ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კარანტინიდან მოქალაქეების სხვადასხვა რეგიონში გადასაყვანად ბათუმი 50 000 ლარს დახარჯავს

31.03.2020 • 2155
კარანტინიდან მოქალაქეების სხვადასხვა რეგიონში გადასაყვანად ბათუმი 50 000 ლარს დახარჯავს

ბათუმში განთავსებული საკარანტინო ზონებიდან 2000-მდე მოქალაქის ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადახსხვა რეგიონში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით“ – აცხადებს მერია.

მიკროავტობუსებით მოქალაქეთა ეტაპობრივად გადაყვანაზე ხელშეკრულება ქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან 50 ათას ლარზე გააფორმა.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული რეისების მიხედვით. შესაბამისი თანხა ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ბათუმის მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ გააფორმა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილებამ უმოკლეს ვადებში მოახდინა ბაზრის კვლევა, თუ რა ეღირებოდა საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირება M2 კატეგორიის ავტობუსებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით, შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატრანსპორტო კომპანიასთან,“ – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

„აჭარტრანსრეგულირება“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც მერიის მიერ გაცემულ ლიცენზიას [ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე] ფლობს.

ბათუმში და მთლიანად ქვეყანაში კი, მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა 22 აპრილამდეა აკრძალული, საგანგებო მდგომარეობის გამო.

30 მარტის მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფებოდა 2000 ადამიანი, ამ დროისთვის საკარანტინო ვადა გაუთავდა და ზონა დატოვა 300-მდე მოქალაქემ. ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

ამავე თემაზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: