მთავარი,სიახლეები

დედა, მამა და 7 ბავშვი, სახლის, საჭმლის, ფულის და კომპიუტერის გარეშე [ვიდეო]

21.05.2020 • 1603
დედა, მამა და 7 ბავშვი, სახლის, საჭმლის, ფულის და კომპიუტერის გარეშე [ვიდეო]

ოთხი ბავშვი მაგიდის ირგვლივ ზის და თამაშობს. მათი ერთი ძმა კი 20 დღის წინ დაიბადა,  საბავშვო ეტლში მშვიდად სძინავს და არ იცის, რომ უფროსები მის ირგვლივ და ყველგან პანდემიაზე, სიღარიბესა და გაჩერებულ ეკონომიკაზე  დარდობენ, მათ შორის, მისი ოჯახიც. დედას ბავშვის ბუნებრივი რძით გამოკვება არ შეუძლია, ამიტომ ის ხელოვნურ საკვებზეა. უფროსი შვილები 16 და 17 წლისანი არიან. დანარჩენი კი პატარა ასაკის. ოთხმა და-ძმამ 13 წელი მშობლების გარეშე გაატარა, ისინი ბავშვთა სახლიდან რამდენიმე თვეა რაც გამოიყვანეს.

„უსახლკარობის გამო იძულებული ვიყავი იქ დამეტოვებინა. სხვა არჩევანი არ მქონდა. სახლი არც ახლა გვაქვს, მაგრამ მაინც წამოვიყვანე, ყველა დედას უნდა თავისთან ჰყავდეს შვილი“, – გვეუბნება ნანა ხიმშიაშვილი.

ის შვიდი ბავშვით, მეუღლესთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებდა, თუმცა მე-7 ბავშვის შეძენის შემდეგ შეუჩერეს. ეს კანონის მოთხოვნაა – როცა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში სახელმწიფო ოჯახის მდგომარეობის გადამოწმებას თავიდან იწყებს.

ხიმშიაშვილების ოჯახში შვიდი ბავშვიდან 4 სასკოლო ასაკისაა, სხვები უფრო პატარები არიან

ნანა 16 წლის იყო, როცა პირველი შვილი შეეძინა. ნაადრევი ქორწინების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის მეუღლეს, გიორგისაც, მხოლოდ საშუალო განათლება აქვს. ოჯახი დღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული. გიორგი ფიზიკურად მუშაობდა და ასე ცდილობდა საარსებო ეშოვა,  კორონავირუსის პანდემიის გამო კი ოჯახმა ეს მცირედი შემოსავალიც დაკარგა.

სახელმწიფო ცხრასულიან ოჯახს 600 ლარით ეხმარებოდა, აქედან 300 ლარი ბინის ქირაში ეხარჯებოდათ, 100 ლარი კომუნალურ გადასახადებში, საკვების და სხვა საჭიროებებისთვის ოჯახს ფული მაინც არ ჰყოფნიდა, ახლა კი არც ეს 600 ლარი აქვთ. „ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა“, – გვითხრა ნანამ.

ოჯახში ყველა და-ძმა პატარა ოთოს ბუქით სარგებლობს. ოთო წელს პირველ კლასში შევიდა

სახლში თითქმის ყველაფერი ბინის მეპატრონისაა. მათ შორის ავეჯი, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები. ოჯახში მხოლოდ ერთი, პირველკლასელი ოთოსთვის განკუთვნილი კომპიუტერია, ოთხივე მოსწავლე ახლა ამ პატარა კომპიუტერზეა დამოკიდებული.

დედის თქმით, ონლაინგაკვეთილები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ მათ გაკვეთილების გამოტოვება უწევთ. „შემდეგ ვრეკავთ, ხან იქ, ხან აქ და ვარკვევთ დავალებებს. არ მაქვს საშუალება, ერთი კომპიუტერი მაინც რომ ვუყიდო ბავშვებს, ან ისეთი ტელეფონი, ონლაინგაკვეთილებში მაინც რომ ჩაერთონ“, – ამბობს დედა.

ოჯახმა როგორღაც მოახერხა ინტერნეტის ჩართვა და ბავშვები დანაკლისის შევსებას „ტელესკოლით“ ცდილობენ, თუმცა დედა ამბობს, რომ „არც ტელესკოლაა ბევრი რამის მომცემი.

პანდემიის გამო იძულებით გამოცხადებული არდადეგები

ისეთი თემებია, რომლებიც ბავშვებს უკვე გავლილი აქვთ, მეთერთმეტეკლასელისთვის ეს საკითხები ახალი არ არის. თუმცა პატარას, რომელიც სექტემბერში აპირებს სკოლაში წასვლას, ანბანის შესწავლაში ეხმარება“.

ყველაზე მეტად ოთო დაზარალდა – პირველკლასელია და მისთვის დისტანციურად სწავლა რთული აღმოჩნდა. „წერა-კითხვა, ანგარიში წელს უნდა ესწავლა. დისტანციურად არ გამოსდის, ხან ყურადღება ეფანტება, ხან ვერ ერთვება, არც მასწავლებელია კმაყოფილი და არც ჩვენ“, – ამბობს ნანა.

ამ ოჯახმა რთული გზა გაიარა. ბათუმში გადმოსვლამდე ოზურგეთში ცხოვრობდნენ, იქაც სხვის სახლში. შემდეგ მეპატრონემ სახლი გაყიდა და ისევ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რადგან ბავშვები ბათუმში, ფერიის ბავშვთა სახლში ჰყავდა, მშობლებმაც ბათუმში გადაწყვიტეს გადმოსვლა.

ოთოს ახალი ბურთიც სჭირდება

იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, მათ ბინას მისცემს. სახელმწიფო ჯერჯერობით 10 კილოგრამი ფქვილით და რამდენიმე კილო შაქრის, ბრინჯის და ზეთის ამანათით შემოიფარგლა. ოჯახმა სოციალური სასადილოდანაც მიიღო ცოტაოდენი სასურსათო დახმარება და ახლა ამით გააქვთ თავი.

ბავშვებს ბევრი ოცნება აქვთ. მთავარი ოცნება კი საკუთარი სახლია. უფროსს მუსიკოსობაც უნდა, მეორეს – მზარეულის პროფესიის შესწავლა, პატარები პროფესიაზე არა, მაგრამ იმაზე ფიქრობენ, როგორი შეიძლება იყოს მათი ყოველდღიურობა, თუკი ექნებათ ახალი ბურთი, კომპიუტერი და გემრიელი საჭმელი.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/170587901061778/?t=5

გადაბეჭდვის წესი


ასევე: