მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებენ მუსლიმები რამადან ბაირამის აღნიშვნას და საერთო ლოცვას 

20.05.2020 • 1959
როგორ აპირებენ მუსლიმები რამადან ბაირამის აღნიშვნას და საერთო ლოცვას 

24 მაისს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოხსნილი იქნება. როგორ გეგმავენ მუსლიმები ამ დღის აღნიშვნას საქართველოში?

სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იგი ფიქრობს, რომ ლოცვა შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითია უკვე რეგიონში და ქვეყანაშიც, გარკვეული შეზღუდვები კი რჩება 22-ის შემდეგაც ძალაში, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ეს ბაირამი დისტაცინიის დაცვით ჩავატაროთ. ჯერჯერობით ასე ვფიქრობთ, ლოცვა იქნება ყველა რეკომენდაციის დაცვით“, – ამბობს საქართველოს მუფთი.

თუმცა, მისივე თქმით, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ისეთი სიტუაციაა, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ამიტომ ჩვენ არ ავჩქარებულვართ, მანამდე კონსულტაციებს გავივლით და ისე გავაკეთებთ ყველაფერს“.

იგივე გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა.

„ალბათ, პარასკევის შემდეგ გვეცოდინება უფრო ზუსტად, საგანგებო სიტუაციაც დასრულდება და შევხედავთ, რამდენად უსაფრთხო გარემო გვექნება. მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად გავივლით ამ საკითხს“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა შეიხ მირტაგ ასადოვს, რომელსაც ვკითხეთ როგორ აპირებენ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნას მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მუსლიმები. მირტაგ ასადოვმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, საერთო ლოცვა არ იქნება, ყველა ილოცებს ინდივიდუალურად, საკუთარ ოჯახში აღავლენს ლოცვას. მასობრივი შეკრება და ლოცვა არ იქნება“, – გვითხრა მან და დასძინა, რომ მორწმუნეებს ამ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცავენ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მეჩეთში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 19 მარტს მიიღო.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: