მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

03.04.2020 • 1991
როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დროისათვის  უკვე მზადაა და სამინისტროს ვებგვერდზეა ატვირთული სპეციალური აპლიკაციები  ბიზნესისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არიან დროებით შეზღუდულ რეჟიმში ან გაჩერებული. მინისტრის განმარტებით, ეს ეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე საშენი მასალების ინდუსტრიას და სხვა ბიზნესებს, რომელთა საქმიანობის სფერო ჯერჯერობით არ არის იმ ჩამონათვალში, რომელთაც მთავრობამ მუშაობის გაგრძელების უფლება მისცა.

„ეს მარტივი ფორმებია, სადაც  იქნება ასახული კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები,“ – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, კომპანიების კონტროლის მიზნით შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებშიც შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები:

„ეს იმისთვის გაკეთდა, რომ  რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ ბევრი ბიზნესი ერთდროულად, როგორც კი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ კონკრეტულ ბიზნესში დაცულია  მარტივი პირობები, რაც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კომპანიის მონაცემებს სპეციალურ შტაბს წარვუდგენთ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას“.

მინისტრის თქმით, გადამოწმების პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება: „თუმცა ეს დრო ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში, ეს არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რასაც ბიზნესები გაიღებენ იმისთვის, რომ თვითონ და მათი თანამშრომლები დარჩნენ უსაფრთხოდ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების წესების დაცვის სავარაუდო მოთხოვნაზე მომავალში, რომელიც, მისი აზრით, გლობალურად გაჩნდება ეკონომიკის მიმართულებებში. თურნავა ამბობს, რომ ყველაზე მეტად კონკურენტული უსაფრთხო ბიზნესი იქნება. მან მოუწოდა ბიზნესმენებს, დახვდნენ ამ პროცესს მომზადებული.

ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სამი სხვადასხვა აპლიკაციაა განთავსებული: სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელი კომპანიებისთვის, სამშენებლო კომპანიებისა და მეწარმე სუბიექტებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის გაგრძელების ნებართვის მოსაპოვებლად კომპანიებმა, რომლებსაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეზღუდული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან –  www.economy.ge  უნდა  ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – construction@moesd.gov.ge.

კომპანიებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე – build@tbilisi.gov.ge.

სარეგისტრაციო ფორმაში მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების ან სუბიექტის შესახებ, სადაც სჭირდებათ სამუშაოების გაგრძელება. ამ კომპანიებმა  უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წესების შესრულება-დაცვაზე.

ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი, მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან დაკავშირებით.

წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკურ სუბიექტზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: