მთავარი,სიახლეები

„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

09.04.2020 • 1831
„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

„ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობა ყველაზე ნაკლები კომპეტენციაა თვითმმართველობის“, – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მას კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე რთული ქცევის მქონე ბავშვების შესახებ ვკითხეთ – ხედავს თუ არა ადგილობრივი მთავრობა საკუთარ როლს, შეისწავლოს და შესთავაზოს მოზარდებს სპეციალურ პროგრამებში ჩართვა?

ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი მოზარდის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – 13 წლის გოგოზე, რომელიც სკოლაში აღარ დადის და არც სახლში გაჩერება სურს. სპეციალისტების აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობას ამ მიმართულებით ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია, რადგან ადგილზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ მოზარდებს. სპეციალისტები ამას ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ. ეს ვუთხარით ბათუმის მერსაც.

„ჩვენ შეგვიძლია რეაგირება გავაკეთოთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, ან რეკომენდაცია თუ იქნება მოცემული შესაბამისი ორგანოებიდან. ბავშვების პრობლემებით, არასამთავრობო სექტორიდან დაწყებული, სახელმწიფო უწყებებიც, ბევრი არის ფოკუსირებული, ეს ყველაზე ნაკლებად არის მუნიციპალიტეტის პირდაპირი კომპეტენცია.

ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროგრამა, ან მსგავსი ტიპის გამოცდილება. ეს მოითხოვს სოცმუშაკების ყოლას, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ექნებათ,“ – გვიპასუხა ლაშა კომახიძემ.

რატომ არ არის ეს თვითმმართველობის საქმე და რატომ არის შეუძლებელი სერვისის შექმნა, თუკი თვითმმართველობა ხედავს პრობლემას და ამჩნევს ბავშვებს, რომლებსაც, მაგალითად, ქუჩაში უწევთ ცხოვრება? – ბათუმის თვითმმართველმა მერმა გვითხრა, რომ ის მითითებებს ელის.

„მე არ ვამბობ, რომ ეს თვითმმართველობის საქმე არ არის. ვამბობ, რომ ეს არ არის თვითმმართველობის პირდაპირი სფერო. ამავე დროს, თუკი იქნება მსგავსი ტიპის რეკომენდაციები და მითითებები, რომ ეს არის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, თვითმმართველობა ჩაერთვება ამაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერს ასევე ვკითხეთ, ვისგან უნდა მიიღოს რეკომენდაციები და მითითებები, რომ თვითმმართველობამ ბავშვებზე ზრუნვა საჭიროდ მიიჩნიოს.

„მე კიდევ ერთხელ ვამბობ: იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამით არიან დაკავებული და მათი პირდაპირი კომპეტენციაა, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან დიალოგისთვის. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რა შეიძლება გაკეთდეს,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძემ ამ თემაზე ჩვენთან გასაუბრება წინა დღეებში საჭიროდ არ მიიჩნია. დღეს, 9 აპრილს, მასთან გასაუბრება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ნაწილის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ. ამ კითხვა-პასუხის შემდეგ ლაშა კომახიძე დაგვემშვიდობა, თუმცა ჩვენ მას ასევე ვკითხეთ:

„თქვენ ელოდებით, როდის მოგმართავენ სპეციალისტები? ისინი ღიად საუბრობენ ამ პრობლემაზე…“

„საკუთარ თავს თუ ელაპარაკებიან, არ ვიცი, ჩვენთან არ ლაპარაკობენ… რამდენიც არ უნდა ისაუბრო საკუთარ თავთან ახლა…“ – გვიპასუხა ლაშა კომახიძემ და სამსახურებრივ ავტომანქანაში ჩაჯდა.

„თქვენ რომ მიმართოთ, რატომაა ეს პრობლემა, თუკი ხედავთ, რომ პრობლემა არსებობს?“ – ვკითხეთ ბათუმის მერს.

„კარგად ბრძანდებოდეთ,“ – დაგვემშვიდობა ლაშა კომახიძე და ავტომანქანის კარი მიიხურა.

კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ორგანოს შექმნის კუთხით დღეს შეკითხვა თორნიკე რიჟვაძესაც დავუსვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„ბავშვთა უფლებები მნიშვნელოვანია…. გავეცნობი ამ საკითხს და დეტალებზე შემდეგ შემიძლია შეგხვდეთ და  ვისაუბროთ,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ. ჩვენ აჭარის მთავრობის პრესცენტრს კონკრეტული კითხვები მივაწოდეთ და პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

რამდენ მოზარდს სჭირდება აჭარის რეგიონში დახმარება და სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა, მაგალითად, სასპორტო კლუბის დაფინანსება, ან საცურაო აუზი, ან საგანმანათლებლო პროგრამა და ასე შემდეგ – ეს არავინ იცის, რადგან ამ თემაზე არავინ მუშაობს. სპეციალისტების თქმით, ეს აქტივობა მოზარდებში დანაშაულის პრევენციისთვისაა საჭირო.

ვიდრე თვითმმართველობა მოზარდებს ვერაფერს სთავაზობს, შეგვიძლია მხოლოდ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას გადავხედოთ.

გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს აჭარაში სულ 37 არასრულწლოვნის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდის 3 არასრულწლოვანი აჭარიდან, ერთი – ბრალდებულია.

პრობაციის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ამ დროისთვის ჩართულია აჭარაში მცხოვრები 51 მოზარდი. არასრულწლოვნების უმრავლესობას სწორედ ამ პროგრამაში რთავენ, რადგან ევროპული მიდგომით, ციხეში ჩასმა არასრულწლოვნისთვის გამოსავალი არ არის.

ფონდი „იალქნის“ დღის ცენტრის მომსახურებით ბათუმში რთული ქცევის მქონე 31 მოზარდი სარგებლობს.

____

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

____

ამ თემაზე:

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: