„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში.
თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად ქუჩაში უწევდა ცხოვრება. და-ძმა სკოლაშიც იშვიათად დადიოდა. ანამ გვითხრა, რომ ახლა ისევ „კარდონებში“ სძინავს და სკოლაც სანატრელი გაუხდა.
ანასა და სიღარიბეში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვის წიგნების ჩუქება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. წიგნი ან წიგნები შეგიძლიათ დატოვოთ „იალქნის“ შესასვლელთან – ბათუმი, ჭავჭავაძის 27, ბინა 16. ეს ოფისი ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზეა.
„ოფისის შესასვლელთან დავდგამ ყუთს და დავაწერ, რომ ის წიგნებისთვისაა განკუთვნილი. ადამიანებს შეუძლიათ აქ დატოვონ წიგნები. ჩვენ მათ ოჯახებს მივუტანთ, როცა საკვები პროდუქტების გასატანად ისევ გავალთ…“ – გვითხრა თიკო აბაშიძემ. მისივე თქმით, წიგნებს ბავშვებთან მიტანამდე სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავებენ.
თიკო აბაშიძე ასევე სთხოვს ადამიანებს, რომლებსაც ბავშვებისთვის წიგნების ჩუქება შეუძლიათ, წიგნი ერთჯერად პარკში მოათავსონ და ისე ჩადონ წიგნების ყუთში.