Batumelebi | მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს – Batumelebi

მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს

პანდემიის პირობებში, გასულ თვეში, მოსამართლეებმა ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე, ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს. განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ორმაგი დანამატის მიცემა განისაზღვრა, არაფერი წერია, რის გამო დააჯილდოვეს მოსამართლეები.

სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სასამართლო პროცესების ნაწილი პანდემიის გამო გადაიდო.

„…საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვროთ თანამდებობრივი სარგოს 60 %-ის ოდენობით,“ – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ განკარგულებაში, რომელსაც მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აწერს ხელს.

საბჭოს პრესცენტრში ყურადღებას ამახვილებენ განკარგულების გამოცემის თარიღზე – ის 13 მარტსაა მიღებული, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ იყო. აქ გვითხრეს, რომ აპრილში მოსამართლეები დანამატს აღარ აიღებენ.

რამდენია მოსამართლის ყოველთვიური დანამატი? – ეს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსამართლეების ყოველთვიური დანამატი 500 ლარია, თუმცა მას არ იღებს ყველა მოსამართლე და არ გაიცემა ყველა სასამართლოში.

მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საქალაქო და რაიონული მოსამართლეების ხელფასი თვეში 4 ათასი ლარია, თავმჯდომარის – 4600, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ჯამაგირი – 5 ათასი ლარი, თავმჯდომარისა – 5800. უზენაესი სასამართლოს წევრის ხელფასი 6 ათასი ლარია, თავმჯდომარის – 7 ათასი ლარი.

გამოდის, რომ მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ აიღო ხელფასი 4 ათასი ლარი, ამას ემატება ხელფასის 60 პროცენტი და ეს 2400 ლარია. ჯამში მოსამართლეს [ყოველთვიური დანამატის გარდა, რომლის ზუსტი ოდენობაც ჩვენთვის უცნობია] მოსამართლეს 6 400 ლარი აუღია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარე მიიღებდა – 7360 ლარს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 8 000 ლარს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 9 280 ლარს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ განმარტავენ, რის გამო მიიღეს ყოველთვიურ დანამატთან ერთად ხელფასის 60-პროცენტიანი დანამატი მოსამართლებმა.

13 მარტს, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს განკარგულება გამოსცა, უკვე გამოცხადებული იყო პანდემია კორონავირუსის გავრცელების გამო – პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში covid 19-ით დაინფიცირებული უკვე იყო 25 ადამიანი და საჯარო უწყებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 13 მარტს პრემიერმა გახარიამ ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადა ქონების და საშემოსავლო გადასახადი.

აპრილში ხელისუფლებამ საჯარო თანამდებობის პირების ხელფასებიდან ერთი მესამედის covid 19-ის დასახმარებელთა ფონდში ჩარიცხვა დააანონსა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში დღეს, 8 აპრილს, გვითხრეს, რომ ხელფასის ნაწილი ფონდში მოსამართლეებმაც ჩარიცხეს, თუმცა რამდენი იყო ასეთი მოსამართლე, ან რამდენი ჩარიცხეს მოსამართლეებმა პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად, უცნობია.

დღეს, 8 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონდში მარტში 22 ათასი ლარი გადარიცხეს.

______________________

შენიშვნა: სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით „მიქაუტაძემ მარტში 9600 ლარი მიიღო საკუთარი განკარგულების საფუძველზე“. სტატიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობოდა მის მიერვე ხელმოწერილ განკარგულებას, სადაც აღნიშნულია, რომ მარტის დანამატი საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ეხება. საერთო სასამართლოების ნაწილია უზენაესი სასამართლოც, რომლის წევრიც არის გიორგი მიქაუტაძე.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ეს განკარგულება არ შეხებია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძეს დანამატი არ აუღია და მან მარტში აიღო მხოლოდ ხელფასი – 6 ათასი ლარი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი