ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სანიაღვრე არხად ქცეულ მდინარეს ბათუმში 2,3 მილიონად ჯებირებს უშენებენ

20.05.2020
სანიაღვრე არხად ქცეულ მდინარეს ბათუმში 2,3 მილიონად ჯებირებს უშენებენ

მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის ჯებირებში მოსაქცევად ბიუჯეტიდან 2,3 მილიონი იხარჯება. ეს მდინარე, რომელიც კახაბრის ვაკეზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მიედინება, სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. მდინარე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მასში ხშირად ხვდება ფეკალიებიც, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი რეაბილტირებული არ არის. მოუწესრიგებელი კალაპოტის გამო მომრავლებული იყო მღრღნელები და ქვეწარმავლები.

მეჯინისწყალი სასტუმრო „ეუფორისას“ მიმდებარედ კვეთს ახალ ბულვარს და ზღვას უერთდება. აეროპორტის გზატკეცილიდან ახალ ბულვარამდე მონაკვეთში მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის კედლებში მოქცევა ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 2 318 892 ლარი დაუჯდება.

ეს თანხა მხოლოდ ბეტონის კედლების მოწყობის სამუშაოებში იხარჯება, რაზედაც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ჯებირი მდინარე მეჯინისწყალთან / მაისი, 2020 წ. / ფოტო: მერია

მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა 200-მეტრიანი კედლის ჩამოსხმა ანგისის პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩის გასწვრივ კი, 130 მ სიგრძისა და 4 მ სიმაღლის ბეტონის კედლის ჩამოსხმა მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის ხელშეკრულებები, შესაბამისად, 323 893 და 245 000 ლარზეა გაფორმებული.

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ უხვი ნალექის შედეგად მიმდებარე ტერიტორია აღარ დაიტბორება.

„ეუფორიადან“[ახალი ბულვარიდან] აეროპორტის გზატკეცილამდე მონაკვეთში, მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს დარჩენილ ადგილებში ბეტონის კედლის მოსაწყობად კი, ხელშეკრულება 1 749 999 ლარზეა გაფორმებული. ამ სამუშაოს დასრულების ვადა 2021 წლის მარტია.

სამივე ხელშეკრულება საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „იბერია-ჯ“-სთან 2020 წლის მარტში აქვს გაფორმებული.

„იბერია-ჯ“ 2000 წელსაა რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართია ბათუმი. კომპანიის წილებს, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, თანაბრად ფლობენ ჯამბულ თავართქილაძე და ჯუმბერ ძირკვაძე. კომპანიის დირექტორი ჯამბულ თავართქილაძეა.

რაც შეეხება მდინარის მიმდებარე [ქალაქს შემოერთებულ] ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, ეს წყალარინების პროექტის მეხუთე ფაზაში უნდა მოეწყოს.

„ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე მონაკვეთი კი, უკვე ჩართულია ახალ ცენტრალურ ქსელში, თუმცა იქ არსებული სისტემა [შიდა ქსელი] არის მოძველებული და ხდება მისი განახლება. „ეს სამუშაოები და დაერთებების დიდი ნაწილი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიქმნა რაიმე სახის პრობლემა,“ – გვითხრეს ერთი თვის წინ ბათუმის მერიაში.

ამ თემაზე:

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: