მთავარი,სიახლეები

რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

20.05.2020
რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

აჭარის ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შემდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ეს საქმეები ჯერ არ განუხილავთ და ამის მოლოდინი არც არავის ჰქონია, რადგან პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადადებულია, ან იგი დისტანციურ რეჟიმში იმართება.

თუმცა სასამართლოს არც ზუსტად ერთი წლის წინ შესული სარჩელი განუხილავს – 2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მიმართა. ეს საქმე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს დააწერეს, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა.

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

იმის გათვალისწინებით, რომ მედია მენეჯერებისა და ჟურნალისტების სავარაუდო დევნის საკითხის განხილვა პრიორიტეტი უნდა იყოს სასამართლოსთვის, „ბათუმელები“ დღეს დაინტერესდა, სარჩელის შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში, რატომ ამბობს უარს სასამართლო განიხილოს „ნათია კაპანაძის საქმე“ ან რატომ ვერ მოახერხა თუნდაც ერთი სხდომის ჩატარება.

„საქმეთა სიმრავლის და მოსამართლის გადატვირთულობის გამო არ მოხდა ამ დრომდე განხილვა. არ ვიცით, როდის განიხილება“, – მოგვწერეს დღეს, 20 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ანალოგიური მიზეზით აჭიანურებს საქმის განხილვას. ანალოგიური პასუხი „ბათუმელებმა“ 2018 წელსაც მიიღო, როცა „ბათუმში ახალი მეჩეთის აგების საქმეზე“ რამდენიმე თვე არ ტარდებოდა სხდომა.

იმავე პერიოდში მიმართული საქმეების დიდი ნაწილის განხილვა უკვე დასრულებულია. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე განიხილეს შრომითი დავა – სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა სასამართლოს გასული წლის მაისში მიმართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: