თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.
მოსამართლის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, იყო “პოლიტიკური დებატის ფარგლებში” გაკეთებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს.
სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია BLB-ის ადვოკატი ანა რეხვიაშვილი წარმოადგენდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
მოსამართლე დავით აკობიძის გადაწყვეტილებას “ქართული მართლმსაჯულებისთვის საშიში პრეცედენტი” უწოდა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა.
“სასამართლომ მოკლე გზა აირჩია დავის განსახილველად და დასასრულებლად, ისე, რომ მოპასუხე ირაკლი კობახიძე წარმოდგენილიც კი არ ყოფილა სასამართლო სხდომაზე. სასამრთლომ შეწყვიტა წარმოება და განაცხადა, რომ განცხადება, რომელიც მოპასუხე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაავრცელა, არის პოლიტიკური დებატის ფარგლებში გავრცელებული განცხადება და ასეთი განცხადებისთვის არ შეიძლება მას დაეკისროს პასუხისმგებლობა.
თავისი შინაარსით, სასამართლოს ასეთი მიდგომა ასეთ სარჩელთან დაკავშირებით არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ ფაქტობრივად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და უთხრა, რომ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ როგორც ფაქტი და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ,” – თქვა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის ორი განცხადების უარყოფას ითხოვდა:
- 2025 წლის 10 ივლისს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადება;
- 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადება;
ორივე შემთხვევაში კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა – იყო დაკვეთილი “უცხო ძალებისგან” და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება.
მზია ამაღლობელის მოთხოვნაა, რომ ირაკლი კობახიძემ იმავე ტელეკომპანიების ეთერში, იმავე საეთერო დროს უარყოს ეს განცხადებები.
ამავე თემაზე:
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს – დავა სასამართლოში






