Batumelebi | არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს – Batumelebi
RU | GE  

არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს

დღეს, 21 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციები ერთდღიან ონლაინაქციას მართავენ.

სოლიდარობის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფეისბუქგვერდზე განათავსეს ფოტო წარწერით – „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“.

ამ დროისთვის აქციას უერთდებიან: მედიის განვითარების ფონდი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს პენცენტრი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საზოგადოება „ბათომი“, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ა.შ.

აქცია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ინიციატივით წამოწყებული კამპანიის გაგრძელებაა. 13 მაისს ასეთივე აქცია გამართეს ონლაინგამოცემებმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში უკვე რამდენიმე თვეა ათავისუფლებენ ან პოზიციას უცვლიან ახალი დირექტორისათვის არასასურველ ჟურნალისტებს:

11 მაისს აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, 21 აპრილს ტელეეთერიდან ფეისბუქზე სტატუსის გამო მოხსნეს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, 11 აპრილს ტელევიზიის ვებგვერდზე ახალი ამბების მომზადებას ჩამოაშორეს ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი23 მარტს ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს სამუშაოდ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე. 13 მარტს ტელევიზიიდან გაუშვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 28 თებერვალს გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და ეს სია გრძელდება

საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com