მთავარი,სიახლეები

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ

30.03.2020 • 1918
როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“ 

_______________________

ბევრ ამერიკელს კორონავირუსის კრიზისის მასშტაბი ახსენებს 11 სექტემბრის ან 2008 წლის ფინანსურ კრიზისს – მოვლენებს, რომლებმაც საზოგადოება გრძელვადიანად შეცვალა, მათ შორის, შეცვალა მოგზაურობის წესები, სახლების ყიდვის პრაქტიკა, უსაფრთხოებისა და თვალთვალის სისტემების დონე, რომელთაც უკვე შევეჩვიეთ და ენაც კი, რომელზედაც ვსაუბრობთ.

ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა და მათი პასუხების მიხედვით სიახლე ისაა, რომ მიმდინარე მოვლენები გაცილებით დიდი შედეგის იქნება.

ახალმა გლობალურმა ვირუსმა, რომელმაც სახლებში გამოგვკეტა, შესაძლოა თვეებითაც, უკვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობის შეცვლა ხელისუფლებასთან, გარე სამყაროსთან და ერთმანეთთანაც კი. ამ ექსპერტების მოსაზრებით, ზოგიერთი ცვლილება მომდევნო თვეებსა და წლებში საკმაოდ უცხო და შემაწუხებელი იქნება:

ქვეყნები დაკეტილი დარჩება?

შეხება ტაბუდადებული გახდება?

რა დაემართება რესტორნებს?

თუმცა კრიზისული მომენტები შესაძლებლობებიცაა: ტექნოლოგიის უფრო ჭკვიანური და მოქნილი გამოყენება, ნაკლები პოლარიზაცია, გარეთ გასვლის და ცხოვრების მარტივი ბედნიერების დაფასება. არავინ იცის, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ წარმოგიდგენთ ჩვენს მცდელობას, თუ როგორ შეიცვლება საზოგადოება, ხელისუფლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება.

პირადი იქცევა სახიფათოდ

დებორა ტანენი ჯორჯტაუნში ლინგვისტიკის პროფესორია და ავტორი წიგნისა – „შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შემიძლია ვუთხრა: ქალთა მეგობრობის ენის შუაგულში“.

11 სექტემბერს ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენც შეიძლება დაგვემართოს ის უბედურება, რაც მხოლოდ შორეულ ქვეყნებში ხდებოდა. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ჩვენც შეიძლება ვიწვნიოთ ის სიმძიმეები, რაც წინა ეპოქებს ახასიათებდა, როგორიცაა დიდი დეპრესიის ეკონომიკური კოლაფსი. ახლა 1918 წლის გრიპის პანდემია იქცა ჩვენი ცხოვრების ნაწილად.

უდანაშაულობის ან თვითკმაყოფილების განცდის დაკარგვა იქნება ის, რამაც შესაძლოა შეგვცვალოს. ახლა ვიცით, რომ ნივთებზე შეხება, სხვა ადამიანებთან ყოფნა და დახურულ სივრცეში ჰაერის სუნთქვა შეიძლება რისკის შემცველი იყოს. ამის ცოდნა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარად დაილექება, მაგრამ იგი სამუდამოდ ვერ გაქრება მათთვის, ვინც წელს ამ ცხოვრებით იცხოვრა. ჩვენი ბუნების ნაწილი შეიძლება გახდეს ხელის ჩამორთმევის ან სახეზე შეხების უსიამოვნო ჩვევად აღქმა – ჩვენ ყველამ ასევე შეიძლება ჩვევად ვაქციოთ მუდმივად ხელების დაბანა.

სხვებთან ერთად ყოფნის კომფორტი შეიძლება ჩანაცვლდეს მათ გარეშე ყოფნის კომფორტით, მით უფრო იმ ადამიანების, ვისაც ახლოს არ ვიცნობთ. ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხოთ – „ამის ონლაინგაკეთება შესაძლებელია?“, ვიკითხავთ – „ამის პირადად გაკეთებას რამე მიზეზი აქვს?“ და, შესაძლოა, შეგვახსენონ ან დაგვარწმუნონ, რომ აქვს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამის განზრახვა არ არსებობს, ინტერნეტთან წვდომის არმქონე პირები კიდევ უფრო დაიჩაგრებიან. ონლაინკომუნიკაციის პარადოქსი სერიოზულად გაიზრდება: დიახ, იგი მეტ დისტანციას ქმნის, თუმცა მეტ კავშირსაც უზრუნველყოფს, რადგან შორს მყოფ ადამიანებს უფრო ხშირად ვეკონტაქტებით, მათ შორის მათაც, ვინც ახლოა, მაგრამ გარკვეულ მანძილზე უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

პატრიოტიზმის ახალი სახე

მარკ ლორენს სქრადი პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია და ავტორია წიგნისა – Smashing the Liquor Machine: A Global History of Prohibition.

ამერიკას ტერორიზმი დიდი ხანია გაიგივებული აქვს შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა ვირუსის გასროლა შეუძლებელია. კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები არ არიან წვევამდელები, დაქირავებული ჯარისკაცები ან ჯარში გაწვეული ადამიანები; ესენი არიან ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, მასწავლებლები, მომვლელები, მაღაზიის მოლარეები, მუშები, მცირე ბიზნესის მეპატრონეები, დაქირავებული ადამიანები. ბევრ მათგანს უეცრად დაატყდა წარმოუდგენელი ფუნქციები, დაავადებისა და სიკვდილის გაცილებით დიდი რისკით, რაც მათ არ აურჩევიათ.

ეს ყველაფერი რომ დასრულდება, შესაძლოა, ჩვენ ვაღიაროთ მათი მსხვერპლი, როგორც ნამდვილი პატრიოტიზმი, ვაღიაროთ ექიმები და ექთნები და მათ ვუთხრათ – „მადლობა თქვენი სამსახურისთვის“, როგორც ამას სამხედრო ვეტერანებს ვეუბნებით. მათ მივცემთ გარანტირებულ ჯანდაცვას და კორპორაციულ ფასდაკლებებს, ავუგებთ ძეგლებს და გვექნება დღესასწაულები, იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენს გადასარჩენად გაწირა.

შესაძლოა, ბოლო-ბოლო პატრიოტიზმი გავიგოთ, როგორც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ვიდრე სხვა საზოგადოების აფეთქება. იქნებ, ამერიკის პატრიოტიზმის დემილიტარიზაცია და საზოგადოების სიყვარული იქცეს ამ საშინელი არეულობის ერთ-ერთ დადებით მხარედ.

პოლარიზაციის შემცირება

პიტერ ტ. კოლმან (Peter T. Coleman) კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორია, რომელიც რთულად სამართავ კონფლიქტებს სწავლობს. მისი ახალი წიგნია The Way Out: How to Overcome Toxic Polarization, რომელიც 2021 წელს გამოიცემა.

ჩვენი სისტემის საოცარ შოკს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, აქვს პოტენციალი, გატეხოს ამერიკის 50-წლიანი პოლიტიკური ესკალაციის და კულტურული პოლარიზაციის ციკლი, რომელშიც ჩაკეტილები ვართ და შეუძლია დაგვეხმაროს მეტი ეროვნული სოლიდარობისკენ გადავდგათ ნაბიჯები. შესაძლოა ეს იდეალისტურად ჟღერს, თუმცა ორი მიზეზი არსებობს, რაც ამ ცვლილებებს გამოიწვევს.

პირველი არის „საერთო მტრის“ სცენარი, რომელშიც ადამიანები ივიწყებენ ერთმანეთს შორის განსხვავებას და ისე უმკლავდებიან გარე მტერს. COVID-19 წარმოადგენს სერიოზულ მტერს, რომელიც არ გაარჩევს წითლებს და ლურჯებს და შეძლებს მოგვცეს უზარმაზარი ენერგია და საერთო მიზანი, რომ დავჯგუფდეთ. ფაშისტური გერმანიის პერიოდში, ნაცისტები 56 დღე ბომბავდნენ ბრიტანეთს და ჩერჩილის კაბინეტი განცვიფრებული და გულაჩუყებული იყო ადამიანური თვისებების სიძლიერით – ალტრუიზმით, თანაგრძნობით, განწყობებისა და ქმედებების სიუხვით.

მეორე მიზეზი „პოლიტიკური შოკის ტალღის“ სცენარია. კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერი, გამძლე ურთიერთობების ციკლი ხშირად ცვლილებებისადმი მყიფეა, როდესაც რაღაც ტიპის შოკი უტევს მას. ეს დაუყოვნებლივ არ ხდება, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ შტატებს შორის ხანგრძლივად მიმდინარე კონფლიქტების [რომლებიც 1816 წლიდან 1992 წლამდე] 75 პროცენტი დასრულდა 10-წლიანი სერიოზული დესტაბილიზაციის მქონე შოკით.

საზოგადოებრივი შოკები სხვადასხვა სახით იმსხვრევა, უკეთესი ან უარესი შედეგებით. ჩვენი დაძაბულობის ახლანდელი დონის გათვალისწინებით, ეს სცენარი გვკარნახობს, რომ ახლა არის დრო, როდესაც შეგვიძლია ჩვენი კულტურული და პოლიტიკური დისკურსის უფრო კონსტრუქციული გზები წავახალისოთ. ცვლილების დრო აშკარად მწიფდება.

სერიოზული ექსპერტებისადმი რწმენის დაბრუნება

ტომ ნიკოლსი აშშ საზღვაო საომარი კოლეჯის პროფესორია და ავტორია წიგნისა The Death of Expertise.

ამერიკა რამდენიმე წელია იქცა ფუნდამენტურად არასერიოზულ ქვეყნად. ამ ფუფუნების წყარო იყო მშვიდობა, გავლენა და სამომხმარებლო ტექნოლოგიის მაღალი დონე. ჩვენ არ გვჭირდებოდა ფიქრი იმ საკითხებზე, რომლებიც ოდესღაც გვაწუხებდა – ატომური ომი, ნავთობის დეფიციტი, უმუშევრობის მაღალი დონე, საპროცენტო განაკვეთების სწრაფი ზრდა. ტერორიზმი გარდაიქმნა ისეთი სახის ეროვნულ საფრთხედ, რომლისთვისაც ჯარში მოხალისეებს ვაგზავნიდით შორეულ უდაბნოებში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ სატელევიზიო გადაცემების ვარსკვლავი პრეზიდენტად ვაქციეთ, როგორც პოპულისტური შეტევა ბიუროკრატიასა და ცოდნაზე, რაც მთავრობის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

COVID-19-ის კრიზისს შეუძლია ეს ორი სახით შეცვალოს. პირველი – მან უკვე აიძულა ადამიანებს გაიაზრონ, რომ ექსპერტულ ცოდნას მნიშვნელობა აქვს. ადვილი იყო ექსპერტების დაცინვა პანდემიამდე, შემდეგ უკვე ადამიანებს სწორედ ისეთი პროფსიონალებისგან მოუნდათ ინფორმაციის მიღება, როგორიცაა ანტონი ფაუჩი.

მეორე – ამას შეუძლია დააბრუნოს ამერიკელები ახალი სერიოზულობის დონეზე ან მინიმუმ შეცვალოს მათი იდეა და გააზრებინოს, რომ ხელისუფლება სერიოზული ადამიანების საქმეა. ტრამპის ადმინისტრაციის კოლოსალურმა ჩავარდნამ ამერიკელების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გავლენებისადმი, შესაძლოა იმდენად შოკური გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, რომ ეს საკმარისი გახდეს, მოითხოვონ ხელისუფლებისგან ემოციურ კმაყოფილებაზე ბევრად მეტი.

____________

ნაწყვეტი სტატიიდან. გაგრძელება გამოქვეყნდება batumelebi.ge-ზე

ილუსტრაცია:  DAQ

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ. „ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: