრებილი უფლის სახელით, იქ არის იესო ქრისტე. ვინც სახლში არის დარჩენილი, ისინი მიზეზით არიან მსახურებას დაკლებულნი, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან დარჩენილები და ისინი სახლში ლოცულობენ და ჩვენ ეკლესიაში ვლოცულობთ.

მადლობა ექიმებს და ღმერთს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი არ არის დაინფიცირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ, რადგან ერთი შეცდომის დაშვებამაც კი შეიძლება ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში ჩაგვაყენოს, აი, ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი გადაწყვეტილებით. რადგან საქართველოში ცოტა ადამიანია დაინფიცირებული, ალბათ გარკვეულ ნაწილს სასულიერი პირების აძლევს იმ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, რაც დღეს არის. “

________

წყარო: ტელეკომპანია იმედი

საქართველოში covid19-ის შემთხვევა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. დღევანდელი მონაცემებით 214-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, გუშინ, 8 აპრილს, ინფიცირების 208 შემთხვევა იყო, დღეს კი 6-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო შემთხვევები არ უკავშირდება შიდა გადაცემას და ინფიცირების წყარო არის ცნობილი.

ამავე დროს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების 50 შემთხვევა გვაქვს, კარანტინში რჩება 4 559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 ადამიანია.

გარდაიცვალა 3 ადამიანი.

 

116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ქობულეთის კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ, 8 აპრილს, აჭარაში კორონავირუსზე 116 ნიმუში აიღეს. მისი თქმით, ყველა პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა.

„გუშინ, დღის განმავლობაში, ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინე ზონიდან, ამ დაავადებულთან ირგვლივ მყოფი კონტაქტებიდან, შევიდა 116 ნიმუში და ყველასთან მიმართებაში გვაქვს უარყოფითი პასუხი, გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს ქობულეთში შიდაგადაცემის შემთხვევა, რომლის შედეგადაც ინფიცირებულია 6 პაციენტი.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით აღრიცხულია 108 კონტაქტი, რომელთაც კავშირი ჰქონდათ 6 ინფიცირებულ პირთან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება კვლევა, პროტოკოლის დაცვით.

„ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 40 ნიმუში, ეს გახლავთ როგორც სამედიცინო პერსონალის, ქობულეთის, ასევე ოჯახური კონტაქტები. კონტაქტებიდან ნიმუშების აღება ხდება გარკვეული ვადის დაცვით, პროტოკოლის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას. ამის გათვალისწინებით, ის რაოდენობა, რომელიც უკვე გატესტილია, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი რისკი ამ პირებთან დაკავშირებით თითქმის გადავლილია, მაგრამ მაინც რჩება რამდენიმე დღე, ზედამხეველობის პერიოდი, ამიტომ ყველა პირს აქვს მკაცრი რეკომენდაცია თვითიზოლაციისა და კარანტინის, ნაწილი არის კარანტინში, ნაწილი – თვითიზოლაციაში,“  – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით კონტაქტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს იქნება ერთეული შემთხვევები, რადგან ძირითადი კონტაქტები უკვე მოძიებულია.

ნინო ნიჟარაძემ ასევე განაცხადა, რომ ქობულეთში საავადმყოფოს გახსნის შესახებ დღის ბოლომდე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

აჭარაში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ამჟამად 14 პაციენტს მკურნალობენ, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

9 აპრილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 214 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

კარანტინში 4 559 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 353.

ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

9 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარასა და ჯანმოს საქმიანობის კრიტიკას უპასუხა.

ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში. მან თქვა, რომ ჯანმომ ბევრი შეცდომა დაუშვა COVID-19-თან ბრძოლაში, რომ ტყუილად აკრიტიკებდნენ მის მიერ საზღვრების ჩაკეტვას ვირუსის პრევენციის მიზნით და დაიმუქრა, რომ შესაძლოა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტოს.

2020-2021 წლებში აშშ-ს ჯანმოს პროგრამული ბიუჯეტისთვის $115,766,922 აქვს განსაზღვრული. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეცდომები მოსდის ყველას:

„ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გავაკეთებთ ჩვენი ბრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას, რადგან ჩვენ გვსურს, რომ ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე და წავიდეთ წინ. გვახსოვდეს, ეს სრულიად ახალი ვირუსია და როცა მისი გავრცელება დაიწყო, არავინ იცოდა, როგორ მოიქცეოდა. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ბევრი უცნობი ვირუსი, რომლებიც არ ვიცით, მომავალში როგორ მოიქცევიან, ამიტომ უნდა ვმობილიზდეთ ვირუსთან ბრძოლაში,“ – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს გებრეისუსმა მოუწოდა მთავრობებს, რომ იმუშაონ პოლიტიკური პარტიების, იდეოლოგიების და ყველა სხვა განსხვავებების მიუხედავად:

„როცა არის ბზარი ეროვნულ და გლობალურ დონეზე პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიურ და სხვა ჯგუფებს შორის, სწორედ მაშინ შეუძლია ვირუსს აფეთქება და ჩვენი დამარცხება. თუ არ გინდათ თვალწინ გვამის ტომრების ნახვა, თავი შეიკავეთ ამ ვირუსის პოლიტიზებისგან, ქვეყნების ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საშიში ვირუსის დასამარცხებლად. ერთობის გარეშე, გარწმუნებთ, ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემითაც კი მეტი კრიზისი შეექმნება ქვეყანას“.

ტედროს გებრეისუსი: არ არის საჭირო covid–19- ის გამოყენება პოლიტიკური დარტყმების მისაყენებლად. თქვენ გაქვთ მრავალი სხვა გზა საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.

მან მოუწოდა როგორც აშშ-ს, ისე ჩინეთს, G20-ის ქვეყნებსა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს გლობალური ერთობისა და ერთიანი ბრძოლისკენ:

„ჩვენ დავკარგეთ მსოფლიოს 60 000-ზე მეტი მოქალაქე, ერთი ადამიანიც კი უძვირფასესია, სულერთია, ახალგაზრდა თუ მოხუცი. მილიონზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და რას ვაკეთებთ? განა ეს საკმარისი არ არის?! ეს საკმარისზე მეტია. ერთი ადამიანის გარდაცვალებაც კატასტროფაა, როცა ამის პრევენცია შეგვიძლია. ამიტომ ჩემი რჩევაა 1. ერთობა ეროვნულ დონეზე; 2. სოლიდარობა გლობალურ დონეზე; 3. მოახდინეთ კოვიდის პოლიტიზირების კარანტინი“.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს აქამდე გაწეული დაფინანსებისთვის, როგორც ორგანიზაციის, ისე წევრი ქვეყნების სახელით და აღნიშნა, რომ მას სჯერა, აშშ კვლავ გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებაში.

„ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს ფერის მიხედვით, არ ვარჩევთ მდიდარსა და ღარიბს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენთვის ყველა ერთია. გავერთიანდეთ – ასე მოვიგებთ. თორემ ვინანებთ,“ – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ბათუმში ქუჩებს რეცხავენ – მერიის განცხადებით, ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

ბათუმის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში.

ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

მერიის ცნობით, ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ჩატარდება.

ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

8 აპრილის განახლებული [22 სთ] მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში კიდევ სამით გაიზარდა და 211-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში 4 559 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 353.

ამავე თემაზე: 

თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია

ამოწყვეტილი სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა – ანატორი

პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრს თუ გაივლით, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან სოფელ ანატორში აღმოჩნდებით. სოფელი კლდეებშია ნაკვეთი და ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს, ოდესღაც აქ ჩვეულებრივი ხევსურული სოფელი იყო, მანამ, სანამ გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ,,ჟამმა“ არ გაწყვიტა.

შატილი/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

ზუსტად არავინ იცის, რა დაავადებამ იმსხვერპლა ანატორელები, ხევსურებისთვის ეს ლეგენდა უბრალოდ ,,ჟამს“ უკავშირდება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ჟამი“ შავ ჭირს ნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც შავი ჭირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ სოფელ ანატორში ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები კვეთდა ერთმანეთს და შესაძლოა მიმოსვლამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

დასნეულებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. ფიქრობდნენ, რომ ასე სხვებს დაავადებას არ გადასდებდნენ და სოფელს გადაარჩენდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, აკლდამაში ფანდურიც მიჰქონდათ და სიკვდილის სიმღერებს მღეროდნენ. მიდიოდნენ დედები ჩვილებით, მოხუცები, ახალგაზრდები, თეთრი ფიქალის თაროებზე წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. ეგონათ თავგანწირვით სოფელს გადაარჩენდნენ. მაინც ვერ გადარჩა. ყველა დაიხოცა და მათი ძვლები დღემდე ნასოფლარის აკლდამაში ინახება.

ლეგენდის მიხედვით ,,ჟამიანობისას“ სოფელი ჩაკეტეს. კოშკიდან  შეიარაღებულები დარაჯობდნენ ანატორს, გადაწყდა ესროლათ ყველასთვის, ვინც გაქცევას დააპირებდა და „ჟამის“ გავრცელების საფრთხეს შეუქმნიდა სხვა სოფლებსაც. ხევსურეთში სიამაყით გიამბობენ, რომ ანატორში ტყვია არავისთვის უსვრიათ. არავინ გაქცეულა და სოფელმა დანარჩენი საქართველო ,,ჟამისგან” იხსნა.

აკლდამაში მონეტები, ლითონის სამკაულები, ისრისპირები და ხის ჭურჭელია აღმოჩენილი. აკლდამებში დამარხვა წესად მთელ ხევსურეთში ჰქონიათ XX საუკუნემდე. აკლდამებს ნახავთ მუცოშიც.

აკლდამა მუცოში/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

,,ჟამისგან“ ამოწყვეტილ ანატორში სისაურებს და ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების შთამომავლებად მიიჩნევენ.

ღია მუზეუმი – ანატორის აკლდამები ყველა მნახველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ იდუმალ, დაცარიელებულ სოფელში აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, IX-X საუკუნეებში აგებული მარიამწმიდის ეკლესიაც დგას. შენობა ძალიან დაზიანებულია, სარკმლიდან ჩანს, რომ საკურთხევლის იატაკი თეთრი ფიქალითაა ნაგები. ხევსურებს ეს ადგილი „მკვრივ“, ანუ შეუვალ ადგილად აქვთ გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიას ტაბუ ადევს და შესვლა თემის წესებით ყველასთვის აკრძალულია.

ანატორის თვითდამარხვის ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. სოფელში აღმოჩენილია ბანურსახურავიანი, ოთხკუთხა და სამაროვანი ნაგებობები, ზემოხსენებული აკლდამა და მარიამწმიდის ეკლესია. ანატორის აკლდამა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია.


მთავარ ფოტოზე: ანატორის აკლდამა/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

ბათუმში 27 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღეს, 8 აპრილს, აღებული 27 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია, არც ერთ პირს კორონავირუსი არ აქვს.

ამჟამად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 14 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

8 აპრილის [21 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 208 შემთხვევა,  სულ გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება – 4 682, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 375 ადამიანი.

__________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო, სადაც ამჟამად ე.წ. ცხელების ცენტრია

მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს

პანდემიის პირობებში, გასულ თვეში, მოსამართლეებმა ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე, ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს. განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ორმაგი დანამატის მიცემა განისაზღვრა, არაფერი წერია, რის გამო დააჯილდოვეს მოსამართლეები.

სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სასამართლო პროცესების ნაწილი პანდემიის გამო გადაიდო.

„…საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვროთ თანამდებობრივი სარგოს 60 %-ის ოდენობით,“ – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ განკარგულებაში, რომელსაც მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აწერს ხელს.

საბჭოს პრესცენტრში ყურადღებას ამახვილებენ განკარგულების გამოცემის თარიღზე – ის 13 მარტსაა მიღებული, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ იყო. აქ გვითხრეს, რომ აპრილში მოსამართლეები დანამატს აღარ აიღებენ.

რამდენია მოსამართლის ყოველთვიური დანამატი? – ეს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსამართლეების ყოველთვიური დანამატი 500 ლარია, თუმცა მას არ იღებს ყველა მოსამართლე და არ გაიცემა ყველა სასამართლოში.

მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საქალაქო და რაიონული მოსამართლეების ხელფასი თვეში 4 ათასი ლარია, თავმჯდომარის – 4600, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ჯამაგირი – 5 ათასი ლარი, თავმჯდომარისა – 5800. უზენაესი სასამართლოს წევრის ხელფასი 6 ათასი ლარია, თავმჯდომარის – 7 ათასი ლარი.

გამოდის, რომ მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ აიღო ხელფასი 4 ათასი ლარი, ამას ემატება ხელფასის 60 პროცენტი და ეს 2400 ლარია. ჯამში მოსამართლეს [ყოველთვიური დანამატის გარდა, რომლის ზუსტი ოდენობაც ჩვენთვის უცნობია] მოსამართლეს 6 400 ლარი აუღია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარე მიიღებდა – 7360 ლარს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 8 000 ლარს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 9 280 ლარს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ განმარტავენ, რის გამო მიიღეს ყოველთვიურ დანამატთან ერთად ხელფასის 60-პროცენტიანი დანამატი მოსამართლებმა.

13 მარტს, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს განკარგულება გამოსცა, უკვე გამოცხადებული იყო პანდემია კორონავირუსის გავრცელების გამო – პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში covid 19-ით დაინფიცირებული უკვე იყო 25 ადამიანი და საჯარო უწყებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 13 მარტს პრემიერმა გახარიამ ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადა ქონების და საშემოსავლო გადასახადი.

აპრილში ხელისუფლებამ საჯარო თანამდებობის პირების ხელფასებიდან ერთი მესამედის covid 19-ის დასახმარებელთა ფონდში ჩარიცხვა დააანონსა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში დღეს, 8 აპრილს, გვითხრეს, რომ ხელფასის ნაწილი ფონდში მოსამართლეებმაც ჩარიცხეს, თუმცა რამდენი იყო ასეთი მოსამართლე, ან რამდენი ჩარიცხეს მოსამართლეებმა პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად, უცნობია.

დღეს, 8 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონდში მარტში 22 ათასი ლარი გადარიცხეს.

______________________

შენიშვნა: სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით „მიქაუტაძემ მარტში 9600 ლარი მიიღო საკუთარი განკარგულების საფუძველზე“. სტატიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობოდა მის მიერვე ხელმოწერილ განკარგულებას, სადაც აღნიშნულია, რომ მარტის დანამატი საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ეხება. საერთო სასამართლოების ნაწილია უზენაესი სასამართლოც, რომლის წევრიც არის გიორგი მიქაუტაძე.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ეს განკარგულება არ შეხებია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძეს დანამატი არ აუღია და მან მარტში აიღო მხოლოდ ხელფასი – 6 ათასი ლარი. 

თავშესაფრებში 3237 ხანდაზმული კორონავირუსით გარდაიცვალა – საფრანგეთი

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებამ განსაკუთრებით დააზარალა ევროპის ქვეყნებში მოხუცთა თავშესაფრები. ამ მხრივ გამონაკლისი არც საფრანგეთი ყოფილა. დაზარალდნენ როგორც თავშესაფრის ბინადრები, ასევე პერსონალი.

უკანასკნელი, 7 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით საფრანგეთში გარდაცვლილია 10 328 ადამიანი, მათგან 3 237 – მოხუცთა თავშესაფარში.

როგორც ქალაქის მერმა, ანნა იდალგომ გუშინ, 7 აპრილს განაცხადა franceinfo – სთან, მხოლოდ პარიზში მოხუცთა თავშესაფრებში 172 პირია გარდაცვლილი.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური ინფორმაციით (Santé Publique France), 4 აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში მოხუცთა 2355 თავშესაფარში ყველგან დაფიქსირდა Covid 19-ით ინფიცირების მინიმუმ ერთი შემთხვევა.

ვირუსით განსაკუთრებით დაზარალდა კანთან ახლომდებარე სოფელ მუჟენის მოხუცთა თავშესაფარი, სადაც 109 ხანდაზმული იყო, გასულ შაბათ-კვირას მათგან ყოველი მესამე ადამიანი გარდაიცვალა – თავშესაფრის 31 მცხოვრები. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფიცირებულია თავშესაფრის მომსახურე პერსონალიც, 50 დასაქმებულიდან 14-ს კორონავირუსი დაუდგინდა.

მაგრამ სკრინინგის შესაძლებობები და ტესტების რაოდენობა შეზღუდულია, თავშესაფრების ამგვარად შესამოწმებლად კი ტესტების დიდი რაოდენობა იქნება საჭირო.

2355 თავშესაფარში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის შემთხვევები, თითოეულ თავშესაფარში საშუალოდ 130 მცხოვრებია (ხანდაზმულებისა და დასაქმებული პერსონალის, მომვლელების ჩათვლით). ზემოთ ხსენებული წესით თავშესაფრების შესამოწმებლად სკრინინგისთვის მინიმუმ 306 150 ტესტია საჭირო, ჯერჯერობით კი, საფრანგეთს ყოველდღიურად მხოლოდ 20-30 ათასი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა აქვს. ყოველდღიურ სკრინინგში ვერ მოიაზრებენ მხოლოდ ხანდაზმულებს, ტესტირება უტარდებათ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, მედპერსონალს და ორსულებს. შესაბამისად, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მოხუცთა თავშესაფრების მასობრივ შემოწმებას საფრანგეთში რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება.


მთავარ ფოტოზე: მოხუცთა თავშესაფარი საფრანგეთში/France Inter  (AFP)/Julie Sebadelha/Hans Lucas

104 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

104 წლის ადა ზანუსი, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, გამოჯანმრთელდა. ექიმები გამარჯვებას ზეიმობენ – წერს „ევრონიუსი“.

„ის ვერ ჭამდა, გადასხმაზე იყო. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა, რადგან პაციენტი პასიური იყო, არაფერზე რეაგირებდა. მკურნალობის მერვე დღეს მან გაიღვიძა, გამოცოცხლდა და საჭმელი მოითხოვა… და ჩვენ მიხვდით, რომ მან გამომჯობინება დაიწყო. ეს წარმოუდგენლად გვახარებს, ეს თითქოს ჯილდოა ყველა ჩვენგანისთვის,“ – უთხრა „ევროინიუსს“ ექიმმა კარლა მარკეზემ.

104 წლის ადა ზანუსი ამბობს, რომ სჯეროდა გამოჯანმრთელების:

„მე იმედი მქონდა და ეს იმედს მაძლევდა. როცა ყველაფერი დასრულდება და კარანტინი მორჩება, ძალიან მინდა გავისეირნო, მზეს მივეფიცხო, ამას ძალიან ველოდები. შემდეგ ჩემთან მოვლენ შვილთაშვილები და მათი შვილები, მე ჯერ ისევ მინდა მათ ვეთამაშო“.

8 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 135 586 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 17 127 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 24 392.

______________

ფოტოზე: ადა ზანუსი. ფოტო NBC News-ის ვიდეომასალიდან.

თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია

დღეს, 8 აპრილს, 20:00 საათის მონაცემებითაც, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა. დაინფიცირებულთა სტატისტიკა იგივეა, ანუ – 208 ადამიანი.

„რომ დავიანგარიშეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი დღეში 10 ადამიანი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად ათზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიცილებთ თავიდან და სიტუაციის გამკლავება არ გაგვიჭირდება“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, პანდემიის პიკი რომ ავიშოროთ, ამისთვის საჭიროა მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები. „დარჩით სახლში. ავარიდოთ თავი თავყრილობებს და დავემორჩილოთ ვირუსის შეჩერების ღონისძიებებს“, – ამბობს ეზუგბაია.

დღევანდელი მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება – 4 682, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 375 ადამიანი.

რას უპირებს სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე დამწვარ სახლს

ბათუმში, ბარათაშვილის #25-ში, ხანძრისგან დაზიანებული სახლის აღდგენის მოთხოვნით მოქალაქეებმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართეს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომაც შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ამ სააგენტომ უნდა მიიღოს.

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახურავს ხანძარი 28 მარტს გაუჩნდა, დაიწვა სახურავი და მეორე სართულის ნაწილი, ხოლო ნაწილი წყლის ჭავლმა დააზიანა.

კმდს-ს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, სააგენტო სახლის დამწვარი ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს შეისყიდის:

„მანამდე მერიაში გადავაგზავნეთ მოთხოვნა, იქნებ გამოინახოს თანხა დროებით გადახურვისთვის, შემდეგ კი ჩვენ შევისყიდით რესტავრაციის პროექტს. მერიამ უნდა გააკეთოს რესტავრაცია ამ პროექტის მიხედვით. ჩვენ გარკვეული თანხის შემცირება მოგვიწია ბიუჯეტში ვირუსის გამო, ამიტომაც სრულად ვერ დავაფინანსებთ რესტავრაციას. ვფიქრობ, შევძლებთ გადახურვას და პროექტირებას მერიასთან ერთად.“

სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მერიას რესტავრაციისთვის საჭირო თანხის გაღება სარეზერვო ბიუჯეტიდან მოუწევს.

ხანძრის შედეგად ბათუმში რვა ოჯახის საცხოვრებელი დაზიანდა. ისინი ამ დროისთვის ნათესავებთან ცხოვრობენ. მერიის ინფორმაციით, ოჯახები თავად მოძებნიან დროებით საცხოვრებელს, რომელთა დასაქირავებლად თანხას მერია გაიღებს.

Global Hack – იდეების კონკურსი კორონავირუსის კრიზის დასაძლევად

9 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაიმართება ონლაინჰაკათონი, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და „ინიციატივა EU4Digital“-ი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია.

Global Hack-ი ეწყობა იდეების უსწრაფესი განვითარებისა და გაზიარების მიზნით, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში.

ონლაინჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები, მეცნიერები, ტექნიკური სფეროს ენთუზიასტები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან და მთელი მსოფლიოდან.

ევროკომისია დაახლოებით 75 000 ევროს გამოყოფს საპრიზო ფონდის სახით, Global Hack-ის  გამარჯვებული გუნდებისთვის. მთლიანი საპრიზო ფონდი საუკეთესო იდეებისთვის კი 100 000 ევროა.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 6-12 კაცისგან შემდგარი გუნდი შეკრიბოს ონლაინჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის ლიდერმა რეგისტრაციაში უნდა გაატაროს იდეა და სახელი პლატფორმზე – Guaana. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეები აუდიტორიას გააცნობენ საკუთარ საუკეთესო და ყველაზე ბრწყინვალე იდეებს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად კრიზისის დამთავრების შემდეგ.

reddit გვერდის საშუალებით ყველას შეუძლია იდეების გამოქვეყნება სხვა მომხმარებლებისგან გამოხმაურების მისაღებად, პარტნიორებისა და წესების მოსაძიებლად გამოწვევების წარდგენის მიზნით.

„გარდა ამისა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს სამთავრობო გამოწვევებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ გარღვევა სტარტაპების, მცირე ბიზნესის და ელექტრონული ჯანმრთელობის სექტორებში. ის ასევე უზრუნველყოფს ინსტრუქტაჟს პრაქტიკულად რეალიზებადი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად იმ სექტორებში, სადაც არის მათი საჭიროება.

Global Hack- ი მიზნად ისახავს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას მთელი მსოფლიოს ხალხებს შორის იდეების, ნოუ-ჰაუს და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად იმისათვის, რომ მათ შეძლონ კრეატიული და მოქნილი გადაწყვეტილებების შემოთავაზება. მსოფლიო დონის მენტორების და მაღალკვალიფიციური გუნდების გაერთიანებით შესაძლებელია გადაწყვეტილებების შემუშავება უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

ჰაკათონზე წარმოდგენილი იქნება პერსპექტიული გადაწყვეტილებები იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ შეიძლება ციფრული ინოვაციების მოზიდვა ადგილობრივი სამეზობლოების დასაკავშირებლად და ყველაზე უფრო დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“, – ნათქვამია ინიციატივა EU4Digital-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინჰაკათონის ორგანიზატორები არიან: Accelerate Estonia, Garage48 და Guaana, პლატფორა Devpost-ის მხარდაჭერით.

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

კომპანია Clean Energy Invest-ის ინფორმაციით, „შუახევიჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე ამუშავდა შუახევიჰესი“ [178 მგვტ], ხოლო „სხალთაჰესის“ [9 მგვტ] ოპერირების დაწყება გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

,,შუახევიჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთაჰესი, რის შემდგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. ჩვენ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, შუახევიჰესი ქართული ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში“, – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პრაშანტ ჯოშის ამ განცხადებს კომპანია ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, შუახევისჰესების კასკადი, ჯამურად, გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად 200 ათასი ტონით შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში და ხელს შუწყობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას, კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.

„შუახევიჰესის“ პროექტი განახორციელა ნორვეგიულმა კომპანია – Clean Energy Invest-მა, ინდურმა კომპანია – Tata Power-მა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მა.

„შუახევიჰესის“ პროექტს აფინანსებს სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD], აზიის განვითარების ბანკი [ADB] და IFC.

„წარმოიდგინეთ, პირველკურსელი უცებ გაამწესეს მეცნიერებათა აკადემიაში“ – დოლიძე კიკილაშვილის საკონსტიტუციოში დანიშვნაზე

„ეს უკვე სასამართლო კლანის კვოტაა,“ – ასე აფასებს ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნას. მისი აზრით, თუკი აქამდე ხელისუფლება სანდოობის მიხედვით არჩევდა კადრებს, ამჯერად გადაწყვეტილება „სასამართლოს კლანმა“ მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები პერიოდულად იცვლებიან. სამ-სამ მოსამართლეს 10 წლის ვადით ნიშნავს უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტი და პარლამენტი.

ხვიჩა კიკალაშვილმდე საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს ევა გოცირიძე შევიდა, ის მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და სამოქალაქო ორგანიზაციები მას ლევან მურუსიძის პირდაპირ მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს. 2017 წელს საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა მანანა კობახიძეც – იგი პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ პირველი თავმჯდომარე იყო.

რა იცვლება ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნით? – ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს ვესაუბრეთ:

  • ქალბატონო ანა, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა დადო ფიცი. რა ტენდენცია ჩანს ბოლო წლებში საკონსტიტუციოში მოსამართლეების დანიშვნით? 

ჩანს ის, რომ მანამდე ეს ორი მოსამართლე – ევა გოცირიძე და მანანა კობახიძე პირდაპირ იყო დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო ბოლო შემთხვევაში ხვიჩა კიკილაშვილი პირდაპირ სასამართლო კლანის ადამიანია.

ევა გოცირიძე ფაქტობრივად ახორციელებდა „ქართული ოცნების“ ინტერესებს, როცა იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. გახსოვთ ალბათ, სასამართლოს შეურაცხყოფა სისხლისსამართლებრივად უნდა ისჯებოდეს და მოსამართლის კრიტიკის ფარგლები უნდა დადგინდესო. იმ პერიოდში იყო შეტევები ლევან მურუსიძეზე და ევა გოცირიძემ იმუშავა აქტიურად მის დაცვაზე.

მანანა კობახიძე კი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამ პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი… მანანა კვალიფიციური იურისტია, მაგრამ აქაც მთავარი ფაქტორი იყო სანდოობა ხელისუფლების მხრიდან. ანუ აქამდე ხელისუფლება ცდილობდა, დაენიშნა მისთვის სანდო კადრი, მაგრამ როგორმე დაეცვა კვალიფიციურობის კრიტერიუმი. ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნა არის საინტერესო მოვლენა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ადამიანი იმსახურებს ამ ტიპის დაწინაურებას, ვგულისხმობ მის კვალიფიკაციას. რომ ჩავხედოთ მის ბიოგრაფიას, იქ საერთოდ არაფერია ისეთი, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ხვიჩა კიკილაშვილი იმსახურებდა ამ პოზიციას. მარტივად – ეს არის ფსკერზე დაშვება.

  • რას გულისხმობთ დამსახურებაში – ხვიჩა კიკილაშვილი წლების განმავლობაში იყო ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე, 2019 წლიდან კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

დიახ, ის გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოში და ეს იყო წახალისება „გიორგი მიქაუტაძის საქმესთან“ დაკავშირებით… სააპელაციოში ის დანიშნა ასევე კლანმა, რომ შემდეგ იგი საკონსტიტუციოში დაენიშნათ. მე ამას ბიოგრაფიის შექმნას ვეძახი, რომ ძალიან არ იყვიროს – აი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ხელვაჩაურის საქმეებს განიხილავდა, უცებ გახდა საკონსტიტუციოს მოსამართლე.

ანალოგიურად მოიქცა სასამართლო კლანი, მაგალითად, ტარიელ კაკაბაძის შემთხვევაში – ისიც ცოტა ხნით სააპელაციოში დანიშნეს და შემდეგ უზენაესში. სააპელაციო სასამართლო უკვე იქცა დროებით გაჩერებად იმისთვის, რომ შექმნან ბიოგრაფია. ახლა, წიგნს ხომ ვერ გამოაქვეყნებინებენ? ესეც შეიძლება, მაგრამ დროის ამბავია და უფრო რთულია.

  • თქვენი შეფასებით, სასამართლო კლანს რატომ გაუწია ანგარიში ხელისუფლებამ? 

როგორც ჩანს, სასამართლო კლანმა წინასწარ შეათანხმა ხელისუფლებას ეს საკითხი, რომ იმ სერვისებისთვის, რომლითაც ის ხელისუფლებას უზრუნველყოფს, მიისაკუთრებდა ამ ადგილს საკონსტიტუციოში. ეს უკვე გახდა კლანის კვოტა…გამოჩნდა, რომ სასამართლო კლანს წინააღმდეგობას ვერ უწევს ხელისუფლება, თორემ შეიძლებოდა გაცილებით კვალიფიციური კადრის შერჩევა.

აქ უკვე პრობლემა გვექნება არამხოლოდ კეთილსინდისიერების კუთხით, რომელიც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს, არამედ ელემენტარულ კომპეტენციასთან. წარმოიდგინეთ ასეთი რამ – ადამიანი არის პირველკურსელი და უცებ იგი გაამწესეს მეცნიერებათა აკადემიაში. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ ნიშნავს თავის ხალხს და პლუს, აღარ აქცევენ ყურადღებას, რა ტიპის ადამიანი წავა საკონსტიტუციოში. ცალსახად გაუარესდა ვითარება. შევხედოთ, მაგალითად, მერაბ ტურავას და ხვიჩა კიკილაშვილს ერთად, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის მხრივ…

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ COVID 19-ის მოვლენების გამო ხელისუფლება შეიცვალა. არა, სინამდვილეში ისევ იმავე მეთოდებით მუშაობს ხელისუფლება, როგორც აქამდე. ხვიჩა კიკილაშვილის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ანგრევს ქვეყანას, უბრალოდ ამის ეფექტი გვიან გამოჩნდება.

  • რა გამოჩნდება? თქვენ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაიკლებს?

აი, მაგალითად, მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხი, რაც გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამას სჭირდება უამრავი სამართლებრივი დოქტრინის ცოდნა, ლიტერატურის კითხვა, ამას სჭირდება შესაბამისი უნარები… თავდაპირველად, შემაკავებელი ფაქტორი იქნება ის, რომ ხვიჩა კიკილაშვილის გვერდით ჯერ კიდევ იქნებიან კომპეტენტური მოსამართლეები. როგორც კი სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აწყობს ხელისუფლებას, ეს ნდობა, რა თქმა უნდა, დაიკლებს. ჩვენ ვიცით, რომ საერთო სასამართლოები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს კი ადამიანები ჯერ კიდევ აქტიურად მიმართავენ. ახლა ყველაფერია დამოკიდებულია არითმეტიკაზე – როგორ გადანაწილდებიან კოლეგიებში მოსამართლეები. ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ სასამართლო ხელისუფლების ეს განშტოებაც ბოლომდე ჩაიგდონ ხელში.

ქვეყნისთვის იქნება ეს ძალიან დამაზიანებელი, როგორც ეს უკვე მოხდა, მაგალითად, შალვა თადუმაძის შემთხვევაში…. ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი უკვე ძალიან დაზარალდა.

თურნავა: შევამოწმეთ 76 კომპანია – მუშაობის უფლება 26-ს მივეცით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით,  6-7 აპრილს სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებამ 76 კომპანია შეამოწმა. აქედან 40 კომპანიას საქმიანობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად  შეჩერებული აქვს.

სამინისტროს სპეციალისტები მუნიციპალური ზედამხედველობის ორგანიზაციებთნ ერთად ამოწმებენ,  აქვთ თუ არა ამ კომპანიებს დაცული ჯანდაცვის სამინიტროს მიერ  კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები. პროცესში ჩართულია შრომის ინსპექციაც.

სპეციალური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კომპანიებმა საგანგებო ვითარების პერიოდში მუშაობის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვონ,  რამდენიმე ასეულმა კომპანიამ უკვე შეავსო. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სამშენებლო, ასევე საშენ მასალათა მწარმოებელი კომპანიები აქტიურობენ.

აპლიკაცია, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს, ერთგვარია განაცხადია კომპანიის მხრიდან, რომ მას დაცული აქვს მოთხოვნილი სტანდარტი და ითხოვს შემოწმებას სამუშაოს განახლების ნებართვის მისაღებად

მინისტრის ინფორმაციით, იმ 76 კომპანიიდან, რომლებიც უკვე შეამოწმეს, 40 -ს საქმიანობა შეჩერებული აქვს [ დარჩენილი 36 კომპანია კი მთავრობის ნებართვით ისედაც მუშაობდა]  აქედან 26 კომპანიის განაცხადი  დააკმაყოფილეს, ხოლო 14 კომპანიას  ხარვეზი დაუდგინდა და მათ მიეცათ დრო ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. რაც შეეხება დანარჩენ კომპანებს, ისინი მუშაობას აგრძელებენ.

მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში ამოწმებენ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს მიწოდების თვალსაზრისით. ასეთ საწარმოებად მინიტრმა დაასახელა კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან კვების, ასევე სამედიცინო ინდუსტრიას. ერთ-ერთი კრიტერიუმია ისიც, თუ რამდენად მოახერხა კომპანიამ გადაწყობა, თანამშრომლების გადაიყვანა ონლაინ ან დისტანცირებულ რეჟიმზე.

სპეციალური აპლიკაციები სამინიტროს ვებგვერდზე პარასკევს, 3 აპრილს, აიტვირთა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის გაგრძელების ნებართვის მოსაპოვებლად კომპანიებმა, რომლებსაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეზღუდული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან –  www.economy.ge  უნდა  ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – construction@moesd.gov.ge.

ამავე თემაზე: 

როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

„აფრიკა ვერ იქნება ვაქცინის გამოცდის ადგილი“ – ჯანმო ფრანგი ექიმების რასისტულ განცხადებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ფრანგი ექიმების ორაზროვანი კომენტარი, გატესტონ Covid 19-ის პოტენციური სამკურნალო მედიკამენტი აფრიკაში, შეაფასა, როგორც რასისტული და თქვა, რომ დროა კოლონიალური მენტალიტეტისგან საბოლოოდ გამოფხიზლებისა.

“სიმართლე გითხრათ, ამან შემძრა. და ეს მაშინ, როცა მე ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა – ასეთი ტიპის რასისტული გამონათქვამები არ დაგვეხმარება, ეს სოლიდარობის წინააღმდეგ მიდის”, – თქვა ტედროსმა ჟენევაში, ჯანმოს მიერ გამართულ ბოლო ბრიფინგზე. მისი ეს შეფასება მიემართება განცხადებას, რომელიც გასულ კვირას, ერთ-ერთი სატელევიზიო განხილვისას გააკეთა პარიზის კოჰინის ჰოსპიტლის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების დირექტორმა, ექიმმა ჟან-პოლ მირამ და ჯანმრთელობისა და მედიცინის კვლევის საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტის (Inserm) კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, კამილ ლოჰტმა.

– “თუ შეიძლება ვიქნები პროვოკაციული… ხომ არ უნდა ჩავატაროთ ეს კვლევა აფრიკაში, სადაც არ არის პირბადეები, სამკურნალო საშუალებები და რეანიმაცია?… ცოტათი ჰგავს აივისთვის ჩატარებულ კვლევებს, სადაც სექსმუშაკებთან ვცდით რაღაცებს, რადგან ვიცით, რომ ისინი არიან მაღალი რისკის ქვეშ და ისინი არ იცავენ თავს”
– “მართალი ხარ, ჩვენ ვფიქრობთ მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარებაზე აფრიკაში – ბცჟ-სა და პლაცებოთი”.

“აფრიკა ვერ და არ იქნება რომელიმე ვაქცინის გამოცდის ადგილი. ყველა წესის დაცვით დავტესტავთ ნებისმიერ ვაქცინას თუ სამკურნალო წამლებს, გამოვიყენებთ ზუსტად ერთსა და იმავე წესს, ერთსა და იმავე პროტოკოლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპა იქნება ეს, აფრიკა თუ სხვა ადგილი, სადაც საჭირო იქნება ტესტირება, რათა ვუმკურნალოთ ადამიანებს ყველგან თანასწორად და ერთნაირად”, – თქვა ტედროს გებრეისუსმა. – “და ნაბახუსევი კოლონიალური მენტალიტეტიდან უნდა შეწყდეს”.

მისივე თქმით, ჯანმო არ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს. “სამარცხვინო და შემაძრწუნებელია 21-ე საუკუნეში მეცნიერებისგან ასეთი ტიპის განცხადების მოსმენა. უკიდურესად ვგმობთ მას და გარწმუნებთ, რომ ეს არ მოხდება აფრიკაში, არც სადმე სხვაგან, ნებისმიერ ქვეყანაში. ყველგან იმუშავებს სათანადო პროტოკოლი და ადამიანებს მოეპყრობიან, როგორც ადამიანებს, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ”, – თქვა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჯანმო გამოაცხადებს ორ დიდ ინიციატივას, რომ დაჩქარდეს ვაქცინების კვლევები, მათი შემუშავება და წარმოება, ასევე შეიმუშავებენ ვაქცინების თანაბარი და სამართლიანი დისტრიბუციის მექანიზმებს – “მანამ, სანამ ვაქცინას ვიპოვით, უნდა გადავლახოთ პროდუქტების (ვაქცინა იქნება ეს თუ სამკურნალო საშუალება) თანაბარი და სამართლიანი დისტრიბუციის ბარიერები. პრობლემას უნდა მივხედოთ დროულად. ამიტომ ამაზე იმუშავებენ სპეციალისტები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, რომლებიც განიხილავენ დეტალებს, თუ როგორ დააჩქარებენ წარმოებას და უზრუნველყოფენ პროდუქციის თანაბარ დისტრიბუციას. სოლიდარობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ვაქცინა ან წამალი იქნება მზად, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მისი ჩატანა მთელ მსოფლიოში და არ უნდა იარსებოს განსხვავებამ მდიდრებსა და უქონლებს შორის“.

წესები, რომლებითაც ვიცხოვრეთ, აღარ იარსებებს – როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“ 

ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას.

  • ტელემედიცინის აღმასვლა

ეზეკიელ . ემანუელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პანდემია მიმართულებას შეუცვლის ჯანდაცვის მიწოდების ადგილის პარადიგმას. წლების მანძილზე ტელემედიცინა მაღალი მენეჯმენტის სისტემის და ფასის კონტროლის გამო გარიყული იყო. საჭიროებიდან გამომდინარე, ექიმებთან დისტანციური ვიზიტების პოპულარობა შეიძლება ძალიან სწრაფად გაიზარდოს იმ პირობებში, როცა ტრადიციული ვიზიტის სივრცეები პანდემიისგან გადატვირთული იქნება.

ამ ცვლილებას ასევე ექნება დადებითი მხარეც: სახლში ვიდეოზარის მეშვეობით ვიზიტი დაავადების გავრცელების რისკებისგან, ავადმყოფთა რიგებისგან დაგიცავთ და ამავდროულად, კრიტიკული საჭიროებების მქონე პირებს ნაკლები დაბრკოლება ექნებათ პირადი ვიზიტისას.

  • ოჯახური მოვლის გაძლიერება

აიჯენ პუ, შინ მომუშავეთა და თაობებზე ზრუნვის ეროვნული ალიანსის დირექტორი

კორონავირუსის პანდემიამ ცხადად დაგვანახა მოვლის ინფრასტრუქტურის პრობლემები, როცა მილიონობით ამერიკელი შინ რჩება და უწევს არჩევანი გააკეთოს ავადმყოფი ოჯახის წევრს, სახლში მომეცადინე ბავშვებსა და მუშაობას შორის. ეს ოჯახს, ჯანმრთელობასა და ფინანსებს შორის შეუძლებელ არჩევანს ნიშნავს.

ძალიან ცოტა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ფასიანი ოჯახის მოვლით ან სამედიცინო შვებულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურის გამოტოვებით ხელფასსაც კარგავ.

ეს კრიზისი გზას მისცემს საყოველთაო საოჯახო მოვლის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ერთიან ფედერალურ ფონდს, სადაც ყველა ვაკეთებთ შენატანს და ამავდროულად ყველა ვიღებთ სარგებელს – ჩვენი მუშაობის პარალელურად ვიღებთ ბავშვთა და ოჯახის ასაკოვან ან შშმ წევრთა მოვლის მხარდაჭერას ან ფასიან ოჯახის მოვლის შვებულებას.

კორონავირუსმა განსაკუთრებულ ფოკუსში მოაქცია ზრდადი ასაკოვანი მოსახლეობის საჭიროებები, რომლებიც არ არის სათანადოდ დაკმაყოფილებული.

  • საჯარო სერვისები იბრუნებენ პრესტიჟს

ლილიანა მეისონი, მერილანდის უნივერსიტეტის ხელისუფლებისა და პოლიტიკის პროფესორი და ავტორი წიგნისა Uncivil Agreement: How Politics Became Our Identity

რეიგანის ერა დასრულდა. ფართოდ მიღებული იდეა, რომ ხელისუფლება თავისი არსებით ცუდია, კორონავირუსის შემდეგ არ შენარჩუნდება. ეს მოვლენა საყოველთაო მტკიცებულებაა, რომ ფუნქციონალური ხელისუფლება საარსებოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებისთვის.

სიტყვების – „მე მთავრობიდან ვარ, აქ თქვენს დასახმარებლად ვარ“ მოსმენა აღარაა „შემაშინებელი“. პირიქით, ეს არის ზუსტად ის, რის გაგონებაც განსაკუთრებით სჭირდება ახლა უმრავლესობას. ჩვენ ხელისუფლებაში მუშაობის პატრიოტული პატივის ხელახლა დაბადებას ვიხილავთ.

  • წესები, რომლებითაც ვიცხოვრეთ, აღარ იარსებებს

ასტრა ტეილორი რეჟისორია და Democracy May Not Exist, but We’ll Miss It When It’s Gone-ის ავტორი

ამერიკის პასუხმა კორონავირუსის პანდემიაზე გამოავლინა მარტივი ჭეშმარიტება: ძალიან ბევრი რამ, რაზეც ჩვენ მიერ არჩეული თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ შეუძლებელი და არაპრაქტიკული იყო, უეცრად შესაძლებელი და პრაქტიკული გახდა.

2011 წელს, როდესაც  მოძრაობა „დაიპყარი უოლ სტრიტის“ აქტივისტები სტუდენტური და სამედიცინო სესხების გაუქმებას ითხოვდნენ, ბევრი წამყვანი მედიასაშუალება მათ დასცინოდა. შემდგომ წლებში ჩვენ ამ საკითხს კვლავ გვერდით ვწევდით და გვეუბნებოდნენ, რომ მოთხოვნები არარეალისტური იყო.

დღეს ვიცით, რომ „წესები“, რომლითაც ვცხოვრობდით, არ ყოფილა აუცილებელი და საზოგადოებას უფრო მეტად გახლეჩილს და უთანასწოროს ხდიდა.

მთელი ამ დროის მანძილზე გამოსახლებების თავიდან არიდება შესაძლებელი იყო; უსახლკაროების დასახლება და თავშესაფრით უზრუნველყოფა სამთავრობო შენობებში შესაძლებელი ყოფილა; წყლის და ელექტროენერგიის გათიშვა გადაუხდელობის გამო აუცილებელი არ ყოფილა; ანაზღაურებადი შვებულება ავადმყოფობის გამო ყველა დასაქმებულისთვის შესაძლებელი ყოფილა; იპოთეკური სესხის გვიან გადახდის გამო ქონების იძულებით გაყიდვა გარდაუვალი არ ყოფილა და სესხის გამცემებს დროის მიცემა შეძლებიათ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გაყინა საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ფედერალურ სტუდენტურ სესხებზე, ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კი შეაჩერა ყველა სამედიცინო და სტუდენტური სესხი, რომელიც ნიუ იორკის შტატის მიერ იყო გაცემული. „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ განიხილავენ სტუდენტური სესხების შენატანების შეჩერების ან საერთოდ გაუქმების საკითხსაც კი, როგორც დიდი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ნაწილს.

ცხადია, კრიზისში გარკვეული წესები არ მოქმედებს – რაც გვაიძულებს დავფიქრდეთ, საერთოდ რატომ არსებობს ეს წესები. ეს არის უპრეცენდენტო შესაძლებლობა, უბრალოდ პაუზაზე ხელის დასაჭერად და დროებით ტკივილის შესამსუბუქებლად კი არა, მილიონობით ადამიანის დასუსტების გამომწვევი წესების სამუდამოდ შესაცვლელად.

  • ველოდოთ პოლიტიკურ ამბოხს

ქათი ნილი, ალგორითმული აუდიტორული კომპანია ORCAA- დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ავტორი წიგნისა Weapons of Math Destruction: How Big Data Increases Inequality and Threatens Democracy

კორონავირუსის შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური ამბოხიც – „დაიპყარი უოლ სტრიტი 2“, თუმცა ამჯერად უფრო მასობრივი და აგრესიული.

ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, დავინახავთ რამდენად მოვლილი და ზრუნვის ქვეშ იქნებიან მდიდარი, ძლიერი კონტაქტების მქონე და დიდი რესურსების მქონე საზოგადოებები, მაშინ, როდესაც ფართო, ღარიბი და სტიგმატიზებული ჯგუფები თითქმის განადგურებული აღმოჩნდება.

უფრო მეტიც, დავინახავთ რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური აქტივობა – მრავალტრილიონდოლარიანი სტიმულირებები და პროექტები, რომელთა სწრაფად მობილიზება შესაძლებელი ყოფილა – თუ მათი მიზანი დაუყოვნებლად არის მიჩნეული.

ასეთი აცდენა, დიდი ხნის იგნორირებული მოსახლეობის საჭიროებები, რომლებიც მუდმივად ყურადღების მიღმა არის, ძალიან მწვავე შედეგებს გამოიწვევს.

  • გლობალური ეკონომიკა – მეტი შეზღუდვა მასობრივ მოხმარებაზე

სონია შაჰი, ავტორი წიგნებისა: Pandemic: Tracking Contagions From Cholera to Ebola and Beyond და The Next Great Migration: The Beauty and Terror of Life on the Move

საუკეთესო შემთხვევაში პანდემიის ტრავმა აიძულებს საზოგადოებას, მიიღოს შეზღუდვები მასობრივი მოხმარების კულტურაზე, როგორც გონივრული ფასი ჩვენი თავის სამომავლო დაავადებებისა და კლიმატური კატასტროფებისაგან დასაცავად.

ათწლეულების მანძილზე ჩვენ ვაკმაყოფილებდით ჩვენს გადაზრდილ მადას ინდუსტრიული აქტივობებით, დედამიწის მოცელვით, რაც ველურ სახეობებს აიძულებდა, ჩვენს სიახლოვეს დარჩენილ გარემოში გადმოსახლებულიყო.

ამან გახადა შესაძლო ცხოველური მიკრობები, როგორიცაა – SARS-COV2 და ასობით სხვა, ებოლადან დაწყებული ზიკათი დამთავრებული – გადმოსულიყვნენ ჩვენს ორგანიზმში და გამოეწვიათ ეპიდემიები.

თეორიულად, ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება და შეგვემცირებინა ჩვენი ინდუსტრიული ნაკვალევი და შეგვენარჩუნებინა ველური ბუნება, რათა ცხოველებს და მათ ორგანიზმში არსებულ მიკრობებს შესძლებოდათ საკუთარ საბუდარში დარჩენა. ჩვენ, სავარაუდოდ, ნაკლებად ვიხილავთ პირდაპირ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, თუმცა ცვლილებები იქნება.

  • უთანასწორობის შუალედი კიდევ უფრო გაიზრდება

თედა სკოქპოლი, ხელისუფლებისა და სოციოლოგიის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში

უთანასწორობაზე დისკუსია ამერიკაში ხშირად კონცენტრირდება ფსკერზე მყოფ 99 პროცენტსა და მწვერვალზე მყოფ 1 პროცენტს შორის შუალედის ზრდაზე. თუმცა მეორე შუალედი არის მწვერვალზე მყოფ მეხუთედსა და ყველა დანარჩენს შორის არსებული შუალედი – და იგი ამ კრიზისით გაუარესდება.

ამერიკელების უმდიდრეს მეხუთედს უფრო დიდი ზრდა აქვს შემოსავლებში, ვიდრე მათ ქვემოთ მყოფ ადამიანებს ბოლო ათწლეულებში. ასეთები არიან დაქორწინებული, კარგი განათლების მქონე წყვილები. ისინი მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები ან მენეჯერები არიან, ცხოვრობენ ინტერნეტით უზრუნველყოფილ სახლებში, რომლებიც დისტანციური მუშაობის სრულ შესაძლებლობას იძლევა, სადაც ბავშვებს საკუთარი საძინებლები აქვთ და სახლიდან მუშაობის გრაფიკს ხელს არ უშლიან. კრიზისის დროს, მათი უმრავლესობა სტაბილურ შემოსავალს მიიღებს, საჭირო ნივთებს კი ონლაინშეიძენენ და კართან მიუტანენ.

ამერიკელების დანარჩენ 80 პროცენტს ასეთი ფინანსური ბალიში არ აქვს.

ზოგიერთი მათგანი ნორმალურად იქნება, თუმცა ბევრს გაუჭირდება, როდესაც სამსახურებს დაკარგავენ და ოჯახური ტვირთი დააწვებათ. ასეთები არიან მარტოხელა მშობლები ან ოჯახები, რომელთა მხოლოდ ერთ წევრს აქვს შემოსავალი.

მათ ნაკლები საშუალება აქვთ სახლიდან იმუშავონ და უმეტესწილად, მიტანის სერვისის სექტორში არიან დასაქმებული, იმ სამსახურებში, რომლებიც კორონავირუსთან კონტაქტის უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ. უმეტეს შემთხვევაში, მათი შვილები სახლში განათლებას ვერ მიიღებენ, რადგან მშობლებს მათთვის სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, ან მათ სახლებს არ ექნება მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ონლაინგაკვეთილების მისაღებად.

  • ცხოვრების წესი – ყურადღების გადატანის „შიმშილი“

მერი ფრანსის ბერი, ამერიკული სოციალური ნააზრევის, ისტორიის და აფრიკული კვლევების პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტში

ზოგიერთი ტრენდი, რომელიც უკვე ვითარდება, სწრაფად გაძლიერდება, – მაგალითად, ხმოვანი ტექნოლოგიის გამოყენება შესასვლელის, დაცვის სისტემის და მსგავსი პროცესების საკონტროლებლად.

მოკლევადიან პერსპექტივაში, უნივერსიტეტები დაამატებენ კურსებს პანდემიის თაობაზე და მეცნიერები შეიმუშავებენ საკვლევ პროექტებს მათი უკეთესი პროგნოზირების, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

1918-1919 წლების ესპანური გრიპის და პირველი მსოფლიო ომის კატასტროფის შემდეგ, ბევრი ამერიკელი ეძიებდა უდარდელ გასართობს, რამაც გაამარტივა ავტომობილის და რადიოს დამკვიდრება. ახალგაზრდა ქალებმა, რომელთაც აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 შესწორებით სულ ცოტა ხნით ადრე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება მინიჭებული, შეიჭრეს თმა, ღამის კლუბებში სიარული დაიწყეს და ჩარლსტონის ცეკვით იღებდნენ სიამოვნებას. ეკონომიკა მალევე აღდგა და აყვავდა დაახლოებით 10 წელიწადში, სანამ არარაციონალურმა ინვესტიციებმა გადაიყვანა სხვა რელსებზე ამერიკა და მსოფლიო დიდი დეპრესიისაკენ.

სავარაუდოდ, წარსული ქცევის გათვალისწინებით, როდესაც პანდემია დასრულდება, ადამიანები იმავე სიმსუბუქეს იგრძნობენ და ერთად ყოფნით სტრესისგან თავის დაღწევის და სიამოვნების მიღების გზებს გამონახავენ.

  • პარკების აღზევება

ალექსანდრა ლანგი, არქიტექტურის კრიტიკოსი (at Curbed)

პარკები ადამიანებისთვის ხშირად სპეციფიკური მიზნების მქონე ადგილია, როგორიცაა ფეხბურთის სათამაშო მოედანი, პიკნიკები ან სათამაშო მოედნები, ახლა კი ყველა ეს ფუნქცია მოსარიდებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარკები ნაკლებღირებულია. ახლა ადამიანები ერთხელ გადიან პარკებში და ცდილობენ იზოლირებულად ისეირნონ ისეთ სივრცეში, სადაც ნაკლები ხალხია. ბრიტანეთში მეტი ბაღის და პარკის გახსნას ფიქრობენ, სადაც შესვლა უფასო იქნება.

ურბანული პარკები, სადაც დიდმა ქალაქებმა ბოლო ათწლეულში დიდი ინვესტიცია ჩადეს, საკმარისად დიდია ბევრი ადამიანის ტევადობისათვის სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფით. კარგია, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გაზაფხულია.

პანდემიის შემდეგ საზოგადოება ასეთ ფართო სივრცეს კიდევ უფრო დააფასებს, არა მარტო დიდი ღონისძიებისთვის ან აქტიური გამოყენებისთვის, არამედ ვიზუალურად ერთად ყოფნისთვის.

დიდი ქალაქების გარეუბნებში სავაჭრო ცენტრებს ისტორიულად იგივე ფუნქცია ჰქონდა: სადღაც წასასვლელი, სადღაც ერთად ყოფნის საშუალება. ახლა იგივე განწყობაა პარკებზე.

ეს ყველაფერი რომ დასრულდება, კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტი საჯარო ინვესტირება მოხდება ღია, ხელმისაწვდომ, ყველა სეზონისთვის შესაფერის ადგილებში, თუნდაც სოციალური დისტანცირების საჭიროების გარეშე.

  • ჩვევის ტირანია გაქრება

ვირჯინია ჰეფერნანი, ავტორი წიგნისა Magic and Loss: The Internet as Art

ადამიანებს არ ახასიათებთ ყოველდღიურობის რადიკალური შეცვლა. თუმცა ცხოვრების „ოპტიმიზირების“ ფანტაზიამ – რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა, შედეგიანობა და ეფექტიანობა – ყველაზე მოსაწყენი ცხოვრებაც კი გმირულად წარმოაჩინა. წიგნები, როგორიცაა ოთხსაათიანი სამუშაო კვირა, ჩვევის ძალა და ატომური ჩვევები მკითხველს მოუწოდებს, ზოგიერთი ქცევა ავტომატიზებული გახადოს, რათა რაც შეიძლება მეტი იშრომონ და ნაკლები ჭამონ.

თუმცა COVID-19 გვარწმუნებს, რომ ჩვევებზე მოსაუბრე ადამიანები არ არიან ჩვენი დროის ბატონები.

მაგალითად, გავიხსენოთ ალბერ კამიუ, რომელიც წიგნში – „შავი ჭირი“, გამოგონილი ალჟირული ქალაქის ეპიდემიით განადგურებას ერთ რამეს აბრალებს: ერთგვაროვნებას.

„სიმართლე ისაა“, წერს კამიუ საოცრად მოსაწყენ საპორტო ქალაქზე, „რომ ყველა მოწყენილია და ჩვევების გამომუშავებას უძღვნის თავს.“ ჩვევებზე დამოკიდებულ ადამიანებს წარმოსახვა არ აქვთ. მათ ზედმეტად დიდი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ გააცნობიერონ, რომ სიკვდილი დასდევთ და უკვე დიდი ხანია საჭიროა ფულისთვის მუშაობა, ბოულინგის თამაშის და კინოში სიარულის შეწყვეტა.

შესაძლოა, როგორც კამიუს დროს იყო, ავტოკრატიისა და დაავადების ორმაგი სპექტრი იყოს საჭირო გონიერების, წარმოსახვისა და ექსცენტრიულობის მოსასმენად – და არა ჩვენი დაპროგრამების.

უფრო ფართო და თამამი დამოკიდებულება ყოველდღიური არსებობისადმი ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა ტრამპის მსგავს ტირანიას, აბსურდს და გარემოსა და ფსიქოლოგიურად დამაზიანებელ ჩვევებს არ მივეცეთ (მათ შორის, ჩვენს საყვარელ: მანქანის ტარებას, ხორცის ჭამას, დენის წვას).

დღევანდელ ჭირს შეუძლია დაგვანახოს განახლებული მსოფლმხედველობა, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანებს ცოტა დრო გვაქვს დედამიწაზე, აპოკალიფსი ახლოა და ერთად, მშვიდობით და შინაარსიანად ცხოვრება გაცილებით მეტ ძალისხმევას და ინვესტიციას საჭიროებს – ჩვევების არარსებობის ძალაუფლებას.

___________________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JUSTIN LANE

ქვეყნდება შემოკლებით. 

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ. „ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი და რამდენად თავისუფალია სკოლა ან მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრისას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს, ქეთი პაპავას ესაუბრა.

  • ქეთი, როგორ ფიქრობთ, ონლაინსწავლების შემდეგ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საბოლოოდ და თუ გაქვთ სკოლებში ნაფიქრი, რა უნდა იყოს შეფასების ძირითადი კრიტერიუმი?

კლასიკური შეფასების სისტემის გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში კათედრაზე უნდა შეთანხმდნენ, მოილაპარაკონ პედაგოგებმა, თუ რა ცოდნის გადაცემა მოახერხეს და როგორ შეაფასონ საბოლოოდ მოსწავლე.

ჩემთვის, ამ მოცემულობაში, შეფასების ყველაზე მისაღები ფორმა მოსწავლის პორტფოლიოა, სადაც ასახული იქნება ყველა ის დავალება, შედეგი, რაც გააკეთა ონლაინსწავლების პერიოდში მოსწავლემ. ასევე, პროექტზე დაფუძნებული შეფასება.

თუ სამინისტრო ამბობს, რომ სხვადასხვა სცენარით მოქმედებენ, სკოლებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი სცენარები. დიდი ალბათობით, ამ სემესტრში სკოლაში ვეღარ გავალთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს მოსწავლეს, თუ რა მოეთხოვება საბოლოო შეფასებისას. უნდა გადაიხედოს მეორე სემესტრის კურიკულუმი. ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ მოქნილია, მოსწავლეზეა ორიენტირებული და მასწავლებელს შეუძლია გადაითამაშოს თემები და საკითხები, ის, რაც აუცილებელია ამ გეგმის მიხედვით.

  • თქვენ დაიწყეთ თემების შერჩევა, ონლაინსწავლების დროს თუ დაძლევს ამ მასალას მოსწავლე?

მე, პირადად, მგონია, რომ ონლაინმუშაობა დაბრკოლება არ არის მოსწავლისთვის. პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ მიაწოდონ მასალები მოსწავლეებს, რამდენად კვალიფიციურად აკეთებენ, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა. შესაბამისად, ონლაინშეფასებაც არ წარმოადგენს სირთულეს. თუ მასწავლებელთა ჯგუფი კათედრაზე შეიმუშავებს რუბრიკებს და დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები, რისი მიხედვითაც უნდა შეფასდეს მოსწავლის პორტფოლიო ან პროექტის შეფასება, ეს პრობლემაც ადვილად დაიძლევა.

შესაძლებელია, მოსწავლის ტესტური შეფასებაც, რადგან ბევრი აპლიკაციაა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. თუ ვინმეს აქვს იმის შიში, რომ ტესტური სამუშაოს დროს ვინმე დაუჯდება მოსწავლეს და დააწერინებს, ამ რისკების შემცირების შანსიც არსებობს. როცა გარკვეულ დროს აძლევ მოსწავლეს ტესტის დასასრულებლად, 100-დან მაქსიმუმ 2/3 პროცენტს შეიძლება ჰყავდეს მშობელი იმ დროს სახლში, რომ გაუწიოს დახმარება. განსაზღვრული დრო ე.წ „შპარგალკის“ გამოყენების საშუალებას ნაკლებად იძლევა.

თუმცა, მე, პირადად, არსებულ სიტუაციაში ტესტირება გაუმართლებლად მიმაჩნია. ამიტომ, ყველაზე ეფექტური ამ მოცემულობაში, მგონი, იქნება პორტფოლიოს შეფასება ან პროექტზე დაფუძნებული შეფასება.

  • მასწავლებელმა რამდენად კარგად იმუშავა, ამოწურა თუ არა აუცილებელი თემები, ამის მონიტორინგი როგორ შეიძლება?

ეს არის კათედრის და სკოლის გადასაწყვეტი. მაგალითად, თუ სკოლაში 7 პირველი კლასია ან ხუთი მე-11 კლასი, შეფასების კრიტერიუმი ყველა კლასში შეიძლება იყოს სხვადასხვა. ვალიდურობის მიხედვით, მე-11 ა კლასში შესაძლოა მოსწავლე სულ სხვა საკითხებში შეფასდეს და მე-11 გ-ში, მაგალითად, სხვა საკითხებში. ეს ნორმალურია, რადგან რა გადაწყვიტა მასწავლებელმა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ესწავლებინა მოსწავლეებისთვის, ამაზეა შეფასება დამოკიდებული.

ამის თავისუფლება აქვთ მასწავლებლებს?

ერთადერთი, რაშიც მასწავლებლებს „თავისუფლება“ არ აქვთ, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე მოქმედება. ჩვენი ბიბლია არის ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნის სტანდარტი. ამიტომ, თუ მე მგონია, რომ პირველი კლასის მზაობა ისეთი არ არის ამ სემესტრში, რომ დაფაროს, მაგალითად, 10-დან 8 თემა, ამის დაფარვა კლასს შეუძლია მომდევნო სემესტრში. ამიტომ არის ძალიან კარგი ჰოლისტური (ბავშვზე მორგებული) ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებელს აძლევს თავისუფლებას გადაწყვიტოს, მოსწავლეს რა სჭირდება და როდის. რა ინსტრუმენტები გამოიყენოს, რომ ეს ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს.

  • სამინისტრო ამბობს, რომ ჯერ ადრეა შევაფასოთ ონლაინსწავლების შედეგები. თქვენი აზრით, რამდენად კარგად მუშაობს ეს სისტემა?

სხვადასხვა გამოწვევისა თუ ხარვეზის მიუხედავად, ონლაინსწავლება მუშაობს. მე ბევრად ადრე დავიწყე ამისთვის მზადება და ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც მოვამზადე მოსწავლეები და კოლეგებსაც გავუწიე კონსულტაცია. დადებითი ის არის, რომ  მშობლებმა კარგად დაინახეს თავიანთი როლის მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და „ბავშვს რა ვუყო მთელი დღე სახლში“, „როგორ უნდა დავეხმარო“ – ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თუ მშობელს ეგონა, რომ  შვილს რეპეტიტორს ჩააბარებდა, ახლა მიხვდა, რომ აღარ უღირს მისი დაქირავება, რადგან ონლაინსწავლების დროს მას მაინც უწევს ბავშვის დახმარება. დაწყებით საფეხურზე, მით უმეტეს.

  • სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მუშაობენ მოსწავლის საბოლოო შეფასების კრიტერიუმების გეგმაზე და მალე გააჟღერებენ. თუკი სამინისტროს ექნება თავისი რეკომენდაციები, რა ვადებში უნდა გახდეს ეს ცნობილი, დამატებითი პრობლემები რომ არ წარმოიშვას?

შეფასების კრიტერიუმები რაც შეიძლება მალე უნდა იყოს ცნობილი. ამავდროულად, არ მგონია, რომ სამინისტროს მითითება იყოს სწორხაზოვანი. ვფიქრობ, რეკომენდაციის სახე ექნება, რადგან ბოლო რეკომენდაციებიც საკმაოდ დროული და რეალური იყო.

  • ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობაზე გაჩნდა კითხვები. ითქვა, რომ ბევრმა სკოლამ არასწორად გაიგო მითითება – 20 წუთი. რეალურად რაზე იყო საუბარი, რამდენი წუთი უნდა იჯდეს მოსწავლე კომპიუტერთან?

დიახ, ბევრმა იფიქრა, რომ 20 წუთი ერთი გაკვეთილისთვის უნდა დაეთმო, რაც არასწორია. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეში 20 წუთი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს მასწავლებელთან ონლაინურთიერთობა, რადგან პირისპირ გაკვეთილი სხვაა და ონლაინსწავლება აბსოლუტურად სხვა უნარებს მოიაზრებს. მაღალ კლასებში შეიძლება იყოს უფრო მეტიც, რადგან მოსწავლის კოგნიტური უნარები განვითარებულია და თვითდაგეგმვის მეტი უნარებიც აქვს. დაბალ კლასებში კი ეს დრო უნდა შემცირდეს.

  • მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ სემესტრი არ ჩავარდება. თუმცა მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, იქნებოდა გამართლებული აკადემიური წლის გამოცხადება?

ჩემი აზრით, ონლაინსწავლებაც რომ არ ყოფილიყო, მაინც არ უნდა ჩავარდნილიყო სემესტრი, რადგან ეს ბევრად მძიმე შედეგებს მოიტანდა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, რადგან არ ვიცით რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის დასრულების შემდეგ. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ბავშვს არ აქვს წვდომა ონლაინგაკვეთილებზე, თუმცა ვისაც არ აქვს, ვფიქრობ, ტელეფონით მაინც იღებენ გარკვეულ ინფორმაციას. შევხედოთ რეალობას, საკლასო გარემო იდეალური გვქონდა? ყველა მოსწავლე ჩართული იყო სწავლა-სწავლების პროცესში? იქაც ხომ იყო მეტ-ნაკლებობა და ეს რეალობაც არის იმის ანარეკლი, რაც პირისპირ გაკვეთილების დროს ხდებოდა. ამიტომ მოსწავლეების 80 პროცენტს, ვფიქრობ, შრომა არ უნდა დავუკარგოთ.

 7 მლნ ლარს გადააჭარბა კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს კომენდანტის საათის დარღვევის, ასევე, სამზე მეტი პირის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვის, მგზავრთა გადაყვანის, ეკონომიკური საქმიანობის  განხორციელებისა და  კარანტინით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებია.

ჯერჯერობით ვერ დავახარისხეთ, რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი დააჯარიმეს, ამიტომაც საერთო ციფრი ჯარიმის მინიმალური ოდენობის – 3000 ლარის  მიხედვით გამოვთვალეთ. შესაბამისად, ჯარიმების საერთო ოდენობა სინამდვილეში ბევრად მეტია.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 30 მარტს გამოაცხადა. ათვლა 31 მარტს დილის ექვსი საათიდან დაიწყო, ხოლო კარანტინის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათი 31 მარტს საღამოს ცხრა საათიდან ამოქმედდა, ამ დროიდან დილის ექვს საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლა აეკრძალათ.

31 მარტიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე  ყოველდღიურად აქვეყნებს  გამოვლენილი დარღვევებისა და დაჯარიმების სტატისტიკას, „ბათუმელებმა“ ეს ციფრები დააჯამა 31 მარტიდან დღემდე, რვა აპრილამდე.

შსს-ს მონაცემებით, 31 მარტიდან დღემდე სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 2 528 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს 1093 მოქალაქე. ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 3000 ლარია. უკვე დაკისრებული სანქციების მიხედვით დაჯარიმებულმა პირებმა ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 მილიონ 279 000 ლარი უნდა გადაიხადონ.

ამას ემატება 972 000 ლარი – ამ თანხით პოლიციამ ის მოქალაქეები დააჯარიმა, რომლებმაც ათზე მეტი პირის შეკრებასთან დაკავშირებული აკრძალვა დაარღვიეს [საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო პოლიციამ ამ დრომდე 324 მოქალაქე დააჯარიმა 3000 ლარით].

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1083 პირი დააჯარიმეს. ამ ბოლო ორი მონაცემის შემთხვევაში [ათზე მეტი პირის შეკრება და მგზავრთა გადაყვანა] არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის რამდენია ფიზიკური  და რამდენია იურიდიული პირი.

ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 12 000 ლარია. ასეთი ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაეკისრა შვიდ კომპანიას [იურიდიულ პირს]  ჯარიმამ საერთო ჯამში 105 000 ლარი შეადგინა. ამავე მიზეზით რვა ფიზიკური პირიც დააჯარიმეს.

კარანტინის გამოცხადებიდან ამ დრომდე თვითიზოლაციის წესი დაარღვია 57-მა მოქალაქემ. ამ შემთხვევაში თანხა საერთო ჯამში 171 000 ლარია.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

______

ამავე თემაზე

როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს

მზადაა 3 500 საწოლი, ექიმების დეფიციტი არ გვაქვს – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ექიმების დეფიციტი არ არის და, შესაბამისად, არ არის სამედიცინო პერსონალის დამატებით მობილიზების აუცილებლობა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა 3 500 საწოლი კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, 8 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მობილიზაცია უკვე არის მომხდარი, ასევე, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებულ საკარანტინე ზონებში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის იყოს უსაფრთხო და ეფექტური“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მან ასევე თქვა, რომ ქვეყანაში მზადაა 3 500 საწოლი კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ. ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ერთი თვის განმავლობაში, შეფერხების გარეშე შეძლებს დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას.

„პარალელურ რეჟიმში, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ ტრენინგს ოჯახის ექიმებისას, ჩვენ დამატებით შეგვიძლია საკარანტინე სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება საკარანტინე ზონებში. საერთო ჯამი არის დაახლოებით 10 000-მდე  პაციენტი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის მანძილზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

COVID-19: ინფიცირების შემთხვევები 1 400 000 – ს გასცდა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 434 426-ია. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მილიონს ექვსი დღის წინ მიუახლოვდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც გუშინ ვირუსით გარდაცვალების 1858 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 800-ზე მეტი – ნიუ იორკში. ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 399 929 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 539, გარდაიცვალა – 12 911.

ესპანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 141 942-ია, მათგან გარდაიცვალა 14 045, გამოჯანმრთელდა – 43 208;

იტალიაში დადასტურებული შემთხვევები არის – 135 586, მათგან გარდაიცვალა – 17 127, გამოჯანმრთელდა – 24 392.

საქართველოში ბოლო მონაცემებით [8 აპრილი, 14:00] 160 ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა – 48 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

კარანტინის რეჟიმში, 86 სხვადასხვა სასტუმროში, იმყოფება – 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პირი. ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადებით, საქართველოში საკარანტინო პროგრამისთვის 6 568 სასტუმრო ოთახია მობილიზებული. 

სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა

„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში.

თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად ქუჩაში უწევდა ცხოვრება. და-ძმა სკოლაშიც იშვიათად დადიოდა. ანამ გვითხრა, რომ ახლა ისევ „კარდონებში“ სძინავს და სკოლაც სანატრელი გაუხდა.

ანასა და სიღარიბეში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვის წიგნების ჩუქება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. წიგნი ან წიგნები შეგიძლიათ დატოვოთ „იალქნის“ შესასვლელთან – ბათუმი, ჭავჭავაძის 27, ბინა 16. ეს ოფისი ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზეა.

„ოფისის შესასვლელთან დავდგამ ყუთს და დავაწერ, რომ ის წიგნებისთვისაა განკუთვნილი. ადამიანებს შეუძლიათ აქ დატოვონ წიგნები. ჩვენ მათ ოჯახებს მივუტანთ, როცა საკვები პროდუქტების გასატანად ისევ გავალთ…“ – გვითხრა თიკო აბაშიძემ. მისივე თქმით, წიგნებს ბავშვებთან მიტანამდე სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავებენ.

თიკო აბაშიძე ასევე სთხოვს ადამიანებს, რომლებსაც ბავშვებისთვის წიგნების ჩუქება შეუძლიათ, წიგნი ერთჯერად პარკში მოათავსონ და ისე ჩადონ წიგნების ყუთში.

Exit mobile version