მთავარი,სიახლეები

არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

20.05.2020 • 1843
არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა ბორდმა პრობლემებს გვერდი ამჯერადაც აუარა. საუბარია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და რედაქტორების მიზანმიმართულად ჩამოშორებაზე და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე, რასაც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსგან განსხვავებით ხედავენ გარედან, მათ შორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

„ჩვენ ვართ მაკონტროლებლები და სადაა ჩვენი რეაქცია? მისაღებია უსაფუძვლო გათავისუფლებები და დევნა?“ – იკითხა გია ქარცივაძემ.

„დავპატიჟოთ მენეჯერი შეხვედრაზე“, – მოკლედ გამოხატა რეაქცია თამილა დოლიძემ.

რატომ არ აქვს რეაქცია ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე მრჩეველთა საბჭოს? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საბჭოში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარმოდგენილ წევრებს არც დასჭირვებიათ – გია ქარცივაძეს ოპონირება თამარ წილოსანმა გაუწია. ის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა და დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს. თამარ წილოსანი სასამართლო ხელისუფლებას ენდობა და მიიჩნევს, რომ ეს მოაგვარებს პრობლემას, ხოლო მრჩეველთა საბჭოს, როგორც ტელევიზიის მაკონტროლებელ ორგანოს რომ რეაქცია არ აქვს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„…ეს საკითხები უკვე გადავიდა სასამართლოში. წინა მენეჯმენტის დროსაც იყო გათავისუფლებები და მაშინაც მრჩეველთა საბჭო არ მახსოვს. კანონის ფარგლებში, შესაძლოა, რაღაც მოსაზრებები ყოფილიყო, მაგრამ ასე კონკრეტულად გადაწყვეტილებებში ვერ შევდივართ,“ – თქვა თამარ წილოსანმა.

თამარ წილოსანს გია ქარცივაძემ უთხრა, რომ წინა მრჩეველთა საბჭო მოსაზრებებს წერილობით აგზავნიდა ადმინისტრაციაში.

„ჩვენ კი რეაქციაც არ გვაქვს საერთოდ… მალხაზი მოსულია აგერ და ვეკითხებით რამეს? არც გვაინტერესებს ხო?“  – იკითხა გია ქარცივაძემ და ერთ კუთხეში მყოფ მალხაზ რეხვიაშვილს გახედა. შეხვედრა ყოფილ თითების თეატრში შედგა, მალხაზ რეხვიაშვილი კი ტელევიზიიდან 11 მაისს ფეისბუქსტატუსის გამო გაათავისუფლეს. ის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი იყო.

„ეს საკითხები არის სასამართლო დავის საგანი და დარწმუნებული ვარ, როგორც წინა მენეჯმენტის დროს იყო უკანონო გადაწყვეტილებები, სასამართლომ გაამართლა და ეს ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურში, ვინც გაასაჩივრა,“ – უკან არ დაიხია თამარ წილოსანმა.

„ეს ადამიანებიო, როცა ამბობ, დღევანდელზე საუბრობ თუ წარსულზე“? – ჩაეკითხა თამარ წილოსანს გია ქარცივაძე.

„წინაზე,“ – თქვა თამარ წილოსანმა.

„წინაზე მხოლოდ ირაკლი ბარამიძესთან იყო სასამართლო დავა. ირაკლის საქმე ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოშია და რა იქნება, არ ვიცით. სხვა სასამართლო დავა არ ყოფილა. ახლა კი გვაქვს ათეულობით საქმე… სირცხვილია და მე ამაზე მაქვს რეაქცია“, – გაცხარდა გია ქარცივაძე.

„ერთი საკითხი მაქვს მე,“ – სიტუაციის განმუხტვა სცადა თამილა დოლიძემ და განაგრძო: „მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ტვ პირველს გამოუყენებია ეთნოფორის მასალა. ეთნოფორის ავტორი იყო შეწუხებული… ქვევრისპირული კარგი პროექტი იყო…“ – თქვა მრჩეველთა საბჭოს წევრმა და „ქართული ოცნების“ მიერ საბჭოში არჩეულ კიდევ ერთ წევრს – სოსო სტურუას მიაჩერდა. სოსო სტურუას აჭარის ტელევიზიის დირექტორობის დროს შეიქმნა გადაცემა „ეთნოფორი“, რომელზეც საუბარი არჩია დღეს თამილა დოლიძემ მაუწყებლის პრობლემების ნაცვლად.

„მე სანამ მოვიდოდი აქ, აჭარის ტელევიზიის ზოგიერთ გადაცემას არ ვუყურებდი და ჩემთვის აღმოჩენაა ეთნოფორი. მე არ მეგონა, თუ ასე კარგი გადაცემა გვქონდა ეთნოფორი, ნამდვილი აღმოჩენაა, სერიოზულად ვამბობ ამას…“ – განაგრძო თამილა დოლიძემ.

„მადლობა“, – ჩაილაპარაკა სოსო სტურუამ.

დისკუსია არ შედგა, თუმცა თამილა დოლიძემ გია ქარცივაძეს ის უთხრა, რომ „მენეჯმენტთან შეხვედრა აუცილებელია“. ამ საუბრის შემდეგ მალხაზ რეხვიაშვილს მისცა სიტყვა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.

„…ჩემი გაშვებაც არის შრომითი უფლებების დარღვევა და ამავდროულად, ამაში ვხედავ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის ნიშნებს. შესაძლოა, მრჩეველთა საბჭოს საკითხი სამართლებრივად ვერ დადგეს, მაგრამ პოლიტიკურად და მორალურად დადგება, რადგან თქვენ პასიურობით… მთელი ამ შემადგენლობის საკითხი დადგება, რადგან თქვენ აკვირდებით ყოველდღიურად ადამიანების შრომითი უფლებები როგორ ირღვევა, თქვენ კი, საუბრობთ სახელფასო სისტემაზე…“ – მიმართა მრჩეველთა საბჭოს წევრებს მალხაზ რეხვიაშვილმა.

„თქვენ ჩემს უფლებამოსილებაში ვერ შემოიჭრებით და ვერ მასწავლით, რა უნდა ვთქვა და რა – არა. თქვენ მე ახლა მესაუბრებით მენტორული ტონით, რასაც არ მივიღებ,“ – უპასუხა ტელევიზიიდან გაშვებულ ჟურნალისტს თამილა დოლიძემ.

„მე პირადად თქვენ კი არა, მე ვესაუბრები მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტს, მაგრამ ინსტიტუციური კონტროლი, მე ვფიქრობ, რომ მოშლილია მაუწყებელში“, – თქვა მალხაზ რეხვიაშვილმა.

„ჩემი ნალაპარაკევი გამოგაქვთ და იმიტომ ვამბობ,“ – უკან არ დაიხია თამილა დოლიძემ და შემდეგ აჭარის ტელევიზიის ის გადაცემა გაიხსენა, სადაც ახლა უკვე გათავისუფლებულმა ან რადიოში გადაყვანილმა ჟურნალისტებმა მას მხოლოდ ხელფასებით დაინტერესება შეახსენეს.

„ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, თქვენ საერთოდ რას აკეთებთო. ვუთხარი, ვმუშაობთ, რომ თქვენ ხელფასი მიიღოთ-მეთქი და ამან გაანაწყენა ადამიანები…“  – თქვა თამილა დოლიძემ.

„ისე, პირიქითაა, ისინი შრომობენ, ჟურნალისტები, რომ ჩვენ ავიღოთ ხელფასი,“ – ირონიით მიუგო კოლეგას გია ქარცივაძემ.

„არაა ეგრე, გია. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს,“ – გაბრაზდა თამილა დოლიძე.

რატომ არ აქვს მრჩეველთა საბჭოს რეაქცია იმაზე, რომ დირექტორი პრიორიტეტებს ვერ ასრულებს? – ვკითხეთ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ჩხარტიშვილს სხდომის დასრულების შემდეგ. გიგა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ პრიორიტეტების ახალი სამუშაო დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება, ხოლო აქამდე პრიორიტეტების სრულად შესრულებას პანდემიამ შეუშალა ხელი.

„მე ვერ მოგყვებით მაგ შეფასებაში, რომ პრიორიტეტები არ სრულდება. ხარვეზები არის. ერთი მიმართულება, რომელიც ვერ სრულდებოდა და დაემატა არის საბავშვო მიმართულება, მეორე მიმართულებაა განათლება, პროექტი მზადაა და საუბარი იყო იმაზე, რომ პანდემიამ ხელი შეუშალა – შესყიდვების ამბები იყო გაჩერებულ, შემოქმედებით სამსახურში ხალხი ვერ მოდიოდა, რისკის ამბავი იყო. ბუნებრივია, ყველასთვის შეეძლო დირექტორს ეთქვა, მოდით და იმუშავეთო, მაგრამ პასუხისმგებლობის ნაწილია… საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე კითხვაც არ არის, უნდა შესრულდეს, ამას წყალი არ გაუვა,“ – გვიპასუხა გიგა ჩხარტიშვილმა.

საკადრო ცვლილებები, რომელიც ფასდება როგორც სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება – მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხებზე გიორგი კოხრეიძესთან საუბარი არ ჰქონია და სამუშაო შეხვედრაზე მრჩევლებსაც ექნებათ კითხვები. გიგა ჩხარტიშვილმა ასევე გვითხრა, რომ ტელევიზიიდან გაშვებული ჟურნალისტების საქმეებს არ გაცნობია.

გიგა ჩხარტიშვილი სხვა კითხვაზე ითხოვს გიორგი კოხრეიძისგან პასუხს.

„როცა ფლეშმობის სახით გაიმართა აქცია – მაუწყებელში სუს-ია, როცა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ამას ამბობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი არ ტყუიან, მათ აქვთ საკანონმდებლო ვალდებულება, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. თუ ეს ასეა, ეს საგანგაშოა და ვითხოვ დირექტორისგან, რომ ეს დაადასტურონ, მითხრან, რა ფორმით ხდება ეს? ეს თუ ასე არაა, მაშინ ეს რას ნიშნავდა?“ – იკითხა გიგა ჩხარტიშვილმა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მისივე სიტყვებით„ხშირ შემთხვევაში“ არ იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებას აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე. გიგა ჩხარტიშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები დამახინჯებულია.

„სამწუხაროდ, კვალიფიკაცია აკლიათ ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ – დასძინა გიგა ჩხარტიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: