მთავარი,სიახლეები

სახლიდან წასული 13 წლის გოგოს დედა: არ ვიცი, ვისთან ერთადაა, რას აკეთებენ 

07.04.2020 • 2222
სახლიდან წასული 13 წლის გოგოს დედა: არ ვიცი, ვისთან ერთადაა, რას აკეთებენ 

„ჩემი შვილი მხოლოდ დღისით მოდის სახლში, როცა შივდება, ჭამს და მაშინვე გარბის… ხშირად ნასვამია, თვალები დაწითლებული აქვს… ამბობს, რომ თანატოლებთან ერთადაა, მაგრამ ვისთან ერთადაა, სად იკრიბებიან, რას აკეთებენ, არაფერი ვიცი… პანდემიის დროსაც ბავშვები ღამით გარეთ არიან. სოციალურ სამსახურშიც ვრეკავ, პოლიციაში, მაგრამ ვერავინ მეხმარება. მაინც და მაინც დანაშაული უნდა ჩაიდინონ, ან ვირუსი შეეყაროთ, რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს?“ – ამბობს 13 წლის გოგოს დედა, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.

სახელმწიფოს 2020 წლის იანვრიდან აქვს რეფერირების მექანიზმი, რომელიც რთული ქცევის მქონე მოზარდების სპეციალურ პროგრამაში ჩართვას გულისხმობს. თუმცა ამ დრომდე თუნდაც ეს მოზარდი, ვისი დედაც ჩვენ დაგვიკავშირდა, პროგრამაში ჩართული არ არის. კანონით გაწერილი ვალდებულების მიუხედავად, რეფერირებისთვის არც სოცმუშაკებს მიუმართავთ, არც – სამართალდამცველებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი ან რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების საჭიროებებზე ჯერ არ უფიქრიათ არც თვითმმართველობაში.

13 წლის გოგოს შესახებ, რომელიც არც სკოლაში დადიოდა და სახლში გაჩერებაც არ სურდა, „ბათუმელები“ 2020 წლის თებერვალში წერდა. მაშინ მოზარდმა სკოლაში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მალევე, პანდემიის გამო სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ბოლო ორი კვირაა გოგო საერთოდ აღარ ჩერდება ღამით სახლში.

„…პოლიციამ გამომკითხა, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მეუბნებიან, თქვენ თუ გაიგებთ, სად არიან, ჩვენ მივალთო. ვიღაცებმა მითხრეს, მშენებარე შენობის სარდაფში იკრიბებიანო, მეორე დღეს იქ აღარ იყვნენ… ეს არასრულწლოვნები, ვისთანაც ჩემი შვილი მეგობრობს, სავარაუდოდ კანონთან კონფლიქტში არიან ან ქუჩაში მუშაობენ,“ – გვიყვება არასრულწლოვნის დედა.

რა ინფორმაცია აქვს პანდემიის დროს ქუჩაში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს? – ამ უწყებაში არიან სოცმუშაკები, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მათ შორის, იმ გოგოსთან, რომელიც სახლში არ ჩერდება.

„სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს ამ მოზარდთან. სოცმუშაკის თქმით, მინიმუმ კვირაში ერთხელ  მოზარდთან აქვთ ურთიერთობა. სოცმუშაკმა შეიმუშავა ექვსთვიანი მონიტორინგის გეგმა… ეს რთული საქმეა და ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ეს მოიცავს მუშაობას, როგორც მოზარდთან, ისე მის დედასთან, რომ შვილს სახლში გაჩერება მოუნდეს,“ – გვითხრა მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა ჯინჯიხაძემ.

ამ უწყების ინფორმაციით, ქუჩაში ამ დროისთვის აღარ არიან მოზარდები. ხოლო ისინი, ვინც ქუჩაში იყვნენ,  თბილისის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეში სულ 10 მოზარდია.

ახერხებს თუ არა სოცმუშაკი ბოლო ორი კვირის მანძილზე კონკრეტულად 13 წლის მოზარდთან ურთიერთობას და რა გამოსავალს ხედავს ეს უწყება, როცა პანდემიის დროს არასრულწლოვანი სახლში არ ჩერდება? – უწყებაში, სადაც ბავშვებზე უნდა ზრუნავდნენ, გვიპასუხეს, რომ ფიზიკურად არ გადაუმოწმებიათ, მოზარდი რეალურად  სად არის და „სხვა რესურსი არ აქვთ“ გარდა იმისა, რომ სოცმუშაკი დროდადრო მოზარდს ტელეფონზე ესაუბრება.

„სოცმუშაკი ახერხებს მასთან [მოზარდთან] ტელეფონით კომუნიკაციას, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფიზიკურად არ შეხვედრია… ისე არ არის, რომ არ პასუხობდეს, პასუხობს და ამბობს, რომ მეგობართანაა და მეგობრის ოჯახში ურჩევნია დარჩენა… ჩვენ არ გვინახავს ფიზიკურად და ასე შეუძლებელია ყოველდღიურად გადამოწმება,“ – გვიპასუხა ლაშა ჯინჯიხაძემ.

საიდან იცის სოციალურმა სამსახურმა, რომ მოზარდი ნამდვილად მეგობრის ოჯახშია, ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი მოზარდს რამე დაუშავდება, ან დანაშაულს ჩაიდენს? – ლაშა ჯინჯიხაძემ გვითხრა, რომ „მშობელი პოლიციას უნდა დაუკავშირდეს, თუკი მოზარდი ღამით სახლში არ არის.“

არც სოცმუშაკს და არც პოლიციელს ამ დრომდე მთავრობის დადგენილება არ შეუსრულებია და არ მიუმართავს არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმისთვის, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მოქმედებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში შექმნილია მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც „რთული ქცევის ბავშვებთან“ მუშაობს – ამ ჯგუფში სხვადასხვა უწყებაა ჩართული, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. რეფერირების ცენტრში თითოეულ მსგავს მოზარდზე ინდივიდუალური გეგმა უნდა შემუშავდეს და საჭირო ღონისძიებები დაფინანსდეს. დადგენილების მიხედვით, თუ ეს პროგრამა შედეგს ვერ გამოიღებს, მოზარდი არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ [ეს დაწესებულება სამტრედიის სკოლა-პანსიონია].

2019 წლის 31 დეკემბერს მიღებული მთავრობის ეს დადგენილება 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს ეხება, ვისაც რთული ქცევა აქვთ. ამავე დადგენილების მიხედვით, „რთული ქცევა არის ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს“.

რატომ არ მიმართა პოლიციამ რეფერირების მექანიზმს, ან დაიწყება თუ არა რეფერირების პროცედურა ამ შემთხვევაში? – კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუსვით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„სახელმწიფომ დაარღვია ვალდებულება, რომ ემოქმედა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით… მშობელს მიმართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რასაც უნდა მოჰყოლოდა მყისიერი რეაგირება მთავრობის დადგენილების ფარგლებში“, – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

მშობელს რომ პოლიციისთვის მიმართული ჰქონდა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ამ კონკრეტული მოზარდის გაუჩინარების შემდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

რა შეუძლია თვითმმართველობას „რთული ქცევის“ მოზარდებისთვის?

„თვითმმართველობას ამ კუთხით ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ის და სხვა სპეციალისტები ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით მიიჩნევენ, რომ, პირველ რიგში, თვითმმართველობამ უნდა დაინახოს საკუთარი როლი, როცა საქმე კანონთან კონფლიქტში მყოფ ან რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებს ეხება.

მაია ცირამუა, ვისთანაც ჩვენ ამ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ, ამბობს, რომ თვითმმართველობაში უნდა შეიქმნას ორგანო, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი იმსჯელებს პრობლემის იდენტიფიცირებაზე და შემდეგ მისი გადაჭრის გზებზე – მაგალითად, ცენტრების მოწყობაზე, სადაც მოზარდები შეძლებენ გართობას, სპორტით დაკავებას, შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვას.

ბათუმის თვითმმართველობაში ამ საკითხზე ჯერ არ უფიქრიათ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დაგვპირდა, რომ ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

„ეს ძალიან სერიოზული თემაა, პირველივე სხდომაზე, როცა ჩვენ შევიკრიბებით და ეს ალბათ ხვალ იქნება, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს და იმის შესაბამისად გიპაუხებთ… არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ალბათ მთავრობას აქვს ამ კუთხით კონკრეტული ღონისძიებები და ქმედითი ნაბიჯები გადადგმული… მესმის, რომ პრობლემაა და ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში,“ – გვიპასუხა სულიკო თებიძემ.

გვინდოდა გაგვეგო, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. პრესცენტრებში ამ პირებთან დაკავშირებას დაგვპირდნენ. მათ პოზიციებს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

_____

მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

_______

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

_____

ამ თემაზე:

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: