განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი

08.04.2020 • 5863
როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი და რამდენად თავისუფალია სკოლა ან მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრისას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს, ქეთი პაპავას ესაუბრა.

  • ქეთი, როგორ ფიქრობთ, ონლაინსწავლების შემდეგ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საბოლოოდ და თუ გაქვთ სკოლებში ნაფიქრი, რა უნდა იყოს შეფასების ძირითადი კრიტერიუმი?

კლასიკური შეფასების სისტემის გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში კათედრაზე უნდა შეთანხმდნენ, მოილაპარაკონ პედაგოგებმა, თუ რა ცოდნის გადაცემა მოახერხეს და როგორ შეაფასონ საბოლოოდ მოსწავლე.

ჩემთვის, ამ მოცემულობაში, შეფასების ყველაზე მისაღები ფორმა მოსწავლის პორტფოლიოა, სადაც ასახული იქნება ყველა ის დავალება, შედეგი, რაც გააკეთა ონლაინსწავლების პერიოდში მოსწავლემ. ასევე, პროექტზე დაფუძნებული შეფასება.

თუ სამინისტრო ამბობს, რომ სხვადასხვა სცენარით მოქმედებენ, სკოლებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი სცენარები. დიდი ალბათობით, ამ სემესტრში სკოლაში ვეღარ გავალთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს მოსწავლეს, თუ რა მოეთხოვება საბოლოო შეფასებისას. უნდა გადაიხედოს მეორე სემესტრის კურიკულუმი. ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ მოქნილია, მოსწავლეზეა ორიენტირებული და მასწავლებელს შეუძლია გადაითამაშოს თემები და საკითხები, ის, რაც აუცილებელია ამ გეგმის მიხედვით.

  • თქვენ დაიწყეთ თემების შერჩევა, ონლაინსწავლების დროს თუ დაძლევს ამ მასალას მოსწავლე?

მე, პირადად, მგონია, რომ ონლაინმუშაობა დაბრკოლება არ არის მოსწავლისთვის. პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ მიაწოდონ მასალები მოსწავლეებს, რამდენად კვალიფიციურად აკეთებენ, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა. შესაბამისად, ონლაინშეფასებაც არ წარმოადგენს სირთულეს. თუ მასწავლებელთა ჯგუფი კათედრაზე შეიმუშავებს რუბრიკებს და დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები, რისი მიხედვითაც უნდა შეფასდეს მოსწავლის პორტფოლიო ან პროექტის შეფასება, ეს პრობლემაც ადვილად დაიძლევა.

შესაძლებელია, მოსწავლის ტესტური შეფასებაც, რადგან ბევრი აპლიკაციაა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. თუ ვინმეს აქვს იმის შიში, რომ ტესტური სამუშაოს დროს ვინმე დაუჯდება მოსწავლეს და დააწერინებს, ამ რისკების შემცირების შანსიც არსებობს. როცა გარკვეულ დროს აძლევ მოსწავლეს ტესტის დასასრულებლად, 100-დან მაქსიმუმ 2/3 პროცენტს შეიძლება ჰყავდეს მშობელი იმ დროს სახლში, რომ გაუწიოს დახმარება. განსაზღვრული დრო ე.წ „შპარგალკის“ გამოყენების საშუალებას ნაკლებად იძლევა.

თუმცა, მე, პირადად, არსებულ სიტუაციაში ტესტირება გაუმართლებლად მიმაჩნია. ამიტომ, ყველაზე ეფექტური ამ მოცემულობაში, მგონი, იქნება პორტფოლიოს შეფასება ან პროექტზე დაფუძნებული შეფასება.

  • მასწავლებელმა რამდენად კარგად იმუშავა, ამოწურა თუ არა აუცილებელი თემები, ამის მონიტორინგი როგორ შეიძლება?

ეს არის კათედრის და სკოლის გადასაწყვეტი. მაგალითად, თუ სკოლაში 7 პირველი კლასია ან ხუთი მე-11 კლასი, შეფასების კრიტერიუმი ყველა კლასში შეიძლება იყოს სხვადასხვა. ვალიდურობის მიხედვით, მე-11 ა კლასში შესაძლოა მოსწავლე სულ სხვა საკითხებში შეფასდეს და მე-11 გ-ში, მაგალითად, სხვა საკითხებში. ეს ნორმალურია, რადგან რა გადაწყვიტა მასწავლებელმა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ესწავლებინა მოსწავლეებისთვის, ამაზეა შეფასება დამოკიდებული.

ამის თავისუფლება აქვთ მასწავლებლებს?

ერთადერთი, რაშიც მასწავლებლებს „თავისუფლება“ არ აქვთ, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე მოქმედება. ჩვენი ბიბლია არის ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნის სტანდარტი. ამიტომ, თუ მე მგონია, რომ პირველი კლასის მზაობა ისეთი არ არის ამ სემესტრში, რომ დაფაროს, მაგალითად, 10-დან 8 თემა, ამის დაფარვა კლასს შეუძლია მომდევნო სემესტრში. ამიტომ არის ძალიან კარგი ჰოლისტური (ბავშვზე მორგებული) ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებელს აძლევს თავისუფლებას გადაწყვიტოს, მოსწავლეს რა სჭირდება და როდის. რა ინსტრუმენტები გამოიყენოს, რომ ეს ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს.

  • სამინისტრო ამბობს, რომ ჯერ ადრეა შევაფასოთ ონლაინსწავლების შედეგები. თქვენი აზრით, რამდენად კარგად მუშაობს ეს სისტემა?

სხვადასხვა გამოწვევისა თუ ხარვეზის მიუხედავად, ონლაინსწავლება მუშაობს. მე ბევრად ადრე დავიწყე ამისთვის მზადება და ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც მოვამზადე მოსწავლეები და კოლეგებსაც გავუწიე კონსულტაცია. დადებითი ის არის, რომ  მშობლებმა კარგად დაინახეს თავიანთი როლის მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და „ბავშვს რა ვუყო მთელი დღე სახლში“, „როგორ უნდა დავეხმარო“ – ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თუ მშობელს ეგონა, რომ  შვილს რეპეტიტორს ჩააბარებდა, ახლა მიხვდა, რომ აღარ უღირს მისი დაქირავება, რადგან ონლაინსწავლების დროს მას მაინც უწევს ბავშვის დახმარება. დაწყებით საფეხურზე, მით უმეტეს.

  • სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მუშაობენ მოსწავლის საბოლოო შეფასების კრიტერიუმების გეგმაზე და მალე გააჟღერებენ. თუკი სამინისტროს ექნება თავისი რეკომენდაციები, რა ვადებში უნდა გახდეს ეს ცნობილი, დამატებითი პრობლემები რომ არ წარმოიშვას?

შეფასების კრიტერიუმები რაც შეიძლება მალე უნდა იყოს ცნობილი. ამავდროულად, არ მგონია, რომ სამინისტროს მითითება იყოს სწორხაზოვანი. ვფიქრობ, რეკომენდაციის სახე ექნება, რადგან ბოლო რეკომენდაციებიც საკმაოდ დროული და რეალური იყო.

  • ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობაზე გაჩნდა კითხვები. ითქვა, რომ ბევრმა სკოლამ არასწორად გაიგო მითითება – 20 წუთი. რეალურად რაზე იყო საუბარი, რამდენი წუთი უნდა იჯდეს მოსწავლე კომპიუტერთან?

დიახ, ბევრმა იფიქრა, რომ 20 წუთი ერთი გაკვეთილისთვის უნდა დაეთმო, რაც არასწორია. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეში 20 წუთი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს მასწავლებელთან ონლაინურთიერთობა, რადგან პირისპირ გაკვეთილი სხვაა და ონლაინსწავლება აბსოლუტურად სხვა უნარებს მოიაზრებს. მაღალ კლასებში შეიძლება იყოს უფრო მეტიც, რადგან მოსწავლის კოგნიტური უნარები განვითარებულია და თვითდაგეგმვის მეტი უნარებიც აქვს. დაბალ კლასებში კი ეს დრო უნდა შემცირდეს.

  • მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ სემესტრი არ ჩავარდება. თუმცა მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, იქნებოდა გამართლებული აკადემიური წლის გამოცხადება?

ჩემი აზრით, ონლაინსწავლებაც რომ არ ყოფილიყო, მაინც არ უნდა ჩავარდნილიყო სემესტრი, რადგან ეს ბევრად მძიმე შედეგებს მოიტანდა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, რადგან არ ვიცით რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის დასრულების შემდეგ. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ბავშვს არ აქვს წვდომა ონლაინგაკვეთილებზე, თუმცა ვისაც არ აქვს, ვფიქრობ, ტელეფონით მაინც იღებენ გარკვეულ ინფორმაციას. შევხედოთ რეალობას, საკლასო გარემო იდეალური გვქონდა? ყველა მოსწავლე ჩართული იყო სწავლა-სწავლების პროცესში? იქაც ხომ იყო მეტ-ნაკლებობა და ეს რეალობაც არის იმის ანარეკლი, რაც პირისპირ გაკვეთილების დროს ხდებოდა. ამიტომ მოსწავლეების 80 პროცენტს, ვფიქრობ, შრომა არ უნდა დავუკარგოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: