მთავარი,სიახლეები

კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები

21.05.2020 •
კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები

„კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს და საპროტესტო აქციების გამართვაც შეიზღუდოს…“ – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე ახალ რეგულაციებზე, რომელიც რამდენიმე დღეში შესაძლოა ძალაში შევიდეს. 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს უფლება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კონკრეტული შეზღუდვების დაწესება პარლამენტისთვის მიმართვის გარეშე შესძლოს.

რა შეზღუდვები შეიძლება დააწესოს მთავრობამ? – EMC-ის იურისტის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა თავად პანდემიის და საფრთხის შეფასება, რადგან პროცედურა მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. თეორიულად შესაძლებელია, საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს შეფასების საფუძველზე თქვას, რომ კონკრეტულ ქალაქში, ან სოფლად, ან მთლიანად ქვეყენაში ისევ ეპიდემიის გავრცელების რისკია და, მაგალითად, კომენდანტის საათი შემოიღოს.

„ნებისმიერ საქმიანობას შეიძლება შეეხოს ეს, ტაქსის მძღოლსაც კი – გადაადგილების თავისუფლებას, შესვლა-გამოსვლას, შეკრებებს და მანიფესტაციებს… შესაძლებელია გარკვეული ფორმით მოხდეს ჩარევა მედიის საქმიანობაში, ან საჯარო ინფორმაციის გაცემის პირობები, ინფორმაციის გარეშე კი, მედიას შეეშლება მუშაობაში ხელი. გასაგებია, რომ ხელისუფლების მთავარი არგუმენტია პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა, მაგრამ ამ მექანიზმების გამოყენებას უნდა აკონტროლებდეს პარლამენტი და სასამართლო,“ – გვითხრა გურამ იმნაძემ.

EMC-ის იურისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ახლაც ლეგიტიმური არგუმენტაცია აქვს იმისთვის, რომ დააწესოს შეზღუდვები, თუკი რეალურად იარსებებს ეპიდემიის გავრცელების რისკი, „თუმცა ეს არ უნდა აძლევდეს ხელისუფლებას საშუალებას, მთლიანად უკონტროლო ძალაუფლება მოიპოვოს. რაც უფრო მეტია ძალაუფლება, უფრო მეტია რისკი, ის გამოიყენონ პარტიული, თუ სხვა ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს, როცა წინასაარჩევნო კონტექსტია,“ – დასძინა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, გურამ იმნაძემ.

„ეს ანტიკონსტიტუციური ცვლილებებია,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ რეგულაციებზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ამოქმედდეს. მწვავე და კრიტიკულია სხვა ორგანიზაციის შეფასებები, მათ შორისაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ამ ცვლილების მიხედვით, შესაძლოა, სასამართლო სხდომები ისევ დაიხუროს, თუკი მთავრობა იტყვის, რომ მაგალითად, ბათუმში ეპიდემიის გავრცელების რისკია.

„ასეთ პირობებში მაღალია სასამართლოების მხრიდან თვითნებობის ხარისხი და აბსტრაქტული ტექნიკური ხარვეზის მიზეზით სხდომის საჯაროობის უგულვებელყოფა,“ – მიიჩნევენ საია-ში.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას: შესაძლოა ონლაინრეჟიმში სასამართლო პროცესზე წვდომა იყოს მეტი. შესაძლოა, 15 კაცი, მაგალითად, დაჯდეს თქვენს უკან და დაესწროს სხდომას…“ – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ გვითხრა სასამართლო სხდომების ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ავტორს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ილია ნაკაშიძეს არ ესმის, რატომაა მნიშვნელოვანი სასამართლო სხდომების ღიაობა, ან რატომ არ შეიძლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესები მიზანმიმართულად დახურონ?

„თქვენ მინდა გკითხოთ: ახლა ტარდება სხდომები ონლაინრეჟიმში ხომ? კონკრეტულად რამე ფაქტი გაქვთ, რომ რამე განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა?“ – კითხულობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

„მაშინ რატომ გვჭირდება სასამართლო სხდომის დარბაზები საერთოდ?“ – კითხვითვე ვუპასუხეთ დეპუტატს.

„რაც შეეხება დისტანციურად მუშაობას, ბევრი რამ შეიცვლება ნამდვილად,“ – მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თუმცა შემდეგ დასძენს, – „სასამართლო გაცილებით ემოციური სფეროა და არის შემთხვევები, როცა ონლაინსხდომები შესაძლოა გარკვეულწილად კარგი იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით როცა არსებობს სერიოზული ემოციური დაპირისპირება, ფონი საერთოდ, შესაძლოა ონლაინრეჟიმმა ვერ გადაფარო…“ – გვიპასუხა ილია ნაკაშიძემ.

დეპუტატს საზოგადოების ჩართულობა ასე წარმოუდგენია – დისტანციურ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს, ვიდეოთვალთან მჯდომი ადვოკატის უკან დასხდნენ დაინტერესებული პირები და ასე ადევნონ თვალი პროცესის მიმდინარეობას.

თუკი ადვოკატთან შეიკრიბებიან სასამართლო პროცესით დაინტერესებული პირები, რატომ არ შეიძლება ისინი სასამართლოში შეიკრიბონ?“ – ვკითხეთ ილია ნაკაშიძეს.

„ამიტომაც ვამბობ, სასამართლო ხელისუფლებას რომ ამის მიზანმიმართული სურვილი ჰქონდეს, ყველა სხდომას დახურავდა,“ – გვიპასუხა დეპუტატმა.

„რომელი კამერის უკან უნდა დადგე არ მესმის, მსგავსი საუბარი არასერიოზულია,“ – ასეთია სულხან სალაძის შეფასება დეპუტატის ნათქვამზე. სულხან სალაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელია და გვაცნობს პრაქტიკას – პანდემიის პირობებში საიას სასამართლოებმა დისტანციურად გამართულად სხდომებზე შესაბამისი პროგრამით ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა. ადვოკატი კი ზოგჯერ პროცესს სახლიდანაც ერთვება, როცა სხდომა დისტანციურად იმართება.

„ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს გვწერენ… ერთადერთი თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგვცა რამდენიმე პროცესზე დასწრების შესაძლებლობა,“ – ამბობს სულხან სალაძე. ის ყურადღების ამახვილებს კანონპროექტის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ პანდემია აღარ დასჭირდება მთავრობას იმისთვის, რომ შეზღუდვები აამოქმედოს.

„…იქვე აღნიშნულია, რაც წარმოადგენს ეპიდემიის კერას, ან საფრთხის შემცველ სივრცეს. ეს საფრთხის შემცველი სივრცე რამხელა განმარტებაა?“ – კითხულობს საია-ს ხელმძღვანელი. იურისტის თქმით, მარტივად შესაძლებელია მთავრობამ ხელოვნურად მიიჩნიოს კონკრეტული ადგილი „საფრთხის შემცველ სივრცედ“, შემდეგ კი, მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე კონკრეტული უფლება შეიზღუდება. სასამართლოც მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით იხელმძღვანელებს.

„არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს, ეს ისეთი ნათქვამია,“ – ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, – „ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს, ეს უკვე იქნება კანონის დარღვევა. მართალია, ჩვენ ვანიჭებთ მთავრობას უფლებამოსილებას, მაგრამ კონტროლსაც ვუწევთ, მოვა მთავრობა და ანგარიშებს ჩაგვაბარებს,“ – ამბობს ილია ნაკაშიძე. მისი აზრით, დროში გაწელილი პროცესი იქნება ის, რაზეც არასამთავრობოები საუბრობენ, როცა თითოეული შეზღუდვის ამოქმედების წინ პარლამენტში უნდა შედგეს მსჯელობა.

„რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება ამას, მაგრამ რაღაც უნდა ასრულებდეს ფილტრის როლს. პარლამენტში მინიმუმ იმის გაგება არის შესაძლებელი, ვის რა მოსაზრება აქვს. რა ხდება მთავრობის სხდომაზე, ამას როგორ გავიგებთ? იქ მხოლოდ 5 წუთია ღია, შემდეგ იხურება… ასე ყველაფრის მთავრობაზე გადაცემა, ხელის დაბანა და პროცესიდან გასვლა არ არის სწორი, თან როცა ვიცით, რა ტიპის დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში“, – აღნიშნავს სულხან სალაძე.

საია-ს ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციები გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანა მუდმივად საგანგებო რეჟიმში ვერ იქნება, მაგრამ სულხან სალაძის და კიდევ რამდენიმე სხვა ორგანიზაციის აზრით, „უფლებების შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს კანონს და არა აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებებს“.

„ვისაც ასეთი იდეები აქვს და სხვა აზრები აქვს, თვითონ შემოვიდეს ინიციატივით,“ – ასე პასუხობს შენიშვნებს მესამე სექტორიდან პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე. დეპუტატს ვკითხეთ, სად ხედავს პარლამენტის როლს, როცა მთავრობას ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენ ხომ არ ვხუმრობთ, არა? ჩვენ ცოტა გათამამებული ვართ იმიტომ, რომ მხოლოდ 12 კაცი დავკარგეთ [კორონავირუსით გარდაცვლილები – ავტ.]… ჩვენი მიზანია, რომ დროულად დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, არ დაზარალდეს ეკონომიკა, ამუშავდეს და თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები“, – გვიპასუხა ილია ნაკაშიძემ.

თუკი პარლამენტს პროცესის რეალურად გაჯანსაღება და დემოკრატიის გაძლიერება სურს, რატომ არის მიუღებელი სხვა ტიპის საკანონმდებლო მექანიზმების ჩართვა, რაზეც მესამე სექტორი საუბრობს?

„პასუხისმგებლობა უმრავლესობაზე უფრო მეტია ყოველთვის. უმცირესობა მხოლოდ აკრიტიკებს ყოველგვარი გამოსავლის გარეშე… ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვართ არა? 2007 წელსაა მიღებული ეს კანონი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ და იქ ბევრი რამ იყო გასასწორებელი, რასაც ახლა ვასწორებთ. ვინც მიიღო თავის დროზე ეს კანონი, პასუხი ხომ უნდა აგოს? გავა დრო, 10-15 წელი და ჩვენც მოგვთხოვენ პასუხს…“ – დასძინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ბათუმელებთან“.

____

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: