„ოცნების მხარდამჭერი ვარ და არ ვეთანხმები“ – გამოკითხვა ბათუმში ემიგრანტებისთვის ხმის შეზღუდვაზე

„ოცნებას“ ეშინია ემიგრანტების – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში გამოკითხვის დროს „ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მისაცემად შეზღუდვები დაუწესდებათ.

ნახეთ „ბათუმელების“ ახალი გამოკითხვა – რას ამბობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ.

„ოცნებას ეშინია ემიგრანტების“ - გამოკითხვა ბათუმში ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვაზე

ბათუმის მერიის ურბანული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ „ბათუმელებს“ სამსახურის ყოფილმა უფროსმა თავად დაუდასტურა სატელეფონო საუბარში.

მან გვითხრა, რომ დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც მანამდე მუშაობდა, ვიდრე ბათუმის მერიაში დასაქმდებოდა: „ დიახ, 2 წლის განმავლობაში დავეხმარე ქალაქს და დავბრუნდი“.

მის დანიშვნამდე და ახლაც ბათუმის ქაოსური განაშენიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები მთავარი გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც მერია თავს დღემდე ვერ ართმევს, ცათამბჯენებზე ნებართვების გაცემას კი აგრძელებს.

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ქალაქში ამ გამოწვევების პარალელურად იზრდება.

2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 5 მილიონამდე ლარი შევიდა, ბათუმს არც უკანონო მშენებლობები აკლია. სამაგიეროდ, უკვე 20 წელზე მეტია მერია ასეულობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, თუმცა უშედეგოდ. ქალაქში დაუძლეველი გამოწვევების ჩამონათვალშია კანალიზაციის, პარკინგის ადგილების, ეზოების და ასე შემდეგ პრობლემები.

პრობლემების მიუხედავად გიორგი წანაწყენიშვილი ხშირად იმსახურებდა ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრების შექებას და საჯარო მადლობას. ერთხელ სხდომაზე მას ისიც უთხრეს – შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდაო. „მხოლოდ მე არა, გუნდი ვმუშაობთო“ – ასეთი იყო მაშინ გიორგი წანაწყენიშვილის პასუხი. 

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიას საკრებულოში აქვს წარდგენილი დასამტკიცებლად, ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობას ახლა გიორგი კილაძე ასრულებს.

გიორგი წანაწყენიშვილი ბათუმის მერიამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ოფიციალურად კონკურსის წესით შეარჩია. მანამდე ეს თანამდებობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვაკანტური იყო.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობა მანამდე მირიან მეტრეველმა დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამსახურის ყოფილმა უფროსმა „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან ვინმესთან დაპირისპირების გამო არ წასულა და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

მან „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ სუს-მა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო, თუმცა არ დააკონკრეტა, რა პროექტებს უკავშირდებოდა ეს ნებართვები.

გადადგომიდან მალევე მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა.

22 ონლაინ მედია პროპაგანდისტულ “იმედს” თვითრეგულირებაში უჩივის

22 ონლაინ მედია პროპაგანდისტული, სამთავრობო ტელეარხ “იმედს” 23 ნოემბერს, ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივის და გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

უცვლელად გთავაზობთ ონლაინ მედიების განცხადებას:

“თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება.

ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია – დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების სამიზნე.

პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება „იმედი“ თავისუფალი ონლაინმედიის წარმომადგენლებს „აგენტებად“ და „ანტიქართულ“ გამოცემებად აცხადებს.

აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით იგი თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვისნიშნის ქვეშ.

ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომელიც არსებობს კომპანია „Eagle Hills“-ის პროექტთან და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.

მას სურს, მედია ვეღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ა.შ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს.

დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა – „სინათლე მედია“ – საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა „ქართული ოცნების” სამიზნედ.

საზოგადოების მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში 22-მა ონლაინმედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100 ათას ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები და ა.შ. სოლიდარობის გამომხატველი ყველა სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედისმომცემია.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ.

ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებით”.

„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს

„განგიმარტავთ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის დროს დამდგარ ზიანთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი“, – ასე პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეს, რომელიც წერილობით ატყობინებს, რომ ავარიული სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გამო ამ სახლის კედლებს დამატებითი ბზარები გაუჩნდა.

ამ ავარიულ სახლში 30 ოჯახი ცხოვრობს.

მოქალაქე ნონა ასკურავა თავისი წერილით მერიას სთხოვდა შესაბამისი კვლევებით დაედასტურებინა, რომ ავარიულ სახლში მცხოვრებ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ, მერიამ კი მათი უსაფრთხოება ფაქტობრივად მშენებელი კომპანიის კეთილსინდისიერების იმედად დატოვა.

ამ პასუხს ხელს აწერს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი, გიორგი წანაწყენიშვილი, რომლის ცოდნასა და კომპეტენციასაც მერი ეყრდნობა, როცა მშენებლობის ნებართვას გასცემს.

გიორგი წანაწყენიშვილის პასუხი მოქალაქეს

ეს ხდება ბათუმში, ქალაქში, სადაც უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა არაერთხელ.

საუბარია ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამშენებლო პროექტზე, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს და სამი 35-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავენ. საძირკვლის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია.

წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში  ოცდაათი ოჯახი ცხოვრობს,  მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. მათი სახლი ახლა ფაქტობრივად სამშენებლო მოედანზეა.

პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან 5960 კვ.მეტრ მიწაზე მერიამ მშენებლობის ნებართვა სწორედ მას შემდეგ გასცა, როცა მშენებელმა კომპანიამ ორი საკადასტრო კოდი გააერთიანა – შპს „უნივერსამმა“ ორსართულიანი ავარიული სახლი და მასთან დაკავშირებული ფართობი კომპანიის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართობს შეუერთა.

კომპანიამ ამ გზით მოახერხა, რომ მისი პროექტი ავარიული სახლების პროგრამაში განეხილათ.

ბათუმი, მელიქიშვილის 42- ში მდებარე ავარიული სახლი

საძირკვლის მოწყობის სამუშაოების დაწყების შემდეგ მოქალაქეებმა ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია გამოიძახეს, იმ რყევებისა და ბზარების დასაფიქსირებლად, რასაც ადგილი ჰქონდა ბურღვითი სამუშაოების დაწყების შემდეგ. მათ იმის გარკვევა სურდათ, რამდენად უსაფრთხოა ცხოვრების გაგრძელება ავარიულ სახლში, რომლის გვერდით აშენებენ – მათი სახლი კი ირყევა და კედლებზე ახალი ბზარები ჩნდება.

„რეაგირების გარეშე დავრჩით, ადგილზე გამოვიძახეთ საპატრულო პოლიციაც. მოსული იყო სამაშველო სამსახურიც, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, ამიტომაც  მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს“, – გვიყვება ავარიულ სახლში მცხოვრები, ნონა ასკურავა.

წერილში, რომლითაც ავარიულ სახლში მცხოვრებმა ნოდარ ასკურავამ ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, ვკითხულობთ: „…ამ საცხოვრებელში ცხოვრობს ჩემი 3 არასრულწლოვანი შვილიშვილი… გვეშინია ჭერი არ ჩამოინგრეს“.

ამონარიდი ნოდარ ასკურავას წერილიდან

რადგან ზეპირმა საუბარმა რეალურად არაფერი შეცვალა, მოქალაქეებმა შესაბამის სტრუქტურებს პასუხი ოფიციალურად წერილობით მოსთხოვეს. მუნიციპალური  ინსპექციის ყოფილმა უფროსმა, არჩილ კონცელიძემ მოქალაქეები სასამართლოში გადაამისამართა:

ავარიულ სახლის ერთ-ერთი მობინადრის, ნონა ასკურავას ინფორმაციით კი, მშენებელი კომპანია მათ არც კი დაელაპარაკა: „ჩვენ ოფისშიც მივაკითხეთ, თუმცა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა თავი ვალდებულად არ ჩათვალეს ჩვენთვის დრო დაეთმოთ“.

სწორედ ამ კომპანიის კეთილსინდისიერების იმედად ტოვებს მერია ფაქტობრივად სამშენებლო მოედანზე განთავსებულ ავარიულ სახლში მცხოვრებ მოსახლეობას.

არადა, სწორედ ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების უსაფრთხოების მიზეზით დაუსაბუთა კომპანიამ მერიას ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობისა და შესაბამისი შეღავათების – კოეფიციენტის მიღება.

ავარიული სახლების ათვისების შემთხვევაში მერიას შეუძლია, სამშენებლო კოდექსის გვერდის ავლით, შეღავათებით გასცეს სამშენებლო ნებართვა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტს გაუზარდოს კ2 კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ხვაგვარად მერია წინააღმდეგი იყო ამ ტერიტორიაზე იმ მასშტაბის მშენებლობაზე, როგორიც კომპანიას სურდა.

 

მერის ბრძანების ასლი

მერის ბრძანების ასლით ირკვევა, რომ 4161 კვ მეტრზე მოთხოვნილ პროექტზე ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა კომპანიას უარი უთხრა.

ამის შემდეგ კომპანია მომიჯნავედ არსებული სახლისა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთის მფლობელებს შეუთანხმდა და უკვე ავარიული სახლების ათვისების პროგრამით მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად. კომპანიამ უკვე გაზრდილ ფართობზე, ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, სამი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა და მიიღო კიდეც.

2023 წლის სექტემბერში მერმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „უნივერსამს“ მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაუმტკიცა და მისცა რეკომენდაცია 2 მიწის ნაკვეთი ერთ საკადასტრო ერთეულად გააერთიანებინა საბოლოო ნებართვის მისაღებად.

კომპანიამ მერიის რეკომენდაცია შეასრულა, ორი ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე გააერთიანა და პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა 17.0 მდე. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ნამატი ფართობის ათი პროცენტი მერიას გადასცეს საკუთრებაში. კომპანიამ ეს ვალდებულებაც აიღო.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის ABG – ბლოკებს ააშენებს.

 A ბლოკი-მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციული სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს(P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. B ბლოკი მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციულ სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს (P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. G საცხოვრებელი სართული პირველიდან 33-ე სართულის ჩათვლით არის საცხოვრებელი ფართობები.

პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცათამბჯენის მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ ორსართულიან ავარიულ სახლში მცხოვრებებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არ შეუთავაზებიათ.

რამდენიმე ოჯახს აქ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა აქვს, თუმცა ადგილზე ცხოვრობს და აქვს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც, რომ კანონიერი მფლობელია, თუმცა საკუთრებას ვერ იბრუნებს. აქ ცხოვრობენ ისინიც, ვისაც კომპანიასთან შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვთ.

ნონა ასკურავას თქმით, ოფიციალური მიმართვის შემდეგ სახლი შეამოწმეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა ქუთაისიდან, თუმცა მათგან ჯერ წერილობითი პასუხი არ მიუღიათ. საინტერესოა, როგორ დაუშვა მერიამ, რომ ერთი მხრივ დასთანხმდა ამ სახლის დანგრევას იმ მიზეზით, რომ ავარიული და სიცოცხლისთვის საშიშია, მეორე მხრივ კი ეს ოჯახები, სამშენებლო სამუშაოებისა და მძლავრი ბიძგების პირობებში ამ სახლში დატოვა.

2025 წლის აგვისტოში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ცინცაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მერიამ კომპანიას პროექტის ტექნიკური პირობები დაუზუსტა, საჯარო რეესტრში წარსადგენად.

შპს „უნივერსამი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100 პროცენტსაც ბიზნესმენი ავთანდილ ჯუმუშაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი თამილა ებრალიძეა.

ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ – სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

მოსამართლის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, იყო “პოლიტიკური დებატის ფარგლებში” გაკეთებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს.

სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია BLB-ის ადვოკატი ანა რეხვიაშვილი წარმოადგენდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მოსამართლე დავით აკობიძის გადაწყვეტილებას “ქართული მართლმსაჯულებისთვის საშიში პრეცედენტი” უწოდა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა.

“სასამართლომ მოკლე გზა აირჩია დავის განსახილველად და დასასრულებლად, ისე, რომ მოპასუხე ირაკლი კობახიძე წარმოდგენილიც კი არ ყოფილა სასამართლო სხდომაზე. სასამრთლომ შეწყვიტა წარმოება და განაცხადა, რომ განცხადება, რომელიც მოპასუხე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაავრცელა, არის პოლიტიკური დებატის ფარგლებში გავრცელებული განცხადება და ასეთი განცხადებისთვის არ შეიძლება მას დაეკისროს პასუხისმგებლობა.

თავისი შინაარსით, სასამართლოს ასეთი მიდგომა ასეთ სარჩელთან დაკავშირებით არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ ფაქტობრივად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და უთხრა, რომ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ როგორც ფაქტი და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ,” – თქვა  ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის ორი განცხადების უარყოფას ითხოვდა:

  • 2025 წლის 10 ივლისს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადება;
  • 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადება;

ორივე შემთხვევაში კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა – იყო დაკვეთილი “უცხო ძალებისგან” და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება.

მზია ამაღლობელის მოთხოვნაა, რომ ირაკლი კობახიძემ იმავე ტელეკომპანიების ეთერში, იმავე საეთერო დროს უარყოს ეს განცხადებები.

ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს – დავა სასამართლოში

74 ჰიბრიდულ ავტომობილს შეიძენს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 5 მლნ ლარად

ოპერატიული დანიშნულების მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

საგამოძიებო სამსახური 74 ავტომობილის შეძენას მაქსიმუმ 5 მილიონ 172 ათას 563 ლარად გეგმავს. ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 22 დეკემბერს დასრულდება.

„შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს არაუმეტეს 50 კილომეტრი გარბენით“ – წერს საგამოძიებო სამსახური. რაც შეეხება მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებს, მოცემულია ქვემოთ ცხრილში:

„სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე საგარანტიო პერიოდში ფლობის ღირებულებაც. ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი [ტრანსპორტირება, შემსყიდველის სახელზე გადაფორმება და სხვა] და გადასახადი“ – აღნიშნულია პირობებში.

სატენდერო მოთხოვნებში ხშირად უთითებენ ავტომობილის ფერს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილებს შეისყიდის, რომლებიც არ უნდა იყოს შავი ფერის. აჭარის მთავრობა 3 ახალ ჯიპს იყიდის, რომელთა ფერი აუცილებლად რუხი უნდა იყოს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კი წერს, რომ შესასყიდი ავტომობილების ფერს ტენდერში გამარჯვებულთან შეათანხმებს.

ავტომობილები საგამოძიებო სამსახურს გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, არაუგვიანეს 210 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

„შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელს ძირითად აგრეგატებზე [ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი];

არანაკლებ 3 წელს ან არანაკლებ 150 000 კილომეტრს [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა [ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი]“ – აღნიშნულია ტენდერში.

____________________

მთავარი ფოტო: საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქგვერდიდან

 

„დაიგეგმოს მზია ამაღლობელის მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად” – საია

„მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები.

ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი,“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს აუცილებელი კვლევები და დაენიშნოს სათანადო მკურნალობა.

საია აქვეყნებს მზია ამაღლობელის დიაგნოზს, ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაციას და მოითხოვს, უზრუნველყოფილი იყოს მისი სათანადო მკურნალობა.

  • მზია ამაღლობელის დიაგნოზი

2013 წელს მარცხენა თვალზე მზია ამაღლობელს ექიმებმა დაუსვეს კერატოკონუსის დიაგნოზი და დაავადების პროგრესირების დასარეგულირებლად 2013 წელს თურქეთში ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შედეგად მისი მხედველობა მარცხენა თვალზე შენარჩუნდა მხოლოდ 2%-მდე, თუმცა მისი მხედველობა სტაბილური იყო ძირითადად მარჯვენა თვალის ხარჯზე.

არსებული დიაგნოზისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციით ყოველ 3-6 თვეში იტარებდა გამოკვლევებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე.

ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა.

2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე. ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ  40%-მდე ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით – 90%-სა.

  • რა კვლევები ჩაუტარდა ციხეში მზია ამაღლობელს

საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელ ივლისს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა თვალის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება სათანადო პროფილის კლინიკაში, რისთვისაც შეთავაზებული იყო „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“.

თავად მზია ამაღლობელი პატიმრობამდე რამდენიმე წლით ადრე სარგებლობდა „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ მომსახურებით, სადაც მისი დაავადების ისტორიაც ინახება.

აღსანიშნავია, რომ წერილში ხაზგასმული იყო, რომ ამ კვლევის საფასურს თავად პაციენტი დაფარავდა და სახელმწიფოს არ მოუწევდა დამატებითი ხარჯების გაღება.

ამ დაავადების პროგრესირების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კვლევების (ტოფოგრაგიული მაჩვენებლების) ერთმანეთთან შედარება.

კერატოკონუსის პროგრესირების შეფასება მხოლოდ მხედველობის ფუნქციური გაუარესების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს და მხედველობის გაუარესებას შესაძლოა არა კერატოკონუსი, არამედ სხვა მიზეზი იწვევდეს.

მხედველობის გაუარესების მიზეზის დადგენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ნაცვლად აღნიშნული კლინიკებისა, მზია ამაღლობელი კვლევებისათვის გადაიყვანეს ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკა ,,მზერაში“.

გამოკვლევების შედეგად  მზია ამაღლობელს დაუსვეს მარცხენა თვალში მე-4 ხარისხის კერატოკონუსის და მარჯვენა თვალში 1-2 ხარისხის კერატოკონუსის, ასევე, მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზი. გამოკლვევების დროისათვის მისი მხედველობა მარცხება თვალში იყო 0,01, რომელიც არ კორეგირდება, ხოლო მარჯვენა თვალში – 0,1-0,2.

მისი მხედველობის სტაბილიზაციის მიზნით გაიცა სამედიცინო რეკომენდაცია (კროს-ლინკინგის ჩატარება) მხოლოდ მარჯვენა თვალთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეკომენდაცია არ მიეცა მარცხენა თვალთან დაკავშირებით, რომლის მხედველობა ამავე დასკვნით არის მხოლოდ 1%.

აღსანიშნავია, რომ თავად მზიას განმარტებით მას ამავე კლინიკაში არ გაეწია არანაირი რეკომენდაცია ამ პროცედურის –  ,,კროს-ლინკინგის“ ჩატარების და მისი შედეგიანობის შესახებ, მას არ აუხსნეს ამ პროცედურის შესაძლო რისკები.

საია აქვეყნებს ნაწყვეტს მზია ამაღლობელის წერილიდან, რომლითაც მან ციხის ადმინისტრაციას მიმართა:

,,…თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა ,,მზერას“ არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა ,,მზერას“ ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია.

ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები – რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე. ვიცი, მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი.

ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება“, – წერს მზია ამაღლობელი წერილში.

„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა.

მნიშვნელოვანია, განისაზღვროს მხედველობის დაქვეითების მიზეზი და დროულად მოხდეს საჭირო მკურნალობის დაგეგმვა, რადგან დაავადების პროგრესირების შემდეგ ჩატარებული მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

შესაბამისად, დროული შემოწმება და მკურნალობის დაგეგმვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის სასჯელაღსრულების სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე 2025 წლის 13 აგვისტოს, 8 სექტემბრის, 13 ოქტომბრის და 13 ნოემბრის განცხადებები მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ასევე უცნობია, ბოლო გამოკვლევებიდან დღემდე კიდევ გაუარესდა თუ არა მზია ამაღლობელის მხედველობა, რომელიც ბოლო კვლევებისას უკვე კრიტიკულ ნიშნულზე იყო,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

საია განმარტავს, რომ თავისუფლების აღკვეთისას სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული მოვალეობა ადამიანზე ზრუნვის. ასეთ პირობებში მყოფ პირებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოს მათი ჯანმრთელობის დაცვასა და მხარდაჭერას.

„ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოს ავალდებულებს, როგორც პატიმრობის პირობების სათანადოდ უზრუნველყოფას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების გაწევას. აღნიშნული ვალდებულება მზია ამაღლობელთან მიმართებით იგნორირებულია.

მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად, რა სამედიცინო შედეგებთანაა დაკავშირებული შერჩეული მკურნალობა, როგორია ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი რისკები, არსებობს თუ არა ალტერნატიული ვარიანტები მკურნალობასთან დაკავშირებით, რა არის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი რისკები და ა.შ.

შესაბამისად, მზია ამაღლობელს წართმეული აქვს მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისად, ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლება“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში („ნიუ ჰოსპიტალსის  ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“) მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი  მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

ამასთან, საია ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის  სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.

მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად.

ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი ძალიან ცუდია

ბათუმში დღეს, 24 ნოემბერს [დილის 11:00 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი და ძალიან ცუდი. ამ მონაცემს ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე ავტომატური სადგური აფიქსირებს.

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სადგურის მონაცემებით კი ეს ორივე მაჩვენებელი არის „ცუდი“.

ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობის ზრდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება.

„06 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით“ – წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

 

41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ისევ აფართოებს ბათუმის სანაპიროზე ხმელეთს კუნძულის მოსაწყობად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი დარღვევებზე წერს.

მაგალითად, იმაზე, რომ კომპანიამ „ინტენსიური წვიმის გავლენაზე“ სააგენტოს არ წარუდგინა დოკუმენტები შესათანხმებლად.

ერთი მხრივ, 500, 2000 თუ 5 000-ლარით აჯარიმებს სახელმწიფო კომპანიას, მეორე მხრივ კი, ათავისუფლებს ამ ჯარიმებისა და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.

კომპანიამ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან 8 ჰექტარი ტერიტორია ისე მოაწყო, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. კომპანიის ინფორმაციით, დღეისათვის ჯამში 41 ჰექტარზე მეტი ფართობის ხმელეთია მოწყობილი.

ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / 22.11.2025
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან 8 ჰექტარი ტერიტორია ისე მოაწყო, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. ამ გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობა კი უკანონობაა, რაზედაც შედგა კიდეც შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.

სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 აგვისტოს შეადგინა. რამდენიმე დღეში კი, იგივე დეპარტამენტმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდერღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა და კომპანიას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

„შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79​7-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში, თუმცა ქმედება ჩაითვალოს მცირემნიშვნელოვნად და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“, – წერია ზედამხედველობის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დადგენილებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დადგენილებიდან

აღნიშნული კოდექსის 79​7-ე მუხლის პირველი ნაწილით: „გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000 ლარამდე.“

თუმცა, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, მიუხედავად იმისა, რომ მან კოდექსის ეს მოთხოვნა დაარღვია, 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და დამცავი ნაგებობა ზღვაში ისე მოაწყო, რომ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუმცა ის გაცემული იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2024 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით [ანუ, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ზღვაში 8 ჰექტარამდე ფართობის ნახევარკუნძული ხელოვნურად მოაწყო].

ამასთან, „ამბასადორი“ მიუთითებს, რომ მომავალი საქმიანობა განახლდება ამ ბრძანების [გადაწყვეტილების] შესაბამისად და პირობებით:

„ამბასადორის“ ახსნა-განმარტება / სამართალდარღვევის 2024 წლის 26 აგვისტოს ოქმიდან

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული განმარტებისა, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვისაც დააჯარიმეს 2025 წლის მარტში – გარკვეული დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში კომპანიამ არ წარადგინა გარემოს სააგენტოში.

„ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „საქმის განხილვაზე გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ ინტენსიურად მუშაობდნენ შესაბამის დოკუმენტაციაზე და მათ წარსადგენად გონივრული ვადა ითხოვეს.

ამასთან „ამბასადორმა“ ამ შემთხვევაშიც მოითხოვა მის მიმართ გამოეყენებინათ არა დაჯარიმება, არამედ „სიტყვიერი შემიშვნა“.

დადგენილებაში კი წერია, რომ კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა სიტყვიერი შენიშვნა [79​7-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო], ამიტომ ის ამჯერად 79​8-ე მუხლის პირველი ნაწილით დააჯარიმეს 5 000 ლარით [ინფორმაციისთვის: კოდექსში შესულია ცვლილება, რომლითაც 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ჯარიმის ეს ოდენობა 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე გაიზრდება].

ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / რამდენიმე თვის წინ აქ ზღვა იყო /ფოტო: 22.11.2025

რა პირობები ვერ შეასრულა კომპანიამ [2025 წლის 31 მარტის დადგენილების მიხედვით]:

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მათთან გარემოს ეროვნული სააგენტოდან შევიდა 2025 წლის 10 და 25 მარტით დათარიღებული წერილები, სადაც აღნიშნული იყო, რომ გამოვლინდა შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ზე გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტი, კერძოდ:

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მდ. კუბასწყლის წყალდიდობის ჰიდროგრაფისა და მოლოებით შემოსაზღვრულ აკვატორიაში ინტენსიური წვიმების შედეგად აკუმულირებული წყლის მოცულობის და ზღვაზე სხვადასხვა მეტეოროლოგიური პირობების სცენარების შესაბამისი, აკვატორიაში დამყარებული დონეების გაანგარიშებების სააგენტოში წარმოდგენა შესათანხმებლად“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გეოდეზიური დაკვირვებების ქსელის პროექტის სააგენტოში შესათანხმებლად წარდგენა“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს დაზუსტებული ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ღრმა გრუნტების შეფასების მიზნით გაყვანილი დამატებითი ჭაბურღილის შესახებ“, – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული. კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია წარადგინა დაგვიანებით [2025 წლის 28 თებერვლის წერილით, ნაცვლად არაუგვიანეს 2024 წლის 14 ნოემბრისა].

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს განახლებული გარემოსდაცვათი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება“, – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული [კომპანიის მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია 2025 წლის 24 თებერვლის წერილით, ნაცვლად არაუგვიანეს 2024 წლის 14 ნოემბრისა].

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში საქმიანობის დროებით ან ხანგრძლივი ვადით შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური გეგმა-გრაფიკის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა, ტერიტორიის სარემედიაციო ღონისძიებების, კონსერვაციის და პირველად მდგომარეობამდე აღდგენითი სამუშაოების მითითებით. ღონისძიებების მართვა უზრუნველყოს შეთანხმების შესაბამისად.“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ფსკერდაღრმავების სამუშაოების მართვის გეგმისა და ფსკერდაღრმავების სამუშაოებისას ამოღებული დაბინძურებული ნალექების [გრუნტის] მართვის შესახებ [გრუნტის გაუწყლოება, განთავსება და ა.შ] დეტალური ინფორმაციის სააგენტოში შესათანხმებლად წარგენა“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.

ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / 22.11.2025

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სხვა სამართალდარღვევები

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ საქმიანობის მონიტორინგის შესახებ „ბათუმელებმა“ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან გამოითხოვა. დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით:

  • საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი,“ 10 თვის ვადით, გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოეპოვებინა 600 000 კუბ/მეტრი ქვიშა-ხრეში. კომპანია ვალდებული იყო განკარგულების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარედგინა ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული.

2023 წლის 20 დეკემბერს,„ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ, 2024 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუმცა ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

აღნიშნული განკარგულების ფარგლებში კომპანიამ ინფორმაცია წარმოადგინა დაგვიანებით.

  • მთავრობის 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გათავისუფლდა სასარგებლო
    წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 552 500 კუბ.მეტი ქვიშა-ხრეში. კომპანია ვალდებული იყო განკარგულების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარედგინა ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ, რაც მათ არ შეასრულეს დადგენილ ვადაში [ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა დაგვიანებით].

აღნიშნულიდან გამომდინარე, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის 30 იანვარს, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ, 2025 წლის 25 თებერვლის დადგენილებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუმცა, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [სასკ] 22-ე მუხლი იძლევა „მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას“. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ „სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.“

ვიდრე ხელვაჩაურის სასამართლო 2025 წლის 25 თებერვალს „ამბასადორს“ სიტყვიერ შენიშვნას გამოუცხადებდა, იმავე ქმედებისთვის კომპანიას ანალოგიური შენიშვნა იმავე სასამართლოსგან 2024 წლის 15 ნოემბერსაც ჰქონდა გამოცხადებული.

  • საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, 12 თვის ვადით, გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 1 500 000 კუბ/მეტი სასარგებლო წიაღისეული [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტი].

ამასთან, კომპანიის მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის განკარგულებით განსაზღვრული თანხა 365 217 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია განკარგულებით დადგენილი ვადის დარღვევით – 2025 წლის 14 ივლისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის 15 ივლისს, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სას კოდექსის 57​4 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს. ამ ეტაპზე სასამართლოს დადგენილება დეპარტამენტში წარმოდგენილი არ არის.

[თუმცა ამავე განკარგულებასთან დაკავშირებით დეპარტამენტმა მოგვაწოდა ბათუმის სასამართლოს 2025 წლის 9 სექტემბრის დადგენილება, სადაც აღნიშნულია: „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 57​4 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.“

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“, აღნიშნული განკარგულების ფარგლებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადა ეწურება 2026 წლის 5 მაისს.

ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / 22.11.2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიღებული დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ შედგა 2025 წლის მარტშიც – გადაცდომაზე, რაც გათვალისწინებულია „ნარჩენების მათვის კოდექსის“ 32-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

დოკუმენტების მიხედვით, „2025 წლის 11 მარტს, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლების მიერ ქ. ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე გამოვლენილი იქნა გარემოს დანაგვიანების ფაქტი. კერძოდ, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ღობის მშენებლობის დროს დააბინძურა გზის სავალი ნაწილი, 1 კუბ/მ-მდე მასით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 27 მარტის დადგენილებით კომპანიას 2 000 ლარის გადახდა დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგელოდ. „ამბასადორმა“ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს დადგენილების მიხედვით, „ამბასადორი“ საჩივარში აღნიშნავდა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მხრიდან რომც ჰქონოდა ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, იგი არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რასაც შეეძლო შეუქცევადი ზიანის მოტანა, ამდენად სასამართლოს [ბათუმისას] შეეძლო ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის რეგულაციით“-ო [ანუ, კომპანიისთვის მიეცათ სიტყვიერი შენიშვნა].

„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რომელი სამართალდარღვევა მიეკუთვნება მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევათა კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაცდომის შეფასების ნაწილში სასამართლო სარგებლობს ფართო დისკრეციით და მას ეძლევა შესაძლებლობა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად, თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, განსაზღვროს გადაცდომის ხარისხი.“ – წერს სააპელაციო სასამართლო თავის დადგენილებაში.

ვიდრე სახელმწიფო უწყებები და სასამართლო „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 500, 2000 თუ 5 000-ლარიანი ჯარიმების გადახდევინება-გათავისუფლებაზე მსჯელობს, კომპანიამ ხელოვნურად მოწყობილ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები ხელოვნურ ნახევარკუნძულზე / 22.11.2025

ამ თემაზე: კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

სამშენებლო სამუშაოები ხელოვნურ ნახევარკუნძულზე / 22.11.2025

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვიშა-ხრეშს ძირითადად მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან იღებს, მთავრობა კი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან ათავისუფლებს.

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება არ შეიძლება და ეს მასალა მთლიანად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს. ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და ხელოვნური კვებით პლაჟის შესანარჩუნებლად, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც უნდა დაიხარჯოს.

სამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურებში ისიც კარგად იციან, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.

ამ თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

 

 

 

Robirent Group-მა სამშენებლო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად ბათუმში ფილიალი გახსნა

თბილისის ფილიალის წარმატების შემდეგ, Robirent Group-მა, ბალტიის რეგიონში ერთ-ერთმა წამყვანმა სამშენებლო ტექნიკის ქირავნობის კომპანიამ, ოფიციალურად გახსნა ახალი ფილიალი ბათუმში. გაფართოების მიზანია ადგილობრივ კონტრაქტორებს, დეველოპერებსა და ინდუსტრიულ კომპანიებს ადგილზევე მიაწოდოს თანამედროვე, სანდო ტექნიკა და მაღალი ხარისხის მომსახურება.

Robirent.ge
Robirent.ge

„ბათუმი არის დინამიკური სამშენებლო ცენტრი, სადაც ინტენსიურად იზრდება საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტები,“ — განაცხადა Robirent.Ge-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი კურდღელიამ.
„ჩვენი ბათუმის ფილიალი დასავლეთ საქართველოს კომპანიებს კიდევ უფრო უახლოებს საერთაშორისო სტანდარტის ტექნიკასა და მომსახურებას.“

თანამედროვე ტექნიკა თითოეული პროექტისთვის

ბათუმის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტექნიკას მცირე და მსხვილი პროექტებისთვის. ხელმისაწვდომია:
• თაღოვანი (Scissor) ამწეები — სტაბილური ვერტიკალური წვდომა
• დიზელზე მომუშავე ბუმ-ამწეები — მაღალი სიმაღლის სამუშაოები გარე და რთულ რელიეფზე
• ალუმინის საყრდენები/კოშკები — მსუბუქი, მედულარული და მარტივი მონტაჟის
• ტრეილერზე დასამაგრებელი ამწეები — გადაადგილებაში მოქნილი და პრაქტიკული
• ტელესკოპური ამწეები (Telehandlers) — ტვირთის აწევა, გადაზიდვა და გადატანა
• სატვირთოზე დამონტაჟებული პლატფორმები — მობილური სამუშაოები ქალაქში და რეგიონებში

ფილიალი უზრუნველყოფს ტექნიკის სწრაფ მიწოდებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.

სამუშაო სიმაღლე

Robirent Batumi-ის ტექნიკა ახორციელებს სამუშაოებს 7.8 მეტრიდან 35 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტური მუშაობას სხვადასხვა სამშენებლო და ინდუსტრიულ ობიექტებზე.

სტრატეგიული პარტნიორი განვითარებისთვის

Robirent Group-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია მხოლოდ ტექნიკის მიმწოდებელი არ არის — იგი გრძელვადიანი პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს პროექტების ეფექტურ და უსაფრთხო შესრულებას.

„ჩვენი მიზანია საქართველოში სამშენებლო ტექნიკის ქირავნობის სტანდარტის ამაღლება და თითოეული პროექტისთვის სანდო, პროფესიონალური მხარდაჭერის შეთავაზება,“ — აღნიშნა გიორგი კურდღელიამ.

სად და როგორ დაგეხმარებათ Robirent Batumi

ბათუმისა და დასავლეთ საქართველოს კონტრაქტორებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკის პარტნიორებისთვის ფილიალი უკვე სრულად ოპერირებს და მზად არის უზრუნველყოს პროექტები თანამედროვე ტექნიკითა და ექსპერტული მხარდაჭერით.

ფილიალის მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი N134, ბათუმი
ტელეფონი: 551 40 99 99

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 166 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 366 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 620 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 34 626 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 549 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 83 769 ერთეული [+431]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 006 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 4 003 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 98 278 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 216 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 619 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 510 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 531 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ევროპული ალტერნატივა უკრაინის სამშვიდობო გეგმისთვის

რუბიომ უარყო სენატორების მტკიცება, თითქოს 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი რუსეთია

რას გულისხმობს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

უკრაინა რთული არჩევანის წინაშე – ზელენსკის მიმართვა ხალხს

რუსეთი ნამდვილად არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი – ზელენსკი ჰოლოდომორის შესახებ უკრაინელებს მიმართავს

ომის დასრულების თაობაზე კონსულტაციების დასაწყებად ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

4 მუშა დაიღუპა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე, სავარაუდოდ მიწა ჩამოიშალა – დეპარტამენტი

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი [თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები] მოყვა ჩამოშლილი მასის ქვეშ.

„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები“, – ინფორმაცია 23 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს გზების დეპარტამენტი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

—–

დაახლოებით 1 წლის წინ გზების დეპარტამენტი წერდა, რომ ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდებოდა. ამასთან, „პროექტი საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია“- აღნიშნული იყო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე 179 მილიონი უკვე დაიხარჯა – რას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია.

ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს.

პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.

ახლახან „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.

 

ძველ ბათუმში შენობები ისევ ხარაჩოებში და მწვანე ან შავ სამშენებლო ბადეშია გახვეული
ტროტუარების ნაწილი ისევ გადათხრილია

ჯერ ისევ არ ვიცით, კონკრეტულად, რომელი სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა „საბა კონსტრაქშენმა“ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი და მონაწილეობდნენ თუ არა ამ პროცესში ხელოვნებათმცოდნეები, ვისაც იმ საზოგადოების ნდობა აქვთ, რომლებიც ძეგლებს იცავენ და მათი ავთენტური სახით შესანარჩუნებლად ხან საპროტესტო აქციებს მართავენ, ხან კი სასამართლოში ასაჩივრებენ გადაწყვეტილებებს.

ზოგიერთ ქუჩაეზე სამშენებლო მტვრის ბუღი დგას

უფრო მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული არქიტექტორულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობების, კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ადგილზე მუშების ნაწილი, ვისთან გასაუბრებაც შევძელით, ამბობს, რომ რესტავრატორი არ არის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ბათუმში

 

ამ საკითხზე მუშაობისას „ბათუმელები“ დავუკავშირდა „საბა კონსტრაქშენსაც“ , თუმცა აქ გვითხრეს, რომ ყველა კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ანუ დამკვეთისთვის უნდა მიგვემართა.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალურად წერილობით მოვთხოვეთ იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, მათი კვალიფიკაციის მითითებით. ასევე ფონდიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვინც ზედამხედველობას უწევს რეაბილიტაციის პროცესს, მათი სახელ-გვარების და კვალიფიკაციის მითითებით. ფონდიდან არასრულად გვიპასუხეს – თავი აარიდეს მთავარ კითხვას, კონკრეტულად ვინ, რომელმა სპეციალისტებმა მოამზადეს ძეგლების რეაბილიტაციის პროექტი.

ფონდის პასუხი
ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ბათუმში გრძელდება

ამ პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 179 მილიონი ლარი, ჯამში კი 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რამდენად ეფექტურია სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხის და ხარჯვის კონტროლი? – კითხვები ამ და სხვა პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ახორციელებს, „ბათუმელებს“ ადრეც ჰქონდა, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებდით. 2025 წლის ოქტომბერში, უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდიოდა.

„ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ დავით ტაბიძეს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორია, აღკვეთი ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.

30 ოქტომბერს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.

გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

 

რაც შეეხება ძველი ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პირობებს, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სამუშაოები სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს. თუმცა, ხელშეკრულება მოქმედია 2029 წლამდე.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალებოდა Design-Build მეთოდით.

ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე, მიმდებარე ქუჩებზე კი გრძელდება. რამდენიმე ათეული შენობის ფასადის დამუშავება ჯერ ისევ საწყის ეტაპზეა, რიგ ქუჩებზე გადათხრილია ტროტუარებიც.

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს – დავა სასამართლოში

ხვალ, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.

ამ სარჩელით მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძისგან ითხოვენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას საჯაროდ.

საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ისე, როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ რეგულარულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს მზია ამაღლობელმა „პოლიციელს მიაკრა სტკერი“, თითქოს მზია ამაღლობელი მოქმედებდა „დაკვეთით“, რომ „უცხოელ აგენტებს უნდა დაეკნინებინათ ქართული პოლიცია“ და ასე შემდეგ.

ადვოკატების შეფასებით, ეს განცხადებები არის „მკაფიოდ ცილისმწამებლური ხასიათის და პირდაპირ არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ემსახურება საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას და რაც ყველაზე საგანგაშოა, ახალისებს საზოგადოებას, ირწმუნონ მზია ამაღლობელის დამნაშავეობა/ბრალეულობა მძიმე ძალადობრივ დანაშაულში და უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, წინასწარი პოზიცია ჩამოიყალიბონ სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასებაზე.

აღნიშნული განცხადებები ემსახურება საქმის განმხილველ მოსამართლეზე და, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედებას“.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავს. სხდომა გაიმართება #46-ე დარბაზში.

__

18 ნოემბერს მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა – ნიკოლაზ მარგველაშვილმა (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ 2 წლით პატიმრობაში დატოვეს.

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა.

„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი 

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის მოწყობაზე ბათუმის მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა

ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 9 მილიონ 608 515 ლარია.

ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით წინადადებების მიღება 2025 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 დეკემბერს დასრულდება.

მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობა ბათუმში იქცა გამოწვევად, რომელსაც ბათუმის მერიამ წლების განმავლობაში თავი ვერ მოაბა. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე 2023 წელს ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა უშედეგოდ.

ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა სხვადასხვა დროს ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაც გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“.

ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამ რეგიონში, მათ შორის აჭარაში.

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

მერია განმარტავს, რომ საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ტექნიკური დავალებისა, დამუშავებულია ამერიკის ვეტერინართა ასოციაციის გაიდლაინების მიხედვით და ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

პროექტის მიხედვით მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი წარმოდგენილია ვოლიერების ორი ბლოკის სახით. ყოველ ბლოკში განთავსებულია 90 ერთეული ვოლიერი, სულ ორივე ბლოკში 180 დამოუკიდებელი ვოლიერია. თითოეული ვოლიერი გეგმაში მართკუთხა ტრაპეციის ფორმისაა, ზომით საშუალოდ 3,9X2,9 მ-ზე. ვოლიერები გაყოფილია ერთმანეთისგან 2,44 მ სიმაღლის ლითონის გისოსებით.

ესკიზი

პერიმტრის მხარეს მოქცეული კედლები ყრუა, ვოლიერების ერთმანეთში გამყოფი და დერეფნის მხარეს გამომავალი ტიხრების ქვედა ნახევარი ასევე ყრუა. ვოლიერი
გადახურულია ე.წ. „სენდვიჩპანელებით“.

ყველა ვოლიერი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებისა და სადრენაჟო სისტემით. ვოლიერები განლაგდა ნაგებობის პერიმეტრზე ორ რიგად, შუაში გამყოფი დერეფნით.

ნაგებობის შუაგულში განთვსებულია ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო, ის დაყოფილია ექვს სეგმენტად და ყოველ სეგმენტს გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი დერეფნიდან, რაც იძლევა ძაღლების სხვადასხვა [წონის/ასაკის მიხედვით] ჯგუფებად გასეირნების ორგანიზების საშუალებას.

მონიშნულია თავშესაფრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია

შესყიდვის პირობების მიხედვით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით.

ასევე,  ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით.

გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ, განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.

ქარტია დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აქციაზე დააკავეს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ 22 ნოემბერს, საღამოს,  აქციაზე დააკავა.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა.

გიორგი მამნიაშვილთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტმა რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გაუგზავნა.

გიორგი მამნიაშვილს ეძებდნენ, ხოლო შსს-ს პრესსამსახური „ტვ პირველს“ მის დაკავებას არ უდასტურებდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი პოლიციამ დიღმის იზოლატორში გადაიყვანა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ.

პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ნოემბრის 21 საათიდან 24 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 ნოემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 165 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 363 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 615 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 34 585 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 549 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 83 338 ერთეული [+496]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 922 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 4 003 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 97 933 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 195 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 487 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 425 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების 28-პუნქტიანი წინადადების ავტორი შეერთებული შტატებია. „ის შემოთავაზებულია, როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების მყარი ჩარჩო. ის ეფუძნება რუსული მხარის პოზიციას, თუმცა, ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე პოზიციას“, – დაწერა რუბიომ X-ზე.

რას გულისხმობს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

უკრაინა რთული არჩევანის წინაშე – ზელენსკის მიმართვა ხალხს

რუსეთი ნამდვილად არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი – ზელენსკი ჰოლოდომორის შესახებ უკრაინელებს მიმართავს

ომის დასრულების თაობაზე კონსულტაციების დასაწყებად ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა

დამატებით დამუშავებას საჭიროებს – ლიდერების განცხადება აშშ-ს გეგმაზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის აეროპორტი გაფართოებას აპირებს

ბათუმის მერიამ ვებგვერდზე ატვირთა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის აეროპორტის“ გენერალური მენეჯერის მოადგილე, მერთ კანდიელი აეროპორტის ექსპლუატაციის ცვლილების პროექტზე წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ელენე ღუბიანურს.

ამ წერილში მერთ კანდიელი ეროვნულ სააგენტოს უფროსს სთხოვს გაუზიაროს მოსაზრება აეროპორტის გაფართოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჭიროების თაობაზე. იქვე მიუთითებს, რომ სკრინინგის ანგარიში უკვე გაგზავნილია.

მერთ კანდიელის ინფორმაციით, ამ წერილს თან ახლავს სკრინინგის 30-გვერდიანი ანგარიში და სხვა დანართები, თუმცა ისინი მერიას არ აუტვირთია. მითითებული თარიღის მიხედვით, ეს წერილი სააგენტოში 2025 წლის 4 ნოემბერს არის გაგზავნილი.

4 თვით ადრე, 2025 წლის 11 აგვისტო,ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანების მიხედვით, აეროპორტის ექსპლუატაციის შეცვლის პროექტი გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობის ანგარიშს არ დაექვემდებარა.

იგივე ბრძანების მიხედვით, დაგეგმილია თვითმფრინავების სადგომი ბაქნის და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობის გაფართოება. ასვე, ავტომობილების საწვავით გასამართი სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილება.

„თვითმფრინავების სადგომი ბაქნის გაფართოება/რეაბილიტაცია დაგეგმილია ბაქნის დასავლეთით, 8 200 მ2-ით. გაფართოების მიზანია „C“ კატეგორიის საჰაერო ხომალდების სადგომის მოწყობა, ასევე ვერტმფრენის სადგომის მოწყობა. ბაქნის გაფართოებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის ნაწილი დაფარულია ძველი ასფალტის საფარით, ნაწილი – ტექნიკური გრუნტით. გაფართოების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია არსებული კომუნიკაციების – სანიაღვრე სისტემის, საკანალიზაციო ქსელის, ელექტრო მომარაგების, მიწისქვეშა ხაზების გაყვანის ადგილების ცვლილება და ახალი დაერთებების დაპროექტება.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში, არსებულ მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას მიაშენებენ სამ სივრცეს: I სივრცე (194.3 მ2) გამოიყენება დასაქმებული პერსონალის საოფისედ; II სივრცე (126.4 მ2) – დამხმარე მიშენება დასაქმებული პერსონალისა და აეროპორტის ოპერირების გასაუმჯობესებლად; III სივრცე (103.0 მ2) – მგზავრთა ნაკადის კომფორტისა და მოწესრიგებისთვის.“

უცნობია, რატომ ითხოვს აეროპორტის მენეჯერის მოადგილე ოფიციალურად იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ პროექტი გარემოს ზედამხედველობის ანგარიშის მომზადებას არ საჭიროებს. ბათუმის მერიას სრული დოკუმენტები საჯარო გაცნობისთვის ჯერ არ აუტვირთია.

ამის პარალელურად სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისთვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

___

ვრცლად წაიკითხეთ აქ:

„აეროპორტის დაცვის არე ზღუდავს ბათუმის ურბანულ განვითარებას“ – საქაერონავიგაცია ახალ კვლევას იწყებს

 

ომის დასრულების თაობაზე კონსულტაციების დასაწყებად ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა აშშ-სთან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს, კონსულტაციებს გამართავს ომის დასრულების საკითხებზე.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი საკუთარი ტელეგრამის ანგარიშზე წერს:

„ამ დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით.

უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს დიალოგის მორიგი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებია გრძელდება და, უპირველეს ყოვლისა, შემდგომი ნაბიჯების ხედვაზე შეთანხმებას ისახავს მიზნად.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის მონაწილეობას და მის მზადყოფნას არსებითი საუბრისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას – როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“.

დელეგაციაში ასევე შედიან დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ანდრი გნატოვი, საგარეო დაზვერვის უფროსი, ოლეგ ივაშჩენკო და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერჰი კისლიცია.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აქტიურ კონსულტაციებს მართავს ევროპის ქვეყნების ლიდერებთან და პოლიტიკოსებთა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა, რომ ესაუბრა პოლონეტის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკს და გაუზიარა აშშ-სა და ევროპასთან დიპლომატიური მუშაობის დეტალები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორი, რომელიც ამ ომის დაწყებიდან ჩვენთან იყო, ინფორმირებული იყოს სიტუაციის შესახებ. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ევროპის პროცესში ჩართვისთვის“ – წერს ზელენსკი.

რუსეთი ნამდვილად არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი – ზელენსკი ჰოლოდომორის შესახებ უკრაინელებს მიმართავს

ვოლოდიმირ და ელენა ზელენსკები მიმართვას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში მყოფი უკრაინელებისადმი. უკრაინის პრეზიდენტის სოციალური მედიის გვერდებზე გამოქვეყნდა მიმართვა ჰოლოდომორის ტკივილსა და ერთიანობაზე.

„დღეს, 16:00 საათზე, სადაც უკრაინელები არიან, ფანჯრებთან ხსოვნის სანთლები აინთება. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა შესახებ ხსოვნის ეს მილიონობით მტკიცებულება იტყვის, რომ უკრაინელები არ ივიწყებენ ჰოლოდომორით დაღუპულ მილიონობით ადამიანს და არასდროს აპატიებენ მოსკოვს ამ გენოციდს.

ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ და რატომ დაიღუპა მილიონობით ჩვენი მოქალაქე, შიმშილით დაიღუპა, მილიონობით არ დიბადა. და ჩვენ კვლავ ვიცავთ თავს რუსეთისგან, რომელიც არ შეცვლილა და კვლავ მოაქვს სიკვდილი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები საკუთარი თავის დაცვაში, ისევე როგორც გავერთიანდით ჩვენი ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებაში.

მარადიული ხსოვნა ჰოლოდომორის გენოციდის ყველა მსხვერპლს. დღეს, 16:00 საათზე, სადაც არ უნდა იყოთ – უკრაინაში თუ მის ფარგლებს გარეთ – აანთეთ სანთელი თქვენს ფანჯარასთან, ყველა იმ ბავშვის, ქალისა და კაცის ხსოვნისთვის, ვინც ხელოვნური შიმშილით დაიღუპა.

ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ უკრაინას, რადგან ჩვენი სახლი მხოლოდ აქ არის. რუსეთი კი ნამდვილად არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი“ – წერია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქ გვერდზე.

ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) არის მასობრივი შიმშილობა, რომელსაც წინ უძღოდა ძალადობრივი მეთოდებით იზოლირებული უკრაინელებისთვის საკვების სრული კონფისკაცია, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის უდიდესი ტერიტორია მოიცვა. ჰოლოდომორმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა – ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონი უკრაინელიც კი დაიღუპა შიმშილობით.

2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.

„მეგობარი აქტის“ გეოგლიფის გამო აქტივისტი გარემოს დაცვის დეპარტამენტში დაიბარეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტივისტ როსტო ზარანდიას დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში იბარებს და წერილობით განუმარტავს, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინების ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტზეა დაბარებული.

რისტომ და კიდევ ერთმა აქტივისტმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს.

380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობის შეხსენება იყო, „მეგობარი აქტი“ სენატში კენჭისყრას ელოდება.კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული. 

წერილის მიხედვით, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიიღო, როსტო სამმართველოში 24 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.

როსტო „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ „არანარი ფენის მოხსნას ადგილი არ ჰქონია.“ მხოლოდ გამოსახულება გამოსახეს და არაფერი გაუტანიათ „ყველაფერი იქვე დარჩა.“

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ნებართვის გარეშე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ჯარიმდება. საინტერესოა როგორ განმარტავს ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენად ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, როცა აქტივისტებს ადგილიდან არაფერი გაუტანიათ და არც გადაუადგილებიათ.

სპეციალისტების განმარტებით ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ნიშნავს მიწის ზედა ბიოლოგიურად მდიდარი ფენის ამოღებას, მის გადაყრას ან გადატანას. 

ამ თემაზე:

ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari Act გამოჩნდა – გზავნილი აშშ-ს

ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია არაერთხელ  დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 164 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 361 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 607 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 34 559 ერთეული [+9]
  • MLRS – 1 547 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 842 ერთეული [+222]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 842 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 97 793 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 174 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 467 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 315 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ინტერვიუ

„ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია“ – ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ინტერვიუ

გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქში დაბომბა საცხოვრებელი ზონები, რასაც 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში ომის პარალელურად შიდა-კორუფციული სკანდალია, რომელშიც უკრაინელი მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.

ამ ყველაფრის ფონზე ტრამპი ზელენსკის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინა ვაშინგტონის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის. მედიის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით და იარაღის მიყიდვაზე უარის თქმით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა არ დასთანხმდება „სამშვიდობო გეგმას“.

რა ხდება ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ამ თემაზე „ბათუმელები“ გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთი კვლავ განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. 19 ნოემბერს, ტერნოპოლში რუსული რაკეტა და დრონი ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა. თქვენი აზრით, რატომ ირჩევს რუსეთი საცხოვრებელ ზონებს დასაბომბად? რა სტრატეგიული ან ფსიქოლოგიური მიზნები აქვს მსგავს შეტევას?

ექვსი რაკეტა მოხვდა ტერნოპოლში საცხოვრებელ კორპუსებს. ეს იყო პირდაპირ მიმართული მშვიდობიანი დასახლების წინააღმდეგ. X-101 ტიპის რაკეტებს, რომელიც თავდასხმისას გამოიყენეს, ოფიციალურად 12 მეტრი აქვს აცილების ალბათობა. შეიძლება 50-100 მეტრსაც მიაღწიოს, მაგრამ შეუძლებელია, რომ ექვსივე რაკეტა იყოს აცდენილი მიზანს.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, რომლის მიზანი იყო პანიკა მოსახლეობაში, რომ შეიქმნას შიში და ომისგან გადაღლის ეფექტი, რომ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა ომის გაგრძელების მიმართ, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიმართ.

მაგრამ ჯერჯერობით ვერ აღწევს რუსეთი ამას. ეს პირველი შემთხვევა არ არის და, სამწუხაროდ, ამით არ დასრულდება, არ გაჩერდება.

რუსებმა საბავშვო ბაღსაც დაარტყეს, სამშობიაროსაც დაარტყეს და საავადმყოფოსაც. ხელი არ აკანკალებიათ, მათთვის ეს ახალი არ არის. ესაა ტერორიზმი, სიტყვა ტერორი არის ზუსტად იმ მნიშვნელობით, რათა გამოიწვიოს შიში მოსახლეობაში, გამოიწვიოს მორალური და ფსიქოლოგიური სულისკვეთების ვარდნა.

  • თქვენი აზრით, ეს თავდასხმა ხომ არ არის კავშირში ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან? Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას. გეგმა უკრაინისგან მოითხოვს დანარჩენი დონბასის, მათ შორის კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობას, არმიის განახევრებას, რუსული ენის უკრაინის სახელმწიფო ენად აღიარებას და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. რამდენად რეალისტურია, რომ ამ გეგმას დასთანხმდეს უკრაინა? [ინტერვიუ ვახტანგ კაპანაძესთან ჩაწერილია მანამ, სანამ გამოქვეყნდებოდა „სამშვიდობო გეგმა“ და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი].

რაც იკვეთება, არის ზუსტად ეს. ზუსტად ამ სამშვიდობო გეგმას წარდგენამდე მოხდა საცხოვრებელ ზონაზე დარტყმა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო, რომ ზელენსკის დროულად მიეღო გადაწყვეტილება.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზელენსკიმ ჩაიბარა ეს გეგმა განსახილველად. ვეჭვობ, იმ დოკუმენტში, რაც საჯაროდ გამოვიდა, ბევრი რამ შეიცვლება. ამასთან, რა ინფორმაციაც გამოვიდა ამ სამშვიდობო დოკუმენტზე, იქ ძალიან ბევრი ბუნდოვანი პუნქტია.

მე როგორც მახსოვს, ამ დოკუმენტში საუბარია არა რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარებაზე, არამედ იმაზე, რომ უკრაინულ და რუსულ ენებს ექნებათ თანაბარი უფლება. რუსული არ იქნება აკრძალული ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება სამშვიდობო გეგმას, ბევრი კითხვა არსებობს. პირველ რიგში, ევროკავშირის და ნატოს გარეშე ეს დოკუმენტი როგორ შეიმუშავეს? ნატოს და ევროკავშირის ვალდებულებებს როგორ იღებს ამერიკა თავის თავზე?

გაუგებარია რას ნიშნავს პოლონეთში ევროპული გამანადგურებლების განლაგება. პოლონეთმა მისცა თანხმობა თუ არ მისცა?

უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას? ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა.

ჩემი აზრით, ეს უფრო არის მოსაზრებები და კონცეფციები, ვიდრე გეგმა – გეგმას აქვს ვადები და გეგმას ჰყავს შემსრულებლები.

ასევე, ცოტა გაუგებარია უკრაინამ თუ უნდა შეამციროს 600 000-მდე თავისი შეიარაღებული ძალები (დაახლოებით ამდენი ჰყავს ახლა, 650-დან 600 000) ფაქტობრივად, შემცირება არ უწევს, რუსებმა რატომღა არ უნდა შეამცირონ მაშინ? მარტო უკრაინამ რატომ უნდა შეამციროს? უამრავი კითხვა ჩნდება, რომელსაც ეს დოკუმენტი პასუხს ვერ სცემს.

ამ დოკუმენტში ალბათ ბევრი რამ დაიხვეწება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, ზოგადად პოლიტიკა, მით უმეტეს მსოფლიო პოლიტიკა, ძალიან ხშირად არ არის სამართლიანი.

  • თქვენი აზრით, ეს არის გეგმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად თუ ეს არის კაპიტულაცია?

მე ჯერ კიდევ არ ვიცით უკრაინის შესწორებები რა იქნება, ხომ?! უკრაინის მხრიდან რა შესწორებები შევა.

ეს არის ხედვები. ეს არის უფრო ცუდი ვარიანტი, ვიდრე იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი. ეს არის სამშვიდობო დოკუმენტი და როგორც სამშვიდობო დოკუმენტი, საკმაოდ ბუნდოვანია.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ევროკავშირის განწყობა უარყოფითია ამ დოკუმენტის მიმართ. ევროკავშირი აცხადებს, ჩვენს გარეშე როგორ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ფულს ჩვენ ვიხდით, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, უკრაინა წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.

ასე რომ, მე ამ წუთას არ ვარ მზად მკვეთრი პასუხისთვის და არც სხვას ვურჩევდი, რომ რაღაც მკაცრი ტერმინები გამოიყენოს ამ დოკუმენტის მიმართ. ეს დოკუმენტი განსახილველია, აქვს მას არსებობის უფლება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება და ხარვეზია მასში.

მეორე მხრივ, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რა ხდება. მაგალითად, დონბასი რომ დათმოს უკრაინამ, როგორც ამას მოითხოვს ეს დოკუმენტი, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული დაწერილი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოების, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთი ძალიან უახლოვდება ხარკოვის რაიონს.

დონბასის კონტროლი რუსეთის მიერ სამხედრო თვალსაზრისით დიდი საფრთხის მატარებელია უკრაინისათვის. როგორც იძახიან, ეშმაკი დეტალებშია. ეს უფრო არის ხედვები და რაღაცა ჩანაფიქრები, ვიდრე რაღაც გეგმა.

  • ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა კორუფციული სკანდალი უკრაინაში. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების სახელები გაისმა, რომლებიც თითქოსდა ჩართული იყვნენ კორუფციაში. ეს ამბავი რა გავლენას მოახდენს ომზე? რამდენად ასუსტებს უკრაინას?

ეს მაინც პოლიტიკური სკანდალია ხელისუფლებისთვის. არ მგონია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფრონტზე. ამასთან, ეს კორუფციული სკანდალი სამწუხაროდ არ არის პირველი უკრაინისათვის. მსგავსი სკანდალები პერიოდულად ხმაურდება უკრაინაში და ვერ ექნება შოკური გავლენა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ ამაზე სხვა მიმართულების ექსპერტმა უნდა ისაუბროს.

  • ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასება მინდა გთხოვოთ, რა ხდება ფრონტზე? რომელი მხარე ინარჩუნებს ოპერატიულ უპირატესობას და როგორ?

ოპერატიული ინიციატივა აქვთ, რა თქმა უნდა, რუსებს. ინიციატივა ნიშნავს, რომ ისინი ახორციელებენ შეტევას, თვითონ ირჩევენ მიმართულებას, გარკვეული წინსვლა აქვთ, თუმცა წინსვლა არის საკმაოდ ნელი. ამასთან ტაქტიკურ დონეზე არის მონაკვეთები, სადაც უკრაინელებს აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, ტაქტიკური მოქმედების არჩევის შესაძლებლობა და კონტრშეტევებსაც ახორციელებენ.

ძალიან გრძელი ფრონტია, დიდი ფრონტია. აქ ერთმნიშვნელოვნად თქმა, სად მთლიანად, სად რა მონაკვეთში, რა ვითარებაა, ეს ცალ-ცალკე იქნება განსახილველი.

საბრძოლო მოქმედებების ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის მიმართულებაზე. ანუ ის პოკროვსკის ჯიბე არის ყველაზე აქტიური მონაკვეთი ამ ფრონტის ხაზზე.

  • ზამთარი მოდის – ზამთრის პირობები როგორ შეცვლის ფრონტის დინამიკას, ვის სტრატეგიული უპირატესობა?

შემოდგომის მიწურული, ზამთრის წინა პირობები უფრო ართულებს საომარ მოქმედებებს, ვიდრე ზამთარი. ზამთარში გრუნტი მაგრდება, იყინება, მოწმენდილი ამინდებია. ახლანდელი ამინდები, ნისლიანი დღეებია, რუსებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გადაადგილდნენ დრონებისგან ფარულად. მეორე მხრივ ატალახიანებული გზები ხელს უშლის ტექნიკას გადაადგილებაში. ამიტომ ეს პერიოდი უფრო იქნება მოსამზადებელი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, თუ მანამდე არ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა ან რაღაც გარკვეული შეთანხმება.

  • რა არის ყველაზე კრიტიკული სამხედრო რესურსი რუსეთისა და უკრაინისთვის? რა გავლენას ახდენს ეს ომის მიმდინარეობაზე?

ამ სიტუაციაში რუსეთისთვის სიძლიერის ცენტრი, ეს არის ადამიანური რესურსი, ხოლო უკრაინელების – დასავლეთის მხარდაჭერა.

  • რომელია ყველაზე სავარაუდო სცენარი 2025 წლის ბოლომდე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით?

იდეალურ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა. თუ ცეცხლი არ შეწყდა, რუსები ალბათ შეძლებენ პოკროვსკი-მირნოგრადის ჯიბის გაკონტროლებას. თუმცა ეს არ არის გარანტირებული. დანარჩენი დიდი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ იქნება.

პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება, გაგრძელდება ისევ ეს ყველაფერი. სამშვიდობო მოლაპარაკებების იმპულსი ჩანს, ტრამპიდან მოდის თუ ტრამპი-რუსეთიდან მოდის, ეს იმპულსი ჩანს. შეიძლება ამ მიმართულებით გაგრძელდეს ეს პოლიტიკური ვითარება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერი ლითონით დაფარეს – როდის იწყება სამუშაოები

ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთზე სადეფორმაციო ნაკერები ისეა დაზიანებული, რომ სქელი ლითონის ნაჭერითაა დაფარული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთის აღდგენა კერძო კომპანიას დაავალა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, როდის აღდგება დაზიანებული ნაწილი.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 20 ნოემბერს. თუმცა, როდის უნდა დასრულდეს სამუშაოები, დეპარტამენტი არ გვწერს.

კომპანიაში კი გვითხრეს, რომ დაზიანებული ადგილი ამ ეტაპზე დროებითაა დაფარული.

აღნიშნულ გზაზე სადეფორმაციო ნაკერები რამდენიმე თვეა დაზიანებულია.

ამ თემაზე: ქობულეთის შემოვლითი გზის ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერია დაზიანებული

  • სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.

„დეპარტამენტსა და შპს NEW ROAD-ს შორის 2025 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ობიექტს წამოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისა და გურიის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას დაევალა შემდეგი სამუშაოების წარმოება:

  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ45-დან კმ46-მდე რკინა-ბეტონის წყალასარიდებელი კიუვეტების მოწყობის სამუშაოები;
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ15+800, კმ19+250, კმ19+350-ზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები;
  • საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ85(84+500)-ზე სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან 2025 წლის 20 ნოემბერს.
დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები ქობულეთის შემოვლით გზაზე დროებითაა დაფარული /მარჯვნივ: დაზიანებული ადგილი რუკაზე / 18.11.2025

„ბათუმელები“ შპს NEW ROAD-საც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ „ყველა დავალებაზე სამუშაოები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“.

რაც შეეხება დაზიანებულ სადეფორმაციო ნაკერებს ქობულეთის შემოვლით გზაზე, კომპანიაში განაცხადეს, რომ საპრევენციო სამუშაოები ჩატარებულია, ახალი სადეფორმაციო ნაკერები კი საზღვარგარეთ შეუკვეთეს. რა დრო დასჭირდება ტრანსპორტირებას და შეცვლას – ვერც კომპანიაში დაგვიკონკრეტეს.

„მაგ ობიექტზე ჩვენ გვაქვს დავალება და მუშაობს ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანია. დროებითი სამუშაოები, რაც საპრევენციო იყო, უკვე ჩატარებულია – დროებითი სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო, რომ შეფერხება არ იყოს. შესაბამისი სადეფორმაციო ნაკერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეკვეთილია და ჩამოტანას სჭირდება დრო. როგორც კი მოხდება ტრანსპორტირება და ადგილამდე მიტანა, შესაბამის დროში უკვე მოხდება მისი დამონტაჟებაც. ზუსტად თარიღებს სამწუხაროდ ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმის შესაბამისად, როგორც დავალებაა და როგორც ეს ტრანსპორტირების დრო მოგვცემს საშუალებას“, – გვითხრეს NEW ROAD-ში.

რაც შეეხება გზის გადაკეტვას სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის პერიოდში, „ეს არის სამუშაოს თანმდევი პროცესი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკაში ტექნიკურად როგორც ხერხდება, ნაწილობრივი შეზღუდვა წესდება, რომ გზა სრულად არ ჩაიხერგოს და რაღაცა პრობლემა არ შეიქმნას, მით უმეტეს ასეთ ზონებში“,- გვითხრეს კომპანიაში.

დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები ქობულეთის შემოვლით გზაზე დროებით დაფარულია / 18.11.2025

გზების დეპარტამენტსა და შპს „NEW ROAD“-ს შორის [აჭარისა და გურიის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე] გაფორმებული ხელშეკრულება მრავალწლიანია.

„ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 80 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მათ შორის, 2025 წელს იყო – 10 მილიონ ლარი, 2026 წელს – 35 მილიონი ლარი, 2027 წელს – 30 მილიონი ლარი და 2028 წელს – 5 მილიონი ლარი“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება უკვე ცხრაჯერ შეიტანეს. დღევანდელი, ანუ, 21 ნოემბრის მდგომარეობით კი, კომპანიისთვის 216 ათას 102 ლარია გადარიცხული.

ქობულეთის შემოვლითი გზა [სადაც დაშვებული სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს] ჩოლოქთან გრიგოლეთი-ქობულეთის ოთხზოლიან ავტომაგისტრალს უერთდება, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია. ამ მაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე არ არის გარეგანათება.

გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ აღნიშნულ მაგისტრალზე კვლავ კომპანია Joint Venture POLAT YOL & MAPA ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და მაგისტრალის 11 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები  2025 წლის ბოლოს დასრულდება.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

„ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია“ – ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს განცხადებით მიმართა. მან თქვა, რომ უკრაინა ამჟამად თავისი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს მომენტს განიცდის, რადგან რთული არჩევანის წინაშე დგას.

„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. უკრაინაზე ზეწოლა ახლა ერთ-ერთი უმძიმესია.

უკრაინა ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი.

ან 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი, ყველაზე რთული და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და იმის ნდობა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.

ჩვენგან პასუხს მოელიან.“

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.

„ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ აშშ-სთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან. იქნება ჩვენს მთავარ პარტნიორთან გადაწყვეტილებების კონსტრუქციულად ძიება. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საბაბს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის ხელს უშლის პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა 21 ნოემბრის ღამეს ამერიკულმა მედიაში გამოქვეყნებული აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ პუნქტების სრული სია, რომელიც უკრაინას გადაეცა განსახილველად.

ნახეთ ზელენსკის მიმართვა სრულად. 

ამავე თემაზე:

რას გულისხმობს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

ბათუმის მერიამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 25 ათასი ლარით დააჯარიმა უნებართვო მშენებლობის გამო

25 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის მერიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ჭყონიას კუთვნილი კომპანია, უნებართვო მშენებლობის გამო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჭყონია, ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს.

21 ნოემბერს, დაახლოებით შუაღამის 02 საათისთვის ასათიანი/მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლთან ამწე მიიყვანეს და უნებართვოდ აშენებულ 2 სართულს ასევე უნებართვო კონსტრუქცია დაადგეს – კოლონადა, რომელსაც ზედ კოშკი აქვს დაშენებული.

სახლი, რომელსაც დეპუტატმა ორი სართული უნებართვოდ დააშენა, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში დგას. შენობის მოპირდაპირე მხარეს, გორგილაძის ქუჩაზე ბათუმის მერიაა განთავსებული.

უნებართვო დაშენების სამუშაოებს შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის 100 %-იანი წილი „ქართული ოცნების“ დეპუტატს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის.

„ბათუმელებმა“ სცადა თავად დეპუტატისგან მოესმინა, რატომ აგრძელებს უნებართვო მშენებლობებს, მით უფრო, როცა ეს სამშენებლო ობიექტი ბათუმის მერიასთან მდებარეობს. გიორგი ჭყონიას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია უკანონო მშენებლობის გამო ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული, თუმცა  ჯარიმასთან ერთად დავალებული ჰქონდა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებში ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.

დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის 19 აპრილს გამოიტანა.

გიორგი ჭყონიას კომპანიამ მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მაისს გამოსცა განჩინება, რომლითაც “შეჩერებული იქნა შპს სახლი ძველ ბათუმში-ს დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე” დადგენილების მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”.

დეპუტატმა უნებართვო მშენებლობა გააგრძელა.

2025 წლის 11 ნოემბერს ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრებლებმა წერილით მიმართეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და კიდევ ერთხელ იკითხეს, როდის აღსრულდებოდა კანონი და როდის მოხდებოდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.

წერილიდან 10 დღეში, გვიან ღამით, დეპუტატის კომპანიამ უნებართვოდ აშენებულ 2 სართულზე კოშკის ტიპის კონსტრუქცია დადგა.

“ოცნების” დეპუტატის კომპანიამ ბათუმის მერიის წინ უკანონოდ აშენებულ 2 სართულზე კონსტრუქცია 21 ნოემბერს, გვიან ღამით დაადგა

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები „ბათუმელებს“ უყვებიან, დეპუტატის კომპანია სამშენებლო სამუშაოებს გვიან ღამით ან შაბათ-კვირას აწარმოებს.

ბათუმის მერიას ვკითხეთ, როგორ აპირებს ადმინისტრაციული ორგანოს წინ მიმდინარე უნებართვო მშენებლობის საკითხის მოგვარებას.

„შპს სახლი ძველ ბათუმში“ მშენებლობის განმეორებით შეუჩერებლობის გამო დაჯარიმდა 25 ათასი ლარით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა  შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ დირექტორს ჯიმშერ ზოიძეს.

„უკანონო მშენებლობა არაა, გაირკვევა ყველაფერი,“ – გვითხრა ჯიმშერ ზოიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

შემდეგ კი „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხა.

ამავე თემაზე:

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

 

დაშენება ძეგლის დაცვის ზონაში, მერიასთან – ახალი ტენდენცია ბათუმში

„მიყვარდით, სანამ პილატესავით ხელებს არ დაიბანდით“ – რეზო კიკნაძის მიმართვა ნაკრებს

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან ეხმიანება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოსტს, რომელშიც მან დაწერა, რომ დამარცხების შემდეგ „ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა“.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

„გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო თბილისმაც რომ გაუშვა გუნდიდან, სულ მთლად ბავშვი, და რუსთავის კარში იდგა მეორე ლიგაში.

ჯერ კიდევ წინ იყო ლოკომოტივში გადასვლა, კრანადასთან საოცრებები და ესპანეთიდან ინტერესი.

ეს შეიძლება დაგავიწყდა, გიო, მაგრამ მე გუშინდელი დღესავით მახსოვს თელავთან წაგებული საპლეიოფო მატჩები, უმაღლეს ლიგაში შემოსასვლელად. ანუ ყველაზე დიდი დაცემის და იმედგაცრუების დროს ვიდექი ჩემი გუნდის გვერდით.

ხვიჩა კვარაცხელიასაც მაშინ ვუკრავდი ტაშს — 2018 წელს, რუსთავი რომ ძლივს გადარჩა გავარდნას და მაგის ფანკლუბში მყოფი მე, საქართველოს ყველა ქალაქის სტადიონიდან ვუყურებდი რუსთავში მოთამაშე 17 თუ 18 წლის ხვიჩას თამაშებს (ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, თურმე იმ პერიოდში ფეისბუკზე შემთხვევით დამისინია ხვიჩა და ამის გამო ხომ არ გვემართება ეს ყველაფერი ნეტა).

ავტოსტოპებით დავდიოდით ხოლმე ხან ფოთში, ხან მარტვილში, ხან საჩხერეში მატჩების სანახავად. იმ დროს ვინ იცოდა, რას მიაღწევდა კვარა, მაგრამ მე მაშინვე მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი.

ოთარ ადეიშვილი, თუ არ ვცდები, 2015 ან 2014 წელს წავიდა რუსთავიდან დინამოში, და სკოლაში მყოფი მე იმ პერიოდიდან ვქომაგობდი. სკოლის მერე მივდიოდი სტადიონზე მისი თამაშების სანახავად.

ანუ სანამ ცნობილები გახდებოდით და სანამ რამეს მიაღწევდით, იქამდეც მიყვარდით და ტაშს გიკრავდით,ბიჭებო. ამიტომ, დიდი უმადურობაა, მომაძახო გასაჭირში გტოვებო, მაგრამ მიყვარდით იქამდე, სანამ თქვენ თავად დატოვებდით ამ გასაჭირს და პილატესავით ხელებს არ დაიბანდით.

საქართველოს თქვენი უბრალო ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი განცხადება სჭირდებოდა.

ახლა აღარ მიყვარხართ იმის გამო კი არა, რომ ბულგარეთთან წააგეთ ან თურქეთმა დიდი ანგარიშით მოგიგოთ — ბევრად უარესი შედეგების მქონე ნაკრებისა თუ გუნდის ფეხბურთელები მყვარებია —
არამედ იმიტომ, რომ თქვენ გოლის გატანა, ბურთის გაგორება და ამაში აღებული პრემიები საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე წინ დააყენეთ. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, გულშემატკივრები კი რჩებიან!

P.S. — 2024 წლის 15 აპრილს კინაღამ მოვკვდი ნერვიულობისგან, გერმანიაში წასასვლელი ბილეთის აღება რომ ვერ მოვასწარი. ბილეთის, რომლისთვისაც ფულის მოსაგროვებლად ჩემი საყვარელი წიგნები გავყიდე და დამატებით ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი.

ორი კვირის შემდეგ პირიქით, მადლობას ვამბობდი, ორი კვირით ადრე ბილეთის ყიდვა რომ ვერ მოვასწარი იმისთვის, ვინაიდან მე იმ ფეხბურთელებს ტაშს ვეღარ დავუკრავ, ვინც ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა და, როცა მთავრობის მოგზავნილი ნიღბიანი მხეცები ქუჩაში ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ, ხმა არ ამოიღო“ – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 21 ნოემბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბულგარეთთან დამარცხდა ანგარიშით 2:1. გიორგი მამარდაშვილის პოსტს ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანმა კომენტარებში გიორგი მამარდაშვილს შეახსენა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს, ადამიანებს ქუჩებში სცემენ, პირბადის ტარების და ქუჩის გადაკეტვის გამო ასამართლებენ და ციხეში სვამენ, როცა სინდისის პატიმრებს რამდენიმე წელი აქვთ მისჯილი, ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობას ხმა არ ამოუღია და მეტიც, რამდენიმე მათგანი „ოცნების“ საარჩევნო კლიპში გამოჩნდა, თავად მამარდაშვილი კი სამშენებლო კომპანიის, „დადიანი ინვესტის“ მეწილე გახდა – მან 1%-იანი წილი 1 ლარად “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისგან, ილია წულაიასგან იყიდა. 

გიორგი მამარდაშვილმა ფეისბუქზე პოსტი გვიან ღამით გამოაქვეყნა. კომენტარების უმრავლესობა კრიტიკული იყო. ახსენეს ისიც, რომ „არასამუშაო საათების“ გამო „ოცნების“ პროპაგანდამ ნაკრების ფეხბურთელის ფეისბუქზე ტროლების მობილიზება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების გამწვავება და „ოცნების“ პოლიტიკური ფერიცვალება დაემთხვა საქართველოს ნაკრების დიდ წარმატებას. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ როცა მთელი ქვეყანა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატებით ხარობდა, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში განსახილველად აბრუნებდა „რუსულ კანონს“, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და პოლიტიკური მღელვარება მოჰყვა. კრიზისმა პიკს მიაღწია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტდა ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანებაზე.

საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან პროტესტს მხარდამჭერი განცხადებით მაინც გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

ქალზე ძალადობის და მუქარის ბრალდებით ქმარი და მამამთილი დააკავეს

პროკურატურამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს.

„დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ნოემბრის 21 საათიდან 22 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 23-24 ნოემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 163 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 357 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 600 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 550 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 546 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 620 ერთეული [+150]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 67 768 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 97 638 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 452 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 47 253 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა დააანონსა ახალი კანონი – “რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნები მკაცრად დასანქცირდებიან”

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას უპირებს მერია გარემოვაჭრეებს ბათუმში – „თუ საარჩევნოდ შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?“

„თუ აქამდე შეიძლებოდა, მთელი ზაფხული შეიძლებოდა, საარჩევნოდაც შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?” – სვამს კითხვას 63 წლის გარემოვაჭრე ნუნუ ბერიძე ბათუმიდან. 

ის 14 წელია ბათუმში, ბონის ბაზრის წინ, ლიანდაგებთან ვაჭრობს.

18 ნოემბერს ნუნუსთან და სხვა გარემოვაჭრეებთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გააფრთხილეს.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა თქმით, გარევაჭრობა „ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“.

არც ნუნუ ბერიძე და არც სხვა მოვაჭრეები არ აპირებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნებს დაემორჩილონ.

„4 შვილიშვილი მყავს, ცხოვრება ძალიან მიჭირს, მეუღლე არ მყავს და ბავშვები მყავს მოსავლელი.

სიმსივნიანი ქალი რომ 18 ქიმიას გაიკეთებს და მერე აქ დაჯდება, ამ ორპირში, ხომ ხვდებით როგორ დღეში ვარ…

სად ვიმუშაო? დამლაგებლად მუშაობა არ შემიძლია, მომვლელად მუშაობა არ შემიძლია. 20-30 ლარი შეიძლება იშოვო აქ დღეში და საღამოს სახლში ბოსტნეული მიგაქვს იაფად,“ – გვიხსნის თავის მდგომარეობას ნუნუ ბერიძე.

ნუნუ ბერიძე, გარემოვაჭრე

მოვაჭრეები ამბობენ, რომ არც მათ არ მოსწონთ მზეში, წვიმასა და ქარში ქუჩაში დგომა და ვაჭრობა, მაგრამ შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ. შესაბამისად, არც არჩევანი აქვთ.

84 წლის ლამარა, რომელიც გვთხოვს, რომ სტატიაში მისი გვარი არ დავწეროთ, გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

„ერთი მოვიდეს მერიიდან ვინმე და მითხრას, რომ არ უნდა ვივაჭრო. ვის რას ვუშავებ? ქედიდან ჩამოვდივარ ათ დღეში ერთხელ, ჩემი ოჯახის პროდუქტი ჩამომაქვს და ვყიდი. პენსია მაქვს, მაგრამ 6 სული მყავს სახლში და არ გვყოფნის. ბანკის ვალი მაქვს და ბავშვებს ვაძლევ პენსიის ფულს, რომ შეიტანონ ბანკში.

მე ვარ 1941 წელს დაბადებული. 41 ვარ. „ოცნებას“ ვუჭერ მხარს და ახლა მაგათ აქედან უნდა ამაგდონ?“ – სვამს კითხვას ის.

გარევაჭრობა ბონის ბაზრის წინ. აქ მერიამ მოვაჭრეები გააფრთხილა და უთხრა, რომ აღარ უნდა ივაჭრონ

ლამარას გვერდით მოვაჭრე ქალსაც არ სურს მისი სახელი და გვარი სტატიაში მოხვდეს, თუმცა გვეუბნება, რომ თუკი მერია რეალურ ალტერნატიულ ფართობს გამოუყოფს სავაჭროდ, თანახმაა გადავიდეს.

„ოღონდ ეგ ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ხალხი მოძრაობდეს. ბაზარშიც შევიდოდი, ადგილები რომ იყოს, მაგრამ არ არის. გარევაჭრობის უფლებას თუ არ მოგვცემენ, აბა რა ვქნათ? ხომ ხედავთ, ბოსტნეულით ვვაჭრობ, არაფერზე ვაწუხებ სახელმწიფოს, ჩემით ვირჩენ თავს. თუ ამ შემოსავლის წყაროს გადაგვიკეტავენ, მაშინ რას გვთავაზობენ?“ – გვეკითხება ის.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გააფრთხილა „ბათუმი პლაზას“ მიმდებარედ მყოფი გარემოვაჭრეებიც. ასევე, მერია წერეთლის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მხარეს მყოფ მოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას აღარ აძლევს, შენობების კედლის მხარეს მყოფი გარემოვაჭრეები კი მაქსიმალურად შეავიწროვა.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე

ნათელა აბაშიძე 20 წელია წერეთლისა და აკაკი ბერიძის ქუჩის კუთხეში ვაჭრობს. 72 წლის ქალი ამბობს, რომ პენსია მას და მის შვილიშვილებს არ ჰყოფნით, ამიტომ სხვა გამოსავალი, გარევაჭრობის გარდა, თავის რჩენისათვის არ აქვს.

„20 წელია აქ ვვაჭრობ. 72 წლის ვარ. ამ ასაკის ხალხს ქუჩაში რა გვინდა? არ მყოფნის პენსია. ამდენი ფული შეჭამეს ჩინოვნიკებმა და ჩვენ 20 ლარზე მეტი არ დაგვიმატეს.

ახლა მერია გვეუბნება არ შეიძლება გარევაჭრობაო.  რა ვქნათ აბა? როგორ ვირჩინოთ თავი? 20 ლარი რომ დაგვიმატეს პენსია, არ გვეყო, არა,“  – ამბობს ნათელა აბაშიძე.

"ფული შეჭამა ღარიბაშვილმა... 20 ლარი პენსია დაგვემატა. ჩვენ ლუკმაპურისთის ვზივართ აქ“ - გარემოვაჭრე

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის აკრძალვას „ტურისტული ქალაქის იერსახის დამახინჯების“ მოტივით იწყებს და გარემოვაჭრეებს „უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებებით“ ემუქრება.

„საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარევაჭრობის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ ცენტრალური ბაზრისა და „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის მოვაჭრეები გააფრთხილა.

პროდუქციის უკანონო რეალიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები და უსახურ სავაჭრო დახლებს ტერიტორიიდან გაიტანენ.

მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ეტაპობრივად უზრუნველყოფს ჭავჭავაძე-ლერმონტოვის, ინასარიძისა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ, პროდუქციის რეალიზებაზე მონიტორინგს,“ – ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152² მუხლით, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000, იურიდიულ პირთა დაჯარიმებას კი 4 000 ლარის ოდენობით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერია ქალაქში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას იწყებს. ფაქტობრივად ყველა ახალი მერის პირველი ამოცანა გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკება და ამ საკითხის მოგვარებაა.

ყველაზე მეტი ძალისხმევა ამ მხრივ ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასწია, რომელმაც ბათუმის ავტოსადგურში ალტერნატიული ფართობიც კი გამოყო გარემოვაჭრეებისთვის და თვეების განმავლობაში, მოლაპარაკებების და პოლიციის გზითაც კი ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა ამაოდ.

ფაქტია, უახლოესი წლების გამოცდილება აჩვენებს – ბათუმში მერები იცვლებიან, გარემოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან.

"სიმსივნიანი ქალი, რომ 18 ქიმიას გაიკეთებს და მერე აქ დაჯდება, ამ ორპირში, ხომ ხვდებით რა დღეში ვარ"

ბათუმში ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 20 ნოემბერს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება.

„06 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.“ – წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

ამავე პორტალის მიხედვით ბათუმში 20 ნოემბერს [დღის 5 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემს ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე ავტომატური სადგური აფიქსირებს.

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სადგურის მონაცემები

რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ სადგურს, ის მონაცემებს არ აფიქსირებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემთან წვდომა. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება“.

ბათუმში, ცენტრალურ პარკში მდებარე სადგური მონაცემებს დროებით არ ასახავს

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებით ნოემბრის დასაწყისშიც იყო დაბინძურებული.

სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ეს რეკომენდაციები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:

ბათუმში დღეს ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმის ბიუჯეტი 5,4 მილიონით იზრდება, ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი – 6,7 მილიონით

2026 წლისთვის ბათუმის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 5,4 მილიონი ლარით გაიზრდება, მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი – 6,7 მილიონი ლარით.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის საბიუჯეტო სამსახურმა საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

მიმდინარე, 2025 წლის ბიუჯეტი 564,5 მილიონი ლარია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხა გაზრდილია და 62 მილიონ 750 600 ლარს  შეადგენს, რაც მერიის ფინანსისტების განმარტებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განპირობებული: „საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 460 ლარისა“.

2025 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 55 მილიონ 977 300 ლარია გაწერილი.

მერიაში განმარტავენ, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხის გაზრდა ახალი საბავშვო ბაღების გახსნასაც უკავშირდება, თუმცა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს „მომუშავეთა რიცხოვნობა“ არ იზრდება და კვლავ 2 975 რჩება.

პროექტის მიხედვით, მერია მომავალ წელს ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას და სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას გეგმავს. ახალ ბაღს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე #188-ში ააშენებენ, სადაც „ოცნების ქალაქია“, ინასარიძის, აღმაშენებლისა და პუშკინის ქუჩებზე კი, მოქმედი საბავშვო ბაღების ეზოებს მოაწყობენ.

სამომავლოდ „საქონლისა და მომსახურების გრაფაში“ – 101 მილიონ 354 300 ლარი გაითვალისწინეს. ეს საინტერესო მუხლია ბიუჯეტში, იმ თვალსაზრისით, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულებს ხელფასს ხშირად იმ თანხიდან უხდიან, რაც ბიუჯეტში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი.

მიმდინარე წლის 10 თვის ანგარიშის მიხედვით „საქონელსა და მომსახურებაზე“ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 61 მილიონ  469 900 ლარი, მისი წილი მთლიან ასიგნებებში 18,1%-ია.

მერიის ფინანსისტების პროგნოზით, 2026 წელს შემოსავლებმა ბიუჯეტში 494 მილიონ 500 000 ლარი უნდა შეადგინოს, მათ შორის გადასახდელები – 134 მილიონ 903 ათას ლარს, გრანტები – 248 მილიონ 914 ათას ლარს და სხვა შემოსავლები 110 მილიონ 682 ლარს შეადგენს.

მერიის პროგნოზით, რამდენიმე მილიონით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. 2025 წლის გეგმის მიხედვით ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან 48 მილიონი უნდა შევიდეს, 2026 წლის გეგმა კი 57 მილიონია. მიმდინარე წელს 73 მილიონითაა განსაზღვრული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] მისაღები თანხა, 2026  წლის პროგნოზი კი 77 მილიონი ლარია.

გრანტის სახით მომავალ წელს მერიის ბიუჯეტში 248 მილიონ 914 300 ლარი უნდა აისახოს. აქედან 376 300 ლარს მერია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ელოდება, 538 ათასი ლარს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 104 მილიონ 200 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გადმოირიცხება, როგორც მიმდინარე დანიშნულების გრანტები. ამასთან, კაპიტალური ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 143 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა გადმოირიცხოს.

სხვა შემოსავლების სახით მომავალ წელს მერიამ  110 მილიონ 682 700 ლარი უნდა ამოიღოს, ეს თანხა ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს, რენტისა და პროცენტებიდან შემოსულ თანხებს აერთიანებს, მათ შორის არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და ჯარიმები.

პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი თანხის 42.2% – 240 მილიონ 540 300 ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზე მოდის, სოციალურ უზრუნველყოფას კი 25 მილიონ 298 000 ლარით დააფინანსებენ.

პროექტის თანახმად, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა ხარჯების პროგნოზი 59 მილიონ 738 300 ლარია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სესხის დასაფარად 41 მილიონ 478 900 ლარი  გაითვალისწინეს, რაც მთლიანი გადასახდელების 7.3 პროცენტია.

ამავე პროექტის მიხედვით, 2026 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 3 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.

 

არაბულ კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ რეესტრმა წესდების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა

საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 19 ნოემბერს მიიღო.

დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრს ვერიკო ბერიკიშვილმა მიმართა და მოითხოვა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრს რეგისტრაციისთვის წარუდგინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, შპს „იგლ ჰილს საქართველო“-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი არის შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“, ხოლო დამფუძნებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი თითქოს არის მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარი. რეესტრს წარუდგინეს გადაწყვეტილება, რომლითაც ვერიკო ბერიკიშვილს ენიჭება უფლებამოსილება პარტნიორის (ანუ დამფუძნებლის) სახელით დაესწროს კრებებს და მიიღოს გადაწყვეტილებები.

თუმცა, საჯარო რეესტრი წერს, რომ ” წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარის უფლებამოსილება წარმოადგინოს „შპს იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“. 

ამიტომ რეგისტრაციამდე გაჩნდა იურიდიული პრობლემა, რომ დადასტურებული წარმომადგენლობა არ არსებობს.

“ასევე წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალი 1 000 ლარი,“ – ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“.

მეწარმეთა შესახებ „საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება.

„ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში, კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას,“ – წერს საჯარო რეესტრი.

საჯარო რეესტრის განმარტებით, კომპანიის წესდების ორი მუხლი ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას.

„გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი,“ – ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღიანი ვადა მისცა.

განახლება:

20 ნოემბერს კომპანიამ ხარვეზი აღმოფხვრა და ცვლილებები დაარეგისტრირა.

ოფიციალური ინფორმაციით, „იგლ ჰილსი“ თბილისსა [კრწანისი] და ბათუმში [გონიო], ჯამურად, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.

ვრცლად ამ თემაზე: არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

„სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მილიარდი ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მილიონი ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში,“ – ამბობს „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

პროექტს 8,46 წუთიანი ვიდეო მიუძღვნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით „16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობას. სასტუმროების მშენებლობას 1400-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და აპარტამენტებით. საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული თუ სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას“.

2025 წლის 29 ოქტომბერს „ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა არაბულ კომპანიასთან „საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების“ ასლები, თუმცა სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ მოუწერია.

მოგვიანებით გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება არაბულ კომპანიას, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, არცერთ ამ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა აღარ გაასაჯაროებს.

ირაკლი კობახიძემ ვიდეორგოლში, რომელიც პროექტის მხარდასაჭერად ჩაწერა, მიზეზი შემდეგნაირად განმარტა.

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას. ეს ფაქტი ეფუძნება ერთის მხრივ საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ამავე თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

მთავრობის ადმინისტრაცია საიდუმლო და პერსონალურ ინფორმაციას მიიღებს – ცვლილება კანონში

მთავრობის ადმინისტრაციას საიდუმლო და პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება მისცეს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიღების უფლებაც.

„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში „ოცნების“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების [მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების] შემცველი ინფორმაცია.

„ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით“, – ჩაწერეს კანონში.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ 2025 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში. ცვლილება „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 12 ნოემბერს მიიღო და „ოცნების“ პრეზიდენტმაც ხელი იმავე დღეს მოაწერა.

ცვლილება მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონის მე-13 მუხლში შეიტანეს, რომელსაც შემდეგი შინაარსის 3​1 პუნქტი დაამატეს:

„მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია.

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით“.

აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, თუ რატომ არის შექმნილი მთავრობის ადმინისტრაცია:

„1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“

ამავე კანონით, „მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს“.

 

Exit mobile version