ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეორედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „თავისუფლება“, რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.

დადგენილებაში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 22 მაისს ჩაბარდა წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას“ განმეორებით და აკისრებს ჯარიმის გადახდას 3000 ლარის ოდენობით.

იმავე ადგილას იმავე სტენსილის გამო აქტივისტი პირველად 17 თებერვალს 2000 ლარით დააჯარიმეს.
როსტო ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
დღესვე აქტივისტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი ჩააბარეს, რომლითაც კვლავ პროკურატურის კედელზე გაკეთებული, მზია ამაღლობელის სტენსილის გამო უჩივიან.

როსტევან ზარანდია წლებია ხატავს და მისი სხვა სტენსილები დღემდე ხელუხლებელია ზუგდიდის შენობების კედლებზე, თუმცა ნამუშევრებს, რომლებიც საპროტესტო შინაარსისაა – შლიან.
როსტო ამბობს, რომ სტენსილი კუთხსახეხით გადახეხეს, ნაცვლად იმისა, რომ წყლის ჭავლით გადაერეცხათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შენობის იერსახე არ არის მათი ზრუნვის საგანი, არამედ თავად სტენსილის შინაარსი.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ






