მთავარი,სიახლეები

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

04.04.2020 • 3973
„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

სად წავიდნენ პანდემიის პირობებში ბავშვები, რომლებიც აქამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ? – თუკი ამას შესაბამის სახელმწიფო უწყებას ჰკითხავ, მარტივად გიპასუხებენ, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ბავშვები ქუჩაში აღარ არიან, ისინი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ, ზონიდან – თავშესაფარში, თუმცა რა ხდება ახლა იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომლებსაც სახლ-კარი შესაძლოა აქვთ, ან ნაქირავებში ცხოვრობენ, მაგრამ აქამდე ლუკმა-პურის საშოვნელად გამოდიოდნენ ქუჩაში? ან ის ბავშვები სად არიან, რომლებიც მშობლისგან ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ და ქუჩაში ცხოვრება ამჯობინეს?

ცუდად გვაცვია, ჩვენნაირებთან მეგობრობა არ უნდათ…“t

ერთ-ერთი მოზარდი, რომელსაც პანდემიის დროს ქუჩაში ცხოვრება აღარ უწევს, 13 წლის ანაა ბათუმიდან [სახელი და მაიდენტიფიცირებელი  მონაცემები შეცვლილია]. ანას ოჯახი სოციალურად დაუცველია. იგი დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ანას დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა და ქმარს გაშორდა. ანას ფეისბუქის საშუალებით ვესაუბრეთ.

„ახლა სულ სახლში ვარ, კარდონებში გვძინავს და ოცნებაც აღარ მაქვს, ასე ვარ… ქუჩაში როცა ვიყავი, უფრო მხიარული ვიყავი, მომწონდა მეგობრებთან ერთად ყოფნა. ხან ვსვამდით, ხან… აღარ მინდა ამის გახსენება. მოკლედ, ახლა აღარ ვიპარავ. ძირითადად ბიჭები შვრებოდნენ, ჩვენ ვყარაულობდით…

ახლა სახლში საჭმელია და სასმელი, მოგვიტანეს, შეშაც გვაქვს. ბევრჯერ მიოცნებია შეშაზე… აღარ მინდა ქუჩაში გასვლა. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, როცა მიკრძალავდნენ, მაგრამ მერე შევეჩვიე. თანაც, ცუდი ამბები მოხდა იქ. სულ მარტო ვარ, ვინმესთან მეგობრობა მინდა, მაგრამ ჩვენ ცუდად გვაცვია, ხშირად გვშია, ჩვენნაირებთან მეგობრობა არ უნდათ.

ბინის ქირა 100 ლარია. ამას წინათ დედამ ფული ვერ მისცა და დიასახლისმა ბარათი წაართვა, სადაც მას ხელფასს ურიცხავენ. მერე დავრეკეთ და დაგვეხმარნენ, დედას ბარათი დაუბრუნეს.
სკოლაში ნახევრად არ მივლია, ჩემი ძმაც მასეა. ისინიც არ გვკითხულობდნენ და ჩვენც გვეზარებოდა – როგორია ადრე დილით ადგომა, როცა გცივა და სკოლაც ძალიან შორს არის? მერე „იალქანში“ დავიწყე სიარული და იქ მამეცადინებდნენ. სკოლა გვეზარებოდა, მაგრამ ახლა სკოლაც სანატრელი გაგვიხდა.

ფსიქოლოგი და სოცმუშაკი? – არ ვიცი, ჩვენთან არ მოსულან. დედა დადის მაქ, ტაბიძის ქუჩაზე არიან ხო?

მეუბნებიან, რომ 9 კლასი უნდა დაამთავრო, ისე არ იზამსო, ჰოდა, დავამთავრებ. იქნებ უმაღლესშიც ვისწავლო, არ ვიცი… სალონში ვიმუშავებ ალბათ, მომწონს, მაგრამ მაგის სწავლასაც ფული უნდაო, არ ვიცი, არ ვიცი,“  – დაასრულა ანამ.

რა შეიცვალა ბათუმში?

„ბათუმში ძირითადად სიღარიბის გამო იყვნენ ბავშვები ქუჩაში, ისინი მუშაობდნენ, ან იპარავდნენ, თუმცა ეს დადასტურებული არ არის, რამდენიმე მათგანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი… ასევე იყვნენ სეზონურად მიგრირებული ოჯახები, რომლებიც ახლა აქეთ ნაკლებად არიან, რამდენიმეა ასეთი ოჯახი,“ – გვიყვება თიკო აბაშიძე, იგი საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელია. თიკო ამბობს, რომ ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით იგი ბათუმში 70 ბავშვის ოჯახს დაეხმარა საკვებით და ჰიგიენური ნივთებით. „იალქანი“ ეხმარება ანასაც, რომელზეც უკვე გესაუბრეთ.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ჩვენს ცენტრში დადიოდა და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული იყო 70 მოზარდი… დღეს ისინი სახლებში არიან და ჩვენ ყოველ საღამოს, თითო საათი ვესაუბრებით სოციალური ქსელის საშუალებით, ერთმანეთს ვუზიარებთ დღის გამოცდილებას და ვცდილობთ მათ დარწმუნებას, რომ სახლებიდან არ უნდა გავიდნენ… მოვახერხეთ და თითოეულ მათგანს ტელეფონში ულიმიტო ინტერნეტპაკეტი ჩავურთეთ. ეს იყო მათი კატეგორიული მოთხოვნა, თუ არ გვექნება ინტერნეტი, სახლში არ გავჩერდებითო… ამ ეტაპამდე ჯერ არ დაურღვევიათ პირობა,“ – ამბობს თიკო აბაშიძე.

თიკო აბაშიძის მონაცემებით, ამ ბავშვების ოჯახების უმეტესობა ნაქირავებში ცხოვრობს, სოციალურად შეჭირვებულია და ყოველდღიური შრომით ირჩენს თავს. ეს ბავშვები ხშირად სკოლაში სიარულის ნაცვლად, ქუჩაში მუშაობენ. თიკო ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ძალადობის შემთხვევის შესახებ არ გაუგია.

„მათთან ყოველდღიურად უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და სოცმუშაკები, მაგრამ არაფრის შეთავაზება მათთვის სახელმწიფოს არ შეუძლია,“ – დასძენს თიკო აბაშიძე. ჩვენთან საუბრის დროს მან გაიხსენა ბოლო შემთხვევაც, როცა სახლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიქცა, თუმცა იგი ორი დღის შემდეგ დაბრუნდა და ამ ეტაპზე სახლში რჩება.

თბილისის საკარანტინე სივრცეში ახლა 4 ბავშვია, რომელიც ქუჩიდან წაიყვანეს

„ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ან მუშაობენ, ახლა კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან მელიქაძე. ამ ორგანიზაციამ ორი წლის წინ მოამზადა კვლევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე და სამი კატეგორია გამოყო – ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სიღარიბის გამო ქუჩაში მყოფი მოზარდები და უცხოეთიდან, ძირითადად კი, აზერბაიჯანიდან სეზონურად მიგრირებული ოჯახები, რომლებსაც ბავშვები თან ახლავთ და ეს ბავშვები ქუჩაში მუშაობენ.

„დღეს შეიცვალა ის, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღო პირველი რიგის საჭიროებაზე, ეს არის უსაფრთხოება. კარგია, რომ მოეწყო პანდემიის პირობებში საკარანტინე სივრცე, სადაც ქუჩაში მყოფი ბავშვები მიჰყავთ, თუმცა გრძელვადიანად უნდა შევხედოთ ამ პროცესს, საჭიროებებზე და იმ შეთავაზებაზე, რასაც ბავშვებს სახელმწიფო სთავაზობს…“ – მიიჩნევს ქეთევან მელიქაძე გაეროს ბავშვთა ფონდიდან.

ზუსტად რამდენი ბავშვია პანდემიის დროს ქუჩაში, ან რამდენი იყო მანამდე, ეს მონაცემი უცნობია. თბილისის საკარანტინე სივრცეში, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში სპეციალურად ბავშვებისთვის მარტის დასაწყისში მოეწყო, ამ დროისთვის 4 ბავშვია. ისინი მობილურმა ჯგუფებმა აიყვანეს თბილისის ქუჩებიდან.

საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის მხოლოდ თბილისშია და ის 10 ბავშვზეა გათვლილი. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე რეგიონებში და, მათ შორის, აჭარიდან ქუჩაში მყოფი ბავშვი არ დაუფიქსირებიათ და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბავშვს მობილური ჯგუფი თბილისის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანს.

სამოქალაქო ორგანიზაციების განმარტებით, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან მუშაობენ, ქუჩაში ბავშვები ძირითადად თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში არიან. დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული სერვისებით სარგებლობს, რომელსაც ნაწილობრივ ან მთლიანად თავად აფინანსებს, ესენია: მობილური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ქუჩებში ეძებენ ბავშვებს და ცდილობენ მათთან საერთო ენის გამონახვას; მეორე სერვისია დღის ცენტრები, სადაც ის ბავშვები არიან, რომლებსაც სახლ-კარის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ სხვადასხვა პრობლემა აწუხებთ. ეს დღის ცენტრები პანდემიის პირობებში დაიხურა. მესამე სერვისი – სადღეღამისო თავშესაფრებია.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს სამივე სერვისს სთავაზობს, „საქართველოს კარიტასია“. ამ ორგანიზაციას სადღეღამისო თავშესაფრები ბავშვებისთვის თბილისსა და რუსთავში აქვს მოწყობილი.

„…კარანტინი გამოვაცხადეთ 6 მარტს, მას შემდეგ ბავშვები გარეთ ვეღარ გადიან. ვცდილობთ, ბავშვებს ავუხსნათ, რამდენად შეიქმნება საფრთხე, თუკი ისინი სადმე წავლენ. ვცდილობთ, ამის გაანალიზებაში დავეხმაროთ ბავშვებს. არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმე მაინც წასულიყო,“ – ამბობს თამარ შარაშიძე, „საქართველოს კარიტასის“ ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის საქმიანობას 40 პროცენტით აფინანსებს სახელმწიფო.

კარიტასი და WORLD VISION დღის ცენტრებით მოსარგებლე ბავშვებს პანდემიის პირობებში მათთვის გათვალისწინებულ საკვებს ურიგებენ. მუშაობას მხოლოდ სადღეღამისო თავშესაფრები აგრძელებენ.

სახელმწიფოსთვის სერვისის მიმოწდებელია ამ მიმართულებით WORLD VISION – იც, რომელსაც მობილური ჯგუფები ჰყავს და სადღეღამისო თავშესაფრები ქუთაისსა და თბილისში აქვს მოწყობილი. ეს ორგანიზაცია უწევს ასევე მენეჯმენტს იმ საკარანტინო ზონასაც, რომელიც თბილისში სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყო.

„არ დაფიქსირებულა თავშესაფრიდან ბავშვის წასვლის შემთხვევა… რაც შეეხება საკარანტინე ზონას, სიტუაციის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება, თუკი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის ირიცხება სადღეღამისო თავშესაფარში,“ – გვითხრა მაია მგელიაშვილმა, WORLD VISION-ის ბავშვთა დაცვის მომსახურების პროგრამის მენეჯერმა. იგი ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას მობილურ ჯგუფებზე ამახვილებს, რომლებიც უშუალოდ ქუჩაში მუშაობენ.

„მათ აქვთ განსაკუთრებული უნარები, როგორ დაელაპარკონ ბავშვს. არ დაფიქსირებულა, რომ იყო სადმე შემთხვევა და ვერ დაითანხმეს წამოსვლაზე,“ – დასძენს მაია მგელიაშვილი.

მობილური ჯგუფები არ მუშაობენ, მაგალითად, ბათუმში. მაია მგელიაშვილის განმარტავს, რომ თუკი გამოძახება იქნება, ჯგუფის გაგზავნა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი.

რა არ გააკეთა სახელმწიფომ ქუჩის ბავშვებისთვის?

„არაერთხელ დაისვა ეს საკითხი, რომ ბათუმში შესაბამისი სერვისი შექმნილიყო, მაგრამ ეს რატომღაც არ მოხერხდა,“ – აღნიშნავს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით ბათუმში პრობლემურია მიგრირებული ოჯახების თემა, რომლებიც სეზონურად ჩამოდიან ბათუმში.

„თუმცა წლის განმავლობაშიც არსებობს ამის საჭიროება. ასევე ვერ შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებსაც სპეციალური ცოდნა ექნებათ, კულტურული თავისებურებების გათვალისწინება შეეძლება და დაელაპარაკება, მაგალითად, ბავშვს, რომელიც აზერბაიჯანიდანაა და ბათუმში მუშაობს,“ – ამბობს ქეთევან მელიქაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რომლებიც ახლა სახლში დარჩენილი მოძალადე მშობლებისგან განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ  არიან.

„როცა ჩვენ მოვამზადეთ კვლევა ორი წლის წინ, მაშინ გამოიკვეთა, რომ ეს საკმაოდ დიდი ჯგუფია – ბავშვები, რომლებიც ძალადობის გამო აღმოჩნდნენ ქუჩაში. დღეს ეს ბავშვები მომეტებული რისკის ქვეშ არიან…  ზოგადად, ბავშვის დასაცავად არსებობს ერთგვარი ქსელი, ოჯახი, რომელიც კრიზისის დროს ბავშვს იცავს, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს კი, ასეთი ქსელი მობილიზებული არ აქვს,“ – განმარტავს ქეთევან მელიქაძე.

ქეთევან მელიქაძე თვლის, რომ სახელმწიფომ „მოთხოვნა-მიწოდების ეფექტურ სქემაზე“ უნდა იმუშაოს, რაც, პირველ რიგში, სათანადო რაოდენობისა და კვალიფიკაციის ფსიქოლოგების და სოცმუშაკების პროცესში ჩართვას გულისხმობს. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ინდივიდუალურად იმ მოზარდებთან იმუშავებენ, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან.

„ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მალე ამუშავდება ფსიქო-სოციალური დახმარების პროგრამა. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო იმისთვის, რომ მოზარდები გაუმკლავდნენ იმ სტრესებს, რაც აქვთ, დაულაგონ ყოველდღიური ცხოვრება…“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქეთევან მელიქაძემ.

__________________________________________________________________

ილუსტრაცია მოამზადა მარიამ მუთიძემ

_____

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: