ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის

21.05.2020 • 4243
კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის

კურორტ ბეშუმში მთავარი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 771 ლარია გამოყოფილი.

გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული ვალდებული იქნება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს ასეთი წერილობითი დავალების მიღებამდე.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი იწყება კურორტ ბეშუმის მჭიდრო დასახლებული უბნის შესასვლელიდან, გადის დასახლების მთავარი გზით და მთავრდება კურორტის ძირითადი, მჭიდრო დასახლების ბოლოს, სპორტული მოედნის მიმდებარედ. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1.04 კმ-ია.

კურორტი ბეშუმი / ფოტო ტენდერიდან

„სამუშაოები ითვალისწინებს კურორტის განაშენიანების ტერიტორიაზე მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ტროტუარიების, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობას, საგზაო ნიშნების დაყენებასა და სავალი ნაწილის მონიშვნას… სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა ღორღის საფუძველზე, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ქვესაგები ფენით.

დღევანდელი მდგომარეობით ეს საავტომობილო გზა პრაქტიკულად ამორტიზებულია, ტრასა გეგმაში ხასიათდება მკვეთრი მოსახვევებით მცირერადიუსიანი დაკვალვის მრუდებით, მონაკვეთის გრძივი პროფილი გამოირჩევა დიდქანობიანი (70-160) აღმართ-დაღმართებით. არსებული რკინაბეტონის მრგვალი და მართკუთხა კვეთის მილები დაზიანებულია, საჭიროებენ შეკეთებას და გამოცვლას“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს შეწყდება.

– – –

კურორტთან მისასვლელი გზის 6 კმ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 2017 წელს 4 373 235 ლარზე იყო გაფორმებული.

ამ თემაზე:

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: