მთავარი,სიახლეები

რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]

27.08.2019 •
რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]

გურიაში, კურორტ გომის მთაზე, სახლებზე მეტი ახალი საძირკვლის ბოძები დაგხვდებათ. პატარა და ძველი სახლების შუაში დარჩენილი სივრცე თუ ნებისმიერი თავისუფალი ადგილი თითქმის ყველგან მონიშნულია. ასობით მიმდინარე უნებართვო მშენებლობას ხელს ამ ეტაპზე არავინ უშლის: აშენებს ის, ვისაც ამ მთაზე სახლი სურს და მისი აშენების ფინანსური საშუალება აქვს. აშენებენ ორ და სამსართულიან სახლებსაც, მათ შორის, ქვით.

კურორტ გომის მთაზე მიწის ნაკვეთი ან საცხოვრებელი სახლი სამართლებრივად რეგისტრირებული ამ ეტაპზე არავის აქვს. ადამიანები, რომლებმაც სახლები აქ ათეული წლების წინ ააშენეს, გეტყვიან, რომ საჯარო რეესტრს ბოლო წლებია მიმართავენ, რადგან კურორტის მიმართ ინტერესი გააქტიურებულია, მაგრამ რეესტრი საკუთრებას არც არეგისტრირებს და არც უარს ამბობს.

ამ ადამიანებმა რეესტრს ოზურგეთის არქივის შესაბამისი ჩანაწერების საფუძველზე მიმართეს, სადაც ჯერ კიდევ შემონახულია ინფორმაცია საბჭოთა წარსულში „გომის მთის“ მოსახლეების შესახებ. „სხვა კურორტებზე მსგავსი დოკუმენტით მოხდა საკუთრების რეგისტრაცია. გომის მთაზე რატომაა პრობლემა, არ ვიცით,“ – ამბობენ ისინი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ გომის მთაზე ამ ეტაპზე ადამიანები საკუთრების რეგისტრაციას ვერ შეძლებენ.

„ჯერ უნდა მიენიჭოს „გომის მთას“ დასახლებული პუნქტის სტატუსი, რომ იქ ადამიანებმა საკუთრების რეგისტრაცია შეძლონ. გომის მთას ამ ეტაპზე სამართლებრივად არ აქვს არანაირი სტატუსი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ გომის მთა სოფელ შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს“, – გვითხრა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ.

ოზურგეთის მერიას მთავრობისთვის ამ ინიციატივით 2019 წლის 4 აპრილს მიუმართავს. ამ დრომდე მთავრობას ოზურგეთის ინიციატივა არ განუხილავს.

„არ ვიცი, რატომ არ განიხილეს… ამას სჭირდება შეთანხმება, მუშაობა, მსჯელობა,“ – დასძინა ჩვენთან საუბრის დროს ოსიკო თოთიბაძემ.

ამ დრომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არც „გომის მთის“ განაშენიანების გეგმა აქვს. ოზურგეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ „მონახაზი უკვე არსებობს“, თუმცა არ არსებობს დოკუმენტი, რაც კურორტზე მშენებლობის პროცესს დაარეგულირებს.

ოსიკო თოთიბაძე მიიჩნევს, რომ გომის მთაზე მიმდინარე მშენებლობები უკანონოა, თუმცა ვერ ამბობს კონკრეტულ მიზეზს, რის გამოც ოზურგეთის ადგილობრივი მთავრობა უკანონო მშენებლობების შეჩერებას ვერ ახერხებს.

„ჩვენ შევაჩერეთ რამდენიმე მშენებლობა… დაახლოებით 20 ნაკვეთი იყო, სადაც ზედამხედველობის სამსახურმა ბოძები ამოიღო და შეჩერდა… გავაკარით საინფორმაციო დაფაც, რომ ეს სამართალდარღვევაა. ზედამხედველობის სამსახური მუშაობს ამ კუთხით, კონკრეტული მონაცემი ახლა არ მაქვს“, – აღნიშნა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ „ბათუმელებთან“.

ოზურგეთის მერიაში ამ დრომდე არ იციან, კონკრეტულად რამდენი ახალი მშენებლობა მიმდინარეობს გომის მთაზე ან რამდენია ძველი სახლი.

„ახლა მიმდინარეობს აღწერა, ეს მიმდინარე პროცესია. დაახლოებით 430 სახლია სულ აღწერილი, როგორც ვიცი, ანუ ახალი და ძველიც,“ – გვიპასუხა ოსიკო თოთიბაძემ.

საჯარო რეესტრის პრესცენტრში გამორიცხეს არგუმენტი, რომელიც ოზურგეთის მერიაში დაგვისახელეს. საჯარო რეესტრში განმარტეს, რომ გომის მთის სტატუსი ვერ იქნება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი და თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკეა განსახილველი.

საჯარო რეესტრის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რეესტრს არც ერთი მოქალაქისთვის არ უთქვამს უარი მიწის რეგისტრაციაზე. მიწის რეგისტრაციის პროცესი ამჯერად 9 განაცხადზე მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ მათგანზე სარეგისტრაციო წარმოებას თითქმის ერთი წელია გრძელდება. საჯარო რეესტრის თანხმობა ან უარი არ მიუღია, მაგალითად, სოსო კომახიძეს, რომელსაც გასული წლის 9 სექტემბერს მიუმართავს რეესტრისთვის.

„გომის მთაზე“ მოისმენთ სხვა ამბებსაც, რომ კურორტზე ინტერესი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ საბაგიროს მოწყობას გეგმავს და დაგეგმილია სათხილამურო ტრასების მოწყობა და ასე შემდეგ. რეალურად კი, ამ ეტაპზე კურორტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თუმცა ელექტროგადამცემი ბოძები მთაზე უკვე დამონტაჟებულია. გომის მთაზე გაიყვანეს წყლის სისტემა, თუმცა ის ყველა სახლში  შეყვანილი არ არის.

მშენებლობების პროცესი გომის მთაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: