მთავარი,სიახლეები

ქართველი პაციენტები 20 მაისიდან თურქულ კლინიკებში გამგზავრებას შეძლებენ

16.05.2020 • 3542
ქართველი პაციენტები 20 მაისიდან თურქულ კლინიკებში გამგზავრებას შეძლებენ

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოს [სხვა ქვეყნებსაც] მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, შეეძლებათ თურქეთში გამგზავრება. დოკუმენტის თანახმად, პაციენტებს გამგზავრება შეეძლებათ, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით.

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის დოკუმენტში წერია, რომ პაციენტებს შეეძლებათ თურქეთის ორ ქალაქში – სტამბოლსა და ანკარაში ჩაფრენა. ასევე გადაადგილებას შეძლებენ სარფის საბაჟოს გავლით.

თურქეთში მკურნალობის საჭიროების მქონე პირმა უნდა მიმართოს სამედიცინო ტურიზმში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გასამგზავრებლად მოამზადებს ყველა დოკუმენტს. თვითდინებით წასვლა შეუძლებელი იქნება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პაციენტს ისე როგორც მის თანმხლებ პირს, კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

გარდა ამისა, პაციენტს მაქსიმუმ ორი თანხმლები პირი შეიძლება ჰყავდეს.

იმავეს ადასტურებს თურქული კლინიკების ქსელის – Memorial-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც:

“კარგი ამბავი იმ პაციენტებისთვის, ვინც ელოდება სამკურნალოდ თურქეთში ჩამოსვლას. მას შემდეგ, რაც თურქეთი წარმატებით გაუმკლავდა Covid 19-ისგან გამოწვეულ პანდემიას, ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან შევძლებთ მივიღოთ პაციენტები შემდეგი ქვეყნებიდან: ერაყი, ლიბია, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი, ჯიბუტი, ალჟირი, კოსოვო, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომალია, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, ომანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პაკისტანი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.

ამ განცხადების მიხედვით პაციენტები იმკურნალებენ გადაუდებელ ჯანმრთელობის პრობლემებით, ორგანიზებული სპეციალური ფრენებით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.”

კომპანიამ ინფორმაცია ქართულ ენაზე გაავრცელა ფეისბუკის მომხმარებლებისთვის.

MEMORIAL-ის პოსტი ფეისბუკზე

“ბათუმელები” ამ საკითხზე ესაუბრა ბათუმში თურქეთის კონსულის, მაქბულე ქოჩაქის პრესსპიკერსაც. მისი განმარტებით ჯერჯერობით ზუსტად არ შეუძლიათ თქმა, როდის აღდგება მიმოსვლა საქართველოსა და თურქეთს შორის.

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც 15 მაისით არის დათარიღებული, 20 მაისიდან თურქეთში მკურნალობის მიზნით გამგზავრებას შეძლებენ ის პაციენტები, რომლებსაც შემდეგი მიმართულებით ესაჭიროებათ გადაუდებელი მკურნალობა: ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, პედიატრიული ქირურგია, უროლოგია, თვალის დაავადებები, კარდიოლოგია, კარდიოვასკულარული ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, გინეკოლოგ ონკოლოგიური ქირურგია, სამედიცინო ონკოლოგია, რადიაციული ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ჰემატოლოგია, ინტენსიური თერაპია და რეპროდუქციული თერაპია, ორგანოების გადანერგვა და ძვლისა ტვინის ტრანსლაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ამ საკითხზე თურქული მხარისგან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: