პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს.
კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა.
კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია საპატრიარქოს, აჭარაში ავიღეთ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი.

ხელვაჩაურის სოფელ სარფის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყეა. მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, საპატრიარქოს შეეძლება 20 ჰექტარი ტყე მოითხოვოს საკუთრებაში [მაგალითად, ის ტერიტორია, რაც მონიშნულია ღია მწვანე ფერით]. თუ, რა თქმა უნდა კანონს საბოლოოდ მიიღებენ.

ხულოში, სხალთის მონასტრის მიმდებარედაც სახელმწიფო ტყის ფართობებია. კანონის მიღების შემთხვევაში საპატრიარქოს აქაც შეეძლება 20 ჰექტარი ტყე საკუთრებაში მოითხოვოს [მაგალითად, იმ კონფიგურაციით, რაც მონიშნულია ღია მწვანე ფერით].

ხელვაჩაურის სოფელ სარფის დედათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყეა. კანონის მიღების შემთხვევაში საპატრიარქოს შეეძლება 20 ჰექტარი [მაგალითად იმ კონფიგურაციით, რაც მონიშნულია ღია მწვანე ფერით] ტყე საკუთრებაში მოითხოვოს.
დაბა შუახევის ცენტრში სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მშენებლობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ტაძრის ტერიტორია, 646 კვ.მ საქართველოს საპატრიარქოსთვის აღნაგობის უფლებითაა გადაცემული.
ტერიტორიის მომიჯნავედ ტყეა, რომელიც სახელმწიფომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, თავის საკუთრებაში პირობითად, 1 წლით დაირეგისტრირა, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა.
მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი არ დასრულებულა, ამიტომ თუ მიწის ეს სტატუსი შემდგომში შეიცვლება და მას სახელმწიფო სატყეო ფონდში გადაიტანს, საპატრიარქოს 20 ჰექტარის მიღების შესაძლებლობა აქაც ექნება.
[red_box]რა ცვლილებები შედის კანონში[/red_box]
„ტყის კოდექსის“ პროექტის მიხედვით:
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით კი:
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა.“
ამ თემაზე:
https://netgazeti.ge/news/427040/