„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ეს რეპლიკა პაატა იმნაძეს ეკუთვნის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს. ასე გამოეხმაურა იგი გუშინ, 20 მაისს, ბრიფინგზე შეკითხვას, რომელიც საზღვრების გახსნასა და ტურიზმს შეეხებოდა.

ტურიზმზე შეკითხვას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ტურიზმი რისკი იქნება დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ:

„მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია დაინფიცირებულებისა სხვადახვა ქვეყანაში, ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას.  ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება არც ერთ წელიწადში, ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების.

ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა. უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ, შეიძლება გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ახალი შემთხვევების და მეორე მხრივ, ის უნდა იყოს დაბალანსებული შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით“.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბრიფინგზე არაფერი თქმულა, კონკრეტულად რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ტურისტებს.

ტურიზმის თემაზე საქართველოს მთავრობა ბევრს საუბრობს, დღეს, 21 მაისს, ამ საკითხს შეეხო ნათია თურნავაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თუმცა ისიც ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. მან თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი რომ განმტკიცდეს.

„გაიდლაინებს რაც შეეხება, უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ, დამუშავებულია“, – აღნიშნა მან. თურნავას ბრიფინგზევე შეახსენეს ჟურნალისტებმა, რომ მსგავსი გაიდლაინები ჯერ არ აქვს შემუშავებული ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, ჩვენი ხედვა არ იქნება არანაირად აცდენილი მათ მიერ დამტკიცებული წესებიდან. უბრალოდ, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება ამ გლობალური წესების დამტკიცებას და თავის, ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს. ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტურიზმის სექტორი პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროა. სამი თვე ეს სექტორი გაჩერებულია, თუ არ ჩავთვლით სასტუმროებს, რომლებსაც საკარანტინე სივრცეებად ქირაობს სახელწიფო.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 35 497 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის ამავე თვის მაჩვენებელზე 94.5%-ით ნაკლებია.

7 მაისს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც მოიცავს ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისთვის. 15 ივნისიდან უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა და შიდა ტურიზმის ამოქმედება იგეგმება, პირველი ივლისიდან კი – სახმელეთო და საჰაერო ფრენების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ფაქტობრივი აღდგენა.

ნახეთ შეფასებები ამ თემაზე:

ხვალ ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 22 მაისს, დღის მეორე ნახევარში ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევარში კი აჭარაში ქარი გაძლიერდება ზოგან 18-23 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 12-17 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 5- 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია. ხვალ, დღის ბოლოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა [13-18დმ].

სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, 24 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ყველა შეზღუდვის გაუქმებას, ხვალ მთავრობა მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას და ამას უნდა დაველოდოთ,“ – ასე გიპასუხებენ ცხელ ხაზზე: 144, თუკი იკითხავთ: რომელი შეზღუდვა რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება ავტომატურად აუქმებს ამ დროს ამოქმედებულ ყველა შეზღუდვას, მთავრობის ცხელ ხაზზე დარწმუნებულნი არიან, რომ ხვალ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებენ და მთავრობას ახალი შეზღუდვების დაწესების, ან ძველის ძალაში დატოვების უფლება ისევ ექნება.

„თუკი პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანს, ხვალ მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო გამოსცემს კანონქვემდებარე აქტს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება, ანალოგიური ან მსგავსი ტიპის შეზღუდვები დარჩეს ძალაში,“ – განმარტავს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, თორნიკე გერლიანი.

მესამე სექტორის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს, რისკებს შეიცავს და ანტიკონსტიტუციურია, რადგან იგი მთავრობას საპარლამენტო კონტროლის გარეშე ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკრეტული შეზღუდვები დააწესოს, მათ შორის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლების კუთხით, ან ისევ აამოქმედოს კომენდანტის საათი რომელიმე ქალაქში ან მთლიანად ქვეყანაში.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს? – იურისტის აზრით, ამ შემთხვევაში იმავე სამართლებრივ მოცემულობაში დავბრუნდებით, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ანუ 21 მარტამდე გვქონდა. მაშინ და ახლაც მთავრობას შეუძლია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით იხელმძღვანელოს, რომელიც იზოლაციის და კარანტინის წესების რეგულაციას ითვალისწინებს, თუმცა იურისტის შეფასებით, ეს კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს – რას შეიძლება შეეხოს.

„ამ კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია იზოლაციის და კარანტინთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა, თუმცა თუ კანონს წავიკითხავთ ერთობლიობაში, ეს არის უფრო ინდივიდუალიზებული და ლოკალიზებული, ანუ, შესაძლებელია, მაგალითად, კონკრეტულ პირს დაუწესო შეზღუდვები და არა მასობრივად. სავარაუდოდ, ნაკლები შანსია, ამ კანონით მასობრივი შეზღუდვები დაწესდეს. ზუსტი პასუხის თქმა რთულია ამ კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე. ზოგადი შეფასება არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობა როცა არაა გამოცხადებული, საპარლამენტო პროცედურებით უნდა მოხდეს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, მით უმეტეს, როცა ეს მასობრივ ხასიათს ატარებს,“ – მიიჩნევს იურისტი თორნიკე გერლიანი.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ანტიკრიზისული გეგმა“, როგორც ცნობილია, რამდენიმე ეტაპს და კვირას ითვალისწინებს, რაც ჯერ არ დასრულებულა, მაგალითად, ამ გეგმის მიხედვით, საცურაო აუზებს ან კაფეებს ჯერ კიდევ არ აქვთ მუშაობის განახლების უფლება. ასევე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე მთავრობა ახალი სამართლებრივი აქტის მიღებას ვერ შეძლებს? – იურისტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ამოსავალი უნდა იყოს საფუძველი, რის გამოც თავის დროზე კონკრეტულმა ობიექტებმა მუშაობა შეაჩერეს.

„მნიშვნელოვანია, კონკრეტული შეზღუდვა დაწესდა ზოგადი რეკომენდაციის საფუძველზე, თუ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებით? ზოგიერთი შეზღუდვა ამოქმედდა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, შეზღუდვა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგაც მანამდე, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად არ ჩაითვლება,“ – განმარტავს თორნიკე გერლიანი.

დედა, მამა და 7 ბავშვი, სახლის, საჭმლის, ფულის და კომპიუტერის გარეშე [ვიდეო]

ოთხი ბავშვი მაგიდის ირგვლივ ზის და თამაშობს. მათი ერთი ძმა კი 20 დღის წინ დაიბადა,  საბავშვო ეტლში მშვიდად სძინავს და არ იცის, რომ უფროსები მის ირგვლივ და ყველგან პანდემიაზე, სიღარიბესა და გაჩერებულ ეკონომიკაზე  დარდობენ, მათ შორის, მისი ოჯახიც. დედას ბავშვის ბუნებრივი რძით გამოკვება არ შეუძლია, ამიტომ ის ხელოვნურ საკვებზეა. უფროსი შვილები 16 და 17 წლისანი არიან. დანარჩენი კი პატარა ასაკის. ოთხმა და-ძმამ 13 წელი მშობლების გარეშე გაატარა, ისინი ბავშვთა სახლიდან რამდენიმე თვეა რაც გამოიყვანეს.

„უსახლკარობის გამო იძულებული ვიყავი იქ დამეტოვებინა. სხვა არჩევანი არ მქონდა. სახლი არც ახლა გვაქვს, მაგრამ მაინც წამოვიყვანე, ყველა დედას უნდა თავისთან ჰყავდეს შვილი“, – გვეუბნება ნანა ხიმშიაშვილი.

ის შვიდი ბავშვით, მეუღლესთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებდა, თუმცა მე-7 ბავშვის შეძენის შემდეგ შეუჩერეს. ეს კანონის მოთხოვნაა – როცა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში სახელმწიფო ოჯახის მდგომარეობის გადამოწმებას თავიდან იწყებს.

ხიმშიაშვილების ოჯახში შვიდი ბავშვიდან 4 სასკოლო ასაკისაა, სხვები უფრო პატარები არიან

ნანა 16 წლის იყო, როცა პირველი შვილი შეეძინა. ნაადრევი ქორწინების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის მეუღლეს, გიორგისაც, მხოლოდ საშუალო განათლება აქვს. ოჯახი დღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული. გიორგი ფიზიკურად მუშაობდა და ასე ცდილობდა საარსებო ეშოვა,  კორონავირუსის პანდემიის გამო კი ოჯახმა ეს მცირედი შემოსავალიც დაკარგა.

სახელმწიფო ცხრასულიან ოჯახს 600 ლარით ეხმარებოდა, აქედან 300 ლარი ბინის ქირაში ეხარჯებოდათ, 100 ლარი კომუნალურ გადასახადებში, საკვების და სხვა საჭიროებებისთვის ოჯახს ფული მაინც არ ჰყოფნიდა, ახლა კი არც ეს 600 ლარი აქვთ. „ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა“, – გვითხრა ნანამ.

ოჯახში ყველა და-ძმა პატარა ოთოს ბუქით სარგებლობს. ოთო წელს პირველ კლასში შევიდა

სახლში თითქმის ყველაფერი ბინის მეპატრონისაა. მათ შორის ავეჯი, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები. ოჯახში მხოლოდ ერთი, პირველკლასელი ოთოსთვის განკუთვნილი კომპიუტერია, ოთხივე მოსწავლე ახლა ამ პატარა კომპიუტერზეა დამოკიდებული.

დედის თქმით, ონლაინგაკვეთილები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ მათ გაკვეთილების გამოტოვება უწევთ. „შემდეგ ვრეკავთ, ხან იქ, ხან აქ და ვარკვევთ დავალებებს. არ მაქვს საშუალება, ერთი კომპიუტერი მაინც რომ ვუყიდო ბავშვებს, ან ისეთი ტელეფონი, ონლაინგაკვეთილებში მაინც რომ ჩაერთონ“, – ამბობს დედა.

ოჯახმა როგორღაც მოახერხა ინტერნეტის ჩართვა და ბავშვები დანაკლისის შევსებას „ტელესკოლით“ ცდილობენ, თუმცა დედა ამბობს, რომ „არც ტელესკოლაა ბევრი რამის მომცემი.

პანდემიის გამო იძულებით გამოცხადებული არდადეგები

ისეთი თემებია, რომლებიც ბავშვებს უკვე გავლილი აქვთ, მეთერთმეტეკლასელისთვის ეს საკითხები ახალი არ არის. თუმცა პატარას, რომელიც სექტემბერში აპირებს სკოლაში წასვლას, ანბანის შესწავლაში ეხმარება“.

ყველაზე მეტად ოთო დაზარალდა – პირველკლასელია და მისთვის დისტანციურად სწავლა რთული აღმოჩნდა. „წერა-კითხვა, ანგარიში წელს უნდა ესწავლა. დისტანციურად არ გამოსდის, ხან ყურადღება ეფანტება, ხან ვერ ერთვება, არც მასწავლებელია კმაყოფილი და არც ჩვენ“, – ამბობს ნანა.

ამ ოჯახმა რთული გზა გაიარა. ბათუმში გადმოსვლამდე ოზურგეთში ცხოვრობდნენ, იქაც სხვის სახლში. შემდეგ მეპატრონემ სახლი გაყიდა და ისევ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რადგან ბავშვები ბათუმში, ფერიის ბავშვთა სახლში ჰყავდა, მშობლებმაც ბათუმში გადაწყვიტეს გადმოსვლა.

ოთოს ახალი ბურთიც სჭირდება

იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, მათ ბინას მისცემს. სახელმწიფო ჯერჯერობით 10 კილოგრამი ფქვილით და რამდენიმე კილო შაქრის, ბრინჯის და ზეთის ამანათით შემოიფარგლა. ოჯახმა სოციალური სასადილოდანაც მიიღო ცოტაოდენი სასურსათო დახმარება და ახლა ამით გააქვთ თავი.

ბავშვებს ბევრი ოცნება აქვთ. მთავარი ოცნება კი საკუთარი სახლია. უფროსს მუსიკოსობაც უნდა, მეორეს – მზარეულის პროფესიის შესწავლა, პატარები პროფესიაზე არა, მაგრამ იმაზე ფიქრობენ, როგორი შეიძლება იყოს მათი ყოველდღიურობა, თუკი ექნებათ ახალი ბურთი, კომპიუტერი და გემრიელი საჭმელი.

რისთვის იყენებენ ინტერნეტს ყველაზე ხშირად?

პანდემიის გამო ფიზიკური დისტანცირების პირობებში, საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, სასწავლო და სამუშაო პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ცხადია, გაზრდილია ინტერნეტის მნიშვნელობა პანდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც. მიუხედავად ამისა, IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2/5-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

„ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“ – ეს ჩანაწერი 2018 წელს საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლშიც შევიდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ინტერნეტი ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

პოლიციამ 74 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 4 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ, ასევე, თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ დღეს, 21 მაისს განაცხადა საქართველოს მთავრობამ.

კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები

„კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს და საპროტესტო აქციების გამართვაც შეიზღუდოს…“ – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე ახალ რეგულაციებზე, რომელიც რამდენიმე დღეში შესაძლოა ძალაში შევიდეს. 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს უფლება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კონკრეტული შეზღუდვების დაწესება პარლამენტისთვის მიმართვის გარეშე შესძლოს.

რა შეზღუდვები შეიძლება დააწესოს მთავრობამ? – EMC-ის იურისტის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა თავად პანდემიის და საფრთხის შეფასება, რადგან პროცედურა მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. თეორიულად შესაძლებელია, საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს შეფასების საფუძველზე თქვას, რომ კონკრეტულ ქალაქში, ან სოფლად, ან მთლიანად ქვეყენაში ისევ ეპიდემიის გავრცელების რისკია და, მაგალითად, კომენდანტის საათი შემოიღოს.

„ნებისმიერ საქმიანობას შეიძლება შეეხოს ეს, ტაქსის მძღოლსაც კი – გადაადგილების თავისუფლებას, შესვლა-გამოსვლას, შეკრებებს და მანიფესტაციებს… შესაძლებელია გარკვეული ფორმით მოხდეს ჩარევა მედიის საქმიანობაში, ან საჯარო ინფორმაციის გაცემის პირობები, ინფორმაციის გარეშე კი, მედიას შეეშლება მუშაობაში ხელი. გასაგებია, რომ ხელისუფლების მთავარი არგუმენტია პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა, მაგრამ ამ მექანიზმების გამოყენებას უნდა აკონტროლებდეს პარლამენტი და სასამართლო,“ – გვითხრა გურამ იმნაძემ.

EMC-ის იურისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ახლაც ლეგიტიმური არგუმენტაცია აქვს იმისთვის, რომ დააწესოს შეზღუდვები, თუკი რეალურად იარსებებს ეპიდემიის გავრცელების რისკი, „თუმცა ეს არ უნდა აძლევდეს ხელისუფლებას საშუალებას, მთლიანად უკონტროლო ძალაუფლება მოიპოვოს. რაც უფრო მეტია ძალაუფლება, უფრო მეტია რისკი, ის გამოიყენონ პარტიული, თუ სხვა ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს, როცა წინასაარჩევნო კონტექსტია,“ – დასძინა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, გურამ იმნაძემ.

„ეს ანტიკონსტიტუციური ცვლილებებია,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ რეგულაციებზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ამოქმედდეს. მწვავე და კრიტიკულია სხვა ორგანიზაციის შეფასებები, მათ შორისაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ამ ცვლილების მიხედვით, შესაძლოა, სასამართლო სხდომები ისევ დაიხუროს, თუკი მთავრობა იტყვის, რომ მაგალითად, ბათუმში ეპიდემიის გავრცელების რისკია.

„ასეთ პირობებში მაღალია სასამართლოების მხრიდან თვითნებობის ხარისხი და აბსტრაქტული ტექნიკური ხარვეზის მიზეზით სხდომის საჯაროობის უგულვებელყოფა,“ – მიიჩნევენ საია-ში.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას: შესაძლოა ონლაინრეჟიმში სასამართლო პროცესზე წვდომა იყოს მეტი. შესაძლოა, 15 კაცი, მაგალითად, დაჯდეს თქვენს უკან და დაესწროს სხდომას…“ – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ გვითხრა სასამართლო სხდომების ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ავტორს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ილია ნაკაშიძეს არ ესმის, რატომაა მნიშვნელოვანი სასამართლო სხდომების ღიაობა, ან რატომ არ შეიძლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესები მიზანმიმართულად დახურონ?

„თქვენ მინდა გკითხოთ: ახლა ტარდება სხდომები ონლაინრეჟიმში ხომ? კონკრეტულად რამე ფაქტი გაქვთ, რომ რამე განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა?“ – კითხულობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

„მაშინ რატომ გვჭირდება სასამართლო სხდომის დარბაზები საერთოდ?“ – კითხვითვე ვუპასუხეთ დეპუტატს.

„რაც შეეხება დისტანციურად მუშაობას, ბევრი რამ შეიცვლება ნამდვილად,“ – მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თუმცა შემდეგ დასძენს, – „სასამართლო გაცილებით ემოციური სფეროა და არის შემთხვევები, როცა ონლაინსხდომები შესაძლოა გარკვეულწილად კარგი იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით როცა არსებობს სერიოზული ემოციური დაპირისპირება, ფონი საერთოდ, შესაძლოა ონლაინრეჟიმმა ვერ გადაფარო…“ – გვიპასუხა ილია ნაკაშიძემ.

დეპუტატს საზოგადოების ჩართულობა ასე წარმოუდგენია – დისტანციურ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს, ვიდეოთვალთან მჯდომი ადვოკატის უკან დასხდნენ დაინტერესებული პირები და ასე ადევნონ თვალი პროცესის მიმდინარეობას.

თუკი ადვოკატთან შეიკრიბებიან სასამართლო პროცესით დაინტერესებული პირები, რატომ არ შეიძლება ისინი სასამართლოში შეიკრიბონ?“ – ვკითხეთ ილია ნაკაშიძეს.

„ამიტომაც ვამბობ, სასამართლო ხელისუფლებას რომ ამის მიზანმიმართული სურვილი ჰქონდეს, ყველა სხდომას დახურავდა,“ – გვიპასუხა დეპუტატმა.

„რომელი კამერის უკან უნდა დადგე არ მესმის, მსგავსი საუბარი არასერიოზულია,“ – ასეთია სულხან სალაძის შეფასება დეპუტატის ნათქვამზე. სულხან სალაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელია და გვაცნობს პრაქტიკას – პანდემიის პირობებში საიას სასამართლოებმა დისტანციურად გამართულად სხდომებზე შესაბამისი პროგრამით ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა. ადვოკატი კი ზოგჯერ პროცესს სახლიდანაც ერთვება, როცა სხდომა დისტანციურად იმართება.

„ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს გვწერენ… ერთადერთი თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგვცა რამდენიმე პროცესზე დასწრების შესაძლებლობა,“ – ამბობს სულხან სალაძე. ის ყურადღების ამახვილებს კანონპროექტის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ პანდემია აღარ დასჭირდება მთავრობას იმისთვის, რომ შეზღუდვები აამოქმედოს.

„…იქვე აღნიშნულია, რაც წარმოადგენს ეპიდემიის კერას, ან საფრთხის შემცველ სივრცეს. ეს საფრთხის შემცველი სივრცე რამხელა განმარტებაა?“ – კითხულობს საია-ს ხელმძღვანელი. იურისტის თქმით, მარტივად შესაძლებელია მთავრობამ ხელოვნურად მიიჩნიოს კონკრეტული ადგილი „საფრთხის შემცველ სივრცედ“, შემდეგ კი, მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე კონკრეტული უფლება შეიზღუდება. სასამართლოც მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით იხელმძღვანელებს.

„არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს, ეს ისეთი ნათქვამია,“ – ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, – „ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს, ეს უკვე იქნება კანონის დარღვევა. მართალია, ჩვენ ვანიჭებთ მთავრობას უფლებამოსილებას, მაგრამ კონტროლსაც ვუწევთ, მოვა მთავრობა და ანგარიშებს ჩაგვაბარებს,“ – ამბობს ილია ნაკაშიძე. მისი აზრით, დროში გაწელილი პროცესი იქნება ის, რაზეც არასამთავრობოები საუბრობენ, როცა თითოეული შეზღუდვის ამოქმედების წინ პარლამენტში უნდა შედგეს მსჯელობა.

„რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება ამას, მაგრამ რაღაც უნდა ასრულებდეს ფილტრის როლს. პარლამენტში მინიმუმ იმის გაგება არის შესაძლებელი, ვის რა მოსაზრება აქვს. რა ხდება მთავრობის სხდომაზე, ამას როგორ გავიგებთ? იქ მხოლოდ 5 წუთია ღია, შემდეგ იხურება… ასე ყველაფრის მთავრობაზე გადაცემა, ხელის დაბანა და პროცესიდან გასვლა არ არის სწორი, თან როცა ვიცით, რა ტიპის დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში“, – აღნიშნავს სულხან სალაძე.

საია-ს ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციები გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანა მუდმივად საგანგებო რეჟიმში ვერ იქნება, მაგრამ სულხან სალაძის და კიდევ რამდენიმე სხვა ორგანიზაციის აზრით, „უფლებების შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს კანონს და არა აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებებს“.

„ვისაც ასეთი იდეები აქვს და სხვა აზრები აქვს, თვითონ შემოვიდეს ინიციატივით,“ – ასე პასუხობს შენიშვნებს მესამე სექტორიდან პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე. დეპუტატს ვკითხეთ, სად ხედავს პარლამენტის როლს, როცა მთავრობას ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენ ხომ არ ვხუმრობთ, არა? ჩვენ ცოტა გათამამებული ვართ იმიტომ, რომ მხოლოდ 12 კაცი დავკარგეთ [კორონავირუსით გარდაცვლილები – ავტ.]… ჩვენი მიზანია, რომ დროულად დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, არ დაზარალდეს ეკონომიკა, ამუშავდეს და თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები“, – გვიპასუხა ილია ნაკაშიძემ.

თუკი პარლამენტს პროცესის რეალურად გაჯანსაღება და დემოკრატიის გაძლიერება სურს, რატომ არის მიუღებელი სხვა ტიპის საკანონმდებლო მექანიზმების ჩართვა, რაზეც მესამე სექტორი საუბრობს?

„პასუხისმგებლობა უმრავლესობაზე უფრო მეტია ყოველთვის. უმცირესობა მხოლოდ აკრიტიკებს ყოველგვარი გამოსავლის გარეშე… ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვართ არა? 2007 წელსაა მიღებული ეს კანონი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ და იქ ბევრი რამ იყო გასასწორებელი, რასაც ახლა ვასწორებთ. ვინც მიიღო თავის დროზე ეს კანონი, პასუხი ხომ უნდა აგოს? გავა დრო, 10-15 წელი და ჩვენც მოგვთხოვენ პასუხს…“ – დასძინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ბათუმელებთან“.

____

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

რისი უფლება ეძლევათ მასწავლებლობის მაძიებელ პირებს – მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, მასწავლებლობის მაძიებელ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულონ მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

ამავე ბრძანების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა წარმატებულად გავლილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად და თუ წარმატებით ჩაბარებული აქვს ან წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა მოიცავს: აკადემიურ კურსს; პედაგოგიური პრაქტიკის კურსს; საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მინისტრის ბრძანება 20 მაისს გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს

დღეს, 21 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციები ერთდღიან ონლაინაქციას მართავენ.

სოლიდარობის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფეისბუქგვერდზე განათავსეს ფოტო წარწერით – „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“.

ამ დროისთვის აქციას უერთდებიან: მედიის განვითარების ფონდი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს პენცენტრი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საზოგადოება „ბათომი“, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ა.შ.

აქცია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ინიციატივით წამოწყებული კამპანიის გაგრძელებაა. 13 მაისს ასეთივე აქცია გამართეს ონლაინგამოცემებმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში უკვე რამდენიმე თვეა ათავისუფლებენ ან პოზიციას უცვლიან ახალი დირექტორისათვის არასასურველ ჟურნალისტებს:

11 მაისს აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, 21 აპრილს ტელეეთერიდან ფეისბუქზე სტატუსის გამო მოხსნეს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, 11 აპრილს ტელევიზიის ვებგვერდზე ახალი ამბების მომზადებას ჩამოაშორეს ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი23 მარტს ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს სამუშაოდ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე. 13 მარტს ტელევიზიიდან გაუშვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 28 თებერვალს გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და ეს სია გრძელდება

საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

 

კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის

კურორტ ბეშუმში მთავარი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 771 ლარია გამოყოფილი.

გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული ვალდებული იქნება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს ასეთი წერილობითი დავალების მიღებამდე.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი იწყება კურორტ ბეშუმის მჭიდრო დასახლებული უბნის შესასვლელიდან, გადის დასახლების მთავარი გზით და მთავრდება კურორტის ძირითადი, მჭიდრო დასახლების ბოლოს, სპორტული მოედნის მიმდებარედ. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1.04 კმ-ია.

კურორტი ბეშუმი / ფოტო ტენდერიდან

„სამუშაოები ითვალისწინებს კურორტის განაშენიანების ტერიტორიაზე მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ტროტუარიების, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობას, საგზაო ნიშნების დაყენებასა და სავალი ნაწილის მონიშვნას… სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა ღორღის საფუძველზე, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ქვესაგები ფენით.

დღევანდელი მდგომარეობით ეს საავტომობილო გზა პრაქტიკულად ამორტიზებულია, ტრასა გეგმაში ხასიათდება მკვეთრი მოსახვევებით მცირერადიუსიანი დაკვალვის მრუდებით, მონაკვეთის გრძივი პროფილი გამოირჩევა დიდქანობიანი (70-160) აღმართ-დაღმართებით. არსებული რკინაბეტონის მრგვალი და მართკუთხა კვეთის მილები დაზიანებულია, საჭიროებენ შეკეთებას და გამოცვლას“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს შეწყდება.

– – –

კურორტთან მისასვლელი გზის 6 კმ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 2017 წელს 4 373 235 ლარზე იყო გაფორმებული.

ამ თემაზე:

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ტყეების ეკლესიისთვის გადაცემას მხარი არ დაუჭიროთ -TDI პარლამენტს მიმართავს

დღეს, 21 მაისს, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს ტყის კოდექსის კანონპროექტს. კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] საქართველოს პარლამენტს მიმართავს, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს:

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროექტს! საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა თანასწორუფლებიანობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით:

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა.“

წაიკითხეთ ამ თემაზე: 

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

„ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ გაგვაჩნია“ – ნავთობტერმინალი

15 მაისს აშშ-ის კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლის თანახმადაც „ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“. ამ განცხადების შემდეგ ზოგიერთი ქართულ გამოცემა წერდა, რომ ირანიდან ნავთობს უკანონოდ ეზიდება ქვეყნის ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მას აფრიკის ქვეყნებში ყიდის.

ბათუმის ნავთობტერმინალი ბრალდებებს ოფიციალური წერილით გამოეხმაურა:

“შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახორციელებს ნავთობპროდუქტების გადატვირთვას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ რაიმე სავაჭრო ოპერაციებისა ან ირანული წარმოშობის ტვირთების გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

გარდა ამისა, როგორც ცალკეულ მასმედიაში იყო აღნიშნული, ბათუმის ნავთობტერმინალს ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის COVID19-ის პანდემიად გამოცხადების გამო, თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომლები გადაყვანილნი არიან დისტანციურ მუშაობაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში.

ამავდროულად, ბათუმის ნავთობტერმინალის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის მზადაა მასმედიასთან ღია თანამშრომლობისთვის და მიღებული კითხვების სავალდებულო რეაგირებისთვის,” –  ნათქვამია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ბათუმის პორტისა, ამერიკელი სენატორების წერილში რამდენიმე საკითხი იყო წამოჭრილი – ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ თემა, რომელსაც სენატორების წერილის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნიდან გაძევებას უპირებს. კონტი ჯგუფის თემა, რომელიც, სენატორების თქმით, უკვე გააძევეს ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმიდან და ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონოდ ვაჭრობის“ თემა.

ამავე თემაზე: 

ნავთობტერმინალის განმარტება ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობაზე“

აჭარაში სამი კვირაა კორონავირუსი არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში ჩატარებული 348 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამჟამად ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
 კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა, გარდაიცვალა – 2.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 10114 პირს.
აჭარაში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ვის შეუძლია საბანკო სესხის კიდევ 3 თვით გადავადება – მთავრობის განცხადება

დღეს, 21 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საბანკო კრედიტის გადავადების შესახებ პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის.

კერძოდ:

„ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება სამი თვით.

გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბაკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით,“ – განაცხადა გახარიამ.

მან დასძინა, რომ კრედიტების გადავადება მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე.

კომპენსაციის მისაღებად მონაცემების გადაგზავნა 30 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი – სიახლე

დამსაქმებლებს, შემოსავლების სამსახურში იმ თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ, 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

დამქირავებელი უფლებამოსილია ასევე ამ დროისთვის უკვე წარდგენილი მონაცემები დააზუსტოს და 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ხელახლა წარადგინოს შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა  პირის მითითებულ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ანუ, 20 მაისამდე წარდგენილი მონაცემების მიხედვით დასაქმებული აპრილის თვის კომპენსაციას – 200 ლარს მიიღებს 31 მაისამდე.

მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით კი, კომპენსაცია გაიცემა 11 ივნისამდე.

შესაბამისი ცვლილება პროგრამაში მთავრობამ ორი დღის წინ შეიტანა.

ოქალაქეს, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად შეუძლია გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში. გადასამოწმებლად გადადით ამ ბმულზე:

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, „უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს“.

ამიტომ „შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები“.

დეტალურად ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

 

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება – გახარია

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება – ამის შესახებ დღეს, 21 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული.

„ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება, ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისგებლობა, როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის, კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა მოთხოვნები, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან განაცხადა, რომ მთავრობას სჭირდება საკანონმდებლო ჩარჩო საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების შესანარჩუნებლად და ამისათვის მთავრობამ მიმართა საქართველოს პარლამენტს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, კომენდანტის საათი კი – 31 მარტს. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მოქმედების შეწყვეტის ვადა, თუმცა ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გრძელდება 22 მაისის ჩათვლით.

ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტმა საინვესტიციო ოფისის უფროსად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალ სტრუქტურას — „საინვესტიციო ოფისს“, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს – იუწყება „უნიანი“.

გადაწყვეტილება ზელენსკიმ პრეზიდენტობის ერთი წლისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

„შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი ცალკეული გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში იმუშავებს და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ინვესტიციებით. პირველი ჩემი გეგმა მათთან უკვე შევათანხმე. გეგმა თვრამეტ თვეზეა გათვლილი. უკრაინაში 7 მილიარდი აშშ დოლარის სწრაფი ინვესტიციების მოზიდვის გეგმა. უკვე არიან გასაგები კომპანიები და ხალხი“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინაში 12 მარტიდან ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად მუშაობს.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობას ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან 2012 წლამდე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ლევან ვარშალომიძე, ისევე როგორც ენმ-ის წევრების უმრავლესობა აჭარაში, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა.

Covid19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებთან შედარებით ორჯერ მეტია

21 მაისის მონაცემებით [10 სთ], ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 721-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში COVID-19-სგან  10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ 485 შეადგინა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 721 შემთხვევა დადასტურდა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 224-ია, შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებთან შედარებით ორჯერ მეტია.

78 000 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [04.05.2020 წელი] 6 თვის განმავლობაში.

„შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამსაქმებელთა საყურადღებოდ: მთავრობის მიერ პროგრამაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელს უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მაისის თვეში, 20-ის ნაცვლად, 30 რიცხვის ჩათვლით შეუძლია.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

აღნიშნული სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება“.

მოქალაქეს, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად შეუძლია გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში. გადასამოწმებლად გადადით ამ ბმულზე:

დახმარების პროგრამაში მთავრობამ ცვლილებები 19 მაისს შეიტანა. ამ ცვლილებების მიხედვით:

„კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს“.

„[შემოსავლების] სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით“.

„დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში [ყოველი თვის 15 რიცხვამდე] განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით“.

ამასთან, ახალი ცვლილების მიხედვით, „კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა“

გარდა დასაქმებულებისა, უმუშევრად დარჩა თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც ერთჯერადად კომპენსაციის – 300 ლარის მისაღებად, 2020 წლის პირველ ივლისამდე, უნდა წარადგინონ განაცხადი.

ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

ბრაზილიელი აბორიგენებისთვის Covid 19 შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდეს

ბრაზილიაში ვირუსის გავრცელებიდან პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 1000 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში გარდაცვალებათა პიკი ჯერ არ დამდგარა და დაავადების გავრცელების ამ ნიშნულამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 271 628 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 17 971 ადამიანი.

თუმცა ბრაზილიას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტესტები და შესაბამისად ვარაუდობენ, რომ აღურიცხავი ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია.

ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო შიშობენ, რომ ის განსაკუთრებით დააზარალებს დაავადებების მიმართ მოსახლეობის გაცილებით მოწყვლად ნაწილს: ბრაზილიის ღარიბ რაიონებს და აბორიგენებს.

როგორც BBC იუწყება, ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარომ თანამდებობიდან გასულ კვირას დაითხოვა ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ ტეიჰა, რომლის ადგილიც ლუის ენრიკე მანდეტამ დაიკავა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტი ქლოროქინის გამოყენების პირობებსა და სოციალური დისტანცირების წესებზე ვერ შეთანხმდნენ.

ბრაზილიაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის მიუხედავად, პრეზიდენტი ბოლსონარო აცხადებს, რომ ვირუსი საშიში არ არის და საჯარო გამოსვლებში ის კორონავირუსს გრიპს ადარებს.

პროსამთავრობო პრესის ტვიტერზე სამშაბათს, როცა გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ბრაზილიაში, გამოაქვეყნეს მხოლოდ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, თუმცა არ იყო მითითებული გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ.

ბოლსონარო და ბრაზილიის მინისტრთა ნაწილი საჯარო გამოსვლებში მკაცრად აკრიტიკებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მას კორონავირუსის პანდემიის უარყოფით გაშუქებაში ადანაშაულებს. ბრაზილიის ხელისუფალთა ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობაზე კეთდება აქცენტი და არა გამოჯანმრთელებულებზე.

რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

აჭარის ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შემდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ეს საქმეები ჯერ არ განუხილავთ და ამის მოლოდინი არც არავის ჰქონია, რადგან პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადადებულია, ან იგი დისტანციურ რეჟიმში იმართება.

თუმცა სასამართლოს არც ზუსტად ერთი წლის წინ შესული სარჩელი განუხილავს – 2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მიმართა. ეს საქმე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს დააწერეს, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა.

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

იმის გათვალისწინებით, რომ მედია მენეჯერებისა და ჟურნალისტების სავარაუდო დევნის საკითხის განხილვა პრიორიტეტი უნდა იყოს სასამართლოსთვის, „ბათუმელები“ დღეს დაინტერესდა, სარჩელის შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში, რატომ ამბობს უარს სასამართლო განიხილოს „ნათია კაპანაძის საქმე“ ან რატომ ვერ მოახერხა თუნდაც ერთი სხდომის ჩატარება.

„საქმეთა სიმრავლის და მოსამართლის გადატვირთულობის გამო არ მოხდა ამ დრომდე განხილვა. არ ვიცით, როდის განიხილება“, – მოგვწერეს დღეს, 20 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ანალოგიური მიზეზით აჭიანურებს საქმის განხილვას. ანალოგიური პასუხი „ბათუმელებმა“ 2018 წელსაც მიიღო, როცა „ბათუმში ახალი მეჩეთის აგების საქმეზე“ რამდენიმე თვე არ ტარდებოდა სხდომა.

იმავე პერიოდში მიმართული საქმეების დიდი ნაწილის განხილვა უკვე დასრულებულია. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე განიხილეს შრომითი დავა – სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა სასამართლოს გასული წლის მაისში მიმართა.

ჩრდილოეთ ოსეთში 380 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა კორონავირუსით

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსი დაუდგინდა 380 სამედიცინო მუშაკს. ამის შესახებ „ოსეთი – ერისტონის” სატელევიზიო ეთერში რუსეთის სოციალური დაზღვევის ფონდის რეგიონალური განყოფილების მენეჯერმა ზალინა აილაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან 2882 სამედიცინო მუშაკი მუშაობს.

დაინფიცირებულ 380 მედმუშაკთაგან 123 ექიმი კორონავირუსით დაზარალებულთა სიაში  მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი ფულად კომპენსაციას, 68 ათას რუბლს მიიღებენ. საუბარია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაზე, რომელმაც დაამტკიცა დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა გამწვავების დროს (კორონავირუსით ინფიცირებისას), სამედიცინო მუშაკს გადაუხდიან კომპენსაციას.

Tvrain.ru წერს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში COVID-19 ინფექციის 2314 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.

არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა ბორდმა პრობლემებს გვერდი ამჯერადაც აუარა. საუბარია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და რედაქტორების მიზანმიმართულად ჩამოშორებაზე და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე, რასაც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსგან განსხვავებით ხედავენ გარედან, მათ შორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

„ჩვენ ვართ მაკონტროლებლები და სადაა ჩვენი რეაქცია? მისაღებია უსაფუძვლო გათავისუფლებები და დევნა?“ – იკითხა გია ქარცივაძემ.

„დავპატიჟოთ მენეჯერი შეხვედრაზე“, – მოკლედ გამოხატა რეაქცია თამილა დოლიძემ.

რატომ არ აქვს რეაქცია ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე მრჩეველთა საბჭოს? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საბჭოში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარმოდგენილ წევრებს არც დასჭირვებიათ – გია ქარცივაძეს ოპონირება თამარ წილოსანმა გაუწია. ის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა და დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს. თამარ წილოსანი სასამართლო ხელისუფლებას ენდობა და მიიჩნევს, რომ ეს მოაგვარებს პრობლემას, ხოლო მრჩეველთა საბჭოს, როგორც ტელევიზიის მაკონტროლებელ ორგანოს რომ რეაქცია არ აქვს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„…ეს საკითხები უკვე გადავიდა სასამართლოში. წინა მენეჯმენტის დროსაც იყო გათავისუფლებები და მაშინაც მრჩეველთა საბჭო არ მახსოვს. კანონის ფარგლებში, შესაძლოა, რაღაც მოსაზრებები ყოფილიყო, მაგრამ ასე კონკრეტულად გადაწყვეტილებებში ვერ შევდივართ,“ – თქვა თამარ წილოსანმა.

თამარ წილოსანს გია ქარცივაძემ უთხრა, რომ წინა მრჩეველთა საბჭო მოსაზრებებს წერილობით აგზავნიდა ადმინისტრაციაში.

„ჩვენ კი რეაქციაც არ გვაქვს საერთოდ… მალხაზი მოსულია აგერ და ვეკითხებით რამეს? არც გვაინტერესებს ხო?“  – იკითხა გია ქარცივაძემ და ერთ კუთხეში მყოფ მალხაზ რეხვიაშვილს გახედა. შეხვედრა ყოფილ თითების თეატრში შედგა, მალხაზ რეხვიაშვილი კი ტელევიზიიდან 11 მაისს ფეისბუქსტატუსის გამო გაათავისუფლეს. ის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი იყო.

„ეს საკითხები არის სასამართლო დავის საგანი და დარწმუნებული ვარ, როგორც წინა მენეჯმენტის დროს იყო უკანონო გადაწყვეტილებები, სასამართლომ გაამართლა და ეს ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურში, ვინც გაასაჩივრა,“ – უკან არ დაიხია თამარ წილოსანმა.

„ეს ადამიანებიო, როცა ამბობ, დღევანდელზე საუბრობ თუ წარსულზე“? – ჩაეკითხა თამარ წილოსანს გია ქარცივაძე.

„წინაზე,“ – თქვა თამარ წილოსანმა.

„წინაზე მხოლოდ ირაკლი ბარამიძესთან იყო სასამართლო დავა. ირაკლის საქმე ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოშია და რა იქნება, არ ვიცით. სხვა სასამართლო დავა არ ყოფილა. ახლა კი გვაქვს ათეულობით საქმე… სირცხვილია და მე ამაზე მაქვს რეაქცია“, – გაცხარდა გია ქარცივაძე.

„ერთი საკითხი მაქვს მე,“ – სიტუაციის განმუხტვა სცადა თამილა დოლიძემ და განაგრძო: „მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ტვ პირველს გამოუყენებია ეთნოფორის მასალა. ეთნოფორის ავტორი იყო შეწუხებული… ქვევრისპირული კარგი პროექტი იყო…“ – თქვა მრჩეველთა საბჭოს წევრმა და „ქართული ოცნების“ მიერ საბჭოში არჩეულ კიდევ ერთ წევრს – სოსო სტურუას მიაჩერდა. სოსო სტურუას აჭარის ტელევიზიის დირექტორობის დროს შეიქმნა გადაცემა „ეთნოფორი“, რომელზეც საუბარი არჩია დღეს თამილა დოლიძემ მაუწყებლის პრობლემების ნაცვლად.

„მე სანამ მოვიდოდი აქ, აჭარის ტელევიზიის ზოგიერთ გადაცემას არ ვუყურებდი და ჩემთვის აღმოჩენაა ეთნოფორი. მე არ მეგონა, თუ ასე კარგი გადაცემა გვქონდა ეთნოფორი, ნამდვილი აღმოჩენაა, სერიოზულად ვამბობ ამას…“ – განაგრძო თამილა დოლიძემ.

„მადლობა“, – ჩაილაპარაკა სოსო სტურუამ.

დისკუსია არ შედგა, თუმცა თამილა დოლიძემ გია ქარცივაძეს ის უთხრა, რომ „მენეჯმენტთან შეხვედრა აუცილებელია“. ამ საუბრის შემდეგ მალხაზ რეხვიაშვილს მისცა სიტყვა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.

„…ჩემი გაშვებაც არის შრომითი უფლებების დარღვევა და ამავდროულად, ამაში ვხედავ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის ნიშნებს. შესაძლოა, მრჩეველთა საბჭოს საკითხი სამართლებრივად ვერ დადგეს, მაგრამ პოლიტიკურად და მორალურად დადგება, რადგან თქვენ პასიურობით… მთელი ამ შემადგენლობის საკითხი დადგება, რადგან თქვენ აკვირდებით ყოველდღიურად ადამიანების შრომითი უფლებები როგორ ირღვევა, თქვენ კი, საუბრობთ სახელფასო სისტემაზე…“ – მიმართა მრჩეველთა საბჭოს წევრებს მალხაზ რეხვიაშვილმა.

„თქვენ ჩემს უფლებამოსილებაში ვერ შემოიჭრებით და ვერ მასწავლით, რა უნდა ვთქვა და რა – არა. თქვენ მე ახლა მესაუბრებით მენტორული ტონით, რასაც არ მივიღებ,“ – უპასუხა ტელევიზიიდან გაშვებულ ჟურნალისტს თამილა დოლიძემ.

„მე პირადად თქვენ კი არა, მე ვესაუბრები მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტს, მაგრამ ინსტიტუციური კონტროლი, მე ვფიქრობ, რომ მოშლილია მაუწყებელში“, – თქვა მალხაზ რეხვიაშვილმა.

„ჩემი ნალაპარაკევი გამოგაქვთ და იმიტომ ვამბობ,“ – უკან არ დაიხია თამილა დოლიძემ და შემდეგ აჭარის ტელევიზიის ის გადაცემა გაიხსენა, სადაც ახლა უკვე გათავისუფლებულმა ან რადიოში გადაყვანილმა ჟურნალისტებმა მას მხოლოდ ხელფასებით დაინტერესება შეახსენეს.

„ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, თქვენ საერთოდ რას აკეთებთო. ვუთხარი, ვმუშაობთ, რომ თქვენ ხელფასი მიიღოთ-მეთქი და ამან გაანაწყენა ადამიანები…“  – თქვა თამილა დოლიძემ.

„ისე, პირიქითაა, ისინი შრომობენ, ჟურნალისტები, რომ ჩვენ ავიღოთ ხელფასი,“ – ირონიით მიუგო კოლეგას გია ქარცივაძემ.

„არაა ეგრე, გია. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს,“ – გაბრაზდა თამილა დოლიძე.

რატომ არ აქვს მრჩეველთა საბჭოს რეაქცია იმაზე, რომ დირექტორი პრიორიტეტებს ვერ ასრულებს? – ვკითხეთ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ჩხარტიშვილს სხდომის დასრულების შემდეგ. გიგა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ პრიორიტეტების ახალი სამუშაო დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება, ხოლო აქამდე პრიორიტეტების სრულად შესრულებას პანდემიამ შეუშალა ხელი.

„მე ვერ მოგყვებით მაგ შეფასებაში, რომ პრიორიტეტები არ სრულდება. ხარვეზები არის. ერთი მიმართულება, რომელიც ვერ სრულდებოდა და დაემატა არის საბავშვო მიმართულება, მეორე მიმართულებაა განათლება, პროექტი მზადაა და საუბარი იყო იმაზე, რომ პანდემიამ ხელი შეუშალა – შესყიდვების ამბები იყო გაჩერებულ, შემოქმედებით სამსახურში ხალხი ვერ მოდიოდა, რისკის ამბავი იყო. ბუნებრივია, ყველასთვის შეეძლო დირექტორს ეთქვა, მოდით და იმუშავეთო, მაგრამ პასუხისმგებლობის ნაწილია… საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე კითხვაც არ არის, უნდა შესრულდეს, ამას წყალი არ გაუვა,“ – გვიპასუხა გიგა ჩხარტიშვილმა.

საკადრო ცვლილებები, რომელიც ფასდება როგორც სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება – მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხებზე გიორგი კოხრეიძესთან საუბარი არ ჰქონია და სამუშაო შეხვედრაზე მრჩევლებსაც ექნებათ კითხვები. გიგა ჩხარტიშვილმა ასევე გვითხრა, რომ ტელევიზიიდან გაშვებული ჟურნალისტების საქმეებს არ გაცნობია.

გიგა ჩხარტიშვილი სხვა კითხვაზე ითხოვს გიორგი კოხრეიძისგან პასუხს.

„როცა ფლეშმობის სახით გაიმართა აქცია – მაუწყებელში სუს-ია, როცა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ამას ამბობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი არ ტყუიან, მათ აქვთ საკანონმდებლო ვალდებულება, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. თუ ეს ასეა, ეს საგანგაშოა და ვითხოვ დირექტორისგან, რომ ეს დაადასტურონ, მითხრან, რა ფორმით ხდება ეს? ეს თუ ასე არაა, მაშინ ეს რას ნიშნავდა?“ – იკითხა გიგა ჩხარტიშვილმა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მისივე სიტყვებით„ხშირ შემთხვევაში“ არ იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებას აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე. გიგა ჩხარტიშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები დამახინჯებულია.

„სამწუხაროდ, კვალიფიკაცია აკლიათ ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ – დასძინა გიგა ჩხარტიშვილმა.

 

საელჩოს განცხადება თურქეთში სამკურნალოდ წასვლაზე – საჭიროა კლინიკის წერილი

საქართველოს საელჩო თურქეთის ტერიტორიაზე პაციენტების შესვლის თაობაზე განმარტებას აკეთებს.

საელჩოს განცხადებით,  ამ ეტაპზე, ანკარაში საქართველოს საელჩოს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია უცხოელი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და პირობების თაობაზე.

„შესაბამისად, ქართველი პაციენტების თურქეთში შემოსვლისთვის საჭირო ნებართვის მოპოვების საკითხი რეგულირდება უკვე არსებული პრაქტიკით – ანკარაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

აღნიშნულისთვის კი, საჭიროა: თურქეთის შესაბამისი კლინიკის მოწვევის წერილი (სადაც მითითებული იქნება პაციენტისა და თანმხლები პირის პირადი ინფორმაცია); კლინიკის მიერ რეანომობილის გამოყოფა, პაციენტისა და თანმხლები პირის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კლინიკამდე ტრასპორტირების მიზნით“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოს [სხვა ქვეყნებსაც] მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, შეეძლებათ თურქეთში გამგზავრება. დოკუმენტის თანახმად, პაციენტებს გამგზავრება შეუძლიათ, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით.

ამავე თემაზე: 

ქართველი პაციენტები 20 მაისიდან თურქულ კლინიკებში გამგზავრებას შეძლებენ

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს.

კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა.

კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია საპატრიარქოს, აჭარაში ავიღეთ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი.

მამათა მონასტერი სარფში

ხელვაჩაურის სოფელ სარფის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყეა. მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, საპატრიარქოს შეეძლება 20 ჰექტარი ტყე მოითხოვოს საკუთრებაში [მაგალითად, ის ტერიტორია, რაც მონიშნულია ღია მწვანე ფერით]. თუ, რა თქმა უნდა კანონს საბოლოოდ მიიღებენ.
სარფის მამათა მონასტერი სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდში შედის.

სხალთის მონასტერი 

ხულოში, სხალთის მონასტრის მიმდებარედაც სახელმწიფო ტყის ფართობებია. კანონის მიღების შემთხვევაში საპატრიარქოს აქაც შეეძლება 20 ჰექტარი ტყე საკუთრებაში მოითხოვოს [მაგალითად, იმ კონფიგურაციით, რაც მონიშნულია ღია მწვანე ფერით].
სხალთის მონასტერი იმ ტერიტორიაზე დგას, რომელიც რეესტრის მიხედვით არც ეკლესიის და არც სახელმწიფოს საკუთრებაშია რეგისტრირებული [თუმცა, კანონმდებლობა მიწას, სადაც ეკლესია დგას, ან ნანგრევებია, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად განიხილავს]. ეკლესიას აქ 3 000 კვ.მ ტერიტორია აქვს საკუთრებაში დარეგისტრირებული, რომელიც ტაძრიდან დაახლოებით 110 მეტრში მდებარეობს.

დედათა მონასტერი სარფში

ხელვაჩაურის სოფელ სარფის დედათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყეა. კანონის მიღების შემთხვევაში საპატრიარქოს შეეძლება 20 ჰექტარი [მაგალითად იმ კონფიგურაციით, რაც მონიშნულია ღია მწვანე ფერით] ტყე საკუთრებაში მოითხოვოს.
4 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას [40 170 კვ.მ] სარფის დედათა მონასტერთან საქართველოს ეკლესია უკვე ფლობს საკუთრებაში. ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი, ეკლესიას შეეძლება საკუთრებაში აქ, ტყის ჩათვლით, ჯამში 24 ჰექტარი მიწა ჰქონდეს.

სულთმოფენობის სახელობის ტაძარი შუახევში

დაბა შუახევის ცენტრში სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მშენებლობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ტაძრის ტერიტორია, 646 კვ.მ საქართველოს საპატრიარქოსთვის აღნაგობის უფლებითაა გადაცემული.

ტერიტორიის მომიჯნავედ ტყეა, რომელიც სახელმწიფომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, თავის საკუთრებაში პირობითად, 1 წლით დაირეგისტრირა, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა.

მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი არ დასრულებულა, ამიტომ თუ მიწის ეს სტატუსი შემდგომში შეიცვლება და მას სახელმწიფო სატყეო ფონდში გადაიტანს, საპატრიარქოს 20 ჰექტარის მიღების შესაძლებლობა აქაც ექნება.

[red_box]რა ცვლილებები შედის კანონში[/red_box]

„ტყის კოდექსის“ პროექტის მიხედვით:

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით კი:

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა.“

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/427040/

ძველი სახლის ახალი სიცოცხლე ბათუმში – ძეგლი რესტავრაციის შემდეგ [ფოტო]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ბათუმში, ჟორდანიას #14-ში, თითქმის დასრულებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ამ სახლის რესტავრირებაში 400 000 ლარი დაიხარჯა.

ბათუმი, ჟორდანიას #14, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
რესტავრირებული ძეგლის შიდა ინტერიერი

სპეციალისტის დახასიათებით, „შენობა მნიშვნელოვანია თავისი მაღალი სამშენებლო ოსტატობით და გემოვნებით განაწილებული კლასიცისტურ-ბაროკული დეკორით. სახლის სიახლოვე ზღვასთან უზრუნველყოფს მისი ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს. ამჟამად ორსართულიანი შენობის ფასადი კლასიცისტური და ბაროკული სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტებითაა შემკული.“

კომპანია „გეოგრაფიკის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ეს სახლი სამსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა. მისი მესამე სართული მსახურების ოთახებსა და სამრეცხაოს ეკავა, რომელიც 1918 წელს დაიწვა.

ამჟამად სახლი სამ მოქალაქეს ეკუთვნის.

ეს ბუხარი საუკუნეზე მეტს ითვლის
შუშაბანდი შიდა ეზოს მხარეს
რესტავრირებული ფასადი

აჭარის განათლების სამინისტრომ 15 საჯარო სკოლას ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით.

2020 წელს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 8560 სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 65210.80 ლარი.

მიმდინარე წელს წიგნადი ფონდით განახლდა:

[checklist]

  • ქ.ბათუმის N23 საჯარო სკოლა
  • ქ.ბათუმის N27 საჯარო სკოლა
  • ქ.ბათუმის N29 საჯარო სკოლა
  • ქ.ბათუმის N2 საჯარო სკოლა
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლა
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლა
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიას საჯარო სკოლა
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანას საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა

[/checklist]

2013-2020 წლებში აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 135 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლებულია წიგნადი ფონდით.

როგორ აპირებენ მუსლიმები რამადან ბაირამის აღნიშვნას და საერთო ლოცვას 

24 მაისს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოხსნილი იქნება. როგორ გეგმავენ მუსლიმები ამ დღის აღნიშვნას საქართველოში?

სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იგი ფიქრობს, რომ ლოცვა შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითია უკვე რეგიონში და ქვეყანაშიც, გარკვეული შეზღუდვები კი რჩება 22-ის შემდეგაც ძალაში, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ეს ბაირამი დისტაცინიის დაცვით ჩავატაროთ. ჯერჯერობით ასე ვფიქრობთ, ლოცვა იქნება ყველა რეკომენდაციის დაცვით“, – ამბობს საქართველოს მუფთი.

თუმცა, მისივე თქმით, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ისეთი სიტუაციაა, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ამიტომ ჩვენ არ ავჩქარებულვართ, მანამდე კონსულტაციებს გავივლით და ისე გავაკეთებთ ყველაფერს“.

იგივე გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა.

„ალბათ, პარასკევის შემდეგ გვეცოდინება უფრო ზუსტად, საგანგებო სიტუაციაც დასრულდება და შევხედავთ, რამდენად უსაფრთხო გარემო გვექნება. მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად გავივლით ამ საკითხს“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა შეიხ მირტაგ ასადოვს, რომელსაც ვკითხეთ როგორ აპირებენ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნას მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მუსლიმები. მირტაგ ასადოვმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, საერთო ლოცვა არ იქნება, ყველა ილოცებს ინდივიდუალურად, საკუთარ ოჯახში აღავლენს ლოცვას. მასობრივი შეკრება და ლოცვა არ იქნება“, – გვითხრა მან და დასძინა, რომ მორწმუნეებს ამ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცავენ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მეჩეთში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 19 მარტს მიიღო.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მაჭახლის ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსს ანიჭებენ

მაჭახლის ხეობის სოფლებს დაცული ლანდშაფტის სტატუსს მიანიჭებენ, ამ საკითხით საქართველოს პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭო მიმართავს.

უმაღლესი საბჭოს დადგენილების შესაბამისი პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს, ხვალინდელი პლენარული დღის წესრიგის საკითხებში მის შეტანას.

საკითხი ბიუროს სხდომაზე აგრარული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარადგინა.

მაჭახლის ხეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

მაჭახლის ხეობა / თამარ ნერგაძის ფოტოები

13 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს ბათუმსა და სხვა 3 ქალაქში

შს სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად  13 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბათუმში 110 ადამიანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 110 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დღეს, 20 მაისს, ბათუმში, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 30 პირი, მათი კვლევის პასუხები Covid19-ზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს  2 ინფიცირებული პაციენტი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 20 მაისის მონაცემებით [13:00] საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 713 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 475 პაციენტი, გარდაიცვალა – 12.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს 15 ათას ლარს გადასცემენ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახისთვის ჯამში 90 ათას ლარს გამოყოფენ აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. აღნიშნული თანხა გაიცემა ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე. თითოეული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად აჭარის მთავრობას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

სანიაღვრე არხად ქცეულ მდინარეს ბათუმში 2,3 მილიონად ჯებირებს უშენებენ

მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის ჯებირებში მოსაქცევად ბიუჯეტიდან 2,3 მილიონი იხარჯება. ეს მდინარე, რომელიც კახაბრის ვაკეზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მიედინება, სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. მდინარე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მასში ხშირად ხვდება ფეკალიებიც, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი რეაბილტირებული არ არის. მოუწესრიგებელი კალაპოტის გამო მომრავლებული იყო მღრღნელები და ქვეწარმავლები.

მეჯინისწყალი სასტუმრო „ეუფორისას“ მიმდებარედ კვეთს ახალ ბულვარს და ზღვას უერთდება. აეროპორტის გზატკეცილიდან ახალ ბულვარამდე მონაკვეთში მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის კედლებში მოქცევა ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 2 318 892 ლარი დაუჯდება.

ეს თანხა მხოლოდ ბეტონის კედლების მოწყობის სამუშაოებში იხარჯება, რაზედაც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ჯებირი მდინარე მეჯინისწყალთან / მაისი, 2020 წ. / ფოტო: მერია

მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა 200-მეტრიანი კედლის ჩამოსხმა ანგისის პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩის გასწვრივ კი, 130 მ სიგრძისა და 4 მ სიმაღლის ბეტონის კედლის ჩამოსხმა მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის ხელშეკრულებები, შესაბამისად, 323 893 და 245 000 ლარზეა გაფორმებული.

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ უხვი ნალექის შედეგად მიმდებარე ტერიტორია აღარ დაიტბორება.

„ეუფორიადან“[ახალი ბულვარიდან] აეროპორტის გზატკეცილამდე მონაკვეთში, მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს დარჩენილ ადგილებში ბეტონის კედლის მოსაწყობად კი, ხელშეკრულება 1 749 999 ლარზეა გაფორმებული. ამ სამუშაოს დასრულების ვადა 2021 წლის მარტია.

სამივე ხელშეკრულება საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „იბერია-ჯ“-სთან 2020 წლის მარტში აქვს გაფორმებული.

„იბერია-ჯ“ 2000 წელსაა რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართია ბათუმი. კომპანიის წილებს, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, თანაბრად ფლობენ ჯამბულ თავართქილაძე და ჯუმბერ ძირკვაძე. კომპანიის დირექტორი ჯამბულ თავართქილაძეა.

რაც შეეხება მდინარის მიმდებარე [ქალაქს შემოერთებულ] ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, ეს წყალარინების პროექტის მეხუთე ფაზაში უნდა მოეწყოს.

„ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე მონაკვეთი კი, უკვე ჩართულია ახალ ცენტრალურ ქსელში, თუმცა იქ არსებული სისტემა [შიდა ქსელი] არის მოძველებული და ხდება მისი განახლება. „ეს სამუშაოები და დაერთებების დიდი ნაწილი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიქმნა რაიმე სახის პრობლემა,“ – გვითხრეს ერთი თვის წინ ბათუმის მერიაში.

ამ თემაზე:

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

 

 

ბოლო ზარი სკოლებში

დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ.

მაგალითად, ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ სკოლის ფეისბუქის მთავარ ფოტოდ ბოლო ზარის სიმბოლო – თეთრი, წარწერებიანი პერანგი დააყენა. პერანგზე მათემატიკური ფორმულები და კეთილი სურვილებია წარწერილი.

მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც მიულოცა. „თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი თავის წერილობით მიმართვაში, რომელიც სამინისტრომ დღეს, 20 მაისს გაავრცელა.

20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა დასრულდა. თუმცა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებისთვის „ტელესკოლის“ ფარგლებში განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, კერძო და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. სწავლება გაგრძელდა ონლაინგაკვეთილების ფორმატში. სამინისტროს განცხადებით, სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუკიდან

ამავე თემაზე:

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

როცა დღეში 12 საათს მუშაობ, კამერა დაგიყენეს და პანდემიის დროს ხელფასს გაკლებენ

„მე მაია მქვია, 15 წლის სტაჟი მაქვს, პატარა გოგო აღარ ვარ, რთულია ახლა ჩემთვის ახალი სამსახურის ძებნა, ამიტომაც ვცდილობ გავუძლო. თუმცა „იალჩინში“, სადაც ახლა ვმუშაობ, საშინელი პირობებია. მხოლოდ მე არ მიჭირს, ჩემი თანამშრომლებიც ცუდ დღეში არიან, ხელშეკრულებებს ვერ ვეღირსეთ, არ გვიფორმებენ, რომ ჩვენი უფლებების გათვალისწინება არ მოუწიოთ, რაც შვებულებას, დასვენებას, არასამუშაო საათებში მუშაობას უკავშირდება. ოთახებში კამერები დაგვიყენეს, რომ გვითვალთვალონ, ცოტა ხნის წინ კი გვითხრეს, რომ ხელფასიდან 40 პროცენტი დაგვაკლდება“, – გვიყვება მაია [ სახელი შეცვლილია, რადგან მას ეშინია ამ საუბრის გამო სამსახური არ დაკარგოს].

იმავეს ამბობენ მაიას თანამშრომლებიც, რომლებიც წლებია უკვე „იალჩინმარკეტის“ ქსელში ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ და რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა.

მაიას მონათხრობით, „იალჩინის“ უფროსის, „ბატონი ისმაილის პირობა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობაა, შაბათის და სხვა დღესასწაულების ჩათვლით“.

მაია ამბობს, რომ დღეში 12 საათს მუშაობს, დილის  ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე. ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციის ოთახებში კამერებიც დაუმონტაჟებიათ, უფროსი თანამშრომლების მუშაობას დიდ ეკრანზე აკვირდება:

„ავდექი თუ არა, ვინმეს გამოველაპარაკე თუ არა, ამ ყველაფერს აკონტროლებს. 15 წუთით ყავის დასალევად გასვლის უფლება გვაქვს მხოლოდ, მაგრამ სხვებთან ერთად არა – ცალ-ცალკე გავდივართ“.

მაიას თქმით, თანამშრომლებთან გამოლაპარაკებას უკრძალავენ: „ერთ-ერთს ვესაუბრებოდი და უფროსმა ტელეფონზე დამირეკა, რატომ ელაპარაკებოდიო. ვუთხარი, საქმე მქონდა-მეთქი და  გაფრთხილება მომცა, შენ ენა შემომიბრუნეო“.

ბოლო ამბავი, რის გამოც „იალჩინმარკეტის“ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს პრობლემებზე დაფარულად მაინც ისაუბრონ, ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას და ამის გაპროტესტების გამო ერთ-ერთი მენეჯერის – ემზარ ქათამაძის გათავისუფლებას უკავშირდება.

თავად ემზარ ქათამაძემ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა, თანამშრომლები მას ყოფილ დირექტორად მოიხსენიებენ. თუმცა, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ემზარ ქათამაძე შპს „იალჩინმარკეტის“ დირექტორი არასდროს ყოფილა. ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად, „დირექტორად,“ მხოლოდ ზეპირად გამოუცხადებიათ, წერილობითი ხელშეკრულება არც მასთან ჰქონიათ გაფორმებული.

ემზარ ქათამაძე სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც თანამშრომლებმა ხელი არ მოაწერეს ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, რომელიც მთავარ მენეჯერს ბრძანების სახით გამოუცია.

„ჯერ გვეგონა, რომ ერთი კვირის ხელფასი უნდა დაეკლოთ და ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ აპრილში დაგვაკლდებოდა ხელფასი, ამიტომაც  დავთანხმდით. ეს რომ გაიგო მთავარმა მენეჯერმა, სამი თვე გააფორმა, რასაც არ დავთანხმდით და არც ხელი მოვაწერეთ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ხელფასი იმდენად მიმცირდება, რომ მუშაობას აზრი აღარ ექნება“, – გვითხრა კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

„იალჩინმარკეტის“ ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, თინას [სახელი შეცვლილია]  თქმით კი, მენეჯერმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კორონავირუსის გამო ყველაფერი გაჩერებულია, მისი თანამშრომლები ვერსად წავლენ და არც თავად აპირებს უკან დახევას.

ბათუმში არსებულ „იალჩინის“ მარკეტების ქსელს კორონავირუსის გამო მუშაობა არ გაუჩერებია, რადგან მარკეტებში საკვები პროდუქტები იყიდება და, შესაბამისად, შეზღუდვები არ შეხებია. მიუხედავად ამისა, „მთავარმა უფროსმა“, როგორც მას თანამშრომლები მოიხსენიებენ, ისმაილ იალჩინმა, ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება მაინც კორონავირუსით ახსნა.

„ბათუმელები“ თანამშრომლების პრეტენზიებთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციის მოსასმენად ისმაილ იალჩინსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ტელეფონით ვერ დაგველაპარაკება, თუმცა ვერც შეხვედრაზე შევუთანხმდით. ბოლოს მან გვითხრა, რომ მარკეტების ქსელს მისი შვილი კურირებს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, მისი ტელეფონის ნომერი კი არ მოგვაწოდა.

რეესტრის მონაცემებით, შპს „იალჩინმარკეტის“ 100 პროცენტის მფლობელი სელჩუქ იალჩინია. ის საქართველოს მოქალაქეა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება ნიღბის ტარება – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

_____________________

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ, ეს იქნება ნიღბების აუცილებელი ტარება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა.

…თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების წესებს, ჩვენ არ ველოდებით დრამატულ გართულებებს ზაფხულსა და შემოდგომაზე.

სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოების აზრი ასეთია, რომ როდესაც დაიწყება მომავალი წლის რესპირატორული დაავადებების სეზონი, და ეს ხდება საქართველოში ჩვეულებრივ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში, ანუ როცა აცივდება, ამ დროს დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს, მისი გადაცემა უფრო ინტენსიური გახდეს, და შესაბამისად, ავადობამ მოიმატოს. თუ ამ დროისთვის გვექნება რაიმე, ვაქცინა ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ უფრო ეფექტიანი ანტივირუსული სამკურნალო საშუალება, ხომ კარგი, თუ არადა, ჩვენ მოგვიწევს ყველა არსებული რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა“.

__________________

წყარო: TV პალიტრანიუსი, გადაცემა  “საღამოს ნიუსრუმი”

 

Exit mobile version