მთავარი,სიახლეები

პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ

01.04.2020 • 2776
პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“ 

________________

ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას.

 

  • ნაკლები ინდივიდუალიზმი

ერიკ კლინენბერგი სოციოლოგიის პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის საჯარო ცოდნის ინსტიტუტის დირექტორია. იგი ავტორია წიგნისა – Palaces for the People: How Social Infrastructure Can Help Fight Inequality,Polarization, and the Decline of Civic Life.

კორონავირუსის პანდემიამ დაასრულა ჩვენი რომანი საბაზრო საზოგადოებასა და ჰიპერ-ინდივიდუალიზმთან. ჩვენ შესაძლოა ავტორიტარიზმისკენ მოვბრუნდეთ.

წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს გადადოს ნოემბრის არჩევნები. განიხილეთ სამხედრო ჩამოქცევის შესაძლებლობა. დისტოპიური სცენარი რეალურია. თუმცა მჯერა, რომ სხვა მიმართულებით წავალთ. ჩვენ ახლა ვხედავთ სოციალური ორგანიზების ბაზარზე დამყარებული მოდელების კრახს, კატასტროფულ კრახს, როდესაც საკუთარი თავის ძიება (ტრამპიდან ქვემოთ) კრიზისს გაცილებით სახიფათოს ხდის, ვიდრე უნდა იყოს.

ამ მიზნებით ჩვენ პოლიტიკას მიმართულებას შევუცვლით. ჩვენი ახალი ინვესტიციები საგრძნობლად გაიზრდება საჯარო სიკეთეებისათვის – ჯანდაცვისა და განსაკუთრებით, საჯარო სერვისებისთვის. არ მგონია, რომ ნაკლებ საზოგადოებრივი გავხდებით, პირიქით, უკეთ დავინახავთ, რომ ჩვენი ბედისწერა ერთმანეთთან კავშირშია.

რესტორანი, სადაც იაფ ბურგერს ვჭამ, მოლარეებს და სამზარეულოს თანამშრომლებს თუ არ ეძლევათ ანაზღაურებადი შვებულება ავადმყოფობისათვის, მე უფრო მოწყვლადს მხდის ავადმყოფობისადმი, ისევე, როგორც მეზობელი, რომელიც უარს ამბობს პანდემიის დროს სახლში დარჩენაზე, რადგან ჩვენმა საჯარო სკოლებმა ვერ ასწავლა მეცნიერება ან კრიტიკული აზროვნების უნარი. ეკონომიკა – და სოციალური წყობა, რომელსაც იგი ეხმარება – ჩამოიქცევა, თუ ხელისუფლება იმ მილიონობით ადამიანის შემოსავალს ვერ უზრუნველყოფს, რომლებმაც დიდი რეცესიის ან დეპრესიის დროს სამსახურები დაკარგეს.

ახალგაზრდები ვერ დაიწყებენ ცხოვრებას, თუ ხელისუფლება მათ სტუდენტური სესხის შემცირებაში ან გაუქმებაში არ დაეხმარება.

კორონავიურის პანდემია უზარმაზარ ტკივილს და მწუხარებას გამოიწვევს. მაგრამ ის ჩვენ გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ, რას ვაფასებთ და გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის აღმოჩენაში.

  • რელიგიური რიტუალები განსხვავებული იქნება

ემი სალივანი Vote Common Good სტრატეგიის დირექტორია.

ჩვენ აღდგომის ადამიანები ვართ, ბევრი ქრისტიანი ამბობს ამას და ხაზს უსვამს ამით იმედის და შიშზე სიცოცხლის გამარჯვებას. თუმცა როგორ მოახერხებენ აღდგომის ადამიანები მათთვის ყველაზე წმინდა დღით დღესასწაულს, ისინი აღდგომის დილას ერთად ვერ შეხვდებიან? როგორ აღნიშნავენ ებრაელები პასექის დღესასწაულს, რომელიც Zoom-ის მეშვეობით გადაიცემა? მუსულმანი ოჯახები რამადანს იზეიმებენ, თუ ისინი ადგილობრივ მეჩეთს ვერ ესტუმრებიან და საყვარელ ადამიანებთან ერთად არ დაასრულებენ მარხვას?

ყველა რელიგიას უწევდა გამკლავებოდა რწმენის შენარჩუნების გამოწვევებს ომიანობის ან დევნის მძიმე პირობებში – თუმცა ყველა რელიგიას ეს ერთდროულად არ მოსწევია. რელიგია კარანტინის დროს გამოწვევის წინაშე დააყენებს ღვთისმსახურების აღსრულების და მასში მონაწილეობის მნიშვნელობას. ამავდროულად, იგი გაშლის შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც ადგილობრივი მრევლი არ ჰყავს და შორს მყოფ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა.

თვითშემეცნების მიმდინარეობები პოპულარობას მოიპოვებენ და. შესაძლოა, იქნებ ასეც დავუშვათ – კულტურული ომი, რომელმაც საერთო სიკეთეზე მქადაგებლებს „სოციალური სამართლიანობის მებრძოლთა“ სახელი მიანიჭა, შემცირდეს ჩვენი ურთიერთდაკავშირებული კაცობრიობის დღევანდელი განცდის შედეგად.

  • ტექნოლოგია

ქეთრინ მანგუ-ვარდი ჟურნალ Reason-ის მთავარი რედაქტორია

COVID-19 გააქრობს ბევრ ხელოვნურ ბარიერს ჩვენი ცხოვრების ონლაინგარდასაქმნელად.

ყველაფერი ვირტუალური ვერ გახდება, თავისთავად. თუმცა ჩვენი ცხოვრების ბევრ სივრცეში რეალურად სასარგებლო ონლაინინსტრუმენტების გამოყენება ძალით ნელდებოდა ბევრი მოთამაშის მიერ, რომლებიც ხშირად ჩვენს ზედმეტად ფრთხილ ბიუროკრატებთან თანამშრომლობდა.

მაგალითად, სამედიცინო დახმარების გაციფრულება დიდი ხნის წინ განსახორციელებელი ცვლილება იყო, ისევე, როგორც სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებისთვის იმავე ინსტრუმენტების გამოყენების უფლების მინიჭება, რასაც ჩვენ ვიყენებდით აქამდე, როგორიცაა სკაიპი და ელფოსტა.

მარეგულირებელი ბიუროკრატია კიდევ დიდი ხანი გააგრძელებდა ფეხის თრევას, რომ არა ეს კრიზისი.

წინააღმდეგობა, რომელსაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ და პოლიტიკოსები ხელს უშლიდნენ, რომ ნაწილობრივ საშინაო სწავლება და ონლაიგაკვეთილები ნებადართული ყოფილიყო, საჭიროებიდან გამომდინარე შესრულდა. შემოდგომაზე ალბათ თითქმის შეუძლებელი იქნება ჯინის ლამპარში დაბრუნება, როდესაც ბევრი ოჯახი სრულ ან ნაწილობრივ საშინაო სწავლებას ან ონლაინგაკვეთილებს არჩევს.

კოლეჯის ბევრი სტუდენტიც აირჩევს ძვირადღირებულის ნაცვლად დისტანციურ სწავლას და სექტორში, რომელიც ინოვაციებისთვის დიდი ხანია მზადაა, რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამუშაო დისტანციურად ვერ სრულდება, ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ ჰალსტუხის გაკეთებასა და ერთი საათი გზაში გატარებაზე უფრო ეფექტური სახლში მუშაობაა, რაც ერთი ან ორი აპლიკაციის ჩამოტვირთვით სრულად შესაძლებელი ყოფილა. კომპანიები ამას ფეხს რომ აუწყობენ, შემდეგ რთული და უფრო ძვირიც იქნება, თანამშრომელთათვის ამ არჩევანის მინიჭებაზე უარის თქმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი შეხვედრის (ექიმთან ვიზიტის და გაკვეთილის) ნაცვლად, უბრალოდ ელფოსტის გაგზავნა საკმარისი იყო.

  • უფრო ჯანსაღი ციფრული ცხოვრების წესი

შერი ტარკლი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სოციალური სწავლებების პროფესორია MIT-ში.

შესაძლოა, ჩვენს მოწყობილობებთან გატარებული დრო გამოვიყენოთ ხელახლა დასაფიქრებლად, როგორი საზოგადოებების შექმნა შეგვიძლია მათი მეშვეობით.

კორონავირუსის სოციალური დისტანცირების პირველ დღეებში ჩვენ დავინახეთ შთამაგონებელი მაგალითები:

ჩელოს ვირტუოზი, იო-იო მა ყოველ დღე ცოცხალ კონცერტებს ანთავსებს, რითაც თავს ინახავს; ბროდვეის დივა, ლორა ბენანტი იწვევს მიუზიკლების სკოლებიდან შემსრულებლებს, რომლებიც შოუებში ვერ მონაწილეობენ, რომ მას გაუგზავნონ საკუთარი ჩანაწერები. ის ჰპირდება, რომ უყურებს მათ. ლინ-მანუელ მირანდა უერთდება ამ კამპანიას და ასევე პირობას დებს, რომ უყურებს მათ. იოგას ინსტრუქტორებს უფასო გაკვეთილები აქვთ.

ეს განსხვავებული ცხოვრებაა, რომელიც ვიდეოთამაშებში გაქრობისგან და ავატარის ფოტოს დახვეწიდან რადიკალურად სხვა მიმართულებით ვითარდება. ეს გზას უხსნის ადამიანურ გულუხვობას და ემპათიას. ის დაგვაფიქრებს: „რა არის ის ავთენტური რამ, რაც შემიძლია შევთავაზო ადამიანებს? მეც მაქვს ცხოვრება და ისტორია. რა სჭირდებათ ადამიანებს?“ თუ ჩვენს მოწყობილობებს ყველაზე ჰუმანური თვისებებით მოვექცევით, ეს COVID-19-ის ძლიერი მემკვიდრეობა იქნება.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ROMAN PILIPEY

ქვეყნდება მცირე შემოკლებით.

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ„ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის 

 

წესები, რომლებითაც ვიცხოვრეთ, აღარ იარსებებს – როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: